შესაძლოა, მარსზე ნაპოვნი იდუმალი ნივთიერება სრულიად ახალი მინერალი აღმოჩნდეს
ფოტო: NASA/JPL-Caltech/University of Arizona
პლანეტების შესწავლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი მათ ზედაპირზე არსებულ მინერალებზე დაკვირვებაა. ამის საშუალებით ციური სხეულების ფორმირებისა და გეოლოგიური ისტორიის შესახებ უამრავი ინფორმაციის მიღება შეგვიძლია.
ასტრონომებმა მარსზე რკინის სულფატების ძალიან უცნაური ფენები აღმოაჩინეს. მათი თქმით, შესაძლოა, ეს ნივთიერება სინამდვილეში სრულიად ახალი მინერალი იყოს. ამ იდუმალი ფორმაციების შესახებ კვლევას არამიწიერი ცივილიზაციების ძიების (SETI) პროექტში მონაწილე და NASA-ს ეიმსის კვლევითი ცენტრის მეცნიერი, ჯენის ბიშოპი, ხელმძღვანელობს.
"კვლევის ფარგლებში ჩვენ მარინერის ხეობაში მდებარე რკინის სულფატებით მდიდარი ორი ადგილი შევისწავლეთ. თანამგზავრის მიერ მოპოვებული მონაცემების მიხედვით, ამ ტერიტორიებზე იდუმალი სპექტრული ხაზები, სულფატური ქანები და საინტერესო გეოლოგია შეინიშნებოდა", — ამბობს ბიშოპი.
მისმა გუნდმა კოსმოსური ზონდების მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით უჩვეულო მინერალი, სახელად რკინის ჰიდროქსისულფატი, შეისწავლა. ამ მონაცემების ანალიზის შემდეგ გუნდმა ლაბორატორიაში გადაინაცვლა. მათ იმის გაგება სურდათ, თუ რა განაპირობებს ჩვეულებრივი სულფატის ამგვარ ჰიდროქსისულფატად ქცევას.
"ჩვენი ექსპერიმენტების მიხედვით, რკინის ჰიდროქსისულფატი მხოლოდ მაშინ წარმოიქმნება, როდესაც წყლით გაჯერებული რკინის სულფატები ჟანგბადიან გარემოში ცხელდება" — განაცხადა NASA-ს ეიმსის კვლევით ცენტრის თანამშრომელმა, იოჰანეს მoiსბურგერმა.
გუნდმა ამ იდუმალი მინერალის სინთეზირება ლაბორატორიულ პირობებშიც კი შეძლო.
სავარაუდოდ, შეგვიძლია, ეს მასალა ახალ მინერალად მივიჩნიოთ, რადგან მას უნიკალური კრისტალური სტრუქტურა და თერმული სტაბილურობა აქვს. ამის მიუხედავად, ოფიციალურად მინერალად აღიარებისთვის საჭიროა, რომ ის დედამიწაზეც იპოვონ.
შესაძლოა, ამ მინერალზე დეტალურად დაკვირვება მარსის გეოლოგიური ისტორიის უკეთ გაგებაში დაგვეხმაროს.
კვლევა გამოცემა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.


კომენტარები