რა ხდება ქვეყანაში, როცა სკამიც ოკუპირებულია
"აქამდე საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-იან ოკუპაციას აღიარებდა. ვიცოდით, რომ მავთულხლართები დედაქალაქიდან ყველაზე ახლოს ყარაფილასთან იყო და რუსული ჯარიც 50 კილომეტრის მოშორებით იდგა. დღეს ეს მოცემულობა დაირღვა და საფრთხეც მოგვიახლოვდა. ოკუპაცია პირდაპირ დედაქალაქში, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში შეიჭრა და ყველაზე ხელსაყრელ ადგილას, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე მოთავსდა", — ეს სიტყვები ერთი წლის წინ, 2019 წლის 20 ივნისს დავწერე, როცა პარლამენტიდან დავბრუნდი. იმ დღეს მოვლენები ძალიან სწრაფად და გაურკვევლად განვითარდა. რუსი კომუნისტი დეპუტატის სკამში ჩაჯდომა, აქტივისტებისა და ოპოზიციის პროტესტი და სამთავრობო გუნდის გაურკვეველი რიტორიკა ჟურნალისტებსაც გვაბნევდა, მკითხველი და მაყურებელი კი გამუდმებით სვამდა კითხვებს — რა ხდება? რატომ? გვინდოდა ამ კითხვების პასუხად იმ დღეს განვითარებულ მოვლენებზე შემაჯამებელი სტატია დაგვეწერა.
წერა მაშინ დავიწყე, როცა პარლამენტთან და სასტუმრო რედისონთან პროტესტი მინელდა და რუსი დეპუტატები აეროპორტში წაიყვანეს. მეგონა, რომ საღამოს დაგეგმილი საპროტესტო აქციის დაწყებამდე დღის მოვლენების შეჯამებას მოვასწრებდი. გულახდილად რომ ვთქვათ, არც იმხელა საპროტესტო აქციას ველოდი, რომ პარალელურ რეჟიმში სტატიის წერა ვერ მომეხერხებინა. თუმცა, დღეს, როცა ერთი წლის შემდეგ ამ მოვლენებზე ამბების მოძიება დავიწყე, სტატიის ესკიზი აღმოვაჩინე, რომლის წერაც 20 ივნისს, 19:07-ზე შემიწყვეტია, სწორედ მაშინ, როცა პარლამენტის წინ აქცია დაიწყო და პროტესტის მასშტაბებიდან გამომდინარე, მთელი რედაქცია მის გაშუქებაზე გადავერთეთ.
დღეს გადავწყვიტეთ, მაშინ განვითარებული მოვლენებზე არა დღევანდელი, არამედ მაშინდელი გადმოსახედიდან გიამბოთ, ეს სტატია გამოვაქვეყნოთ და ერთად გავიხსენოთ — როგორ დაიწყო, რა ხდებოდა, რატომ გავბრაზდით და რას ვგრძნობდით მანამ, სანამ რუსთველზე სპეცრაზმისა და რეზინის ტყვიების წინ აღმოვჩნდით.
რას ვწერდი ერთი წლის წინ
იმ ადგილიდან, სადაც დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, დღეს რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ქართველ დეპუტატებს უმზერდა, ოკუპანტის ენაზე მიმართავდა და სულ არ აწუხებდა ის ფაქტი, რომ ამ ქვეყნის ორ ოკუპირებულ რეგიონს, აფხაზეთსა და ოსეთს, დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს. პირიქით, იმას ამბობდა, რომ თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს, რადგან "სამშობლოშია".
გავრილოვის კომფორტზე საქართველოს პარლამენტმა იზრუნა. მისი ჩამოყვანის ინიციატორი კი მმართველი პარტიის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი გახლავთ.
(განახლება: აწ უკვე ყოფილი დეპუტატი, რომელმაც ამ მოვლენების შემდეგ მანდატი და პარტია დატოვა.)
როგორ დაიწყო ყველაფერი
2019 წლის 11 ივნისს პარლამენტის ტრიბუნიდან ზაქარია ქუცნაშვილმა კოლეგებსა და საზოგადოებას აცნობა, რომ თბილისში მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეა გაიმართებოდა. ქუცნაშვილმა სურვილი გამოთქვა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, ასამბლეაზე ყველა მისულიყო. მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატი მიკროფონში საუბრობდა და მისი განცხადება მედიაშიც გაშუქდა, დღეს ქართული ოცნების დეპუტატები ამტკიცებდნენ, რომ ეს ინფორმაცია არ ჰქონდათ.
მეტიც, 17 ივნისს ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ასამბლეაში 3 რუსი დეპუტატი მიიღებდა მონაწილეობას და მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა არასასურველია და ზიანს მიაყენებს, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტს, ასევე, საერთაშორისო ავტორიტეტს. ამ პრეტენზიებს ქუცნაშვილმა ქაჯობა უწოდა.
იყო საუბრები იმაზეც, რომ გავრილოვი საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთის ომში იბრძოდა და მისი ვიზიტი ქვეყანაში სამარცხვინო იქნებოდა.
საუბრები ოკუპაციაზე VS ღია პროტესტი
მოწოდება არავის გაუთვალისწინებია. 19 ივნისს საქართველოში ასამბლეის წევრები ჩამოვიდნენ და სასტუმრო რედისონში დაბინავდნენ. სანამ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გადაინაცვლებდნენ, გავრილოვმა აგვისტოს ომსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბარიც მოასწრო.
მან უარყო აფხაზეთის ომში მონაწილეობა და გაამხილა, რომ საქართველოს ხშირად სტუმრობს. ამავდროულად, რუსეთი-საქართველოს შორის 2008 წლის ომს "უსიამოვნება" უწოდა და კონფლიქტის "ინციატორად" ქართული მხარე წარმოაჩინა.
ამის შემდეგ გავრილოვი, კოლეგებთან ერთად სახელმწიფო ცერემონიების, ყოფილი პრეზიდენტის სასახლეში მივიდა. იქ მათ ქართველ დეპუტატებთან ერთად გაბრაზებული სამოქალაქო საზოგადოებაც დახვდა.
"ძვირფასო ოკუპანტებო, თქვენი ადგილი ჩვენს ქვეყანაში არ არის" — ამ ბანერების და "რუსეთი ოკუპანტიას" შეძახელის ფონზე 3 რუსი დეპუტატი სასახლეში შევიდა და ასამბლეაც გაიხსნა.
რუსი დეპუტატების გულუხვად მასპინძლობის ფონზე, სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ოკუპაციასა და რელიგიაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემა ტერიტორიული მთლიანობაა და ეს იმ მეზობელი სახელმწიფოს გამო ხდება, რომელიც ერთმორწმუნეა. მისივე თქმით, ოკუპაციას ქრისტიანობასთან და მართლმადიდებლობასთან არაფერი აქვს საერთო.
(განახლება: აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე. ამ მოვლენების შემდეგ ის თანამდებობიდან გადადგა.)
ამ სიტყვებს ისმენდნენ რუსეთის დუმის დეპუტატებიც, რომლებსაც დისკომფორტი არ შექმნიათ. ან რატომ შეექმნებოდათ, როცა მოგვიანებით ამ სიტყვების ავტორ ირაკლი კობახიძესთან ერთად ღვინის დაგემოვნებით ირთობდნენ თავს.
პირიქით, ასამბლეის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას მათ შეფარული რუსული ნარატივიც გაავრცელეს. მაგალითად, კომუნისტმა გავრილოვმა ასამბლეის წევრებს შეახსენა, რომ მსოფლიოს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და ამ სიტუაციაში ძალის პოზიციიდან საუბარი და სანქციების დაწესება არასწორია. მანვე დასძინა, რომ მსოფლიო მართლმადიდებლობის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.
სანამ ქართველი დეპუტატები და სასულიერო პირები ოკუპანტი ქვეყნის კომუნისტ დეპუტატს უსმენდნენ, საქართველოში უკრაინის ელჩმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადა: "არ ვაპირებ ვუსმინო რუსეთს ფედერაციას".
ელჩი ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც პროტესტის ამ ფორმას მიმართა. ქართველ დეპუტატებს არაფერი შეუმჩნევიათ და შეხვედრა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა. მეტიც, დასასრულს ასამბლეის წევრებთან, მათ შორის რუს დეპუტატებთან და სასულიერო პირებთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.
ოკუპანტი კანონმდებლის სკამში
საღამოს სხვადასხვა ეთერიდან გვესმოდა, რომ მომხდარი სირცხვილია და აზიანებს ჩვენს საერთაშორისო იმიჯს. "ამაზე მეტად, რით უნდა მოვიჭრათ თავი", — კითხულობდნენ აღშფოთებული მოქალაქეები სოციალურ ქსელებში.
მათ კითხვას პასუხი დღეს გაეცა: დილით გაღვიძებულმა და სამსახურში მიმავალმა საქართველოს მოსახლეობამ აღმოაჩინა, რომ მათ საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე არც თავმჯდომარე და არც მისი მოადგილე, არამედ უცხო ადამიანი იჯდა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, რუსულად საუბრობდა, მრჩევლებით იყო გარშემორტყმული და საქართველოს პარლამენტს მიმართავდა.
მალე ყველამ გაიგო, რომ მთავარი კანონმდებლის სკამში საოკუპაციო რეჟიმის მხარდამჭერი და კომუნისტური პარტიის წევრი იჯდა. ცოტა ხანში კი ისიც ვნახეთ, რომ მმართველი პარტიის დეპუტატებმა ეს არათუ დაგმეს, პირიქით — რუსეთის დუმის დეპუტატებისგან საჩუქარიც მიიღეს. იღბლიანი, რომელიც გავრილოვმა ხატით დაასაჩუქრა, ზაქარია ქუცნაშვილი აღმოჩნდა.
პარლამენტის გარეთ საპროტესტო მუხტი იზრდებოდა, შიგნით კი სესია მშვიდად გრძელდებოდა, სანამ ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ კომუნისტ გავრილოვს თავმჯდომარის სკამი არ წაართვა. ის პირველი იყო, ვინც მომხდარი გააპროტესტა, სხდომათა დარბაზში საქართველოს დროშით შეიჭრა და კობახიძის სკამი დაიკავა.
ხოშტარიას ზურგი ჯერ თანაგუნდელებმა, შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა გაუმაგრეს. პარლამენტში ჩოჩქოლი ატყდა. პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები ოპოზიციას ლანძღავდნენ გავრილოვის "შეურაცხყოფის" გამო, ასამბლეის წევრები კი იმის გარკვევას ცდილობდნენ, რა მოხდა და როგორ გაგრძელდებოდა სხდომა.
სიტუაცია დაიძაბა, როდესაც ევროპული საქართველოს დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ ასამბლეის წევრებს წყალი შეასხა და მათ რუსულად მიაძახა, რომ აფხაზეთის ომში მათ წინააღმდეგ იბრძოდა.
"მე ვკლავდი თქვენიანებს, ვკლავდი და ისევ მოვკლავ... წაეთრიეთ აქედან", — ამბობდა ის. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ასამბლეის ის წევრები არა რუსეთის, არამეს ესტონეთის წარმომადგენლები იყვნენ.
პოლიტიკოსების პროტესტს საზოგადოებაც შეუერთდა. პარლამენტის დაცვის სამსახურს ორ ფლანგზე — პარლამენტის შესასვლელთან და შიგნით მოუწია აქტივისტების "დაშოშმინება".
რა ხდებოდა გარეთ
პარალელურად, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა დიდი შრომა გასწია იმისთვის, რომ რუს დეპუტატებს პარლამენტი დაეტოვებინათ და სასტუმროში უსაფრთხოდ გადასულიყვნენ. გავრილოვმა პარლამენტი შუა თითების ფონზე, სირცხვილის კორიდორით დატოვა.
რუსი დეპუტატები მიკროავტობუსით გაჰყავთ, აქტივისტებ. პროტესტის ნიშნად, მათ შუა თითებს უჩვენებენ
ფოტო: On.ge
პროტესტის გამო გამკაცრდა პარლამენტში შესვლის წესები. დეპუტატებს და აკრედიტირებულ ჟურნალისტებს შენობაში ან აღარ გვიშვებდნენ, ან დიდი ხნით გვაყოვნებდნენ, რაც ძირითადად კამათსა და კონფლიქტში იზრდებოდა. რამდენიმე საათში პარლამენტში შესვლა საერთოდ შეიზღუდა.
ფოტო: თამარ გეგიძე / On.ge
რა ხდებოდა ამ დროს პარლამენტში
სანამ ევროპული საქართველო რუს დეპუტატებს "ებრძოდა", ემზარ კვიციანი აქტივისტების დასატუქსად გამოვიდა. შეკრებილებს მიაძახა, რომ ისინი "რუსეთის საქმეს აკეთებენ" და "ამ პროვოკაციებით" კონფლიქტის მოგვარებას უშლიან ხელს.
ის ცდილობდა აეხსნა, რომ პარლამენტში არა ოკუპანტების მოსასმენად, არამედ მართლმადიდებლობის ასამბლეაზე დასასწრებად მივიდა, თუმცა მას არ უსმენდნენ და მოღალატეს ეძახდნენ. დეპუტატი გაღიზიანდა, იყვირა — "ყველა ოკუპანტის დედაც და ვინც მას უკრავს ტაშს, იმათი დედაც" — და სხდომათა დარბაზში დაბრუნდა.
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
კვიციანის შემდეგ, სხდომათა დარბაზიდან მმართველი პარტიის დეპუტატი, მამუკა მდინარაძე გამოვიდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ გავრილოვის სკამში ჩაჯდომა "უმრავლესობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის" კატეგორიულად მიუღებელია და თავის მართლება სცადა.
"ეს იყო შეუთანხმებელი. პროტოკოლის მიხედვით, სხდომა უნდა წაეყვანა ბერძენ კოლეგას, რომელიც ამავდროულად არის ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი. თუ რატომ აღმოჩნდა გავრილოვი სხდომის წამყვანის პოზიციაზე, მიუხედავად ამ ასამბლეაში მისი პოზიციისა, ამაში გავერკვევით დეტალურად და ამ საკითხს მოყვება საკმაოდ მკაცრი რეაგირება", — განაცხადა მან და დაამატა, რომ რადგან გავრილოვმა "გაბედა" თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომა, პარლამენტში ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდებოდა, რისთვისაც ბოდიში მოიხადა.
"საზოგადოების გულისწყრომა თუ არსებობს ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ეს არის ძალიან სამართლიანი, იმიტომ, რომ მე და უმრავლესობის ბევრ წევრს გვაქვს იგივე პოზიცია. მეტიც, ეს პოზიცია ემთხვევა, ამ შემთხვევაში, არამხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქციას, არამედ საზოგადოების დიდი უმრავლესობის პოზიციას", — განაცხადა მან.
ფოიეში ტრიბუნასთან დეპუტატები ერთმანეთს ცვლიდნენ, კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდნენ და გვიმტკიცებდნენ, რომ საზოგადოების გულისტკივილი ესმით. პარალელურად, ისმოდა ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნებიც.
სანამ ოპოზიცია საღამოს შვიდ საათზე კობახიძის გადადგომის მოთხოვნით აქციას აანონსებდა, სხდომათა დარბაზიდან "დღის მთავარი გმირი", ზაქარია ქუცნაშვილი გამოვიდა. ის მედიასთან მომხდარის შეფასება აპირებდა, მაგრამ "მოღალატეს" შეძახილების გამო არ გამოუვიდა და ტერიტორიის დატოვება სცადა, თუმცა ვერც აქტივისტებსა და ვერც მედიას გაექცა. ქვედა სართულზე ჩასულმა მან აქტივისტების საპროტესტო პლაკატი დახია და ტერიტორია "მონას" შეძახილების ფონზე დატოვა.
მალევე, პარლამენტში ოცნების ყოფილი წევრი და საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარიშვილი გამოჩნდა, რომელმაც საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ბანერზე საპროტესტო წარწერა დატოვა და თავმჯდომარის იმპიჩმენტი მოითხოვა.
ფოტო: On.ge
მოგვიანებით მან სხდომათა დარბაზიდან ის სკამი გამოიტანა, რომელზეც გავრილოვი იჯდა და საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დღის განრიგი ზედ დაახია. სკამი, რომელმაც მოსახლეობას ოკუპაციის, საბჭოთა ტერორისა და რუსული ცარიზმის დიქტატურის ტკივილი გაუცოცხლა, პარლამენტის ფოიეში უყურადღებოდ დარჩა, როგორც დღევანდელი აბსურდის სიმბოლო.
როცა სხდომათა დარბაზი ასამბლეის წევრებისგან დაიცალა და რუსმა დეპუტატებმა რედისონში გადაინაცვლეს, იქ ოპოზიციის წევრები შევიდნენ და განაცხადეს, რომ მანამდე არ დატოვებდნენ დარბაზს, სანამ კობახიძე არ დატოვებდა თანამდებობას.
საპროტესტო აქციამ კი სასტუმროსთან გადაინაცვლა.
საპროტესტო წარწერები სასტუმრო რადისონთან, სადაც სერგეი გავრილოვი იმყოფებოდა
ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge
ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge
რა თქვა მმართველმა გუნდმა
ნებისმიერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პოზიცია ემთხვევა ჩვენსას და ამ შემთხვევაში, არის სწორი
გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომა ფაქტობრივად მთელმა ქართულმა ოცნებამ დაგმო, მათ შორის პარტიის ლიდერმაც, რომელიც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს იშვიათად ეხმიანება. "ოცნება" არ საუბრობდა იმაზე, რომ პრობლემა ქვეყანაში რუსი დეპუტატების შემოსვლა, მათი მასპინძლობა და პარლამენტში მიწვევაა. მათი მთავარი მესიჯბოქსები იყო: საზოგადოების პროტესტი სამართლიანია, გავრილოვის საქციელი პროვოკაციულია, ორგანიზატორებმა პასუხი უნდა აგონ.
"ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს. სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს — დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე", — განაცხადა პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
ივანიშვილმა კი მომხდარს "პროტოკოლური შეცდომა" უწოდა და განაცხადა, რომ ორგანიზატორებმა "პოლიტიკური მნიშვნელობა ვერ გაითვალისწინეს". პარტიის ლიდერმა მათ "მკაცრად" მოუწოდა სხდომის შეწყვეტისკენ.
"აუცილებლად უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა".
სხვებთან შედარებით, უფრო კრიტიკული იყო ირაკლი ღარიბაშვილი. ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა ასამბლეას "ფარისევლური კონფერენია" უწოდა და იკითხა, რა საჭირო იყო მისი ჩატარება.
კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა მომხდარი ფაქტი. აუცილებლად უნდა დადგეს ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი... რა საჭირო იყო ამ ფარისევლური კონფერენიის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარება და მით უმეტეს, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის დასმა პარლამენტის სპიკერის სკამზე?
პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც უკვე ვიზიტით ბაქოში იმყოფება, ამტკიცებს, რომ მოხმდარის შესახებ როგორც კი შეიტყო, მაშინვე მოითხოვა სესიის შეწყვეტა.
"სამწუხაროდ, არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება, გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ საქართველოში. შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე და როგორც კი შევიტყვე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება და ასეთი ფორმით სესიის გაგრძელების არდაშვება", — თქვა კობახიძემ, თუმცა სხვების მსგავსად, არც მას განუმარტავს, რატომ მიიჩნევენ სიტუაციის განეიტრალებად რუსი დეპუტატების ქვეყანაში დარჩენას და ასამბლეის სხვაგან ჩატარებას.
- დავით მათიკაშვილი: გავრილოვი მართლმადიდებლობის ნიღაბქვეშ შემოიპარა საქართველოში
- პარლამენტის თავმჯდომარის სკამში რუსი დეპუტატის ნახვამ, უბრალოდ, გამანადგურა — ჩუგოშვილი
- ეს კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დუმის წევრებმა საქართველო დატოვონ — თალაკვაძე
კახა კალაძე ფიქრობს, რომ ჯობდა ასამბლეის ჩატარებამდე წინასწარ ეფიქრათ და სხდომათა დარბაზში შეკრებაც აერიდებინათ.
"ქართველები ვართ, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, პატრიოტები ვართ, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და ამ დროს მგონია, რომ არ არის მისაღები ის, რაც დღეს ხდება. რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება", — განაცხადა მან.
ოცნებაში მხოლოდ ამ შეფასებებით არ შემოფარგლულან და საგანგებო ბრიფინგიც გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ ორგანიზატორებს მოუწევთ განმარტონ, რა და როგორ მოხდა. "ოცნების" ლიდერებმა მოითხოვეს, "ამ მძაფრი ემოციების ფონზე" ხალხი ისე არ მოიქცეს, რომ "ჩვენს მტერს სიტუაციით სარგებლობის საშუალება ჰქონდეს".
ფოტო: კადრი ვიდეოდან / იმედი
მომხდარზე კრიტიკული პოზიცია ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტსაც. მან არამხოლოდ გავრილოვის სკამში ჩაჯდომა ან ორგანიზატორების "დაშვებული შეცდომა", არამედ ეს ასამბლეა და რუსი დეპუტატების ქვეყანაში ჩამოსვლაც გააპროტესტა:
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, რას ნიშნავს? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს
სანამ "ოცნება" ორგანიზატორის პასუხისმგებლობაზე საუბრობდა და ხელს ზაქარია ქუცნაშვილისკენ იშვერდა, გავიგეთ, რომ ასამბლეის ჩატარების შესახებ ბრძანებას ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი. მანვე დაამტკიცა სამუშაო გეგმაც, რომელიც სესიის სხდომათა დარბაზში ჩატარებას, ქართულ-რუსული თარჯიმნის უზრუნველყოფას, ასამბლეის წევრების კვებას, ყავის შესვენებას და ღვინის დეგუსტაციასაც ითვალისწინებდა. ამ ფაქტის, საზოგადოებისა და ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, კობახიძე და მისი პრესსამსახური ამტკიცებენ, რომ თავმჯდომარე არ გადადგება.
ფოტო: On.ge
თავად ქუცნაშვილმა, რომელსაც ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთდროულად ემიჯნება, თქვა, რომ ხალხის "განერვიულების" მიზეზს აცნობიერებს და მზად არის, პასუხისმგებლობა აიღოს. რა თქმა უნდა, ისიც, მხოლოდ თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომაში და არა რუსი კომუნისტი დეპუტატის მოწვევაში ხედავს პრობლემას.
"ის, რომ სხდომა წაიყვანა არა ბერძენმა დიპლომატმა, არამედ რუსმა დეპუტატმა, ეს იყო დაშვებული შეცდომა. ჩვენ ვთხოვდით საერთაშორისო სამდივნოს, რომ წაეყვანა ეს სხდომა გენერალურ მდივანს... მე ვაცნობიერებ იმას, რომ საზოგადოება ძალიან განერვიულდა იმ ფაქტზე, რომ რუსი დეპუტატი დაინახეს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე... მე ვგრძნობ საზოგადოების, დიდწილად, სამართლიან მღელვარებას", — განაცხადა მან.
ეკლესიის როლი
სიტუაციას სხვებისგან განსხვავებულად მიუდგა პოლიტიკური პარტია გირჩი. მათ არამხოლოდ ქუცნაშვილისა და მმართველი გუნდის, არამედ საპატრიარქოს პასუხისმგებლობაზე დაიწყეს საუბარი. სანამ პარლამენტში გაურკვევლობა და ჩოჩქოლი იყო, ზურაბ ჯაფარიძემ მხარდამჭერებთან ერთად საპატრიარქოსთან აქცია გამართა, სადაც განმარტა, რომ ასამბლეის მთავარი ორგანიზატორი და მასპინძელი საპატრიარქო იყო, რომელიც პრორუსული ძალაა.
"ზოგადად, ასეთი ტიპის ინსტრუმენტები რუსეთს აქვს ძალიან ბევრი, ე.წ. რბილი ძალა... აქ მათი მთავარი დამხმარე ძალა, მეხუთე კოლონასავით, არის საპატრიარქო, არა ქართული ეკლესია, არამედ საპატრიარქო და მასში გაბატონებული პრორუსული ძალა", — თქვა ჯაფარიძემ.
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
"საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ სირცხვილის, რომელიც დღეს მთელ ქვეყანას გვაქვს, არის ეს ინსტიტუტი; ეს ინსტიტუტი არის რუსეთის მთავარი პლაცდარმი; ეს ინსტიტუტი არის ამ ქვეყნის განვითარების მთავარი შემაფერხებელი; ეს ინსტიტუტი არის ის, რომელიც ჯერ კიდევ ჰყოფს ადამიანებს პირველ და მეორეხარისხოვან ადამიანებად", — თქვა გირჩის ლიდერმა, თუმცა მხარდამჭერების გარდა, მისი იდეა არავის გაუზიარებია და უმეტესობა მთავარ პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.
საპატრიარქო განვითარებულ მოვლენებზე დუმს. დღეს მხოლოდ ის გვაცნობეს, რომ გავრილოვი საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთში არ იბრძოდა და "დიალოგის გზით" ოკუპაციის საკითხის მოგვარებასაც ხედავს.
"ვკითხეთ, ხედავს თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას, იმ მოცემულობაში, როდესაც კრემლმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოები აღიარა. რუსეთის დუმის დეპუტატმა განგვიცხადა, რომ მას შესაძლებლად მიაჩნია ეს მოხდეს დიალოგის საშუალებით", — დაპოსტა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
როდის შევწყვიტე სტატიის წერა
იმის მიუხედავად, რომ რუსმა დეპუტატებმა კარგად დაინახეს, რამდენად მიუღებელია მოსახლეობისთვის მომხდარი, გავრილოვმა დაჟინებით განაცხადა, რომ ასამბლეა არ შეწყდება და არც საქართველოში რუსეთის დელეგაციის ყოფნის დრო შემცირდება, სანამ დღის წესრიგს არ განიხილავენ. მალევე, მასთან დეტალების განსახილველად ზაქარია ქუცნაშვილი მივიდა.
პოლიციის ალყით დაცული გავრილოვი და სხვა დეპუტატები ისმენდნენ შეძახილებს: "პუტინ ხუილო", "რუსეთი ოკუპანტია". ამავდროულად, სასტუმროს კედლებზე კვერცხების ლეწვის და მათი ქვეყნიდან წასვლის მოწოდებებიც ესმოდათ, მაგრამ საკუთარი სურვილით წასვლაზე უარს ამბობდნენ. "პრინციპული პოზიციის" მიუხედავად, საბოლოოდ მაინც ამ შეძახილების ფონზე დატოვეს ტერიტორია, დაცვის წევრებისა და ათეულობით პოლიციელის თანხლებით.
გავრილოვი საქართველოდან წავიდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. გაბრაზება და შეურაცხყოფის განცდა, რაც მისი გამოჩენით ვიგრძენით, არ გაქრა. საღამოს პარლამენტის წინ აქცია დაიგეგმა. სასტუმროსთან შეკრებილი პროტესტის მონაწილეებიც რუსთაველისკენ დაიძრნენ. აქციები დაიგეგმა სხვადასხვა ქალაქშიც.
ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge
პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი არამხოლოდ განვითარებულ მოვლენებს, ზოგადად რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას და ოკუპაციას აპროტესტებენ. პასუხად არც რუსეთი დარჩენილა ჩუმად. მათ აღშფოთება გამოხატეს და ანტიოკუპაციურ პროტესტს პროვოკაცია უწოდეს.
20 ივნისი აქცია გავრილოვის ვიზიტის გასაპროტესტებლად
ფოტო: ტბელ აბუსერიძე
"აღშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების მხრიდან მოქმედებებით, რომლებმაც ანტირუსული განწყობის გადმოსაფრქვევად გამოიყენეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, რომელიც მსოფლიო მართლმადიდებლურ ქვეყნებს აერთიანებს", — განაცხადა გრიგორი კარასინმა, თუმცა ვერ მიიღო შესაბამისი ყურადღება ვერც ქართული მედიისა და ვერც პოლიტიკოსებისგან, რადგან მათი "აღშფოთება" ახლოსაც არ არის იმასთან, რასაც რუსთაველზე შეკრებილები გრძნობენ.
