რა არის მეტავერსი — "ინტერნეტის მომავლის" მოკლე მიმოხილვა
ცოტა ხნის წინ ფეისბუქმა გვაუწყა, რომ "მეტავერსის" შესაქმნელად ევროპაში 10 ათასი ადამიანის დაქირავებას გეგმავს. მართალია, ამ ინოვაციის ზოგ კომპონენტზე ხელი ჯერ ძალიან ცოტა ადამიანს მიუწვდება (მაგალითად, კომპიუტერულ თამაშ Fortnite-ის ფარგლებში) და ის ჯერ ბოლომდე არავის შეუქმნია, მაგრამ მეტავერსი ზოგისათვის ინტერნეტის მომავალის მსაზღვრელია, ზოგი კი მისი დახმარებით რეალური სამყაროსგან საბოლოოდ მოწყვეტას გვიქადის. თუმცა, რა არის მეტავერსი და კონკრეტულად რას ემსახურება?
რა არის მეტავერსი?
შესაძლოა, ერთი შეხედვით, მეტავერსი ვირტუალური რეალობის (VR) გაუმჯობესებული ვერსია გეგონოთ, ზოგის ხედვით კი ის ინტერნეტის მომავალს წარმოადგენს.
სინამდვილეში იგი ბევრად მეტია, ვიდრე ვირტუალური რეალობის დახვეწილი ვერსია. პარალელი რომ გავაკეთოთ, მეტავერსი იგივეა VR-ისთვის, რაც თანამედროვე სმარტფონია 1980-იანების ძველმოდურ ტელეფონებთან შედარებით. წარმოიდგინეთ, რომ ვირტუალური რეალობის ჩაფხუტის გაკეთების შემდეგ ხვდებით სამყაროში, სადაც შეგიძლიათ ითამაშოთ, გაერთოთ, ადამიანები გაიცნოთ, კონცერტს დაესწროთ, იშოპინგოთ და ბიზნესიც აკეთოთ. გქონდეთ საკუთარი "მიწა", სადაც სასურველი ფუნქციურობის მქონე დაწესებულების გახსნას შეძლებთ. მეტავერსის ვიზიტორები კი მისით სარგებლობაში ფულს (სავარაუდოდ, კრიპტოვალუტას) გადაგიხდიან.
კომპიუტერის გამოყენების ნაცვლად, მეტავერსში შესასვლელად მხოლოდ VR სათვალე/ჩაფხუტი დაგჭირდებათ, შესულს კი ერთ სივრცეში დაგხვდებათ ერთმანეთთან დაკავშირებული ყველა ციფრული გარემო.
ამჟამინდელი VR-ისგან განსხვავებით, რომელსაც ძირითადად თამაშებისთვის იყენებენ ხოლმე, ამგვარი ვირტუალური სამყარო პრაქტიკულად ყველაფრისთვის გამოგადგებათ — სამსახურისთვის, თამაშისთვის, კონცერტებზე დასასწრებად, ანაც უბრალოდ სხვებთან ერთად დროის გასატარებლად.
ბევრი ფიქრობს, რომ მეტავერსში 3D ავატარი — საკუთარი თავის ციფრული ვერსიაც გვეყოლება, რომლისთვისაც კონცერტში წასასვლელად ახალი სამოსის ყიდვას მეტავერსში არსებულ მაღაზიაში შევძლებთ და რომელიც სხვა ავატარებთან ინტერაქციასაც მოახერხებს.
ინოვაცია ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ იდეაა (თუმცა, საკმაოდ მიმზიდველი იდეა), ამიტომაც მისი ერთი, დადგენილი განმარტება არ არსებობს.
რა დიდი ამბავიც ეს არის?
ციფრული სამყაროებისა და გაფართოებული რეალობის ხმაურიანი რეკლამები ყოველ რამდენიმე წელში ერთხელ იჩენს ხოლმე თავს, თუმცა, როგორც წესი, მალევე ქრება.
მიუხედავად ამისა, მეტავერსმა ინვესტორებსა და დიდ ტექნოლოგიურ ფირმებს შორის დიდი აღელვება გამოიწვია. თუ მართლაც შესაძლებელია, იგი ინტერნეტის მომავალი გახდეს, ლოგიკურია, რომ ამის მიღმა დარჩენა არავის სურს.
რატომ ერთვება ფეისბუქი ამ საქმეში?
ფეისბუქმა მეტავერსის შექმნა მის ერთ-ერთ დიდ პრიორიტეტად აქცია.
მას ვირტუალურ რეალობაში საკმაოდ დიდი კაპიტალი აქვს დაბანდებული Oculus-ის სათვალის სახით, რომელსაც კონკურენტ კომპანიებზე დაბალ ფასს ადებს. იგი სოციალური შეკრებებისა სამუშაო დაწესებულებებისათვის VR აპლიკაციებსაც ქმნის, ზოგიერთი მათგანი კი რეალურ სამყაროსთან შედის ინტერაქციაში.
მიუხედავად კონკურენტი პროდუქტების შესყიდვის ან მათი მითვისებისკენ სწრაფვის ხმაურიანი გამოცდილებისა, ფეისბუქი გვარწმუნებს, რომ მეტავერსს "ერთი კომპანია ვერ შექმნის ერთ ღამეში" და ერთობლივი მუშაობის პირობას დებს.
ახლახან მან არაკომერციულ ჯგუფებში 50 მილიონი დოლარი დააბანდა, ამით კი "მეტავერსის კეთილსინდისიერად შექმნაში" სცადა წვლილის შეტანა. კომპანიის აზრით, ინოვაციის სრულად განხორციელებას კიდევ 10-15 წელი დასჭირდება.
კიდევ ვინაა მეტავერსით დაინტერესებული?
ტიმ სვინი, კომპანია Epic Games-ის (Fortnite სწორედ მისი პროდუქტია) აღმასრულებელი დირექტორი, დიდი ხანია, მეტავერსისადმი მისი მისწრაფებების შესახებ საუბრობს.
ონლაინ თამაშები, სადაც ერთზე მეტი მოთამაშე ერთვება, ინტერაქციულ სამყაროებს ათწლეულების წინაც იზიარებდნენ. ისინი მეტავერსს არ წარმოადგენენ, თუმცა მათი ზოგი იდეა საზიაროა.
უკანასკნელ წლებში Fortnite-მა მისი პროდუქტი გააფართოვა და თავისი ციფრული სამყაროს ფარგლებში არაერთ კონცერტს, ღონისძიებასა თუ სხვა მოვლენას უმასპინძლა. ამგვარმა შესაძლებლობებმა ბევრზე მოახდინა შთაბეჭდილება, მეტავერსის სვინისეული ხედვა კი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.
იხილეთ ტრევის სკოტის კონცერტი Fortnite-ის მეტავერსში:
მეტავერსის იდეას სხვა თამაშებიც უახლოვდებიან. Roblox, მაგალითად, პლატფორმაა ათასობით ინდივიდუალური თამაშისთვის, რომლებიც უფრო დიდ ეკოსისტემას უკავშირდება.
ამასობაში, Unity, 3D დეველოპმენტის პლატფორმა, კაპიტალს "ციფრულ ტყუპისცალებში" აბანდებს — რეალური სამყაროს ციფრულ ასლებში — კომპანია Nvidia კი მის "ომნივერსს" ქმნის, რომელიც, მისი აღწერით, 3D ვირტუალურ სამყაროთა დამაკავშირებელ პლატფორმას წარმოადგენს.
მეტავერსი მხოლოდ თამაშებს ეხება?
მეტავერსი მხოლოდ თამაშებს სულაც არ ეხება. მისი რაობის შესახებ არაერთი მოსაზრება არსებობს, თუმცა ხედვათა ძირითადი ნაწილი ადამიანურ ინტერაქციას იდეის მთავარ ნაწილად მოიაზრებს.
მაგალითად, ფეისბუქი VR შეხვედრების აპლიკაცია Workplace-ს სცდიდა ისევე, როგორც სოციალურ სივრცეს, სახელად Horizons-ს, ორივე მათგანი კი ვირტუალურ ავატართა სისტემას იყენებს.
სხვა VR აპლიკაცია, VRChat, ონლაინ სივრცეში მთლიანად სხვებთან ერთად დროის გატარებასა და საუბარზეა ორიენტირებული, გარემოს შესწავლისა და ადამიანებთან შეხვედრის გარდა კი სხვა მიზანი არ გააჩნია.
ტიმ სვინმა ახლახან Washington Post-თან საუბრისას განაცხადა, რომ, მისი წარმოდგენით, ვირტუალურ სამყაროში პროდუქტის მოსინჯვასაც შევძლებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ონლაინ შეძენისას შეიძლება ჯერ ციფრული სამოსი მოისინჯოთ, შემდეგ კი რეალური სამყაროსათვის შეუკვეთოთ იგი.
უკვე არსებობს თუ არა ტექნოლოგია?
ვირტუალურმა რეალობამ უკანასკნელ წლებში დიდი გზა განვლო და უფრო მეტადაც გავრცელდა — Oculus Quest 2 VR-ის სათამაშო სათვალე 2020 წელს ფრიად პოპულარული საშობაო საჩუქარი გახლდათ.
დიდი ინტერესი აღძრა საზოგადოებაში NFT-ებმა, რომელთა საშუალებითაც შესაძლოა, ციფრული პროდუქტების მესაკუთრეები ვიყოთ და გავყიდოთ კიდეც ისინი. ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, რთული წარმოსადგენი ნამდვილად არ არის, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს ვირტუალურმა ეკონომიკამ. მეტად დახვეწილ ციფრულ სამყაროებს უკეთესი, მეტად თანმიმდევრული და მეტად მოქნილი კავშირი დასჭირდება — რაღაც, რაც შესაძლოა, 5G-ის ბოლომდე ამოქმედებამ მოაგვაროს.
მიუხედავად ამისა, ამ დროისათვის ჯერჯერობით ყველაფერი საწყის ეტაპზეა. მეტავერსის ევოლუციისათვის კი — თუ საერთოდ მოხდება ეს — შემდეგი ათწლეულის განმავლობაში არაერთი ტექნოლოგიური გიგანტი იბრძოლებს.
კომენტარები