ახალმა ვაქცინამ მაიმუნებში აივ ინფექცია სრულად გაანადგურა — კვლევა ადამიანებზეც დაიწყება
იაპონელმა მკვლევართა ჯგუფმა შექმნა ვაქცინა, რომელმაც ადრეული ცდის დროს მაკაკებში აივ ინფექციის მოკვლა შეძლო. ინფორმაციას იაპონური გაზეთი Asahi Shimbun ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ აივ ინფექციით დაინფიცირება არც თუ ისე კარგი ამბავია, სწორი მკურნალობით, პერსპექტივა ბევრად უკეთესია, ვიდრე ეს მაშინ, როცა ვირუსი პირველად გამოჩნდა აშშ-ში 1980-იანი წლების დასაწყისში.
ამ დრომდე მკურნალობამ ვერ შეძლო ვირუსის მოკვლა. ჩვენ მისი მრავალი უარყოფითი ეფექტის მხოლოდ შეჩერება შეგვიძლია. თუმცა, ეს შეიძლება სულ მალე შეიცვალოს! იაპონურმა ჯგუფმა, ცუკუბას პრიმატების კვლევის ცენტრიდან, თქვა, რომ ადამიანებზე ტესტირება შეიძლება სულ რაღაც ხუთ წელიწადში დაიწყოს.
მკვლევრების ჯგუფმა შეიმუშავა ვაქცინა სპეციალური ბაქტერიის გამოყენებით, რომელიც აძლიერებს იმუნურ პასუხს. ეს საბოლოოდ შიდსის გამომწვევ ვირუსს ასუსტებს და ანადგურებს.
კვლევამ აჩვენა რომ ვაქცინის შემდეგ მაკაკები ვირუსით აღარ ინფიცირდებოდნენ. უფრო ძლიერი ვირუსის შეყვანის შემდეგაც კი, რომელიც ჩვეულებრივ შემთხვევაში ფატალური იქნებოდა, შვიდი მაკაკიდან ექვსში ვირუსი უკვალოდ გაქრა. მკვლევრები ამბობენ, რომ ისინი ახლა იგივე ვაქცინას ადამიანებისთვისაც შექმნიან.
ასევე: აივ ინფექციის ვაქცინა სულ უფრო რეალური ხდება — კვლევა
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ერთადერთი მნიშვნელოვანი მცდელობა რათა აივ ინფექციის ვაქცინა შეიქმნას. აშშ-ში არსებულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Moderna-მ ცოტა ხნის წინ დაიწყო mRNA-ზე დაფუძნებული აივ ინფექციის ვაქცინის ადამიანებზე ტესტირება. ეს იგივე ტექნოლოგიაა, რომელიც გამოიყენება ფართოდ ადმინისტრირებულ COVID-19-ის ვაქცინაში.
აივ ინფექცია იყო ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადება ბოლო 40 წლის განმავლობაში. თუმცა, მედიცინაში ახალი მიღწევების შემდეგ, ვირუსის ერთხელ და სამუდამოდ დამარცხების იმედი უფრო მეტია, ვიდრე ოდესმე.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები