ერთი წელი აღსაყდრებიდან
ერთი წლის წინ თელავში, ერეკლე მეფის სამეფო სასახლეში საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "აღსაყდრდა". ამ მოვლენას სხვა პრეზიდენტების დროს ინაუგურაციას ვეძახდით, თუმცა არც ზურაბიშვილის ფიცის დადება იყო ჩვეულებრივი და არც ის ჰგავს სხვა პრეზიდენტებს — ის ხომ ხალხთანაა, მაგრამ უფრო ზევით.
ყველაფერი ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიამდე დაიწყო, როცა ზურაბიშვილი ქართული ოცნების ლურჯ ხალიჩაზე გამოჩნდა. მმართველი პარტიის ყრილობაზე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის მისვლამ კითხვები გააჩინა, რომლებსაც ერთი პასუხი ჰქონდა — ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებში მის კანდიდატურას დაუჭერდა მხარს. თავიდან ზურაბიშვილი უარყოფდა, მერე გვიმღეროდა ცოტა კიდევ მოითმინე გულოო, ბოლოს კი ამბავი დადასტურდა და საპრეზიდენტო კანდიდატიც გაქრა.
შესაძლოა, სიტყვა გაქრა პათეტიკურად, ან გადამეტებულადაც ჟღერდეს, თუმცა ფაქტი იყო, რომ მედია ზურაბიშვილს მუდმივად ეძებდა და თუ სადმე ნახავდა, დასდევდა, რომ კანდიდატი "გამოეჭირა". ეგ კი არა, მოგვიანებით მას საკუთარ სარეკლამო ბანერებზეც ეძებდა ხალხი, სადაც მის ნაცვლად ოცნების ლიდერი კაცები იღიმებოდნენ.
აწ უკვე პრეზიდენტს არც საპრეზიდენტო კამპანია ჰქონია მშვიდი. ჯერ იყო და 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა, მერე უფრო დაამძიმა და საკუთარი მოსახლეობის დაბომბვა დააბრალა ჯარს, რაც საზოგადოების ნაწილის პროტესტს იწვევდა. ეს განცხადებები ზურაბიშვილს დღემდე თან სდევს და მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო შეხვედრებზე ის აქტიურად საუბრობს ოკუპაციასა და დატყვევებულების გათავისუფლების აუცილებლობაზე, მას მაინც პრორუსულობაში სდებენ ბრალს.
ზურაბიშვილის ხასიათის გამოვლენად შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ მედიას თავიდანვე განუცხადა, რომ კომენტარს მხოლოდ მაშინ გააკეთებდა, როცა დააპირებდა, ხალხს კი ამცნო, რომ მათთან, მაგრამ უფრო ზევით იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ განუმარტია ამ ფრაზაში რას გულისხმობდა, გაუგებარი აღარ არის. ამის შემდეგ თქვა, რომ ავლაბრის რეზიდენციაში არ იცხოვრებდა, რადგან ამ "ფსევდორაიხსტაგის ჰავა არ უხდებოდა" და ორბელიანის სასახლეში უფრო ხედავდა თავს.
მალე კანდიდატს არჩევნების პირველი ტური მოადგა კარს და პროტესტის მასშტაბებიდან გამომდინარე აშკარა გახდა, რომ მხოლოდ მმართველი გუნდის მხარდაჭერა საკმარისი არ იყო. ზურაბიშვილს ქართული ბომონდი, თეატრისა და კინოს თვალსაჩინო წარმომადგენლები და 90-იანების მუსიკოსებიც დაუდგნენ გვერდით.
არჩევნები ტრადიციული ქართული წეს-ჩვეულებებით გაიმართა — იყო დარღვევები, დაპირისპირებები, სიმღერა და ცეკვაც. სანამ ცესკოში ხმებს ითვლიდნენ, ზურაბიშვილი საარჩევნო შტაბში "საპრეზიდენტო ბუკეტს" იღებდა და ქართული ოცნების თავმჯდომარე პრეზიდენტობას ულოცავდა, მაგრამ, ვაი რომ, იმედები და ოცნების ეგზიტპოლის შედეგები არ გამართლდა — მეორე ტური დაინიშნა.
ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა საქმე მხოლოდ ღმერთის, ზურაბიშვილისა და ხალხის იმედად არ დაეტოვებინა და საკუთარი საარჩევნო შტაბი შექმნა, რომელშიც გეგმავდნენ და იღებდნენ ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპებს და კონცერტებს მის გარეშე. კანდიდატს კი ეს არ აწუხებდა და აცხადებდა, რომ ყველგან არის, სადაც საჭიროა.
მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა ელექტორატის გული სრულად მოეგო და ღიად განაცხადა, რომ წინასარჩევნო მოლოდინებისა და საპატრიარქოს კრიტიკის გამო მარიხუანის კანონპროექტი უკან გაიწვია. შემდეგ იყო ვალების განულება, სოციალურად დაუცველებისთვის დამხარების გაზრდა და მეორე ტურიც დადგა.
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. თუმცა, მის ნაცვლად საზოგადოების წინაშე ოცნების ლიდერები წარსდგენ და პირველი ქალი პრეზიდენტის ნაცვლად 5-მა კაცმა გვამცნო, რომ შედეგებით კმაყოფილი იყვნენ. კანდიდატმა მხარდამჭერებს მადლობა საათანახევრიანი დაგვიანების შემდეგ გადაუხადა.
ცესკოს შედეგებმა ზურაბიშვილის გამარჯვება დაადასტურა. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმს დაბრუნებოდა, სიტუაცია უფრო დაიძაბა. ოპოზიციის კანდიდატმა დამარცხება არ აღიარა და აქციები დაგეგმა, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა კი ინაუგურაციის 27-წლიანი ტრადიცია უარყო და ფიცის დადება თავისი წესებით მოითხოვა.
- 4 პრეზიდენტი და 7 ინაუგურაცია — გზა სალომე ზურაბიშვილამდე
- წესები, რომლითაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს
ერთადერთი, რამაც მშვიდობიანად ჩაიარა, პრეზიდენტობის გადაბარება იყო. საქართველოს ისტორიაში პირველად, ყოფილი და ახლადარჩეული პრეზიდენტები ერთად იხილა საზოგადოებამ.
გაპრეზიდენტების შემდეგ მმართველი გუნდი მოითხოვდა ეს ყველაფერი დაგვევიწყებინა და ზურაბიშვილი ქართულ ოცნებასთან არ გაგვეიგივებინა. თავად ზურაბიშვილმა კი ჟურნალისტებს მოსთხოვა შეგუებოდნენ, რომ ის თავისუფალი ადამიანი იყო, რადგან ამას ივანიშვილიც შეეგუა.
ხმაურიანი "აღსაყდრება"
ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო ფიცის დასადებად თელავი აირჩია, რადგან ამ ქალაქში არჩევნები წააგო. მისი თქმით, ამით სურდა ხაზი გაესვა, რომ ის ყველას პრეზიდენტია. თუმცა, ყველამ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე არათუ დასწრება, არამედ თელავში ჩასვლაც ვერ შეძლო.
ოპოზიცია, რომელიც ინაუგურაციის პარალელურად აქციის გამართვას აპირებდა, პოლიციამ ველისციხეში გააჩერა და სხვა გზით და მათი ტრანპსორტით წასვლა შესთავაზა, რასაც არ დათანხმდნენ. პოლიციის კორდონის გავლით თელავში ჩასვლის მცდელობა დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელიც რამდენიმე საათი გრძელდებოდა. სანამ ზურაბიშვილი ერისა და ღმერთის წინაშე დებდა ფიცს, ველისციხეში ავტობუსებსა და სახანძრო მანქანებს შორის მოქცეული ოპოზიცია იმეორებდა, რომ ის პრეზიდენტი არ არის.
ქალი პრეზიდენტი ფემინისტების მხარდაჭერის გარეშე
კამპანიის დროს ზურაბიშვილი ხშირად უსვამდა ხაზს იმ ფაქტს, რომ ქართველი ქალებისთვის მაგალითი იქნებოდა. ამბობდა იმასაც, რომ მის მიმართ დისკრედიტაციის კამპანია სწორედ იმიტომ მიმდინარეობდა, რომ ქალი იყო, თუმცა არცერთხელ ის ფემინისტებს არ შეხვედრია. მაშინაც კი, როცა პრეზიდენტობის კანდიდატები ქალთა მოძრაობამ სასაუბროდ მიიწვია, ერთდერთმა ქალმა კანდიდატმა ვერ მოიცალა. ალბათ, სწორედ ამიტომ პირველ ქალ პრეზიდენტს პირველი აქცია ქალებმა გაუმართეს.
