NASA-ს მკვლევრებმა მარსზე აქამდე უცნობი ათობით მიწისქვეშა ტბა აღმოაჩინეს
2018 წელს მეცნიერებმა მარსის სამხრეთ პოლუსზე მასიური მიწისქვეშა ტბა აღმოაჩიეს, მომავალ წლებში კი მას კიდევ სამი ასეთივე ტბა დაემატა.
თუმცა, ახლახან ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მარსის სამხრეთ პოლუსზე მიწისქვეშა ტბების რაოდენობა ბევრად მეტია. მკვლევრებმა მარსის სამხრეთ პოლუსზე ჩატარებული ათობით ათასი დაკვირვება შეისწავლეს და აღმოაჩინეს პოტენციურად კიდევ ათობით დამარხული ტბა — თუმცა ისინი აღიარებენ, რომ მათი რამდენიმე აღმოჩენა ცოტა საეჭვოა.
Space.com-ის მიხედვით მეცნიერებმა რადარის მონაცემები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ამ ტბების ნაწილი ზედაპირთან საოცრად ახლოსაა განლაგებული. აღსანიშნავია, რომ წითელი პლანეტის ზედაპირზე ტემპერატურა საკმაოდ დაბალია, ამიტომ კვლევის ავტორების აზრით, უფრო ალბათური უნდა ყოფილიყო ამ ტბების ზედაპირზევე გაყინვა, ნაცვლად ჩაძირვისა.
"დარწმუნებულნი არ ვართ, რომ ეს მონაცემები თხევად წყალზე მიანიშნებს, თუმცა აშკარაა, რომ მიწისქვეშა ტბები მარსზე იმაზე მეტია, ვიდრე ეს ადრეულმა მოხსენებამ აჩვენა", — ამბობს NASA-ს განცხადებაში რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მკვლევარი და ამ კვლევის თანაავტორი, ჯეფრი პლოტი. "ან თხევადი წყალია გავრცელებული მარსის ზედაპირის ქვეშ, ან ეს სიგნალები სულ სხვა რაიმეს მანიშნებელია".
გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია ის მოსაზრებაც, რომ ზედაპირის ქვეშ მარსის წყლების თბილი ტემპერატურა აქტიურ ვულკანებთან უნდა იყოს დაკავშირებული, თუმცა, მკვლევრები პრეს რელიზში ამბობენ, რომ ამ ადგილებში ვულკანის აქტიურობის არანაირი ნიშანი არაა.
ამ დროისთვის მეცნიერებმა ჯერ არ იციან, თუ რა მასშტაბებზე ვრცელდება მარსის მიწისქვეშა ტბები და რა მექანიზმი იცავს მათ გაყინვისგან, თუმცა, პლოტი იმედოვნებს, რომ ამ კვლევაზე დაფუძნებით მომავალში სხვა მკვლევრები გაარკვევენ, თუ რა ხდება სინამდვილეში.
კომენტარები