კოსმოსური გარღვევა — ირმის ნახტომის გარეთ პირველი სავარაუდო პლანეტა აღმოაჩინეს
ნასას ტელესკოპით ფაქტები მოიპოვეს, რომლებიც ჩვენი ირმის ნახტომის გარეთ პირველი პლანეტის აღმოჩენაზე მეტყველებს. დადასტურების შემთხვევაში, იგი რამდენიმე ათასჯერ უფრო შორს იქნება, ვიდრე ჩვენივე გალაქტიკაში აქამდე აღმოჩენილი ეგზოპლანეტები.
მეცნიერებმა ეს ნასას Chandra X-ray Observatory-ისა და იმ ტექნიკების გამოყენებით შეძლეს, რომელთა საშუალებითაც კოსმოსის დიდი სივრცის დასკანერება მოხერხდა.
ამ დრომდე აღმოჩენილი ნებისმიერი ეგზოპლანეტა (ან სავარაუდო ეგზოპლანეტა) მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაშია ნაპოვნი, რაც ნიშნავს, რომ ისინი მაქსიმუმ 3 ათასი სინათლის წელიწადითაა დედამიწისგან დაშორებული.
შესაძლო ეგზოპლანეტა მეცნიერებმა ჩვენს მეზობელ გალაქტიკაში შენიშნეს, რომელიც M51-ისა და Whirlpool-ის გალაქტიკის სახელითაა ცნობილი. პლანეტა ჩვენგან, დაახლოებით, 28 მილიონი სინათლის წელიწადით იქნება დაშორებული.
როგორც წესი, ახლომდებარე ეგზოპლანეტებს სინათლის იმ პატარა ჩრდილებზე დაკვირვებით პოულობენ, რომელიც მაშინ წარმოიქმნება, როდესაც პლანეტა მის ვარსკვლავს ჩაუვლის წინ. ამ ჩრდილთა თვისებების გაანალიზებით მეცნიერებს ციურ სხეულთა დეტალების, თუნდაც ზომისა და თავიანთ მზეებთან მათი სიახლოვის გამორკვევა შეუძლიათ.
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერები რენტგენის სხივთა ნათებაში გაჩენილ ჩრდილებს დააკვირდნენ. რენტგენის სხივები ბინარული ვარსკვლავებისგან მოდის. როგორც წესი, ისინი ნეიტრონულ ვარსკვლავს ან შავ ხვრელს მოიცავს, რომელიც სხვა ახლომდებარე ვარსკვლავიდან ქაჩავს აირს, ამის შემდეგ კი რენტგენის სხივებში გაცხელებული მატერიისა და ვარვარის ხილვა ხდება შესაძლებელი.
როდესაც პლანეტა მოვარვარე რეგიონს ჩაუვლის, იგი ზოგიერთ, ანდაც რენტგენის ყველა სხივს დედამიწამდე მოღწევის საშუალებას ართმევს, მეცნიერებს კი შეუძლიათ, საფირმო ჩრდილები იხილონ. როგორც წესი, ამგვარი რეგიონი ვარსკვლავზე პატარაა, რაც ნიშნავს, რომ სინათლის დაჩრდილვა მეტად მკაფიოა, ტექნიკის გამოყენება კი მეტ სივრცეზე დაკვირვების საშუალებას იძლევა.
მეცნიერებმა სწორედ ასე მოახერხეს შესაძლო პლანეტის აღმოჩენა, რომელიც M51-ULS-1-ის სახელით ცნობილი ბინარული სისტემის გარშემო ბრუნავს. იგი შავ ხვრელს ან ნეიტრონულ ვარსკვლავს მოიცავს კომპანიონ ვარსკვლავთან ერთად, რომელიც ჩვენს მზეზე 20-ჯერ უფრო მასიურია.
სისტემაზე დაკვირვებისას მათ შეამჩნიეს, რომ რენტგენის სხივთა გამოყოფა ნულამდე დაეცა. ამ და მოპოვებული სხვა ინფორმაციის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შესაძლო პლანეტა დაახლოებით სატურნის ზომისაა, თუმცა იგი ნეიტრონულ ვარსკვლავსა თუ შავ ხვრელს იმაზე ორჯერ მეტი მანძილიდან უვლის, ვიდრე სატურნი — ჩვენს მზეს.
მიუხედავად ყველაფრისა, მეცნიერებს უჭირთ იმის დადასტურება, რომ კანდიდატი ჩვენი გალაქტიკის მიღმა აღმოჩენილი პირველი პლანეტაა. ერთი პრობლემა ისაა, რომ მონაცემების მიხედვით, მას 70 წელი დასჭირდება, რომ ბინარული პარტნიორის წინ თავიდან ჩაიაროს, რაც ნიშნავს, რომ ამგვარი ნიშნების აღმოჩენა ახლო მომავალში ნამდვილად ვეღარ მოხერხდება.
არსებობს სხვა შესაძლო ახსნებიც, მათ შორის რენტგენის სხივების წინ აირის ან მტვრის ჩავლა და მათთვის გზის გადაღობვა. მიუხედავად ამისა, ეს ისე კარგად არ ერგება მიღებულ მონაცემებს, როგორც პლანეტის იდეა.
"იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად პლანეტას ვუყურებთ, სავარაუდოდ რამდენიმე ათწლეული მოგვიწევს მოცდა, სანამ თავიდან ჩაუვლის. გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიცით, ზუსტად რა დროს ანდომებს ერთ ბრუნს, ისიც არ გვეცოდინება, როდის უნდა დავაკვირდეთ", — განაცხადა ნია იმარამ, კვლევის თანაავტორმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.
თუკი პლანეტა მართლაც არსებობს, სავარაუდოდ, საკმაოდ რთული გზის გამოვლაც მოუხდა — იგი სუპერნოვას უნდა დახსნოდა, რომელმაც ნეიტრონული ვარსკვლავი ან შავი ხვრელი შექმნა, ჩვენ კი სწორედ ამ რომელიმეს საშუალებით ვიხილეთ მისი მტკიცებულება და ისღა დაგვრჩენია, დამატებით ინფორმაციას დავუცადოთ — თუკი, რა თქმა უნდა, საერთოდ მისი მოპოვება მოხერხდება.
კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა დღეს.
კომენტარები