კანადის ვიქტორიას უნივერსიტეტის გეოგრაფმა, სოფი ნორისმა, და მისმა საერთაშორისო გუნდმა ახალი კვლევა ჩაატარა. ის მყინვართა ეროზიის სიჩქარესა და ლანდშაფტზე ამ მოვლენის ზეგავლენას ყველაზე ზუსტად აღწერს. აღსანიშნავია ისიც, რომ ნაშრომში მსოფლიოს გარშემო არსებული 180 000-ზე მეტი მყინვარის სამომავლო ეროზიის პროგნოზიცაა წარმოდგენილი.

მყინვარული ეროზია პროცესია, რომლის დროსაც მოძრავი მყინვარები მათ გარშემო არსებულ რელიეფს ეტაპობრივად შლის. როდესაც ყინულის მასები ქვევით მიედინება, მას თან ქანები, ხრეში და ნალექებიც მიაქვს. ისინი თანდათანობით ერთ გროვად იკვრება, რამაც შეიძლება ხეობები, მწვერვალები და მსგავსი ლანდშაფტი წარმოქმნას. გარდა ამისა, ეროზიის შედეგად მდინარეებსა და ოკეანეებში დიდი რაოდენობით ნალექი ხვდება.

გუნდმა საამისოდ მანქანურ დასწავლაზე დაფუძნებული გლობალური ანალიზი გამოიყენა. მათ თანამედროვე მყინვარების 85%-ზე მეტის ეროზიის შესახებ პროგნოზი შეიმუშავეს. მათი რეგრესიული განტოლებების შედეგების თანახმად, მყინვართა 99% ეროზიას წელიწადში 0.02-იდან 2.68 მილიმეტრამდე მაჩვენებლით განიცდის.

პროგნოზირებული გლობალური მყინვარული ეროზიის რუკა.

ფოტო: Nature Geoscience (2025)

"აღმოჩნდა, რომ ეროზიის გამომწვევი გარემო ფაქტორები ბევრად უფრო ჩახლართულია, ვიდრე აქამდე გვეგონა", — ამბობს ნორისი — "ბევრი მსგავსი ცვლადი გამოვავლინეთ: ტემპერატურა, მყინვარის ქვეშ დაგროვებული წყლის რაოდენობა, რა ტიპის ქანებია კონკრეტულ არეალში და სხვა".

მსგავსი ფაქტორების უკეთ გაგება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ლანდშაფტის მართვასა და ბირთვული ნარჩენების გრძელვადიანად შენახვაში დაგვეხმარება. ასევე, დანალექებისა და საკვები ნივთიერებების გლობალური ცვლილებების მონიტორინგსაც შეუწყობს ხელს.

ნაშრომი გამოცემაში Nature Geoscience გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.