რა ხდება, როდესაც უნივერსიტეტს ამთავრებ და გეგმა არ გაქვს
ყველას ცხოვრებაში, ადრე თუ გვიან, ის პერიოდი დგება, როდესაც ვიზრდებით და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება გვიწევს. სწორედ ამ დროს დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზას გავყურებთ და დიდი ხნის ნანატრი ეტაპისთვის ვემზადებით. თუმცა, ხშირად ჩვენს სიხარულს სასოწარკვეთა გადაწონის და ლამის ყველაფერს გვავიწყებს, რაზეც კი აქამდე გვიოცნებია.
ასეთ დროს ჩვენს კარზე ის შიში აკაკუნებს, რომელიც მომავლის დაგეგმვას ყოველთვის თან სდევს. შედეგად, პროფესიის არჩევის პროცესს დაუსრულებელი ფიქრი, ყოყმანი და ნერვიულობა ემატება.
დრო, როდესაც რეალობასთან შეჯახება პირველად გვიწევს
აბიტურიენტობის პერიოდი — დრო, როდესაც საკუთარი მიზნების მისაღწევად ვემზადებით, ძალიან ბევრს ამახსოვრებს თავს. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ეს უმეტესობისთვის ცხოვრების პირველი მნიშვნელოვანი გამოწვევაა: ამ დროს ხომ საკუთარი ნებით ვამბობთ უარს ჩვენთვის მნიშვნელოვან ბევრ კომფორტსა თუ გასართობზე.
თუმცა, სიახლეებზე ფიქრი, რომელიც ამ პროცესს მუდმივად თან სდევს, მარტივად გადაწონის უარყოფით შეგრძნებებს. სამომავლო არჩევანის შესახებ გამუდმებული კითხვები კი დროებით ქრება, რადგან ამ ეტაპზე კონკრეტული მიზანი გაქვს დასახული — გამოცდები უნდა ჩააბარო. ესაა პირადი დრაკონი, რომლისთვისაც თავის მოჭრა შენს წარმოდგენებში გმირის თავგადასავლის იმ კულმინაციურ მომენტს ემსგავსება, რითაც ამბავი კეთილად სრულდება.
მაგრამ რეალობა სულ სხვაა და უნივერსიტეტში ჩაბარების მერე ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება. შედეგად, საკუთარი მომავლის დაგეგმვის შესახებ გაჩენილი ეჭვები კვლავ ბრუნდება და უფრო მყარად იკიდებს შენში ფესვებს. ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა, თუმცა აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ფიქრებმა საკუთარი თავისადმი რწმენა არ დაგვაკარგვინონ. ხშირად ეჭვები ხელს გვიშლის, თუმცა ისინი ასევე ჩვენი სიძლიერის აღმოჩენაშიც გვეხმარებიან.
მაშინ, როდესაც აღმოაჩენ, რომ ბაკალავრიატის საფეხურის ოთხმა წელმა დაუჯერებლად სწრაფად გაიარა, მთელი სიცხადით აანალიზებ, რომ ახალი გამოწვევის წინაშე დგახარ. უცებ ხვდები, რომ 4 წლის წინანდელ კითხვებს — უნივერსიტეტში ხომ აბარებ? სად აბარებ? რა პროფესიას ირჩევ? — ახალი, კიდევ უფრო რთულად პასუხგასაცემი კითხვები ანაცვლებს: მაგისტრატურაში ხომ აბარებ? რაზე აგრძელებ სწავლას? აკადემიურ წელს რატომ იღებ? და სწორედ ამ დროს ხვდები, რომ თურმე ძალიან ბევრ ნათესავს, ნაცნობს, მეზობელსა და ქუჩაში გამვლელს შენი ბედი წარმოუდგენლად აღელვებს.
მე დღეს სწორედ ამ ეტაპს გავდივარ და ალბათ ბევრი ჩემი თანატოლის მსგავსად, ყველაზე მეტად ცხოვრების სტანდარტულობის იდეა არ მხიბლავს. თითქოს სამყარომ ჯერ კიდევ დაბადებამდე დაგისახა არსებობის ტრაექტორია, რომელსაც გაუპროტესტებლად უნდა მიჰყვე, რაც მოულოდნელობებით თავის შექცევის საშუალებას არ გაძლევს. და, მართალია, ყველას უნდა, რომ საკუთარი ძალებით გამოძერწოს თავისი განსაკუთრებული ცხოვრება, თუმცა ხშირად გარემოებები ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდება ხოლმე.
სწორედ რუტინისადმი ამ შიშის კვებავს უნივერსიტეტი — ინსტიტუტი, რომელშიც გასავლელი ეტაპები ზედმიწევნითი სკრუპულოზულობითაა შემუშავებული.
რას ნიშნავს საქართველოში სტუდენტად ყოფნა?