ხმაურიანი პრეზიდენტობა და მდუმარე პრეზიდენტი
ხმაური ზურაბიშვილის ირგვლივ კამპანიასთან ერთად არ დასრულებულა. კრიტიკა განახლდა, როდესაც მან ადმინისტრაციის უფროსად საპატრიარქოს ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია დანიშნა, რომელიც მოგვიანებით პატრიარქს დაუბრუნდა და ადმინისტრაციას ხელმძღვანლი ამ დრომდე არ ჰყავს. გარდა ამისა, ზურაბიშვილმა კონსულტანტებად თავისი ნათესავები დაასაქმა. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ნეპოტიზმზე საუბრობდა, ადმინისტრაცია კი ამას კვალიფიკაციით განმარტავდა.
ფიცის დადებიდან დაახლოებით 2 კვირაში ზურაბიშვილს პირველად მოუწია ქვეყნისთვის ახალი წლის მილოცვა. პრეზიდენტმა 31 დეკემბრის ღამეს საახალწლო სურვილებზე მეტი დრო ცილისწამების აკრძალვაზე საუბარს დაუთმო. ამის შემდეგ კი 11 იანვარს პარლამენტს მოუწოდა, რომ ცილისწამების კანონი მიეღოთ. პრეზიდენტის ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებამ სიტყვისა და გამოხატვის წინააღმდეგ ბრძოლად შეაფასა.
ზურაბიშვილის განცხადებები ხმაურს არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშრისო დონეზეც იწვევდა. მაგალითად, დავით-გარეჯის საკითხი და აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია სწორედ მან წამოწია, რასაც საპროტესტო აქციები და საპატრიარქოს ჩართულობა მოჰყვა.
ოპოზიცია აცხადებდა, რომ გარეჯას ჩაკეტვა მომლოცველებისთვის და ჩიჩხიტურის კოშკთან აზერბაიჯანელი სამხედროების გამოჩენა ზურაბიშვილის უპასუხისმგებლო განცხადებებმა გამოწივია. ახლა ამ საკითხზე სადემარკაცო კომისია მუშაობს, რომელიც ორივე ქვეყნის ისტორიკოსებითა და პოლიტიკოსებითაა დაკომპლექტებული.
საზღვრის საკითხების გარდა პრეზიდენტი არც რელიგიას ივიწყებდა და ხშირად უსვამდა ხაზს, რომ მართლმადიდებლობა ქართული თვითმყოფადობის ბურჯია. ალბათ, სწორედ ამიტომ შუაღამისას ფარავნის ტბაზე უზარმაზარი კოცონი დაანთო და დილას წმინდა ნინოს გზას დაადგა.
პრეზიდენტის პილიგრიმობა საზოგადოების ნაწილმა არასერიოზულად აღიქვა და ის მორიგი კრიტიკის ობიექტი გახდა.
საარჩევნო კამპანიის დროს ზურაბიშვილი და მისი ოპონენტიც ხშირად უსვამდნენ ხაზს იმას, რომ ერთ დროს ქვეყნის პირველი დიპლომატები იყვნენ. ზურაბიშვილი მუდმივად ამბობდა, რომ დიპლომატიითა და საერთაშორისო თანამეგობრებთან ხშირი კონტაქტით დაეხმარებოდა ქვეყანას, თუმცა ამ მხრივ მისი გადადგმული ნაბიჯებიც კრიტიკაში ეხვეოდა.
მაგალითად, პრეზიდენტმა ბრექსიტი ევროკავშირში გაერთიანების შანსად მიიჩნია და განაცხადა, რომ საქართველო სიამოვნებით დაიკავებდა დიდი ბრიტანეთის ადგილს.
"ლოგიკურია, რომ ქვეყანას, რომელიც სტაბილურად წინ მიდის და სურს ევროპა, ვერ მოეპყრობი იმ ქვეყანაზე ნაკლებად, რომელიც დროდადრო მას შორდება", — აცხადებდა ის საერთაშორისო გამოცემებთან ინტერვიუში.
- პრეზიდენტის განცხადება ბრექსიტზე პარტნიორებში უხერხულ კითხვებს გააჩენს — ყოფილი ელჩი დიდი ბრიტანეთში
გარდა ამისა, საერთაშორისო შეხვედრაზე მყოფმა პრეზიდენტმა გადაიღო და გამოაქვეყნა ფოტო მიანმარის ლიდერთან, რომლის რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ზურაბიშვილი წერდა, რომ აუნ სან სუ ჩი მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალია, რომელმაც "პოლიტიკას ღირსება შეუნარჩუნა". საერთაშორისო ორგანიზაციები კი ასე არ ფიქრობენ.
მიანმარის ლიდერს როჰიჯი მუსლიმების მასობრივ დევნაში ედება ბრალი. Amnesty International-მა მუსლიმების გენოციდის გამო მას "სინდისის ელჩის" ჯილდო ჩამოართვა. კანადის პარლამენტმა კი საპატიო მოქალაქის სტატუსი.
მსგავსი განცხადებების გამო პრეზიდენტის ნებისმიერ ქცევას საზოგადოება განსაკუთრებით კრიტიკულად უდგებოდა. ზურაბიშვილს საერთაშორისო შეხვედრებზე ჩაცმულობისთვისაც აკრიტიკებდნენ, რაც მის გაღიზიანებას იწვევდა. ლიეტუვაში ვიზიტისას ქურქის ჩაცმის გამო პრეზიდენტი ქილიკის ობიექტი გახდა, რაზეც პასუხად მან განაცხადა, რომ არ ელოდა საქართველო, უცებ, ცხოველთა უფლებადამცველ ქვეყანად რომ იქცა.
ზურაბიშვილს სოციალურ ქსელში იუმორით გამოეხმაურნენ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ჩაცმულობის გამოც, რასაც პრეზიდენტმა მცირე პერიოდის შემდეგ ირონიულად უპასუხა. მან პირად ფეისბუქგვერდზე ბალენსიაგას "ჭაღების" კოლექციის ფოტოები გააზიარა და იკითხა: "რომელი ჩავიცვა ... სკანდალის გარეშე????"
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ექსსესები ზურაბიშვილის პრეზიდენტობას მუდმივად თან სდევდა, არაფერს გამოუწვევია ისეთი სკანდალი, როგორც შეწყალებას. ამ საკითხის გამო პოლიტიკურ წრეებში პრეზიდენტის იმპიჩმენტზეც ალაპარაკდნენ, რადგან მან მკვლელობაში ბრალდებულები და ნარკორეალიზატორები შეიწყალა.
ჟურნალისტების კითხვებს, თუ რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი, პრეზიდენტი ტრადიციულად პასუხობდა: არ გეტყვით.
პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას კრიტიკით შეხვდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ ის გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების უფლება დაიხვეწოს. 18 სექტემბერს კი მან შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა, რომელიც დღემდე გრძელდება.
ზურაბიშვილი აღიარებდა, რომ სიაზე პასუხისმგებლობა ერთადერთ ადამიანს — მას ეკისრებოდა, თუმცა შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყებას მიესალმებოდა. ამის მიუხედავად ის ჯერ დაკითხვაზე არ მისულა და ჟურნალისტების კითხვის პასუხად გაიკვირვა კიდეც, თუ რატომ უნდა მისულიყო საგამოძიებო უწყებაში.
გარდა ზემოთაღნიშნულისა ზურაბიშვილს პატივმოყვარეობაშიც ადანაშაულებენ. ოპოზიცის მხარდამჭერების აზრით, "არისტოკრატული ცხოვრებისადმი ტრფობის გამო" პრეზიდენტი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ეს საკითხი მას შემდეგ წამოიწია, რაც მისი რეზიდენციის მოსართავად ადმინისტრაციამ 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა ირანული მამლის ფიგურებში, კონსოლში, დესაოში, განათების საშუალებებსა და სხვადასხვა ანტიკვარიატში. ადმინისტრაცია განმარტავდა, რომ ეს ნივთები რეზიდენციაში რჩება.
პრეზიდენტის ბოლო განცხადება, რომელმაც რეზონანსი გამოიწვია, ჯარს უკავშირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ზურაბიშვილი ამბობდა, რომ ქვეყანა სხვა მხარეებში სუსტია და კულტურა აქვს ძლიერი, ფორმულირება "ჯარი არ გვაქვს" მმართველმა გუნდმაც კი დაკნინებად აღიქვა.
მაგალითად, 6 ივნისს პრეზიდენტმა თქვა: "არც გაზი გვაქვს, არც ნავთობი, მაგრამ გვაქვს კულტურა". ამ ციტატისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, მიუხედავად იმისა, რომ ის იდენტური შინაარსისაა, რაც ბოლო განცხადება: "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან მაგარი იარაღი, რასაც ჰქვია, ცოდნა, მეცნიერება, კულტურა".
კრიტიკის პასუხად ზურაბიშვილმა განმარტა, რომ ეს სტილისტური ფორმა იყო, რომელიც რიტორიკაში გამოიყენება და "როგორც ჩანს, ნაკლებად ცნობილია საქართველოში". მანვე აღნიშნა, რომ მისი ბულინგის მიზეზი პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება იყო:
"იმის მაგივრად, რომ საქმეზე ორიენტირებული კომენტარები ან თუნდაც კრიტიკა ისმოდეს, ჩასაფრებული პოზიციიდან პრეზიდენტის ყველა სიტყვა (არაფერი, რომ ვთქვათ მის ჩაცმაზე, გადაადგილებაზე თუ "ლობიოს ჭამაზე") ხდება საქილიკო. ვრცელდება დამახინჯებული და გროტესკულად კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი სიტყვები, ცილისმწამებლური შეფასებებით და ინტერპრეტაციებით".
დუმილის წელიწადი
მთავარი საარჩევნო დაპირება, რომელსაც ზურაბიშვილი ხშირად იმეორებდა, ზეპარტიულობის დასამტკიცებლად, საზოგადოების გაერთიანება იყო. ის მუდმივად დებდა პირობას, რომ პოზიციასა და ოპოზიციაზე მაღლა დადგებოდა და ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ დაპირისპირებული მხარეების დამაკავშირებელი ხიდი ყოფილიყო. თუმცა, ხშირად, როცა საზოგადოება ორად იყოფოდა და ქუჩაში პროტესტი იფეთქებდა, პრეზიდენტი დუმდა.
მაგალითად, როდესაც ჭიათურაში მაღაროელები შიმშილობდნენ და ადამიანურ სამუშაო პირობებს ითხოვდნენ, ზურაბიშვილი ფიქრობდა, რომ პრეზიდენტი შრომითი დავის საკითხს არ უნდა ეხებოდეს.
მან დუმილი არჩია, როცა უზენაესის მოსამართლეთა ათკაციანი სია უმრავლესობის რღვევის, საპროტესტო აქციების დაწყებისა და ახალი რეფორმის მიზეზი გახდა. მაშინ ზურაბიშვილი ფიქრობდა, რომ მისგან სიის შეფასება არასწორი იქნებოდა. იმავე აზრზე იყო პრეზიდენტი უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების დროსაც, ოღონდ ამჯერად განმარტავდა, რომ თავზე პასუხისმგებლობას არ აიღებდა, რადგან ამ საკითხზე საპატრიარქოც კი ფრთხილობდა.
დუმდა ზურაბიშვილი მაშინაც, როდესაც თიბისი ბანკის დამფუძნებლებისთვის ბრალის წაყენება ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან და განხილვად საქმედ იქცა. სხვა პოლიტიკური ლიდერებისგან განსხვავებით, ის ამტკიცებდა, რომ ამ საქმეზე კომენტარის გაკეთება უშუალო ჩარევა იქნებოდა. დუმილი აირჩია მან კიდევ ერთ რეზონანსულ საქმეზე, ოღონდ, ამჯერად მიზეზების ძებნა არ დაუწყია და უბრალოდ განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის საქმე არ აინტერესებდა.
სამაგიეროდ, პრეზიდენტს დუმილზე არ უფიქრია მაშინ, როდესაც ტელეწამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგინა. ღამის პირველის ნახევარზე ზურაბიშვილმა განხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ეს იყო ომის პროვოცირება ან დაუსრულებელ გადატრიალებაზე რევანში.
ყველაზე ხანგრძლივად პრეზიდენტი მაშინ დუმდა, როდესაც საოკუპაციო რეჟიმი სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართებს ავლებდა და ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ხელებით შლიდა საცხოვრებელს სახლებს. ამ დროს ზურაბიშვილი შვებულებაში იყო და როგორც ადმინისტრაცია ამტკიცებდა, დასვენების ადგილიდანაც მუშაობდა. მან მომხდარის შეფასება არც შვებულებიდან გამოსვლის შემდეგ ისურვა და კითხვების პასუხად ჟურნალისტებს ტრადიციულად განუცხადა: "გაგაფრთხილებთ, როცა გადავწყვეტ". როცა გადაწყვიტა, მაშინაც ის აღნიშნა, რომ პრეზიდენტი სხვისი დღის წესრიგით არ უნდა მოქმედებდეს.
