ტვინის კიბოს ვაქცინა ადამიანზე პირველად გამოსცადეს — რას ნიშნავს ეს
მეცნიერებმა ისტორიაში პირველად ადამიანზე ტვინის კიბოს ვაქცინა გამოsცადეს. ვაქცინა ორგანიზმს კიბოს უჯრედების დამარცხებაში უნდა დაეხმაროს.
ჟურნალ Nature-ში ახალი ნაშრომი გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ გერმანიის კიბოს კვლევის ცენტრის (DFKZ) მკვლევრებმა შექმნეს ვაქცინაციის ადრეული ვერსია, რომელიც იმუნურ სისტემას ტვინის სიმსივნის დაძლევაში დაეხმარება.
უკურნებელი სიმსივნე, რომელსაც დიფუზიური გლიომები ეწოდება, შეიძლება გავრცელდეს მთელ ტვინში. ასეთ დროს მათი მოცილება შეუძლებელი ხდება. ხშირად მათზე არც ქიმიოთერაპია მოქმედებს.
თუმცა, მათ შეიძლება ჰქონდეთ ერთი სისუსტე — გენის მუტაცია. დნმ-ში "მუტაციას" სპეციალური ცილის IDH1-ის ფერმენტში გაცვლა იწვევს. საუბარია ცილის სტრუქტურაზე, რომელსაც ნეო-ეპიტოპი ეწოდება. იმუნურ სისტემას მისი ამოცნობა მარტივად შეუძლია და მას უცხოდ აღიქვამს. ეს მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია.
"ჩვენი მიზანი პაციენტის იმუნური სისტემის მხარდაჭერა და ვაქცინაციით ნეო-ეპიტოპების დროული დაფიქსირებაა." — ამბობს მთავარი მკვლევარი, მიკაელ პლატენი.
ახალი კვლევა ცდილობს მუტაციაზე პასუხისმგებელი IDH1 სეგმენტის ხელოვნური ვერსიის შექმნას. 2019 წელს ამ მეთოდმა თაგვის შემთხვევაში იმუშავა. ახლა იგივე გუნდს იმედი აქვს, რომ ეს პროცესი ადამიანებზეც იმუშავებს. ამისთვის მათ 33 მოხალისე ჰყავთ.
საბედნიეროდ, მათ მიერ ვაქცინირებულ პაციენტებში გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. 93 პროცენტზე ვაქცინაციამ დადებითი ეფექტი აჩვენა.
"ჩვენ ასევე შეგვეძლო იმის დადასტურება, რომ გააქტიურებული მუტაციის სპეციფიკური იმუნური უჯრედები შეიჭრნენ თავის ტვინის სიმსივნის ქსოვილში." — ამბობენ მკვლევრები.
ფაქტია, ვაქცინამ დადებითი შედეგი აჩვენა, მაგრამ ჯერ რთულია იმის თქმა, თუ რამდენად კარგია ეს.
"ჯერ საბოლოო შედეგებზე საუბარი რთულია. ამისთვის საკონტროლო ჯგუფებიც დაგვჭირდება. თუმცა, ერთი რამ ფაქტია, წინ მივიწევთ!" — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები