10 საინტერესო ფაქტი ფსიქოპათიური მიდრეკილებების მქონე ადამიანებზე
ფოტო: Adobe Stock
ანტისოციალური პიროვნული აშლილობა — ASPD, რომელსაც ზოგჯერ ფსიქოპათიას უწოდებენ — ფსიქიკური მდგომარეობაა, რომელიც ადამიანის ქცევას, ემოციებსა და სოციალურ ფუნქციონირებაზე ზემოქმედებს. იგი სხვადასხვა ნიშნით შეიძლება ხასიათდებოდეს, იქნება ეს: მანიპულაციისკენ მიდრეკილება, ემპათიის ნაკლებობა, იმპულსურობა თუ სოციალური ნორმების უარყოფა.
ფსიქოპათია ერთგვარი სპექტრია. ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული თვისებები, თუნდაც ემპათიის ნაკლებობა, შეიძლება ყველას გვახასიათებდეს სხვადასხვა დოზით. ასევე ხდება ASPD-ს შემთხვევაშიც — ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული თვისებები დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანს სხვადასხვა დოზით შეიძლება ახასიათებდეს (დიაგნოზი მახასიათებლების სიმძიმით, ცხოვრების ხარისხზე მათი გავლენითა და სხვა კრიტერიუმებით დგინდება). რაც მთავარია, "ფსიქოპათიური" მახასიათებლები შეგვიძლია განვიხილოთ ცალკეც — დიაგნოზის არმქონე ადამიანების შემთხვევაში.
სტატიაში 10 კვლევას გაგაცნობთ. თითოეულ მათგანში მეცნიერებმა ადამიანებში ფსიქოპათიასთან დაკავშირებული თვისებები გაზომეს. განვიხილავთ, რას დაუკავშირეს ამ თვისებათა მაღალი მაჩვენებლები.
გაითვალისწინეთ, რომ რომელიმე მახასიათებლის არსებობა ყოველთვის ფსიქოპათიურ მიდრეკილებებზე არ მეტყველებს და პირიქით. მაგალითად, ვერ ვიტყვით, რომ ტრამპის ყველა მხარდამჭერს მაღალი ფსიქოპათიური მაჩვენებლები აქვს (ამაზე მე-10 ქვეთავში წაიკითხავთ). საგულისხმოა ისიც, რომ კვლევების უმრავლესობა კორელაციურია, ანუ მიზეზშედეგობრივ კავშირს არ ადგენს. ასევე, ისინი ქართულ მოსახლეობაზე არაა ჩატარებული, ამიტომ ჩვენს პოპულაციაზე მიგნებებს ვერ განვაზოგადებთ.
1. ფსიქოპათიური ქცევა შეიძლება ტვინის აგებულებით აიხსნას
გამოცემაში European Journal of Neuroscience კვლევა გამოქვეყნდა, რომლითაც ფსიქოპათიასა და ტვინის სტრუქტურულ ქსელებს შორის კავშირი შეისწავლეს. მეცნიერებმა ამისთვის ტვინის სკანირება და მანქანური დასწავლა გამოიყენეს. ფსიქოპათიური თვისებების უფრო მაღალი მაჩვენებლების მქონე ცდისპირებს ტვინის თეთრ ნივთიერებაში უფრო ძლიერი ან უფრო სუსტი კავშირები აღმოაჩნდათ. ზოგი კავშირი (განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ემოციების რეგულაციაში მონაწილეობს) აგრესიულ და ანტისოციალურ ქცევებს განსაზღვრავს.
აღნიშნული კვლევის შედეგები გამტარი გზების დუალურ მოდელს მიესადაგება: ნეირონების ერთი წრე ემოციების დამუშავებას არღვევს, მეორე კი ყურადღების კონტროლზე ზემოქმედებს. საინტერესოა, რომ ფსიქოპათია მხოლოდ ტვინის დისფუნქციასთან არაა დაკავშირებული: ზოგ არეალში კავშირი გაზრდილია, რაც, სავარაუდოდ, კომპენსაციურ მექანიზმებზე მიანიშნებს.
ასევე იხილეთ: ფსიქოპათიური ქცევა ტვინის სტრუქტურულ ცვლილებებს უკავშირდება — კვლევის შედეგები
2. მეტი შვილი ჰყავთ კაცებს, რომელთაც ფსიქოპათიის უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვთ
გამოცემაში Evolutionary Behavioral Sciences კვლევა გამოქვეყნდა. ნაშრომის თანახმად, უფრო მაღალი ფსიქოპათიური მაჩვენებლების მქონე კაცებს (მაგრამ არა ქალებს) უფრო მეტი შვილი ჰყავთ — ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ამბობენ. კაცებში მანიპულაცია, ემოციური სიცივე და ანტისოციალური ქცევები მეტ შვილთანაა დაკავშირებული.
ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ ფსიქოპათია მოკლევადიან რეპროდუქციულ სტრატეგიას უკავშირდება — მიდგომას, როცა პრიორიტეტულია შთამომავლების რაოდენობა და არა მათ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ კვლევაში ბიოლოგიური და არაბიოლოგიური შვილები არ განუსხვავებიათ. ასევე, დამატებითი კვლევებია საჭირო იმის გასაგებად, თუ რამდენად ვლინდება ეს ტენდენცია სხვა პოპულაციებსა და კულტურებში.
3. ფსიქოპათია მოზრდილებში ნაადრევ სიკვდილთანაა დაკავშირებული
აღნიშნული კვლევა გამოცემაში Research on Child and Adolescent Psychopathology გამოქვეყნდა. მეცნიერები ციხიდან გამოსული 332 ახალგაზრდის შემდგომ ცხოვრებას 10 წელზე მეტხანს ადევნებდნენ თვალს. ისინი, ვისაც სპეციალურ კითხვარზე ფსიქოპათიის უფრო მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ, 35 წლამდე ასაკში უფრო ხშირად კვდებოდნენ — უმეტესად ძალადობის, თვითმკვლელობის ან უბედური შემთხვევების შედეგად.
შედარებით ხანმოკლე ცხოვრებასთან განსაკუთრებით მჭიდრო კავშირში ორი ქცევითი მახასიათებელი, იმპულსურობა და უპასუხისმგებლობა, აღმოჩნდა. მიგნებები იმაზე მიანიშნებს, რომ მოზარდებში ფსიქოპათია დროებითი პრობლემა არ არის — შესაძლოა, ეს ხანგრძლივ პერსპექტივაში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის სერიოზული რისკფაქტორი იყოს.
4. უფრო ნაკლებად იკეთებენ მაკიაჟს ქალები, რომელთაც ფსიქოპათიის უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვთ
კვლევა გამოცემაში Archives of Sexual Behavior გამოქვეყნდა. მასში 1 410 ბრაზილიელი ქალი მონაწილეობდა. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ნარცისიზმისა და ექსტრავერსიის მაღალი მაჩვენებლების მქონე ქალები მაკიაჟს უფრო ხშირად იყენებენ, განსაკუთრებით სოციალურ სიტუაციებში — მაგალითად, პირველ პაემანზე ან სამსახურის გასაუბრებაზე.
მეცნიერებს ფსიქოპათიის მაღალი მაჩვენებლების მქონე ქალებში სრულიად სხვა სურათი დახვდათ. ეს ქალები მაკიაჟს ნაკლებად იკეთებდნენ, ეს კანონზომიერება კი სიტუაციის შესაბამისად არ იცვლებოდა. ამის შესაძლო ახსნა სოციალური ნორმების მიმართ გულგრილობაა, რაც ფსიქოპათიის ძირითად მახასიათებლებსაც — იმპულსურობა, ემპათიის ნაკლებობა, ნორმებისადმი ინდიფერენტულობა — შეესაბამება.
5. ფსიქოპათების ენდოკრინული სისტემა შეიძლება განსხვავებულად მუშაობდეს
გამოცემაში Psychology & Neuroscience მეტაანალიზი გამოქვეყნდა, რომლითაც 26 კვლევა მიმოიხილეს. აღმოჩნდა, რომ ფსიქოპათური მახასიათებლები (განსაკუთრებით იმპულსურობა და ანტისოციალურობა) კორტიზოლის უფრო მაღალი დონეებთან არის კავშირში. ეს ნივთიერება სტრესის ჰორმონია.
გარდა ამისა, ფსიქოპათური მახასიათებლების მქონე ადამიანებს ხშირად ტესტოსტერონის მაღალი და ოქსიტოცინის დაბალი დონე აქვთ. ცნობისთვის, ტესტოსტერონი აგრესიასთან, ოქსიტოცინი კი სოციალური ურთიერთობებისკენ მიდრეკილებასთანაა დაკავშირებული.
უნდა აღინიშნოს, რომ მეტაანალიზში გაერთიანებული სხვადასხვა კვლევა განსხვავებულ შედეგებს აჩვენებდა. მეორე მხრივ, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ფსიქოპათიის ზოგიერთ განზომილებაზე შეიძლება ჰორმონები ზემოქმედებდეს.
6. ფსიქოპათიური ნიშნები დასწავლის სხვადასხვა პრობლემასთანაა დაკავშირებული
კვლევა გამოცემაში Translational Psychiatry გამოქვეყნდა. აღმოჩნდა, რომ ფსიქოპათიის სხვადასხვა ასპექტი დასწავლის განსხვავებულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ანტისოციალური ნიშნები იმ რწმენასთან ასოცირდება, რომ სამყარო არაპროგნოზირებადია, ამიტომ ასეთი ინდივიდები წარსული გამოცდილებებისგან ან უკუკავშირისგან ცხოვრებისეულ გაკვეთილებს ნაკლებად იმახსოვრებენ.
ემოციებთან დაკავშირებული ნიშნები (მაგალითად, ემოციური სიცივე) დასჯის შედეგად ნაკლების დასწავლასთანაა კავშირში, ხოლო ინტერპერსონალური ნიშნები კი ჯილდოსადმი სენსიტიურობას ამცირებს.
7. ფსიქოპათია ხანმოკლე ურთიერთობებთანაა დაკავშირებული
კვლევა გამოცემაში Sexual and Relationship Therapy გამოქვეყნდა. აღმოჩნდა, რომ ფსიქოპათია სოციოსექსუალურ ორიენტაციას ყველაზე ძლიერად და სტაბილურად მოასწავებს. სოციოსექსუალური ორიენტაცია ვალდებულებების გარეშე სექსის მზაობას გულისხმობს. ფსიქოპათიის გარდა, ეს ნარცისიზმსა და მაკიაველიზმთანაც არის დაკავშირებული.
ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ფსიქოპათიის ძირითადი მახასიათებლები (იმპულსურობა, ემოციური სიცივე და რისკისადმი მიდრეკილება) დიდ როლს თამაშობს შეწყვილების მოკლევადიანი სტრატეგიების ჩამოყალიბებაში. კვლევით ასევე დადგინდა, რომ პროსოციალურ ღირებულებებთან დაკავშირებული ნიშნები (მაგალითად, სხვებისადმი მორალური პატივისცემა) ნაკლებად მნიშვნელოვანია, როცა სურათში "ბნელი" ნიშნები შემოდის. ვალდებულებების გარეშე სექსისადმი ინდივიდის მზაობას ყველაზე უკეთ ფსიქოპათია ხსნის და არა სიკეთე ან ემპათიურობა.
8. ფსიქოპათები ტკივილის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარენი არიან
კვლევა გამოცემაში Communications Psychology გამოქვეყნდა. მეცნიერებმა ელექტროშოკი და კომპიუტერული სასწავლო ამოცანები გამოიყენეს. აღმოჩნდა, რომ ფსიქოპათიის მაღალი მაჩვენებლების მქონე ადამიანები ტკივილისადმი ნაკლებად მგრძნობიარენი არიან. ასევე, ისინი მტკივნეული გამოცდილებებიდან ნაკლებად სწავლობენ; დისკომფორტის განცდის შემდეგაც კი ეს ადამიანები უმეტესად პირვანდელ ქცევებს უბრუნდებიან.
ცვლილებისადმი მსგავსი მედეგობა მხოლოდ სიჯიუტის შედეგი როდია — ტვინი ტკივილს, როგორც სასწავლო სიგნალს, ასეთ ადამიანებში განსხვავებულად ამუშავებს. ამან შეიძლება ისიც ახსნას, თუ რატომ უბრუნდებიან ისინი ხშირად საზიანო ან სარისკო ქცევებს სასჯელის მოხდის შემდეგაც კი.
ასევე იხილეთ: როგორ აღიქვამენ ფსიქოპათები ტკივილს და რატომ განიცდიან ემპათიის ნაკლებობას
9. "ღვარძლიანობა" ადამიანთა სახეების აღქმაზე ზემოქმედებს
კვლევა გამოცემაში Biological Psychology გამოქვეყნდა. ემოციის გამომხატველი სახეების მიმართ უფრო სუსტად რეაგირებს იმ ინდივიდების ტვინი, რომელთაც ფსიქოპათიის ერთ-ერთი კომპონენტის, "ღვარძლიანობის", უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვთ. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ამ თვისების მაღალი მაჩვენებლის მქონენი არა უბრალოდ სხვებისადმი ინდიფერენტულები არიან, არამედ შეიძლება, მათი ტვინი ემოციურ სიგნალებს ნაკლებად ეფექტიანად ამუშავებდეს.
10. ფსიქოპათია ტრამპის მხარდამჭერად ყოფნასთანაა კავშირში
კვლევა გამოცემაში Research in Personality გამოქვეყნდა. აღმოჩნდა, რომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს უფრო ხშირად ჰქონდათ გულცივობის, ნარცისიზმისა და ფსიქოპათიური ნიშნების მაღალი მაჩვენებლები, ხოლო ემპათიისა და თანაგრძნობის მაჩვენებლები კი — დაბალი. ეს კანონზომიერება მაშინაც კი ვლინდება, როდესაც დემოგრაფიულ ცვლადებს ვითვალისწინებთ, მაგალითად, რასას, განათლებას ან შემოსავალს.
კომენტარები