Pfizer-ის ვაქცინის შემქმნელის თქმით, შემდეგი კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება
იოზლემ თიურეჯი, მეცნიერი, რომელიც კომპანია, BioNTech-ის თანადამფუძნებელია, ამბობს, რომ კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძლება რამდენიმე წელიწადში გვქონდეს.
BioNtech-ის შექმნის თავდაპირველი მიზანი, კიბოს პრევენციისთვის ვაქცინის შექმნა იყო. კორონავირუსმა ბევრი რაღაცა შეცვალა, მათ შორის კომპანიის პირველადი გეგმებიც. შესაბამისად, BioNTech ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე გადაერთო. შედეგად Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა მივიღეთ. ახლა კი, დიდი წარმატების შემდეგ, შემოსავალიც გაიზარდა და შემდეგი ეტაპი კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება.
კომპანია კიბოს ვაქცინის შემუშავებაზე იგივე პრინციპით იმუშავებს, როგორც ეს კორონავირუსის შემთხვევაში იყო. ამისთვის ისინი რიბონუკლეინის მჟავას (RNA)-ის "სატრანსპორტო" ფუნქციას გამოიყენებენ. ამით ადამიანის იმუნური სისტემა ისწავლის თუ როგორ შენიშნოს, დაადგინოს და მოკლას კიბოს უჯრედები, მაშინვე, როგორც კი ისინი გაზრდას დაიწყებენ.
"ჩვენ MRNA-ზე დაფუძნებულ რამდენიმე კიბოს ვაქცინაზე ვმუშაობთ." — განაცხადა თიურეჯიმ.
მიუხედავად ამისა, მან ზუსტად არ იცის, როდის შეიძლება იყოს მზად ასეთი ვაქცინა და რამდენად მალე დაიწყება მისი გამოყენება.
"ზუსტი დროის თქმა რთულია, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადში, ასეთი ვაქცინა მზად გვექნება." — განაცხადა მან.
გარკვეული დროის საჭიროება გასაკვირი ნამდვილად არ არის. ვაქცინის შემუშავებას და მის ტესტირებას დრო სჭირდება. თუმცა ტურეციმ ისიც აღნიშნა, რომ BioNTech ამ ყველაფრისთვის ისეა მზად, როგორც არასდროს და მათ უკვე საჭირო გამოცდილებაც აქვთ, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, Pfizer-ის შექმნისას დააგროვეს.
კომენტარები