მეცნიერები და ექიმები ადამიანის გენომის სელექციას საფუძვლიანად სწავლობენ. ამ ცოდნის საშუალებით მათ უამრავი რთული ტექნოლოგიის შექმნა და კაცობრიობის დახმარება შეუძლიათ. სპეციალისტები სულ უფრო აქტიურად ავითარებენ ისეთ გენურ თერაპიებს, რომლებიც ყველაზე მძიმე დაავადებების განკურნებასაც კი შესაძლებელს გახდის.

მას შემდეგ, რაც ეს ცოდნა უფრო ფართო წრეებში გავრცელდა, ბევრი სტარტაპი მის ბიზნესად ქცევას ცდილობს. რამდენიმე კომპანია — მაგალითად Orchid, Nucleus Genomics და Heliospect Genomics — ემბრიონების ხელოვნური სელექციის გზით ბავშვის დაბადებამდე გარკვეული დაავადებების, ფსიქიკური პრობლემებისა და IQ-ს პროგნოზირების შესაძლებლობას განიხილავს.

ფოტო: Oleksandr Bushko//Getty Images

სტარტაპების ამ მიდგომას ხშირად "ევგენიკა 2.0"-ს უწოდებენ. ყველა ასეთ კომპანიას სადავო საქმიანობის გამო, საზოგადოების ნაწილისგან მწვავე კრიტიკა ხვდა წილად. ამის მიუხედავად, ისინი უკან არ იხევენ და გენეტიკური მანიპულაციებით ნაყოფის თვისებების წინასწარ განსაზღვრას ცდილობენ.

გასულ კვირას გენეტიკის სფეროში მომუშავე ერთ-ერთმა კომპანიამ, სახელად Herasight-მა, კვლევა გამოაქვეყნა. ნაშრომში ემბრიონების სელექციით 17 სხვადასხვა დაავადების ალბათობის განსაზღვრის მეთოდია აღწერილი.

Herasight-მა ინფორმაცია X-ზეც გაავრცელა. პოსტში ემბრიონის სავარაუდო IQ-ს პროგნოზიც იყო ნაჩვენები. საინტერესოა, რომ ეს კომპონენტი თანდართულ კვლევაში საერთოდ არ იყო ნახსენები, რამაც რამდენიმე ექსპერტს ეჭვები გაუჩინა.

"რატომ გადაწყვიტეს პოსტში IQ-ს შესახებ ინფორმაციის ისე გამოჩენა, რომ მისი განმსაზღვრელი კვლევა არ გამოუქვეყნებიათ? შეიძლება, Herasight-ს მეტი თანხის მოსაზიდად ევგენიკის შესახებ საზოგადოების უკმაყოფილებისა და ფართო ინტერესის გამოყენება სურს", — დაწერა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის გენეტიკოსმა, საშა გუსევმა.

Herasight-ის მეთოდი პოლიგენური რისკის შეფასებას ეფუძნება. ისინი ემბრიონის უჯრედებიდან მიღებული დნმ-ის სეკვენირების საფუძველზე პოლიგენურ ქულას ანგარიშობენ. პოლიგენური ქულა მრავალათასიანი გენეტიკური ვარიანტების კომბინაციაა, რომელთა საშუალებითაც კონკრეტული დაავადებების განვითარების ალბათობის დადგენაა შესაძლებელი. გენეტიკოსმა და კვლევის თანაავტორმა, ალექს სტრუდვიკ იანგმა, განაცხადა, რომ IQ-ს პროგნოზირების დეტალები მომავალ კვლევაში იქნება განხილული.

ეს ნაშრომი კი პოლიგენური ნიშნების პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირების (PGT-P) მეთოდის ნაწილია. 2023 წელს გამოცემა Nature-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მსგავსი სერვისები "ემბრიონების სელექციისთვის არასაკმარისად ეფექტიანი და არასაიმედოა". გაერთიანებული სამეფოს ადამიანის განაყოფიერებისა და ემბრიოლოგიის მარეგულირებელმა ორგანომ იგივე აზრი გამოთქვა და აღნიშნა, რომ "PGT-P გენეტიკური ტესტირების კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს და ამჟამად სამეცნიერო მტკიცებულებებს არ ეფუძნება".

ფოტო: Getty / Futurism

ევგენიკა სოციალური თეორიაა, რომელიც ამტკიცებს, რომ გაუმჯობესებული გენეტიკური მასალის მქონე მოსახლეობა ხელოვნურად უნდა მივიღოთ. იგი XX საუკუნეში უდიდესი სისასტიკეების გასამართლებლად და ყალბ სამეცნიერო საფუძვლად გამოიყენეს.

ლოგო ევგენიკის მეორე საერთაშორისო კონფერენციიდან, 1921 წელი.

ფოტო: Wikimedia Commons

1998 წელს ახალზელანდიელმა ეთიკის პროფესორმა, ნიკოლას აგარმა, დაწერა სტატია "ლიბერალური ევგენიკის" შესახებ. ამ თეორიის მიხედვით, მშობლებს თავიანთი შვილების გენეტიკურად გაუმჯობესების უფლება უნდა ჰქონდეთ.

ამას Herasight-ის კვლევის თანაავტორი, ჯონათან ანომალიც, იზიარებს. გასულ წელს ბრიტანულმა საგამოძიებო ორგანიზაციამ, სახელად Hope Not Hate, ანომალი თავისი სტატიებითა და კვლევებით "რასობრივ მეცნიერებაში" მონაწილეობაში დაადანაშაულა. იგი ამას უარყოფს და ამბობს, რომ მისი ძირითადი ნაშრომები რასის თემას საერთოდ არ ეხება.

"მიმაჩნია, რომ რეპროდუქციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად მშობლებმა უნდა მიიღონ და არა სახელმწიფომ. მიუხედავად იმისა, რომ IQ კარგ სოციალურ სტატუსთან ასოცირდება, ის არც ერთადერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და არც მორალური ღირებულების მაჩვენებელი", — ამბობს ჯონათან ანომალი.

ემბრიონების სელექციის თანამედროვე ტექნოლოგიები მეცნიერებისთვის უდიდესი მიღწევაა, მაგრამ მათი სწრაფი კომერციალიზაცია და რეგულაციის ნაკლებობა საზოგადოებაში ეჭვებს აჩენს. სათანადო ეთიკური ჩარჩოებისა და პასუხისმგებლობის გარეშე, შესაძლოა, სამეცნიერო პროგრესი საფრთხედ იქცეს. სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ ამ თემის გარშემო მკაფიო საზღვრების დაწესება და ღია დისკუსიის დაწყება აუცილებელია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.