უნივერსიტეტში სწავლისას უდიდესი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მაშინ, როდესაც ჩვენი მისწრაფებები და მიზნები ჩარჩოში უნდა ჩავსვათ და მათ კონკრეტული სახელი დავარქვათ, ბუნებრივია, თუ ჩვენში მოტივაცია იკლებს. ეს გზა უამრავი სირთულით არის სავსე და ამ ყველაფრით გამოწვეულ სტრესსა და შფოთთან გამკლავება მარტო გვიწევს.
მათთვის, ვინც მაგისტრატურაში ჩაბარებაზე ფიქრობს, ცხოვრების ეს ეტაპი არა მხოლოდ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას, არამედ ძალიან ბევრი რაღაცის გადაფასებასაც გულისხმობს. სწორედ ამ დროს გვიწევს, კრიტიკული თვალით გავაანალიზოთ ოთხი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება და საკუთარი პროფესიული არჩევანის სისწორეში დავრწმუნდეთ ან ეჭვი შევიტანოთ. თუ მაგისტრატურაში ჩაბარებას შენივე პროფესიით გადაწყვეტ, თამამად შეგიძლია, შენს წარსულ თავს გამჭრიახობა შეუქო და ცხოვრება მშვიდად განაგრძო. თუმცა, თუ ეჭვები შეგიპყრობს, მაშინ რთული გზა გექნება გასავლელი, რადგან ამ პროცესში მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევს.
ამასთან, ისეთ ეკონომიკურ პირობებში, როგორიც საქართველოშია, სტუდენტები დამატებითი გამოწვევების წინაშეც დგანან. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ჩვენთან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებით ან სტიპენდიით თავის შენახვა ფაქტობრივად შეუძლებელია, რაც მაგისტრატურაში სწავლას ერთგვარ ფუფუნებად აქცევს.
ამას ემატება ისიც, რომ განათლება ერთ-ერთია იმ სფეროთაგან, რომლის ხარისხის გაუმჯობესებასაც ჩვენს ქვეყანაში მრავალი ისურვებდა. სწორედ ამიტომ ბევრი სტუდენტი მიიჩნევს, რომ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება კარგი გადაწყვეტილებაა. გაცვლითი პროგრამები პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის ბევრს გვთავაზობს. ამასთან, დღესდღეობით საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებიც უფრო და უფრო იმატებს. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება არასდროსაა მარტივი: უცხო ქვეყანაში ცხოვრების დაწყება — მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ამ ნაბიჯის გადადგმა მარტო გიწევს — დიდ გამბედაობას მოითხოვს.
ზოგადად, ის აზრი, რომ ბაკალავრიატის საფეხურის შემდეგ მაგისტრატურაში ჩაბარებაზე ავტომატურად უნდა იფიქრო, ბევრს წარმოუდგენლად აფორიაქებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს აუცილებელი სულაც არ არის, თუმცა იმასაც ვხვდებით, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებულმა ნორმებმა დიდი ხნის წინ შეგვბოჭა. სხვების მოლოდინების ვერგამართლების შიში კი გვაიძულებს, ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ჩავებღაუჭოთ.
მართალია, თანამედროვე სამყაროში დამსაქმებლებისთვის პიროვნულ თვისებებსა თუ გამოცდილებას აღებულ დიპლომებთან შედარებით სულ მეტი უპირატესობა ენიჭება, თუმცა ერთგვარი "საგანმანათლებლო იერარქია" ჯერ არსად გამქრალა. ხშირად ეს სასწავლო საფეხურები გარკვეული სტატუსის სიმბოლოდ ავტომატურად იქცევა ხოლმე. სამწუხაროდ, სწორედ ამის გამო ძალიან ბევრს სასურველი კარიერული განვითარების შესაძლებლობა არც კი ეძლევა, რაც ხელის ჩაქნევისკენ და მდინარის დინების მიმართულებით ცურვისკენ გვიბიძგებს.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი პრიორიტეტები მუდმივად ვეძიოთ, რადგან როდესაც ზუსტად ვიცით, რა გვინდა, შიში მეორეხარისხოვანი ხდება. შედეგად, ნებისმიერ ცვლილებას არა ტრაგედიად, არამედ შესაძლებლობად აღვიქვამთ.
ჩვენ ხშირად რაღაცაზე უარს სწორედ სიახლის შიშის გამო ვამბობთ, თუმცა ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაგროვილი გამოცდილებაა: ზოგჯერ ეს სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებას გულისხმობს, ზოგჯერ კი — კარიერულ კიბეზე ფეხის შედგმას. აქ საყოველთაო მზა პასუხები არ არსებობს და მთავარი იმაში დარწმუნებაა, რომ გადაწყვეტილებას გაბატონებული ნორმების თუ კეთილისმსურველების გავლენით არ ვიღებთ.
როგორ გადავაფასოთ ღირებულებები?
ჩვენი მშობლების თაობისთვის უნივერსიტეტში სწავლა ხშირად წარმატების სინონიმია. მათ, მართალია, ჩვენთვის მხოლოდ კარგი სურთ, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი საჭიროებები უპირველეს ადგილას დავაყენოთ.
მაგალითად, აკადემიური წლის აღება ბევრს დიდ ტრაგედიად წარმოუდგენია, თუმცა თუ საკუთარ სურვილებში დარწმუნებული არ ხარ, ეს საუკეთესო გამოსავალი შეიძლება იყოს. ამ გზით გამოთავისუფლებული დრო საკუთარი ინტერესების ჩამოყალიბებაში, ღირებულებების გადაფასებაში ან, უბრალოდ, დასვენებაში დაგეხმარება. მას, ვისაც აკადემიური წელი დროის კარგვად წარმოუდგენია, ყველაზე მნიშვნელოვანი ავიწყდება: საკუთარ ცხოვრებაში დრო ჩვენვე გვეკუთვნის და მისი გამოყენება საჭიროებისამებრ შეგვიძლია.
ამასთან, დადგენილი ნორმების წინააღმდეგ წასვლა პიროვნულადაც ძალიან სწრაფად გვზრდის — ჩვენ ხომ ცხოვრების სადავეებს აქტიურად ვიღებთ ხელში და ამ გზით საკუთარი თავის ძიებას ვიწყებთ. მართალია, ამისთვის დიპლომს არავინ მოგცემს, თუმცა როდესაც ამ გეგმას სისრულეში მოიყვან, საკუთარ ძალებში დასარწმუნებლად უბრალო ფურცელი აღარ დაგჭირდება.
რა გავლენა მოახდინა პანდემიამ სასწავლო გარემოზე?
ჩემთვის უნივერსიტეტში გატარებული წლები კომუნიკაციითა და ურთიერთობებით არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა პანდემიის ერთმა წელმა მნიშვნელოვანი გავლენა მაინც იქონია.
ალბათ ხშირად გაიგონებდით იმ ფრაზას, რომ ამ წლის გადაგორება ყველაზე მეტად ინტროვერტებს გაუმარტივდათ, თუმცა შემიძლია საკუთარი გამოცდილებით ვთქვა, რომ ამგვარი დამოკიდებულება სრულ ჭეშმარიტებას სულაც არ წარმოადგენს. პანდემიის განმავლობაში, რომელიც ჩემთვის უნივერსიტეტის ბოლო წელს დაემთხვა, მოულოდნელი ურთიერთობები ყველაზე დიდი საჩუქარი იყო, რაზეც ამ პერიოდში ოცნება შემეძლო.
სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ ადამიანური კავშირები რაღაც დოზით ნამდვილად მენატრებოდა. იმ ფაქტის გაანალიზებამ კი, რომ უნივერსიტეტის დამთავრება ონლაინ მიწევს, დანაკლისის ეს შეგრძნება უფრო მეტად გამიმძაფრა. შედეგად, იმ მძიმე სიტუაციამ, რომელიც პანდემიამ სასწავლო გარემოს შეუქმნა, ჩემს თავზე რაღაც მნიშვნელოვანი აღმომაჩენინა. ეს მხოლოდ ძალიან მცირე მაგალითია იმისა, რომ უარყოფით მოვლენებს პოზიტიური შედეგის მოტანაც შეუძლია. ასე რომ, თუ ის ადამიანი ხარ, ვინც უნივერსიტეტს ონლაინ ამთავრებს, ამ სიტუაციის ერთგვარ უნიკალურ შესაძლებლობად აღქმა ამ პერიოდის შედარებით მსუბუქად გადალახვას შეგაძლებინებს. ეს ხომ ის გამოცდილებაა, რომელიც შენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს და, ამასთან, საკუთარ მიზნებზე დასაფიქრებლად ოდნავ მეტ დროს მოგცემს.
საკუთარი თავის შორეულ მომავალში წარმოდგენა არც ისე მარტივია. იმ მომავლის ხილვა, სადაც ყველა ახლანდელი პრობლემა გადაჭრილია და სიძნელეები — უკან მოტოვებული, ამჟამინდელი დილემებისგან კი გაგვათავისუფლებდა, თუმცა თავად მოგზაურობას მთელ მომხიბვლელობას დაუკარგავდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ იქამდე, სანამ ამ სანატრელ მომავალს მივაღწევთ, სირთულეების ზღვაში თამამად გავცუროთ. და ამ პროცესში სულაც არ არის აუცილებელი, რომ მუდმივად სრულყოფილებას ვეძებდეთ, რადგან საკუთარი მიზნების პოვნა მხოლოდ ცვლილებებით და გზად შეცდომების დაშვებით შეგვიძლია.
კომენტარები