დათო — ბიჭი, რომელიც 20 ივნისის შემდეგ სამყაროს ერთი თვალით ხედავს
დათო ქურდოვანიძეს შემთხვევით, 20 ივნისს დაზარალებულ გიორგი სულაშვილის ჩაწერის დროს ვხვდები. მთელი ინტერვიუს განმავლობაში გვისმენს, შემდეგ კი ვიგებ, რომ გავრილოვის ღამეზე თვითონაც არანაკლები აქვს მოსაყოლი. უფრო მეტიც, დათო ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელთა ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე ამ დღემ წარუშლელი კვალი დაუტოვა.
2019 წლის 20 ივნისს 20 წლის იყო და როგორც მისი თაობის არაერთი წარმომადგენელი, პარლამენტის წინ მშვიდობიან აქციაზე იდგა. ამბობს, რომ არ მოეწონა ის, რაც იმ დღეს მოხდა და პროტესტის გამოხატვაც ამიტომ გადაწყვიტა. ის ღამე აღარასდროს დაავიწყდება.
დათო — ბიჭი, რომელიც 20 ივნისის შემდეგ სამყაროს ერთი თვალით ხედავს
დათო გვიყვება, რომ 7 საათიდან პარლამენტთან იყო, ღამით იფიქრა, რომ აღარაფერი ხდებოდა, ხალხიც ნელ-ნელა იშლებოდა და თვითონაც სახლში წავიდა. კადრები, როგორ არბევდა სპეცრაზმი აქციას ძალის გადამეტებით, ტელევიზორში ნახა. ამბობს, რომ უსამართლობის გრძნობა ყოველთვის უკარგავდა მოსვენებას. მაშინაც ასე მოხდა.
"ზოგადად, შიში არასდროს მაქვს ეგეთი რაღაცების, რადგან უსამართლობაზე თითქოს იმდენად ვფორიაქდები, სულ მავიწყდება ყველაფერი — ტყვიები, დაზიანება, მორალური და ფიზიკური ზეწოლა... ამ დროს ძირითადად არ ფიქრობ ასეთ რაღაცებზე. ზუსტად ეს იყო მოტივი, რომ ადამიანებს დავდგომოდი გვერდში და ამ დროს უკვე შიშზე არ ფიქრობ იმდენად, რამდენადაც უსამართლობის განცდა გაწუხებს და გინდა, რომ იქ იდგე შენს მეგობრებთან, თანამოქალაქეებთან ერთად", — ამბობს ის.
რა თქმა უნდა, რუსთაველზე დაბრუნდა. იხსენებს, რომ დაახლოებით გამთენიის 4 საათისთვის, ოპერასთან, თვალში ძალიან დიდი რაღაც მოხვდა. მაშინვე მიხვდა, რომ მძიმე დაზიანება მიიღო, თუმცა იმედი ჰქონდა, მხედველობას შეინარჩუნებდა, 50%-ს მაინც. დათო ფიქრობს, რომ გამიზნულად ნასროლი ტყვია მოხვდა, რადგან სხვა ლოგიკით, მისთვის აუხსნელია რატომ უნდა კარგავდეს ვინმე მხედველობას აქციაზე, წელს ზემოთ, სახეში ნასროლი ტყვიით.
წარბთან მოხვედრილმა ტყვიამ ძვალი მთლიანად თვალში ჩაშალა. ორი ოპერაცია იმ ღამესვე გაუკეთეს. როგორც გვიხსნის, პირველად უბრალოდ თვალის გაწმენდას ცდილობდნენ, შემდეგ ძვლის პროთეზი ჩაუსვეს. ბადურის გარდა, მისი თვალის სხვა ნაწილები მკვდარია, უჯრედს კი აღდგენის საშუალება არ აქვს.
"მესამე ოპერაციაზე მთლიანად უნდა გაეწმინდათ თვალი სისხლჩაქცევებისგან და დაენახათ, რეალურად რა ხდებოდა. მანამდე ვერაფერს ხედავდნენ ექიმები, არც ის იცოდნენ, იყო თვალი ჯანსაღი თუ არა. ვერაფერს მეუბნებოდნენ, მაგრამ დიდ იმედსაც ვერ მაძლევდნენ. მაშინვე მივხვდი, რომ ცუდად იყო ჩემი საქმე", — გვიყვება დათო.
ამ პერიოდში 5 ოპერაცია გაიკეთა — სამი საქართველოში, ორი მიუნხენში. ერთი წლის შემდეგ კი, დათოს დაზიანებული თვალის მხედველობა მაქსიმუმ 2%-ია. პანდემიამ მასაც შეუშალა ხელი, რადგან მაისში კიდევ ერთ კონსულტაციაზე უნდა წასულიყო. გვიხსნის, რომ მისი მხედველობა სამედიცინო ჩარევებზე უკვე ნაკლებადაა დამოკიდებული — ექიმების თქმით, ორგანიზმმა უნდა "გადაწყვიტოს", რამდენად შეძლებს აღიდგინოს მხედველობა. საუკეთესო შემთხვევაში, ეს მაქსიმუმ 8% შეიძლება იყოს.
ახალი ცხოვრება და ბრძოლის გაგრძელება
დათო ქურდოვანიძეს ერთხელ მაინც თუ შეხვდებით, ალბათ თავადაც დარწმუნდებით, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ცდილობს პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოს. ინტერვიუს დროს ვთხოვ, გაიხსენოს ისეთი მომენტები, რომლებიც მთელი ერთი წლის განმავლობაში ყველაზე რთული იყო; სიტუაციები, როცა მიხვდა, რომ ის, რასაც წარსულში აკეთებდა, აღარ შეეძლო. მპასუხობს, რომ ვერ მეტყვის, ფსიქიკისთვის რთულია, ამიტომ ცდილობს დაივიწყოს და ამაზე არ იფიქროს.
20-21 ივნისს პირველ რიგში იმ ფაქტს ეგუებოდა, რომ ვერასდროს იქნებოდა ისეთი, როგორიც თუნდაც 2 დღის წინ იყო. ახალ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, მთავარი ის იყო, რომ ყველაფერს, რასაც მანამდე ორი თვალით აღიქვამდა, ახლა ცალით ხედავდა.
"რას იზამ, ხდება. წარსულში ვტოვებთ ყველაფერს, არაფერი ეშველება ჯანმრთელობის მხრივ, მთავარია ვიბრძოლოთ, რომ ეს იყოს საბოლოო წერტილი და ეს იყოს საბოლოო მსხვერპლი ამ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ შვილებს მსგავსი ზიანი არასდროს მიადგეთ და შეეძლოთ თავისუფლად აპროტესტონ კიდეც, გამოვიდნენ კიდეც და არ ჰქონდეთ შიში, რომ ვიღაც ტყვიას ესვრის და მერე ეს უსამართლობის განცდა არ გასდევდეს მათ ცხოვრებას მუდამ", — გვეუბნება დათო.
2019 წლის ივნისის მოვლენებამდე სწავლობდა და თან მუშაობდა. ახლა მისი შრომისუნარიანობა შეზღუდულია, ამიტომ იმ საქმეს ვეღარ აკეთებს, რაც უნდოდა ეკეთებინა. პესიმისტური მიდგომა არც ამ შემთხვევაში აქვს და გვეუბნება, რომ ახლაც სამსახურის ძიების პროცესშია.
გავრილოვის ღამის შემდეგ სწავლა გააგრძელა, თუმცა დროებით შეწყვეტაზე ფიქრობს. ამბობს, რომ არც ისე პროდუქტიულია, რამდენადაც ეგონა, რომ შეძლებდა. მთავარი კი, რასაც On.ge-სთან აღნიშნავს, ისაა, რომ ერთი წლის შემდეგ არ ახსენდება მომენტი, როცა იფიქრებდა, რომ ბრძოლა უნდა შეეწყვიტა. ახლაც უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვის, ოღონდ უფრო მეტი მიზეზით.
ერთი თვალით და დღემდე დაზარალებულის სტატუსის გარეშე
დათო ერთ-ერთია იმ ათობით ადამიანს შორის, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს დაშავდა, თუმცა მას სახელმწიფო დაზარალებულად დღემდე არ აღიარებს. On.ge-სთან აღნიშნავს, რომ პროკურატურაში სულ ერთხელ იყო, ისიც ჩვენების მისაცემად, გასული წლის ივლისში. მაშინ ყველაფერი დეტალურად აღწერა. მისი აზრით, გასროლის კადრი ოპერის, დაინჰოლის და მიმდებარე მაღაზიების კამერებს უნდა ჰქონდეს დაფიქსირებული.
დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნით სახელმწიფოს სამჯერ მიმართა, ბოლოს — ერთი თვის წინ. პროკურატურის ერთადერთი პასუხი ისაა, რომ მუშაობენ. როგორც გვიხსნის, პირველ რიგში ამის შეცვლა უნდა, რადგან ერთი წელი გავიდა და მისთვის ყველაფერი ისევ იგივეა. უსამართლობის გრძნობა კიდევ უფრო გაუმძაფრდა, როცა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია პრემიერმინისტრად დააწინაურეს.
"ესაა ყველაზე დიდი სირცხვილი. 20 ივნისის ამბების შემდეგ დაწინაურება?! გულდაწყვეტა და კიდევ ერთხელ უსამართლობის გრძნობა მაქვს ამის გამო, ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. შეიძლება ამბობს, მე არ გამიცია ბრძანება, მე ის არ მიქნია, მე ეს არ მიქნიაო, გახარია თავს არიდებს ამაზე პასუხის გაცემას, მაგრამ ნათელია, რომ როდესაც ხარ ლიდერი, უშენოდ წესით არაფერი წყდება, ჩემი გადმოსახედიდან ასეა", — გვეუბნება დათო.
1 წლის შემდეგ ისევ პარლამენტის წინ
ერთი წლის შემდეგაც, 20 ივნისს ისევ პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე მიდის. ამბობს, რომ შიში არ აქვს და პირიქით, ამ ერთმა წელმა უფრო მეტი რამ დაუგროვა, რის გაპროტესტებასაც აპირებს. მთავარი, რაც ამ გრძნობას უფრო და უფრო უმძაფრებს, სახელმწიფოს დამოკიდებულებაა:
"რატომ ასე უსამართლოდ, როდესაც შეიძლება მეტად ჰუმანურად, მეტად სამართლიანად მოექცე ადამიანებს?!".
ფიქრობს, რომ პარლამენტის წინ ყველა უნდა დადგეს, ვისაც იგივე განცდა აქვს იმ ყველაფრის მიმართ, რაც 2019 წლის 20 ივნისს მოხდა.
"თითქოს ადამიანებმა რაღაც დაგიშავეს და ბოდიში, უხეშად უნდა ვთქვა, ფეხებზე დაგიკიდეს, საერთოდ არ აინტერესებთ. ქვეყანაში, სადაც ნორმალური პოლიტიკაა, არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ სახელმწიფოს ადამიანი არ აინტერესებდეს, პირიქით, ადამიანი უნდა იყოს პრიორიტეტი, უპირველესი. ადამიანს ესროლო, მერე არც აღიარო ბრალი და არც გაინტერესებდეს საერთოდ, მე მესირცხვილება", — გვიხსნის დათო.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, ყველაზე მეტად მხარდაჭერა და ის ადამიანები აძლევდნენ სტიმულს, რომლებიც უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოდნენ. სახელმწიფოს იმედი ერთი წლის შემდეგაც არ აქვს, სამაგიეროდ, აქვს ბრძოლის ჟინი, რომ დაზარალებულის სტატუსიც მოიპოვოს და ის იყოს ბოლო, ვინც ასე დაშავდა.
დათო ამბობს, რომ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, 20 ივნისი მაინც 20 ივნისი იქნება, მაგრამ არ იცის, წლების შემდეგ ამ დღეს როგორ გაიხსენებს.
"სიამაყითაც გავიხსენებთ ალბათ, რომ ჩვენ ვიდექით, როდესაც საჭირო იყო, ჩვენი ვალი მოვიხადეთ ქვეყნის წინაშე, ადამიანებსაც დავუდექით გვერდში და ვეხმარებოდით. ჩემი მოტივიც ეს იყო ღამის 4 საათზე ჩასვლის, რომ ვხედავდი ძალიან უსამართლოდ ექცეოდნენ და ვცდილობდი, ვიღაცას ოდნავ მაინც დავხმარებოდი", — ამბობს ის.
ინტერვიუს ბოლოს დათოს ვეკითხები, როგორ უნდა, რომ ხალხმა გაიცნოს, რა უნდა, რომ უცნობმა ადამიანებმა მასზე იცოდნენ. კითხვაზე ეღიმება და მპასუხობს, რომ ამაზე არასდროს უფიქრია, ამიტომ მკითხველმა თავად გადაწყვიტოს.
კომენტარები