შესაძლოა, დინოზავრის ნამარხში ნაპოვნი სიმსივნე ადამიანების გადარჩენაში დაგვეხმაროს

ფოტო: Shutterstock
ერთი შეხედვით, დინოზავრები და სიმსივნის თანამედროვე კვლევები ერთმანეთისგან ძალიან შორსაა, მაგრამ ახალმა მიგნებამ ისინი დააკავშირა. კერძოდ, მეცნიერთა ვარაუდით, პრეისტორიულ ძვლებზე შემორჩენილი რბილი ქსოვილები, შესაძლოა, კიბოსთან ბრძოლის გზების მოძიებაში დაგვეხმაროს.
მათ დღევანდელი რუმინეთის ტერიტორიაზე 66-70 მილიონი წლის წინ მცხოვრები Telmatosaurus transsylvanicus-ის სახეობის დინოზავრის ნამარხი შეისწავლეს. დიდი სიმძლავრის მიკროსკოპის მეშვეობით ჯგუფმა აღმოაჩინა სტრუქტურები, რომლებიც სისხლის წითელ უჯრედებს (ერითროციტებს) ჰგავს. ის იმ სიმსივნესთანაა დაკავშირებული, რომელიც 2016 წლის კვლევის ფარგლებში ცხოველის ყბის არეში დააფიქსირეს.
ეს მიუთითებს, რომ რბილი ქსოვილების ასეთი მცირე ზომის ფრაგმენტები ამგვარ ჩონჩხებში უფრო მეტად შეიძლება იყოს გავრცელებული. ამას დინოზავრებისა და მათი დაავადებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოცემა შეუძლია. საქმე ისაა, რომ მსგავსი ქსოვილები მოლეკულური მონაცემების შემცველი ცილებისგან შედგება, მათი მეშვეობით კი დაავადებების გამომწვევი ბიოლოგიური მექანიზმების გაგების საშუალება გვეძლევა. მაგალითად, ეს სიმსივნის ევოლუციის შესახებ უკეთეს წარმოდგენას შეგვიქმნის, რაც ონკოპაციენტების მკურნალობაშიც შეიძლება გამოვიყენოთ.
დიდ ცხოველებში, როგორიც სპილო ან ვეშაპია, სიმსივნისგან თავდაცვის მექანიზმებია განვითარებული. შესაბამისად, არაა გამორიცხული, დინოზავრებშიც ასე ყოფილიყო. ამგვარი ძველი ადაპტაციების გამოკვლევით ადამიანებში სიმსივნის პრევენციისა და მკურნალობის სრულიად ახლებურ მეთოდებს შეიძლება მივაგნოთ. კვლევის ავტორებს აუცილებლად მიაჩნიათ, რომ დინოზავრების ნამარხების უსაფრთხოდ და დიდხანს შენახვა უზრუნველვყოთ, რათა მოლეკულური ანალიზებისთვის სამომავლოდ საკმარისი ნიმუში არსებობდეს.
რაც შეეხება დასაწყისში ხსენებულ პრეისტორიულ ცხოველს, მას ამელობლასტომა აღმოაჩნდა, რომელიც ადამიანებშიც გვხვდება. მაინც როგორი ცვლილებები განიცადა ამ ტიპის კიბომ მილიონობით წლის განმავლობაში ან როგორ განიცადეს მის მიმართ ადაპტაცია ცხოველებმა? დინოზავრების ჩონჩხები სწორედ ამ კითხვებზე პასუხს ინახავს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები