გოგონა მწვანე ყურსასმენით
ინტერვიუსთვის მაკოს რომ შევხვდი, ჩემთან მოვიდა და გადამკოცნა. პატარა ტანის გამხდარ გოგოს კისერზე დიდი მწვანე ყურსასმენი ეკეთა. სწორედ ის ყურსასმენი, რომელიც თვალში ტყვიის მოხვედრისას მთლიანად წითელი სისხლით შეიღება. დამშვიდობებისას ჩავეხუტე და ვიფიქრე, როგორი პატარაა, ნეტა არ გავჭყლიტო და რამე არ ვატკინო.
სტუდენტი მაკო გომური 20 ივნისს სამსახურში იყო. სუპერმარკეტში მოლარედ მუშაობს და იქ მთელი დღე გაატარა. არ იცოდა, თუ პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი ჩაჯდა და არც ის იცოდა, რომ თბილისი აქციებმა მოიცვა.
"სადღაც თორმეტზე გამოვედი სამსახურიდან, მანამდე ვაწესრიგებდი რაღაცებს. მარჯანიშვილზე ვმუშაობ, მაგრამ არაფერი გამიგია. ღამე როცა დავიკეტეთ და ტელეფონი ავიღე ხელში, მარტო მაშინ ვნახე რამდენიმეს მოწერილი, რომ აქციაზე იყვნენ.
აქციაზე წასვლას არც ვაპირებდი, რადგან, ზოგადად, არ ვარ სოციალურად აქტიური და არც ქვეყნის ცხოვრებაში ვიყავი ჩართული. მარჯანიშვილის მეტროში რომ ჩავედი, ხალხი ლაპარაკობდა, რომ გაზი გაუშვეს და დაპირისპირება იყო. ჩემი ორი დაც იქ იყო. ვიფიქრე, სახლში რომ მივიდე, მარტო უნდა ვიყო, ვინერვიულო და ვარჩიე, რომ წავსულიყავი და ჩემი დები მეგობრებთან ერთად წამომეყვანა".
პარლამენტთან რომ მივიდა, პოლიციას აქციის დაშლა უკვე დაწყებული ჰქონდა. თავისუფლების მეტროს ამოსასვლელში ძირს დავარდნილი ხალხი დაინახა.
"ზოგი იგუდებოდა, ზოგი მოწამლული იყო, ზოგი წყალს ასხამდა, საშინელი სურათი დამხვდა თვითონ მეტროში. რომ ავედი, ჩემი და მელოდებოდა კართან და ბევრი ადამიანი მოაწყდა მეტროს.
გიმნაზიის წინ ისხდნენ ჩემი მეგობრები და ჩემი მეორე და. წყნარად ვისხედით, ვუყვებოდი როგორი დღე მქონდა. მე რომ მივედი, არეულობა უკვე აღარ იყო. ხალხის დიდი ნაწილი წავიდა და ჩვეულებრივად ვლაპარაკობდით".
ამის შემდეგ სროლა ისევ ატყდა. დებთან და მეგობრებთან ერთად უკვე წამოსვლას აპირებდა, როდესაც ხალხისკენ წამოსული სპეცრაზმის დიდი ჯგუფი დაინახა და ქაშუეთისკენ გაბრუნდა:
"უცბად გავჩერდი. ბიჭებს კაცი წაექცათ და ეხმარებოდნენ. ზოგადად, ადამიანს ცუდი რომ მოსდის, ხომ აქ წინათგრძნობა. მე ეს მომენტი მქონდა, რომ დავშტერდი, ვფიქრობდი, ნეტავ ახლა ვიღაცას რამე არ მოგვხვდეს.
ჩემი ერთი და მედგა გვერდით, ჩემი მეორე და იმ კაცს ეხმარებოდა, რომელიც წაიქცა. და ამ დროს ტყვია მომხვდა. მხოლოდ ერთხელ დავიყვირე, ისმის კიდეც ვიდეოში. არ წავქცეულვარ, ჩავიკეცე და ველოდებოდი, როდის ამიყვანდა ვინმე, რომ სასწრაფოსთან წავეყვანე. სასწრაფო ახლოს არ აღმოჩნდა, შორს იყო".
მხოლოდ წამიერი ტკივილი იგრძნო. იმის შემდეგ არაფერი. საავადმყოფოში მისვლამდე მთელი დრო გონზე იყო და ესმოდა მის გარშემო რა ხდებოდა. რუსთაველიდან ისე წაიყვანეს, რომ მისმა დებმა არ იცოდნენ, რომელ საავადმყოფოში გადაჰყავდათ.
"მე რომ ამიყვანეს მანქანაში, სამი ადამიანი დამხვდა, ერთ-ერთი იყო თამარ ბაღაშვილი [რუსთავი 2-ის ჟურნალისტი]. იქ იყვნენ მოხუცი კაცი და ახალგაზრდა ბიჭი, როგორც მერე კადრებში ვნახე. როგორც ვიცი, ეს ახალგაზრდა ბიჭი და კაცი ჩამოვიდნენ.
არასდროს მქონია იმის საშუალება, რომ მადლობა გადამეხადა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სასწრაფომდე მიმიყვანეს. ირაკლის, ბექას და გიორგის. მერე გამომეხმაურნენ და დღემდე მკითხულობენ. ახლა ვფიქრობ, რომ ჩემს თვალში ისინი არიან გმირები.
ზუსტად მახსოვს ის მომენტი, ჯერ ერთმა რომ ამიყვანა ხელში, მერე მეორემ, მერე მესამე მოვიდა დასახმარებლად. ვაზროვნებდი ჩვეულებრივად.
საავადმყოფოში მკითხეს სახელი, გვარი, ასაკი, წონა. ყველაფერზე ვუპასუხე ნორმალურად, მშვიდად. ვითხოვდი ტელეფონს, რომ დებისთვის დამერეკა".
ოპერაციის შემდეგ ნარკოზიდან რომ გამოვიდა, თვალის დაკარგვის შესახებ უფროსმა დამ უთხრა. იმ მომენტში ყვირილი უნდოდა, თუმცა მდგომარეობა მშვიდად მიიღო.
"ახლაც მაქვს ის ფოტო ტელეფონში, პირველად რომ გავაჭყიტე თვალი, როგორი ვიყავი. შედარებებსაც ვაკეთებ ხოლმე".
ვბრაზობ, რომ თვალში ცუდი კადრი დამრჩა
სასწრაფოს მანქანაში შუა თითების აწევით თავისი ტკივილი და სიბრაზე გამოხატა. გამოხატა ყველაფერი ის, რაც მომავალში ელოდა:
"ახლაც სულ იმაზე ვბრაზობ, რატომ დარჩა ცუდი კადრი ამ თვალში. ხომ შეიძლებოდა დამეკარგა თვალი არა აქციაზე, აი, სადღაც ლაშქრობაში, რომ კარგი კადრი დარჩენილიყო. ტყვიის მოხვედრის დროს რომ დაბნელდა, მივხვდი — თვალი აღარ მქონდა".
თვალის აღდგენის იმედი თავიდანვე არ ჰქონდა, ამიტომაც ცდილობდა მდგომარეობა უფრო მშვიდად მიეღო.
"ძალიან გავბრაზდი, ძალიან მეწყინა, მაგრამ ვიცოდი, რომ მაგაზე ტირილი და დეპრესია არ ღირდა. იმაზე ვფიქრობდი, რომ მე რომ ასე დავისტრესო, დეპრესიაში ჩავვარდე და ბევრი ვიფიქრო, მერე გარშემომყოფებიც ასე იქნებოდნენ. ჩემზე იყო დამოკიდებული ჩემ გარშემო რა იქნებოდა. როგორ იქნებოდნენ ჩემი ახლობლები, ჩემი ოჯახის წევრები.
რომ ამოდიოდნენ ჩემთან და გაღიმებულები ჩადიოდნენ, ეგ უკვე კარგი იყო. ჩემთვის მთავარი იყო, რომ იმათ არ მოეწყინათ".
აქციაზე რომ ვიყავი, დედას ვატყუებდი
მაკო დუშეთში გაიზარდა. მშობლებიც იქ ცხოვრობენ. აქციაზე რომ იყო, დედამ არაფერი იცოდა. სამსახურიდან რომ გამოვიდა, დედას უთხრა, რომ სახლში მიდიოდა.
"მშობლებს ხომ უგრძნობთ ხოლმე გული, რომ მათ შვილს რამე დაემართებათ. 50-ჯერ დამირეკა ხომ სახლში ხარ, ხომ გახვედიო.
მომხდარიდან მეორე დღეს ჩემი და-ძმა ავიდნენ და უთხრეს, რომ აქციაზე თვალი დავკარგე. დედაჩემმა იკითხა ცოცხალი თუ ვიყავი, მაშინ არაფერი მადარდებსო. მოგვიანებით დავაწყნარე და ვუთხარი, რომ არაფერი ჰქონდათ სანერვიულო. ახლა ჩვეულებრივად გვერდში მიდგანან და მომყვებიან ყველაფერში, რაც მე მჭირდება".
ყვება, რომ დები მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენენ. რაღაც პერიოდი ქუჩაშიც არ უშვებდნენ მარტოს და გვერდით დაყვებოდნენ.
"ერთადერთი კარგი პოზიცია უჭირავს ჩემს ძმას. იცის როდის ვარ ცუდ ან კარგ ხასიათზე. ტირილი თუ მინდება ჩემს დებთან მივდივარ. რა თქმა უდნა, მაქვს მომენტები, როცა ტირილი მინდება და ამ დროს არ მტოვებენ მარტოს".
ვცდილობდით, პოზიტიურზე გვესაუბრა
20 ივნისის აქციის დაშლისას თვალი დაკარგა რუსთავი 2-ის დაცვის წევრმა, გიორგი სულაშვილმაც. მაკოს მსგავსად მანაც გერმანიაში გაიარა მკურნალობა.
"ჩემსავით იმასაც მარცხენა თვალი აქვს დაკარგული და ვერ აღიდგენს. გიო და მისი ცოლი რომ მოდიოდნენ, ვცდილობდით ცუდზე არ გველაპარაკა, ცუდზე არ გვეფიქრა, რაღაც პოზიტიური დაგვენახა. ამდენი ხალხისგან, რომ მოდის სითბო, ყურადღება, დაფასება, კარგი ემოციები, რაღაცებს პოზიტიურად მიუდგები და ნეგატიურს მოიშორებ.
მე და გიოც ასე ვიყავით. გიორგი ზოგადად ძალიან კარგი ადამიანია. ძალიან ემოციური და კეთილია. გული მწყდება, რომ ასეთ კარგ ადამიანს დაემართა ასეთი რამე. გვერჩივნა, უფრო მეტი გველაპარაკა მომავალზე, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა, რომ ჩვეულ რიტმში ჩავდგებოდით".
ჯერ კარგად ვერ ვხვდები, რამხელა რაღაც დავკარგე
შეგუების პროცესს მძიმედ იხსენებს. ამბობს, რომ საშინლად გადაიტანა და საავადმყოფოში შეტევები ემართებოდა. როდესაც გაიგო, რომ თვალის გადანერგვის შანსი არსებობდა, იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა, თუმცა შემდეგში ეს იმედიც ჩაქრა.
"ჯერ კარგად ვერ ვხვდები, რამხელა რაღაც დავკარგე. შეიძლება, ეს ვინმესთვის არაფერია და ელემენტარულს წარმოადგენს, მაგრამ ჩემთვის ბევრია. ერთადერთი ჩემს გარეგნობაში, რაც მომწონდა თვალები იყო.
არც 18 წლის გოგოს უნდა ხვდებოდეს ტყვია და არც 28 წლის ბიჭს, რომელსაც შვილი და ცოლი ჰყავს. რაღაცას აკარგვინებ ცხოვრებაში. ახლა რომ მკითხოს ვინმემ, როგორია ორი თვალით ხედვა, არ მახსოვს. იმიტომ, რომ მარჯვენა მხარეს ვხედავ, მარცხენა მხარე ჩემთვის დაკარგულია.
დიდი ადამიანივით ვლაპარაკობ, მაგრამ, ზოგადად, ჩვენს ცხოვრებაში რამე მნიშვნელოვანი რომ ხდება, რაღაცების გადაფასებას იწყებ. ხვდები, რაზე ნერვიულობდი და ახლა რაზე დარდობ. ჩემი დებიც მაგას ამბობენ, რომ აქამდე რა მიგვაჩნდა სადარდებლად და თურმე რა ყოფილაო".
ახლა სხვა ღირებულებები გაუჩნდა. მისთვის აქამდე უცხო საკითხებზე ფიქრობს და პრიორიტეტებიც გადაალაგა.
"რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან არის უსამართლობა. ყოველთვის მეჩხუბებოდნენ, რომ რატომ ერევი. როდესაც ვხედავდი, რომ უსამართლობა იყო და ვინმეს ჩაგრავდნენ, ყოველთვის ცხვრის ვყოფდი და ვერეოდი. თუნდაც ის, რომ მე იქ მშვიდობიანად ვიდექი და თვალში მომარტყეს ტყვია, ამ უსამართლობას ვერ ვეგუები".
სულ მესიზმრებოდა, რომ ტყვია მხვდებოდა
მომხდარიდან ერთი თვის თავზე აქციაზე დაბრუნებაც რთული აღმოჩნდა. შიშები გაუჩნდა.
"მანამდეც მქონდა აქციაზე გასვლის სურვილი. გავედი თავისუფლების მეტროში და გამოვბრუნდი უკან. ვერ შევძელი. ახლა უკვე დავძლიე შიში, მაგრამ მაშინ გამიჭირდა.
თავიდან რომ ვიძინებდი, სულ მესიზმრებოდა, რომ ან ვინმეს ხელი ან ტყვია მხვდებოდა. ქუჩაში რომ დავდიოდი ხელაფარებული ვიყავი. რეფლექსივით მქონდა, რომ ასე უნდა მევლო, რადგან მეგონა, კიდევ რამე მომხვდებოდა.
დავძლიე შიში. იქ მე არანაირ შტურმს არ ვაწყობდი, რომ კიდევ მეშინოდეს რუსთაველზე გავლის. თუ საჭირო გახდება და თუ ქვეყანა მოითხოვს, კიდევ გავალ".
ჩემი თანატოლები იბრძვიან იმისთვის, რომ დაისაჯოს დამნაშავე
მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მართვის სათავეში. ამბობს, რომ მხარს უჭერს ჯანსაღ აზრსა და იმ თაობას, რომელიც პარლამენტის წინ დგას.
"ჩემი თანატოლები იბრძვიან იმისთვის, რომ დაისაჯოს დამნაშავე. ადამიანი რომელმაც თვალში მესროლა, თავისუფალია და ადამიანები, რომლებიც აქციაზე იყვნენ დაიჭირეს — ეს ჩემთვის უსამართლობაა. თუ ისინი ამას ებრძვიან, მე ყოველთვის გვერდში დავუდგები".
მაკოსთვის მთავარია, რომ პარლამენტის წინ მდგომებმა ცვლილებების სტიმული არ დაკარგონ.
"ცუდი რაღაცები გვაერთიანებს. ან ვიღაცა უნდა გარდაიცვალოს, ან თვალი დაკარგოს, რომ ერთ მუჭად გავერთიანდეთ და ერთი იდეისთვის ვიბრძოლოთ.
ერთი ქალი მწერდა, "რატომ გახვედი, ხომ დაკარგე თვალი". მე ან ის ბავშვები, ხომ არ ვდგავართ მარტო ჩემ გამო, მარტო შენ გამო. იმისთვის დგანან, რომ უკეთესი მომავალი გქონდეს მე, შენ, ჩემს დებს, ვიღაცის პატარა შვილებს. ეს არ ესმის ბევრს. იქ იმიტომ დგანან, რომ ვიღაცის შვილებს ჰქონდეთ კარგი მომავალი. სანამ ამ აზრამდე არ დავლენ, რთულია ამ სოციუმთან გამკლავება.
ქუჩაში რომ გავიდე და ტელეფონი ამომივარდეს, ხომ დამწყდება გული. ასე უაზროდ რატომ დავკარგე ტელეფონი. მაგრამ ვიღაცას რომ ვაჩუქო არ დამწყდება გული, რადგან ვიცი, რომ რაღაც კარგი გავაკეთე. არა მხოლოდ ტელეფონი ნებისმიერი რამ. აი, ახლაც ასეა. თუ ჩემი თვალი, გიორგის თვალი და ნებისმიერი ადამიანის თვალი ბოლო იქნება ვიტყვი, რომ რაღაცას ფუჭად არ ჩაუვლია. თუ ეს ყველაფერი ფუჭად ჩაივლის, შეიძლება, გული დამწყდეს ბევრ რამეზე, რაც 20 ივნისს მოხდა".
კითხვა მიჩნდება: რატომ?
საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში და მას შემდეგ ბევრ სითბოსა და მხარდაჭერას იღებს. თუმცა ზოგიერთმა მის მიმართაც გამოავლინა ნეგატიური დამოკიდებულება.
"ვკითხულობდი ნეგატიურ კომენტარებს და მეგონა, რომ მათ გრძნობები არ გააჩნიათ. ვფიქრობდი, შვილი არ ჰყავთ, ვინმე არ ჰყავთ?
არასდროს ვუსურვებ ადამიანს ცუდს. იმ ადამიანსაც არ ვუსურვებ, ვინც თვალში გამარტყა. საშინელი სიმწარე გამოვიარე. ყველა მეუბნებოდა, რომ შენს ადგილზე ვერ გავუძლებდით, გავნადგურდებოდით, დავეცემოდით. მართლა არავის ვუსურვებ იმას, რაც გამოვიარე მე ან რა გამოიარა გიორგიმ.
რატომ უნდა დაწერო ნეგატიური კომენტარი არ მესმის. ხედავ მის დასახიჩრებულ კადრებს და ხედავ, რომ თვალი არ აქვს. ჩემი აზრით, გრძნობები და გული საერთოდ არ აქვთ ვინც ამას წერს".
თავისი სისხლიანი კადრების ყურება არ უჭირს, თუმცა ბრაზდება და აინტერესებს, რატომ მოექცნენ ასე.
"ცარიელ ქუჩაში რომ გესვრიან, გაბრაზდები. არ მაქვს დამოკიდებულება, რომ ვერ შევხედავ კადრებს და ცუდად გავხდები. კითხვა მიჩნდება. რატომ? პასუხს რომ ვერ ვიღებ, ვბრაზდები".
ადამიანების სითბო დავაფასე
არ ეგონა თუ ადამიანების ასე გაერთიანება და კეთილი დამოკიდებულების გამოხატვა შეეძლოთ. არ იცოდა, რომ მის გარშემო ამდენი კეთილი ადამიანი იყო. შემთხვევის შემდეგ ადამიანების სითბო დააფასა.
"მწერდნენ, გამოხატავდნენ სითბოს, მამხნევებდნენ. უფროსებიც იყვნენ, მაგრამ, ძირითადად, ჩემი თაობის ადამიანები მწერდნენ. ამ თაობაზე ჯანსაღი და კარგი, ჩემთვის პირადად, არ არსებობს. მართლა კარგი თაობა ვართ".
ფიზიკური აქტივობის მხრივ მისთვის არაფერი შეიცვლება და ისევ გააგრძელებს საყვარელი საქმის კეთებას:
"ჩემთვის მთვარია, რომ გადავრჩი. ისევ წავიკითხავ, ისევ ვიჯირითებ. ვისწავლი მანქანის ტარებას, რომელიც უკვე ვცადე და, მგონი, გამომდის.
რაც მთავარია, უფრო ბრძოლისუნარიანი გავხდი. აქამდე არ ვიყავი ასეთი. უფრო მეტი სტიმული და ძალა მომეცა... აქამდე თუ ვეუბნებოდი ჩემს დებს, რატომ არ გეზარებათ ამდენ რამეზე ფიქრი, ახლა თვითონ მეუბნებიან რატომ არ გეზარება ამდენი ფიქრიო".
ახლა ჩემთვის მთავარია, რომ სათვალე მოვიხსნა
სამომავლოდ ბევრი გეგმა გაუჩნდა. აპირებს, რომ დრამზე დაკვრა ისწავლოს, წავიდეს ლაშქრობაში და სწავლაც გააგრძელოს. თუმცა პირველ ადგილზე მკურნალობის დასრულება დგას.
"ახლა ჩემთვის მთავარი ესაა, რომ ეს სათვალე მალე მოვიხსნა. არ მომწონს, საშინლად მაკომპლექსებს, ეს რომ მაქვს".
გერმანიაში მკურნალობისას რამდენიმე ექიმთან კონსულტაცია გაიარა და თვალში ფირფიტა ჩაუსვეს. გადარჩენილი ზედა ქუთუთო ცუდად არ უნდა შეუხორცდეს. კვირაში ერთხელ ექიმთან შემოწმებაზე დადის.
"როგორც იგეგმება, სექტემბერში მივდივარ ისევ გერმანიაში, რომ, საბოლოოდ, ჩავისვა თვალის პროთეზი. ექვს თვეში მაქვს ქუთუთოს და წარბის პლასტიკური ოპერაცია. ამით ოპერაციები არ დასრულდება, რადგან რამდენიმე წელში ისევ მომიწევს პროთეზის შეცვლა, რადგან კუნთები შეიცვლის ფორმას და ა.შ."
ერთადერთი მოთხოვნა აქვს, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს და ადამიანები აღარ დასახიჩრდნენ.
"იმ წუთში, როდესაც მე მესროლეს, თუ მართლა ვინმე აპირებდა პარლამენტის აღებას, მაშინ ისინი უნდა გაენეიტრალებინათ. და არ უნდა ესროლო 50 მეტრში უდანაშაულო გოგოს, რომელიც სხვის დახმარებას ცდილობს და სახლში წასვლა უნდა.
არც არავის უნდა ესროლო. უნდა გამოიყენო სხვა ძალები. მეტი არაფერი".
კომენტარები