პროტესტი ყვავილების ნაცვლად

წლებია მსოფლიოში 8 მარტი არა ყვავილებთან, არამედ აქციებთან ასოცირდება. სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ქალები ითხოვენ თანასწორობას, თავისუფლებასა და აღიარებას. მსგავსი მოთხოვნებით აქციები იმართება საქართველოშიც.

ქალთა ისტორიები

"ქალთა ისტორიის დასაბრუნებლად" დამოუკიდებელი ფემინისტების ჯგუფმა თბილისში მსვლელობა მოაწყო. შეარჩიეს ხუთი ადგილი, რომელიც ქალთა ისტორიის მნიშვნელოვან მომენტებს უკავშირდება. აქციის მონაწილეებს ამ ადგილებზე ხუთ ფემინისტ ქალზე, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში მათ მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯებზე უამბეს.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

დუმილი

საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერებასა და პოლიტიკურ ჩართულობაზე რამდენიმე აქცია გაიმართა რეგიონებში. გამორჩეული იყო ზუგდიდში ჩატარებული პერფორმანსი, რომლითაც ორგანიზატორებმა სცადეს აეხსნათ, თუ რატომ ვერ ახერხებს აქციაზე მისვლას ბევრი ქალი. მათ მოედანზე ქალების ფეხსაცმელები განათავსეს, რომლის სათქმელს ფეხსაცმლის ქვეშ არსებული ტექსტი ამბობდა. წერილები სხვადასხვა ქალის სახელით იყო დაწერილი: ზოგი ეკუთვნოდა დედას, რომელსაც გეი შვილი ჰყავს, ზოგიერთი ლესბოსელ ქალს, ზოგიერთი ტრანსგენდერს, ზოგი კი ფემიციდის მსხვერპლი აღმოჩნდა.

"მე ვარ ქალი — აღიარე!"

ამავე დღეს ტრანსგენდერი ქალების მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია თბილისში იუსტიციის სახლის წინ გაიმართა. "მე ვარ ქალი — აღიარე!" — ქალთა მოძრაობა ითხოვდა ეღიარებინათ ტრანსგენდერი ქალები და შეძლებონათ პირადობის მოწმობაში სქესის ჩანაწერი შეეცვალათ. მათ მიაჩნიათ, რომ პირადობის მოწმობაში მათი იდენტობისგან განსხვავებული სქესის მითითება მათ უფლებების დარღვევაა.

დღეს ტრანსგენდერი ქალები სქესის ჩანაწერის შეცვლას სხვადახვა მიზეზით ვერ ახერხებენ, ზოგს ფინანსური საშუალება არ აქვს, ზიგიერთს კი უბრალოდ ამის გაკეთება არ სურს.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

პარალელურად, პოლიციის ორმაგი კორდონის მეორე მხარეს ჰომოფობიური იდეების მატარებელი ბავშვთა დაცვის ორგანიზაცია ტრანსგენდერების მხარდასაჭერ აქციას აპროტესტებდა. გაერთიანების ლიდერმა, გურამ ფალავანდიშვილმა იუსტიციის სახლთან შეკრებილებს კვერცხები დაუშინა, პოლიციამ ხულიგნობისთვის დააკავა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

პოლიცია მარიხუანის სადარაჯოზე

მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციის შემდეგ მისი მოპოვება კვლავ დასჯადი დარჩა. ამის გასაპროტესტებლად გირჩმა დედა ენის ბაღში 21 ოქტომბერს კანაფის პირველი ქართული ფესტივალის ჩატარება გადაწყვიტა. პრეზიდენტობის მაშინდელმა კანდიდატმა და გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ფესტივალზე მარიხუანის დარიგებას აპირებდა. ამ დროს ის საპრეზიდეტო იმუნიტეტით სარგებლობდა.

დედა ენის ბაღში დაპირებული მუსიკისა და გართობის პოლიციის ფესტივალად იქცა, სადაც სტუმრების ნაწილი დააკავეს.

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

ფესტივალის დაწყებამდე დედა ენის ბაღში ორგანიზატორებს აპარატურის შეტანის უფლებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, გირჩის ლიდერები იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და ნიკა ობოლაძე განყოფილებაში გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი თითქმის ჩაიშალა, ხალხი ემატებოდა, იზრდებოდა პოლიციელების რაოდენობაც.

ფესტივალს კონტრაქციის გარეშე არ ჩაუვლია. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და ბავშვთა დაცვის ორგანიზაცია ფესტივალის მონაწილეებს ახლაგზრდების "გარყვნაში" ადანაშაულებდნენ.

4:20 საათზე ზურა ჯაფარიძემ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ნიშნად სამი ჯოინთი დაარიგა და ამით კანონი დაარღვია. პრეზიდენტობის მაშინდელი კანდიდატი პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა. როგორც უწყებამ განმარტა, ჯაფარიძე მათ ნებაყოფლობით გაჰყვა.

საპრეზიდენტო კანდიდატის განყოფილებაში გადაყვანამ მხარდამჭერები გააღიზიანა და მდგომარეობა დაიძაბა. ჩხრეკისთვის და გამოკითხვისთვის განყოფილებაში 8 პირი გადაიყვანეს, მათ შორის გირჩის სამი ლიდერი. გარდა ამისა, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავეს.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ტალღა იქცევა ცუნამად

23 იანვარს 0,3726 გრამი სუბოტექსის ფლობისთვის ბახალას 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ორი დღის შემდეგ მსახიობის მხარდამჭერები პარლამენტის წინ გაერთიანდნენ.

"თუ არ შეიცვლება სისტემა, ტალღა გადაიქცევა ცუნამად", — ამ სიტყვებით აქციის მონაწილეებმა სამართლიანი სასამართლო მოითხოვეს და არსებული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს.

ფოტო: თამუნა გეგიძე/ On.ge

აქციის დასასრულს მონაწილეებმა პარლამენტის შენობას ცოცხალი ჯაჭვით "ალყა შემოარტყეს". მათი თქმით, ეს იყო გაფრთხილება მთავრობისთვის, რომ არასწორ და დაგვიანებულ რეაგირებას შესაბამისი შედეგი მოჰყვებოდა და აქციები "სხვა ხასიათს მიიღებდა".

სასამართლო განაჩენიდან რამდენიმე თვეში, აპრილში ბახალას ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზეც წაუყენეს ბრალი. 28 დეკემბერს სასამართლომ მსახიობი უდანაშაულოდ სცნო.

ცეკვა თავისუფლებისთვის

ე.წ. ბასიანის აქცია ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და მასშტაბური იყო. 12-13 მაისის მოვლენებს წინ უძღვოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაცია. 11 მაისს, დაახლოებით, ღამის 12 საათზე თბილისის ორ ღამის კლუბში, ბასიანსა და გალერიში სპეცოპერაცია ერთდროულად დაიწყო. კლუბები დაატოვებინეს ყველა სტუმარს ისე, რომ პირადი ნივთების გამოტანის საშუალებაც არ მისცეს.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

პროტესტის ტალღა კლუბების მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, იყო დაპირსიპირება პოლიციასა და მოქალაქეებს შორის. დაპირისპირების შემდეგ ბასიანისა და გალერის წინ შეკრებილი ხალხი საქართველოს პარლამენტის შენობისკენ დაიძრა, სადაც ცეკვა პოლიტიკურ აქტად აქციეს. იმ ღამით ხულიგნობის ბრალდებით 50-მდე პირი დააკავეს, მათ შორის გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე, თეთრი ხმაურის მოძრაობის ლიდერი ბექა წიქარიშვილი და ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი.

პარლამენტის წინ შეკრებილი ახლაგაზრდების მთავარი მოთხოვნა შს მინისტრისა და პრემიერის გადადგომა და "შავი პარასკევის" ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირის დასჯა იყო. დემონსტრანტების გარშემო კორდონი გააკეთა, რომლის მეორე მხარესაც ნეონაცისტური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური იდეების მატარებელი ადამიანები იდგნენ. ისინი "ბასიანის დამცველების" საწინააღმდეგო აქციას ატარებდნენ. ეს იყო აქცია აქციის წინააღმდეგ.

ბასიანის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს აინტერესებდათ, ვინ იყო პასუხისმგებელი სპეცოპერაციაზე, თუმცა მთავრობისგან მხოლოდ დუმილი ისმოდა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

41-საათიანი სიჩუმის შემდეგ მთავრობის კანცელარიაში საგანგებო ბრიფინგი გამართა მაშინდელმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, თუმცა არც მან გასცა პასუხი აქციის მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებს. თქვა მხოლოდ ის, რომ პარლამენტთან მდგომი ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას დაიცავდნენ.

შსს ამბობდა, რომ კონტრაქციის წევრები უფრო მეტად აგრესიულები ხდებოდნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ 14 მაისს რუსთაველის გამზირზე მიიყვანეს სპეცტექნიკა, წყლის ჭავლის მანქანები და გააძლიერა პოლიცია.

საბოლოოდ, ყველაფერი შს მინისტრის, გიორგი გახარიას "ბოდიშმა" გადაწყვიტა:

"მოდით, მაშინ დავიწყოთ ბოდიშით. ბოდიში!.." — ამის შემდეგ აქციის ორგანიზატორების ნაწილმა აქციის დაშლა და სიტუაციის განმუხტვა გადაწყვიტა. მათ პირობა მიიღეს მინისტრისგან, რომ სპეცოპერაციის დღეს პოლიციის გადაცდომებზე გამოძიება ჩატარდებოდა და ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართებოდა. აქციის მონაწილეების ნაწილმა მიიჩნია, რომ დაშლა პოზიციების დათმობას ნიშნავდა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებმა ყვითელი ავტობუსებით დატოვებინეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავდა, რომ კლუბებში 3-თვიანი გამოძიების შემდეგ ნარკორეალიზატორების დასაკავებლად შევიდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული რვა პირი კლუბების ტერიტორიაზე არ დაუკავებიათ. სპეცოპერაციის შემდეგ კაფე გალერი 22 მაისს, ხოლო ბასიანი 23 მაისს გაიხსნა.

გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულ პირობებში

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე უკვე წლებია პოლიციის კორდონის შიგნით ტარდება. წელს, ყველასთვის მოულოდნელად, ორგანიზატორებმა მთავრობის კანცელარიის წინ დაანონსებული აქცია გააუქმეს. მიზეზად მათ მიმართ მტრულად განწყობილი ჯგუფები და კონტრაქციები დაასახელდა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

"მტრულად განწყობილი ჯგუფები" აქტივისტების ნაწილისთვის დაბრკოლება არ გამხდარა. ზოგიერთმა გამოხატვის პარტიზანულ ხერხს მიმართა, ზოგი კი მთავრობის კანცელარიის წინ მაინც შეიკრიბა და თავისი სათქმელი მცირე აუდიტორიას გაუზიარა. აქციაზე მოხვედრის შეზღუდვების მიუხედავად, 15 წლის ბიჭმა შიგნით შესვლა შეძლო და ლგბტ აქტივისტს, ნიქო გორგილაძეს სცემა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოებისა და დაპირსიპირების თავიდან ასაცილებლად აქციის მონაწილეებს კანცელარიის ტერიტორია ავტობუსებით დაატოვებინა.

ძალადობისთვის მუხლით ბრალდებული ბიჭისთვის პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა. სასამართლომ აღნიშნული არ გაითვალისწინა და ბრალდებული 6 დეკემბერს განრიდების პროგრამაში ჩართეს, თუმცა არასრულწლოვანი დანაშაულს არ ინანიებს.

ანტიჰომოფობიური აქციის საპირწონე დღე

მაშინ, როცა ლგბტ აქტივისტები ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს ვერ აღნიშნავდნენ, ოჯახის სიწმინდის დაცვისთვის პირველი რესპუბლიკიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მრავალათასიანი მსვლელობა იმართებოდა. ოჯახის სიწმინდის დღე 2013 წლიდან აღინიშნება. საპატრიარქომ ამ დღის აღიშვნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ლგბტ აქტივისტებმა 17 მაისის აღნიშვნა დაიწყეს.