... წერა აქ შევწყვიტე და აქციის გაშუქებაზე გადავერთე. ვუსმენდი გამომსვლელებს, რომლებიც ანტიოკუპაციურ განცხადებებს ავრცელებდენენ და რუსეთისგან თავისუფალ, პროევროპულ მომავალს ითხოვდნენ. ხშირად ისმოდა — სირცხვილია!
რამდენიმე საათში ეს შეძახილები გაოგნებულმა და შეძრწუნებულმა ყვირილმა შეცვალა, როცა ჯერ გაბრაზებულმა მოქალაქეებმა სპეცრაზმელებს აღჭურვილობა წაართვეს, შემდეგ კი, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენება და პროტესტის გაუფრთხილებლად დაშლა დაიწყო.
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
აქციას დილამდე შლიდნენ. დილამდე ვსუნთქავდით ცრემლსადენ გაზს და ვხედავდით დასისხლიანებულ ახალგაზრდებს. გავრილოვის ღამის დეტალებზე იმ დღეს აღარ დამიწერია.
ფოტო: ტბელ აბუსერიძე
19 ივნისს დასმულ კითხვას — ამაზე მეტად, რით უნდა მოვიჭრათ თავი — 20 ივნისს ორჯერ გაეცა პასუხი. პირველად დილით, როცა გავრილოვმა ჯერ სკამი და შემდეგ მთელი დღე მოგვპარა; მეორედ კი ღამით, როდესაც მოქალაქეებს რეზინის ტყვიები დაუმიზნეს.
ფოტო: ფოტო ვიდეოდან / რუსთავი 2
ფოტო: ფოტო ვიდეოდან / რუსთავი 2
დედაქალაქი მეორე დღეს 240 დაშავებულით, 305 დაკავებულით, სისხლიანი პარლამენტის ეზოთი და ცენტრალური ქუჩების დაზიანებული ინფრასტრუქტურით შეხვდა. როცა მოსახლეობამ გაიღვიძა და გაიგო, რა ხდებოდა, ქუჩებში ჯერ კიდევ იდგნენ სპეცრაზმელები. ამ დროს სირცხვილის ახალი ტალღა წამოვიდა.
გავრილოვის ღამეს დაშავდა და დასახიჩრდა ათეულობით ადამიანი, რამდენიმემ მხედველობა დაკარგა. მეორე დღეს პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა, თუმცა "დაშლილი" პროტესტის მუხტი მაინც არ შენელდა და უკვე შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდა.
რამდენიმე დღეში ვლადიმერ პუტინმა ანტიოკუპაციური მოთხოვნებისთვის "დაგვსაჯა" და რუსეთში ფრენები აგვიკრძალა, პასუხად #SpendyoursummerinGeorgia-ს კამპანია დავიწყეთ. მერე იყო ცხელი პოლიტიკური ზაფხული, რომელიც პარლამენტის წინ აქციებზე გავატარეთ, პროპორციული საარჩევნოს სისტემის დაპირება და "გადაგდება" "პრინციპული" მაჟორიტარებისგან, რასაც ისევ აქციები, საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტი, ოპოზიციის უპრეცენდენტო გაერთიანება, ლიდერების დაპატიმრება, ჩაშლილი მოლაპარაკებები, ახალი მოლაპარაკებები, ახალი პრემიერი, რომელიც მინისტრადაც კი არ უნდოდა საზოგადოებას, არათუ მთავრობის მეთაურად და საბოლოოდ, ახალ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება მოჰყვა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი.
20-მა ივნისმა და სკამის ოკუპაციამ შეცვალა თითქმის ყველაფერი, საზოგადოების აღქმებიდან პოლიტიკური პროცესებამდე.
გაიგეთ მეტი გავრილოვის ღამისა და მისი შედეგების შესახებ:
- რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე — ფოტოები
- ერთ თვალში მხედველობა არის დაკარგული და არ აღდგება — მაკო გომური
- დათო — ბიჭი, რომელიც 20 ივნისის შემდეგ სამყაროს ერთი თვალით ხედავს
- მეორე თვალიც რომ არ მქონდეს, მაინც ვიტყვი, რომ რუსეთი ოკუპანტია — ბიჭი, რომელმაც თვალი დაკარგა
- გოგონა მწვანე ყურსასმენით — მაკო გომურის პროტესტი
- სირცხვილის თვე
კომენტარები