შექმნა თუ არა რადიაციული საფრთხე ირანზე იერიშმა? — რა ვიცით ქვეყნის ბირთვულ პროგრამაზე

ფოტო: Sylvie HUSSON, Nalini LEPETIT-CHELLA, Sabrina BLANCHARD / AFP
13 ივნისს, გამთენიისას, ისრაელი ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს დაესხა თავს. სამიზნე ნატანზის ბირთვული ობიექტიც, ურანის გამდიდრების ქარხანაც, აღმოჩნდა, რაც მოგვიანებით IAEA-მ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ, დაადასტურა. სააგენტო ირანთან ერთად რადიაციის დონეების შეფასებაზე მუშაობს.
ასევე იხილეთ: ისრაელმა ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანა
რა არის ირანის ბირთვული პროგრამა?
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) თანახმად, ირანის ბირთვული პროგრამა 1950-იანი წლებიდან იღებს სათავეს. იგი ურანის გამოყენებისთვის საჭირო ყველა პროცესს აერთიანებს. ამ პროგრამის ფარგლებში ირანში არაერთი დაწესებულება ფუნქციონირებს:
- ბონაბში, თეირანსა და ფორდოში კვლევითი დაწესებულებებია;
- ბუშერში ბირთვული ელექტროსადგურია;
- საგანდსა და ბანდარ აბასში ურანის საბადოებია;
- არაქსა და ისფაჰანში ურანის გადამუშავების ქარხნებია;
- ნატანზშია ურანის გამდიდრების ქარხანა, რომელსაც ისრაელი თავს დაესხა.
BBC-ს მიხედვით, ირანი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება. ამის მიუხედავად, ბევრი ქვეყანა თუ ორგანო ამაში დარწმუნებული არ არის, მათ შორის არც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA), რომელიც ბირთვული პროგრამების მეთვალყურე ორგანიზაციაა.
ახლახან IAEA-ს საბჭომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ირანმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება (NPT) დაარღვია. ირანის მიმართ ეს ბოლო 20 წელში პირველი მსგავსი დეკლარაციაა.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ირანმა "არაერთი კრახი" განიცადა, რომ არადეკლარირებულ ბირთვულ მასალებზე, ასევე იზოტოპით გამდიდრებული ურანის მარაგზე სრული ინფორმაცია მიეწოდებინა. მანამდე IAEA-მ მოხსენება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს ურანი 60%-ით იყო გამდიდრებული — თითქმის იმდენით, რამდენიც ბირთვული იარაღის შესაქმნელადაა საჭირო.
ურანის გამდიდრება პროცესია, რომლის დროსაც ამ ნივთიერებას კონკრეტული კომპონენტის, 235U-ის, კონცენტრაციას უზრდიან. 235U ურანის, ქიმიური ელემენტის, კონკრეტული იზოტოპია (იზოტოპები ერთი ელემენტის სხვადასხვა ვარიანტია, რომლებსაც სხვადასხვა მასა აქვს). იგი ბირთვული ენერგიის ან იარაღის მისაღებად დანარჩენ იზოტოპებზე ეფექტიანია.
მსოფლიოს ბირთვული ასოციაციის მიხედვით, ნივთიერება ურანში 235U დაახლოებით 0.7% რაოდენობით გვხვდება (დანარჩენი წილი 238U-ს უკავია), ეს კი გამოსაყენებლად საკმარისი არ არის ხოლმე. ბირთვული ენერგიის მისაღებად ურანი ზემოხსენებული იზოტოპით 3–5%-ამდე უნდა იყოს გამდიდრებული, ბირთვული იარაღის შექმნისთვის კი 90% ან მეტია საჭირო.
როგორც აღვნიშნეთ, ირანმა 60%-ამდე მიაღწია, ეს კი მშვიდობიანი მიზნებისთვის საჭირო ზღვარს სცდება და ბევრად ახლოა იარაღის შესაქმნელად საჭირო კონცენტრაციასთან. IAEA-ს შეფასებით, თუკი ურანის გამდიდრებას განაგრძობენ, ეს მარაგი 6 ბომბის შესაქმნელად საკმარისი იქნება.
როგორია რადიაციული საფრთხე ნატანზზე თავდასხმის შემდეგ?
ნატანზის ქარხანა მიწისქვეშაა აშენებული, გარს კი ბეტონის 7.6-მეტრიანი ფარი აკრავს. ცენტრიფუგები, რომლებიც ურანის გასამდიდრებლად გამოიყენება, მიწიდან 40-50 მეტრ სიღრმეზეა მოთავსებული. მსგავსი დიზაინი შესაძლო საჰაერო თავდასხმებისგან თავდასაცავად შეირჩა. სიღრმის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, დაბომბვის შედეგად დიდი რაოდენობით რადიოაქტიური მასალა არ უნდა გამოთავისუფლებულიყო.
IAEA-მ დაადასტურა, რომ, თავდასხმის მიუხედავად, ამჟამად ნატანზში რადიაციის დონეების მატება არ შეინიშნება. ირანის ხელისუფალთა ცნობით, ბუშერის ბირთვული ელექტროსადგური მიზანში არ ამოუღიათ.
ისრაელის თავდასხმამ ამ დროისთვის ირანის სამხედრო თუ ბირთვული ობიექტები დააზიანა და მაღალი რანგის არაერთი ფიგურა იმსხვერპლა. მიუხედავად ამისა, ამჟამად არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ადგილობრივად ან რეგიონში ბირთვული საფრთხე არსებობს. IAEA ადგილის მონიტორინგს განაგრძობს.
კომენტარები