ამ დროიდან სასულიერო პირები, ქალები, კაცები, ბავშვები და მოხუცები ხატებით ხელში მსვლელობას აწყობენ, სამებაში ფეხით ადიან, პატრიარქი ლოცავს. წელსაც მღვდელმსახურებმა მრევლთან ერთად პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრება ჯერ კიდევ დილით დაიწყეს. მსვლელობის მონაწილეების ნაწილს ნაციონალური სამოსი ეცვა.

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. მაშინ, როცა მთავრობის კანცელარიის წინ პოლიციის კორდონით გარშემორტყმული ადამიანები ჰომოფობიას აპროტესტებდნენ, ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების წევრები, მათ შორის სასულიერო პირები დარბოდნენ და მათთან შეღწევასა და დაშლას ცდილობდნენ. იმ დღეს კონტრაქციების 39 მონაწილე დააკავეს. ოჯახის სიწმინდის დასაცავად ქუჩაში გავიდნენ ფაშისტური ორგანიზაციის, ეროვნული ერთობის წევრებიც.

შვილმკვდარი მამა, რომელიც სამართალს ეძებს

"გაამართლეს ორივე, ჩემი შვილის მკვლელი უცნობია", — ამ სიტყვებით შვილმკვდარმა ზაზა სარალიძემ სასამართლო დარბაზი დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში დაწყებულმა პროტესტმა ჯერ პროკურატურასთან გადაინაცვლა და შემდეგ პარლამენტთან.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან ექვსი თვის შემდეგაც ითხოვდა პასუხს კითხვაზე, ვინ მოკლა მისი შვილი. ზაზა სარალიძე ერთდროულად რამდენიმე მოთხოვნას ავრცელებდა: ითხოვდა მთავარი პროკურორის, იუსტიციის მინისტრის, მთავრობის გადადგომას, მირზა სუბელიანისა და მიხეილ კალანდიას დაკავებას. ზაზა სარალიძის პროტესტს პროკურატურასთან შეუერთდა ათასობით ადამიანი, რომლებმაც პარლამენტისკენ მსვლელობა მოაწყვეს.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / პირველი არხი

სისტემასთან დაპირისპირებულ მამასთან მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა, თუმცა მას აქციის მონაწილეებმა არაფრის თქმა არ აცადეს. აქტივისტები სკანდირებდნენ "წადი" და ბოთლებს ესვროდნენ. კვირიკაშვილმა ტერიტორია დატოვა, რამდენიმე წუთში ბრიფინგზე კი განაცხადა, რომ ხალხმა მისი მისვლა პოზიტიურად აღიქვა და საუბრის საშუალება ანგაჟირებულმა პირებმა არ მისცეს.

სარალიძის აქციის პირველმა ტალღამ ათასობით ადამიანი გააერთიანა. პროტესტს სპორტსმენები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო მოძრაობები შეუერთდნენ. სიტყვით გამოდიოდნენ შვილმკვდარი მშობლები და უსამართლობაზე ყვებოდნენ.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

მამის პროტესტმა გარკვეულწილად შედეგიც გამოიღო: გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია და დააკავეს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, რომელზეც მანამდე ამბობდნენ, რომ მტკიცებულებები არ ჰქონდათ. თუმცა ზაზა სარალიძე ამის შემდეგაც არ გაჩერებულა. მას სამართლიანობის მოთხოვნით კიდევ რამდენიმე აქცია ჰქონდა.

10 სექტემბრის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად ის პარლამენტის წინ უწყვეტად აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა, მოთხოვნები უცვლელია.

დროთა განმავლობაში ზაზა სარალიძის მხარდამჭერთა რიცხვი შემცირდა. ბევრი მას ოპოზიციის მხრიდან მართულობაში ადანაშაულებს. თუმცა სარალიძეს არაერთხელ უთქვამს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაეხმარება.

#რუსეთიოკუპანტია

რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს მასშტაბით არაერთი პერფორმანსი, აქცია, მსვლელობა თუ კამპანია ჩატარდა. იყო როგორც სტიკერების გაკვრა, ისე მუსიკალური აქციები და ოკუპანტებისთვის საჯდომების ჩვენებაც.

