2025 წლის 26 ივნისს კოსმოსიდან დედამიწის ატმოსფეროში მცირე ზომის სხეული შემოიჭრა და აშშ-ის ქალაქ ატლანტაში მდებარე ერთ-ერთ სახლში ჩამოვარდა. მეტეორიტმა სახურავი გახვრიტა და იატაკზე დაეცა.

ახლა ცნობილი გახდა, რომ ის დაახლოებით 4.56 მილიარდი წლის წინაა ფორმირებული. შედარებისთვის, დედამიწა 4.54 მილიარდი წლისაა, ანუ ეს ქვა თავად ჩვენს პლანეტაზე ძველია. ის პლანეტარული გეოლოგიის სპეციალისტმა, სკოტ ჰარისმა, გააანალიზა. მისი განცხადებით, ამ ფრაგმენტს დიდი ისტორია აქვს, რომლის გასაგებადაც უნდა გავარკვიოთ, კოსმოსური ობიექტების რომელ ჯგუფს მიეკუთვნება იგი.

ეს სხეული კოსმოსში მილიარდობით წლის განმავლობაში გადაადგილდებოდა, სანამ, საბოლოოდ, დედამიწის ატმოსფეროში აღმოჩნდა. ის ჩვენი პლანეტის აირად გარსში გაცხელდა, აფეთქდა და შესამჩნევი სინათლეც წარმოქმნა. შემდეგ მისი ნატეხები ციდან ატლანტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სახლში მოხვდა და იატაკზევე შეჯახების კვალიც დატოვა.

მეტეორიტის დაცემის შედეგად ფორმირებული ღრმული.

ფოტო: UGA

ჰარისმა და მისმა კოლეგებმა სახლიდან 23 პატარა ფრაგმენტი შეაგროვეს, ჯამში 50 გრამი. ისინი ოპტიკური და ელექტრონული მიკროსკოპიის მეთოდებით შეისწავლეს. შედეგები მიანიშნებს, რომ პირვანდელი ობიექტი რამდენიმე მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა, თუმცა მოგვიანებით კატასტროფული მოვლენა გადახდა თავს, რამაც დედამიწისკენ გამოტყორცნა.

"ის მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ასტეროიდთა სარტყელს მიეკუთვნება. ვფიქრობთ, რომ იგი უფრო დიდი ზომის ასტეროიდს დაახლოებით 470 მილიონი წლის წინ გამოეყო. დანაწევრებისას ზოგიერთი ნაწილი დედამიწასთან შემხვედრი მიმართულებით გამოემართა, ამიტომ დროთა განმავლობაში მზის გარშემო ჩვენი და მათი ორბიტები ერთ ადგილზე ერთსა და იმავე მომენტში აღმოჩნდა", — ამბობს ჰარისი.

ნიმუშებს ჯოორჯიის უნივერსიტეტში კიდევ გააანალიზებენ, რამაც, შესაძლოა, მზის სისტემის განვითარების ადრეული ეტაპის შესახებ ახალი ინფორმაცია მოგვაწოდოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.