"მგონი, შვიდჯერ ვარ ჩასული საოკუპაციო ხაზზე, რუხიდან დაწყებული, ნიქოზი, გრემისხევი და ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღის წესრიგით", — განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილი არ დადუმებულა 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, როდესაც სპეცრაზმმა პარლამენტის წინ ანტიოკუპაციური აქცია დაშალა, სადაც ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა და არაერთი დაშავდა. მაშინ პრეზიდენტმა სამუშო ვიზიტი შეწყვიტა და ქვეყანაში დაბრუნდა. მან დაშავებულების ოჯახებს თანადგომა გამოუცხადა, მომხდარს კი "ხელოვნურად აგორებული ტალღა" უწოდა. ხელისუფლების რიტორიკის მსგავსად, ანტიოკუპაციურ აქციას გადატრიალების მცდელობა უწოდა და ისიც აღნიშნა, რომ სამართალდამცავები "სიტუაციის უმართაობამ" აიძულა "მკაცრი" ზომები გამოეყენებინათ. აქციის დაშლის მსგავსი გამართლება საზოგადოების ნაწილმა პრეზიდენტს არ აპატია და ისევ კრიტიკის ობიექტად იქცა.
შემდგომი აქციების დროს პრეზიდენტი პოზიციებს იშვიათად აფიქსირებდა. ამ დროს ის, ძირითადად, კახეთში ატამს კრეფდა ან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან საიმიჯო ვიდეოებს წერდა კულტურულ პოტენციალზე.
ის პოლიტიკური პროცესებისგან იმდენად დისტანცირდა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომაც კი არ შეაფასა და ახალი პრემიერის დანიშვნით გამოწვეული საპროტესტო ტალღაც უყურადღებოდ დატოვა.
როცა პრეზიდენტი გახმაურებულ ამბებზე დუმდა, ჟურნალისტებს ზურგს აქცევდა ან აცხადებდა, რომ მხოლოდ იმ დღეისთვის დაგეგმილ საზეიმო შეხვედრებზე ისაუბრებადა, მის პოზიციებს პრესსპიკერი აჟღერებდა. ყოველკვირეულ ბრიფინგებზე ის აქტუალურ თემებზე კითხვებს პასუხობდა და საზოგადოება ასე მაინც ახერხებდა პრეზიდენტის დამოკიდებულების გაგებას, თუმცა მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა ის "საჯარო სივრცეში აზრის გამოხატვის გამო" გაათავისუფლა, მასთან კომუნიკაცია უფრო გართულდა.
პრეზიდენტი პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო გამოწვეული პროტესტის დროსაც დუმდა. მაშინ, როდესაც რუსთველის გამზირზე შეკრებილ პროტესტის მონაწილეებს ხელისუფლება გათბობის საშუალებას არ აძლევდა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელჩართულ ბრძოლაში ერთვებოდა, რომ "შეშის ლიკვიდაცია" მოეხდინა, პრეზიდენტი ისევ დუმდა, რადგან სალობიეში იყო. მან რესტორანი დაცვის ფონზე დატოვა და დუმილი მხოლოდ იმით დაარღვია, რომ მისი ქცევის გასაპროტესტებლად მისულ აქტივისტებს გაუღიმა და მიესალმა. მომხდარის შეფასება მან არც შემდგომში ისურვა, უფრო ზუსტად კი ეს საკითხი საკომენტაროდ არ მიიჩნია.
"აღსაყდრებიდან" ერთი წლის თავზე, დღეს, 16 დეკემბერს პრეზიდენტმა ნაწილობრივ განმარტა, რატომ იკავებდა თავს მოვლენების შეფასებისგან. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რომელ საარჩევნო სისტემას უჭერდა მხარს, მან თქვა, რომ ამ კითხვაზე ვერ უპასუხებს, რადგან, როგორც პრეზიდენტს, არ აქვს უფლება, რომ პირადი მოსაზრება მოახვიოს თავს საზოგადოებას ან პოლიტიკურ პარტიებს.
მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ხშირი დუმილის გამო ზურაბიშვილმა ვერ შეძლო ყოფილიყო ხიდი მთავრობასა და საზოგადოებას შორის, რომელიც პრობლემების მოგვარებას შეუწყობდა ხელს. მან ვერ შეძლო დაპირებისამებრ მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვა ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ბოლო შვიდი თვე აქციებითა და კონტრაქციებით ებრძვის ერთმანეთს. მან ვერც ჰომოფობიური ჯგუფებისა და ლგბტ თემის შერიგება შეძლო, როდესაც ხალხს აგრესიული პირები ფილმის ნახვას უკრძალავდნენ. თუმცა, არ უნდა დავუკარგოთ ის, რომ წლების შემდეგ გურჯაანისა და თელავის შერიგებაში შეიტანა დიდი წვლილი.
კომენტარები