ჩინელი მეცნიერების თქმით, მათ ახლა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი კვანტური კომპიუტერი აქვთ
ჩინეთში მეცნიერთა ჯგუფმა განაცხადა, რომ კვანტური გამოთვლების მხრივ ახალი რეკორდი დაამყარეს. მკვლევრების თქმით, მათი გამომთვლელი მექანიზმი, სხვა ყველა კვანტურ კომპიუტერზე უფრო ძლიერია.
ArXiv-ზე განთავსებულ კვლევაში ნათქვამია, რომ კვანტურმა კომპიუტერმა პრობლემის გადაჭრა 66 ქუბიტიდან 56-ის გამოყენებით შეძლო. ეს Google-ის კვანტურ კომპიუტერზე მეტია, მას მხოლოდ 54 ქუბიტი აქვს.
2019 წელს Google-მა განაცხადა, რომ მათ შექმნეს პირველი მანქანა, რომელმაც "კვანტურ უზენაესობას" მიაღწია.
"ის რაც ჩვენმა კვანტურმა კომპიუტერმა, Zuchongzhi-მა 70 წუთში შეძლო, მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სუპერკომპიუტერს ამისთვის მინიმუმ 8 წელი დასჭირდებოდა. აღსანიშნავია, რომ ამჯერად განხორციელებული გამოთვლები ბევრად უფრო რთული იყო“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პრობლემა რაც ჩინურმა კვანტურმა კომპიუტერმა გადაჭრა Google-ის კომპიუტერის დავალებასთან შედარებით 100-ჯერ უფრო რთული იყო.
თუმცა, როგორც სხვა კვანტური კომპიუტერები, ამ შემთხვევაშიც ის სპეციალიზირებულია და ძირითადად კონკრეტულ დავალებაზეა კონცენტრირებული.
რაც შეეხება კონკრეტულად თუ რა დავალება შეასრულა კვანტურმა კომპიუტერმა — მან შეძლო და შემთხვევითი კვანტური წრეების გამომავალი განაწილება გამოთვალა. ამის შესრულება ძალიან რთულია და კლასიკური სუპერკომპიუტერებისთვის გადაუჭრელი დავალებაა.
"ეს სრულიად აღმაფრთოვანებელია. კვანტური კომპიუტერები სულ უფრო რეალური ხდება", — ამბობენ ექსპერტები.
ცნობისთვის, იქ, სადაც კლასიკური კომპიუტერები ასრულებენ გაანგარიშებებს ბიტების გამოყენებით, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ორიდან ერთი მდგომარეობა (როგორც წესი წარმოდგენილია 1-ით ან 0-ით), კვანტური ბიტი ან ქუბიტი შეიძლება არსებობდეს ერთდროულად სხვდასხვა მდგომარეობაში. სწორედ ეს აძლევს კვანტურ კომპიუტერს გადამწყვეტ უპირატესობას და საშუალებას, უფრო სწრაფად გადაწყვიტოს ესა თუ ის პრობლემა.
აღსანიშნავია, რომ ჩინელმა მეცნიერებმა პირველად 2020 წელს განაცხადეს, რომ მათ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კვანტური კომპიუტერი შექმნეს.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები