სახლის კვანტური კომპიუტერი $5 000 ღირს და მისი შეძენა ყველას შეეძლება
ჩინეთში დაფუძნებულმა სტარტაპმა, SpinQ-მ, წარმოადგინა კვანტური კომპიუტერი, რომლის მოთავსებაც სამუშაო მაგიდასთან შეგვიძლია. მისი ფასი კი, 5 000 დოლარზე ნაკლებია.
კვანტური კომპიუტერისთვის ეს ძალიან იაფია. მაგალითისთვის, პირველი კომერციულად ხელმისაწვდომი კვანტური კომპიუტერული სისტემა, 2011 წელს, დაახლოებით 10 მილიონი დოლარი ღირდა.
ასეთი დაბალი ფასი, კვანტური გამოთვლითი სამყაროსთვის, ახალი ეტაპი შეიძლება იყოს.
მძლავრი, 54 კილოგრამიანი კომპიუტერი, იმ კვანტური კომპიუტერების შემცირებულ ვერსიას წარმოადგენს, რომელებიც კვლევით ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში გვხვდება.
თუმცა, მას მხოლოდ ორი ქუბიტის დამუშავება შეუძლია. ქუბიტი კვანტური ინფორმაციის ძირითადი ერთეულია, რომელიც ერთისა და ნულების (ბიტების), ექვივალენტურია. ერთისა და ნულების სისტემას კლასიკური კომპიუტერები იყენებენ.
გამარტივებული მიდგომის მიუხედავად, SpinQ-ს კვანტური კომპიუტერი, მაინც ასრულებს რამდენიმე ისეთ ძირითად კვანტურ გამოთვლას, რაც კლასიკურ კომპიუტერებს არ შეუძლიათ. მაგალითისთვის, კომპანიაში ამბობენ, რომ მათი კვანტური კომპიუტერები, რიგ შემთხვევებში, მონაცემებს უფრო სწრაფად ამუშავებენ, ვიდრე ეს კლასიკურ კომპიუტერებს შეუძლიათ.
SpinQ-ს კომპიუტერები ბირთვულ მაგნიტურ რეზონანსს ეყრდნობა. ეს მაგნიტურ ველებში მოლეკულების დაჭერას და რადიოსიხშირული პულსით მათ რხევას მოიცავს. ამით ინდივიდუალური ატომების სპინები იცვლება.
შესაბამისად, თითოეული პულსი ატომებს ახალ მდგომარეობას ანიჭებს. ეს კლასიკური კომპიუტერების ნულიდან ერთზე გადასვლის ექვივალენტურია.
SpinQ-ს კვანტური კომპიუტერი გამაგრილებელი ზეგამტარი მაგნიტების მაგივრად, მუდმივ მაგნიტებს იყენებს.
კვანტური გამოთვლების ეს მიდგომა, როგორც მინიმუმ, 1990-იანი წლებიდან არსებობს და მას სამედიცინო სფეროში იყენებდნენ. მან თავის ლიმიტს მიაღწია და უფრო დიდი კვანტური გამოთვლებისთვის ვეღარ გამოვიყენებთ.
თუმცა, ახლა მოგვეცა საშუალება, ეს მიდგომა სახლის კვანტური კომპიუტერების წარმოებისთვის გამოვიყენოთ.
კომენტარები