ანტიოკუპაციური ბანერები ბათუმში

ანტიოკუპაციური ბანერები ბათუმში

ფოტო: გელა ბოჩიკაშვილი / On.ge

არჩილ ტატუნაშვილის მხარდასაჭერად

პირველი მასშტაბური აქცია 2018 წელს ცხინვალში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს უკავშირდება. ტატუნაშვილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენების მოთხოვნით, მოკლულის ნათესავებმა აქცია გამართეს. მათ პროტესტის ნიშნად ქვეყნის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს.

ტატუნაშვილის ოჯახის მხარდასაჭერად თავისუფლების მოედანზე აქცია "მშვიდობა ომზე მეტია" გაიმართა. აქციაზე მოქალაქეებმა ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. სოლიდარობის მიზნით 100-ზე მეტი კერძო კომპანია ორი საათით დაიხურა.

აქციაზე მოხალისეებმა ფლეშმობი მოაწყვეს და არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილისა და ოკუპაციის გასაპროტესტებლად სანათები აანთეს. პარალელურად აქცია საქართველოს 12 ქალაქში მიმდინარეობდა.

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

მოსკოვის გამზირისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის გადარქმევის ინიციატივით პერფორმანსი მოაწყო მოძრაობა რუსეთია ოკუპანტიამ. "მერო, ისმინე ხალხის ხმა!" ამ სლოგანით მოძრაობამ თბილისის მერს მიმართა.

პერფორმანსში აქტივისტებს სახეზე კახა კალაძის ნიღბები ეკეთათ და მისი სახელით ლაპარაკობდნენ იმას. ვიდეოში "მერი" აცხადებდა, რომ ოკუპაციის პირობებში ამ ქუჩას ქალაქის არც ერთმა ხელმძღვანელობამ სახელი არ შეუცვალა. მისივე თქმით, უხარია, რომ თავის გუნდთან ერთად იქნება პირველი, ვინც მოუსმენს მოქალაქეების აზრს, გაითვალისწინებს პეტიციის შედეგებს და ქუჩას სახელს შეუცვლის.

ოკუპაციის წინააღმდეგ ჭიდაობის ფედერაციასთან

ქართველი მოჭიდავეების მიერ ჩრდილოეთ ოსეთის დეპუტატის და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჯაბო თადეევის სახიანი მაისურის ჩაცმამ მოქალაქეებში პროტესტი გამოიწვია. რუსეთი ოკუპანტიას წევრები ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან სპორტსმენებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეებმა პლაკატებთან ერთად, ჭიდაობის ფედერაციასთან ქართველი სპორტსმენის, ლაშა შავდათუაშვილის სურათიც მიიტანეს. მათი თქმით, 2008 წლის ომიდან 8 წლის თავზე შავდათუაშვილის მიერ რუსი მეტოქის დამარცხება და ჟესტი არის მაგალითი იმისა, როგორ უნდა ებრძოლო რუსულ პროპაგანდას.

რუსეთის რბილი ძალა

კიდევ ერთი აქცია, რომელიც რუსეთი ოკუპანტიამ მოაწყო რბილი ძალის გაპროტესტებას უკავშირდება. მათ დოლ-გარმონითა და ქართული ტრადიციული სუფრით პუტინის გრანტით დაფინანსებული რუსული მედიაფორუმის ჩატარება გააპროტესტეს.

"ვეხმარებით, რომ სუფრა გავუშალოთ. მათ ხომ უყვართ ქართული ჭაჭა, ხაჭაპური, ხინკალი და იქნებ ასე გადმოვიპატიჟოთ ერთმორწმუნეები", — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიას აქცია პრორუსული ფორუმის პარალელურად

მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიას აქცია პრორუსული ფორუმის პარალელურად

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

საერთაშორისო პლატფორმა

ოკუპაციის გასაპროტესტებლად მწერლებმა და გამომცემლებმა საერთაშორისო პლატფორმის გამოყენება გადაწყვიტეს. ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე მათ თეთრი ფერის მაისურები ეცვათ, რომელზეც საქართველოს რუკა წითელი ფერით იყო გამოსახული.

მაისურები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მისულ 140-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის შესახებ კიდევ ერთხელ აწვდიდა ინფორმაციას.

"ეს არის მშვიდობიანი პროტესტი იმ 200-წლიანი ოკუპაციის წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ", — განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ, მწერალმა ზვიად კვარაცხელიამ.

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა

ოკუპაციის წინააღმდეგ ერთი კაცის მსვლელობა მოაწყო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა. აგვისტოს ომიდან ათი წლის თავზე მან საქართველოს ოკუპაცია თბილისიდან საოკუპაციო ხაზამდე ფეხით მსვლელობით გააპროტესტა.

კიდევ ერთი მსვლელობა სოხუმის დაცემის 25 წლისთავს ეძღვნებოდა. მაქარაშვილმა მსვლელობა თბილისიდან 14 სექტემბერს დაიწყო და 13 დღის შემდეგ, 27 სექტემბერს ენგურის ხიდთან დაასრულა. გზაში მას ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტები უერთდებოდნენ.

გიგა მაქარაშვილის საპროტესტო მსვლელობა საოკუპაციო ხაზთან

გიგა მაქარაშვილის საპროტესტო მსვლელობა საოკუპაციო ხაზთან

ფოტო: გიგა მაქარაშვილი / Facebook

ფოტო: პატივი ვცეთ ერთმანეთს / Facebook

"მერო, შე მზეო"

მას შემდეგ, რაც გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა, რომ აგვისტოს ომის დროს დაბომბვა საქართველომ დაიწყო რუსეთი ოკუპანტიას წევრებმა გორის მერიასთან კიდევ ერთი აქცია გამართეს. "მერო, შე მზეო", — აქციის მონაწილეებმა მერიასთან ფუნა და საკენკი მიიტანეს და თავზარაშვილისგან ბოდიშს ითხოვდნენ.

მაშინ, როცა აქტივისტეები მერიის მიმდინარე ტერიტორიას ასუფთავებდნენ, მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, თემურ მანველიშვილმა აქტივისტ გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვიანი ვედრო დაამხო.

მანველიშვილის წინააღმდეგ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. გორის მერმა კი თავის თანამშრომელს მხოლოდ სიტყვიერი საყვედური გამოუცხადა.

საოკუპაციო ხაზთან

სოფელ ატოცთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შემდეგ რამდენიმე საპროტესტო აქცია ჩატარდა. ერთ-ერთი გამორჩეული გირჩის მიერ ორგანიზებული პროტესტი იყო. აქციის მონაწილეებმა შარვლები ჩაიხადეს და ოკუპანტებს უკანალი აჩვენეს.

იდეის ავტორი იყო გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე. ის ამბობდა, ატოცში მიმდინარე მოვლენებით საერთაშორისო პრესის ყურადღება უნდა მიექციათ. ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს შესთავაზა, ფილმ Brave Heart-ის მსგავსად რიგში განლაგებულიყვნენ, შარვლები ჩაეხადათ და რუსი ოკუპანტებისთვის საჯდომები ეჩვენებინათ. თუმცა აქციის ეს ფორმა საერთაშორისო მედიის ყურადღების მიღმა დარჩა.

გირჩის მხარდამჭერები და აქტივისტები საოკუპაციო რეჟიმს უკანალს უშვერენ

გირჩის მხარდამჭერები და აქტივისტები საოკუპაციო რეჟიმს უკანალს უშვერენ

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

გააქტიურებული აგრესია

წელს განსაკუთრებით შეიმჩნეოდა ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების გააქტიურება. ქართული მარში საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობია, თუმცა ასპარეზზე გამოჩნდნენ ახალი ფაშისტური და ნეონაცისტური დაჯგუფებები.

ულტრა-მემარჯვენეების კონტრაქციის გარეშე არ ჩაუვლია, ფაქტობრივად, არც ერთ ლიბერალური იდეის მქონე აქციას. ისინი იყვნენ ყველგან: ბასიანის მხარდასაჭერ აქციაზე, 17 მაისს, მარიხუანის ფესტივალზე და ა.შ.

ქართული მარში ცდილობდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გავლენა ჰქონოდა. მათ მიაჩნიათ, რომ პროტესტით პარლამენტს უკან "გააწვევინეს" მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტი.

დავით ერაძე

ფოტო: ფოტო ვიდეოდან / რუსთავი 2

რელიგიური გრძნობები

მარშის აგრესიის ობიექტი რუსთავი 2-ის ჟურნალისტი, გიორგი გაბუნიაც გახდა. მან საავტორო გადაცემაში ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას იესო ქრისტეს ჯვარცმაზე ირონიულად ისაუბრა. რელიგიის სახელით მოძალადე ჯგუფმა აღნიშნული რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად მიიჩნია და ტელეკომპანიის ეზოში ჟურნალისტის მანქანას ალყა შემოარტყა. ისინი მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.

აქციის დროს მარშის წევრებმა სცემეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტები დავით კაკულია და დავით ერაძე. პოლიციამ აქციის 6 წევრი დააკავა, მათ შორის ორგანიზატორი და მარშის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, ლადო სადღობელაშვილი.

ბასიანის კონტრაქცია

მარშელები ბასიანის მხარდასაჭერი აქციის კონტრაქციაზეც იყვნენ. ისინი ჰომოფობიური შინაარსის მოთხოვნებს ავრცელებდნენ. ამავე პერიოდში გააქტიურდა ფაშისტური დაჯგუფება ეროვნული ერთობაც. ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ პარლამენტის წინ შეკრებილებს მიახლოებოდნენ და დაერბიათ, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა.

ფოტო: დიმიტრი სანაია / On.ge

მოძრაობის წევრები ოჯახის სიწმინდის დასაცავად ქუჩაში გავიდნენ 17 მაისსაც. სექტემბერში კი მათი ლიდერი, გიორგი ჭელიძე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

გურამ კაშია

აქციების გარდა ქართული მარში არაერთხელ დამუქრებია საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიასაც. მას შემდეგ, რაც UEFA-მ კაშიას ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის #EqualGame-ის ჯილდო გადასცა, ისინი მის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ. ჰომოფობიური დაჯგუფება კაშიას ნაკრებიდან გარიცხვას მოითხოვდა. იმუქრებოდნენ მსვლელობებისა და ლატვია-საქართველოს მატჩის დროს აქციების მოწყობით. თუმცა არც მსვლელობა გამოვუდათ და არც აქცია.

მიწის დასაცავად

მარშის წევრებმა ქსენოფობიური მოტივით იუსტიციის სახლის მუშაობა შეაფერხეს. ისინი აპროტესტებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვის აკრძალვას აუქმებდა.

აქციის მონაწილეები ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობას იუსტიციის სახლში შესვლას უზღუდავდნენ და სერვისებით სარგებლობის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი კანის ფერის მიხედვით წყვეტდნენ ვინ არის ქართველი და ვინ — არა. მოქალაქეთა ეს ჯგუფი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ეთნიკურად ირანელი და თურქი მოსახლეობის მიმართ.

აქცია გადაკეტილ გზაზე

16 დეკემბერს ინაუგურაციის პარალელურად თელავში აქციის ჩატარებისთვის მიმავალ გაერთიანებულ ოპოზიციასა და მათ მხარდამჭერებს ველისციხესთან გზა ავტობუსით გადაკეტილი დახვდათ. როგორც პოლიცია განმარტავდა, მათ ეს უსაფრთხოებისთვის გააკეთეს და ამის შესახებ ინფორმაციაც გაავრცელეს. თუმცა აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ შსს-მ პროვოკაცია მოაწყო, რათა თელავში ვერ მოხვედრილიყვნენ.

ველისციხესთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოქალაქეები პოლიციისთვის გვერდის ავლასა და მანქანების ხელით გადაწევას ცდილობდნენ. პროტესტის ნიშნად ნაციონალური მოძრაობის წევრი კობა ხაბაზი გზაზეც გაწვა.

თავების მიბჯენით სიტუაციის გარკვევა სცადეს ნაციონალური მოძროაბის ლიდერმა, ნიკა მელიამ და საპატრულო დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ.

საბოლოოდ, ოპოზიციამ თელავში ჩასვლა ვერ მოახერხა და თბილისში დაბრუნდნენ. პარლამენტის წინ შეკრებილმა ლიდერებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მათ გადაადგილებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება შეუზღუდეს.

აქციიდან მეორე დღეს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, დავით კირკიტაძე დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ასევე დააკავეს პირი, რომელმაც პოლიციის მანქანა დააზიანა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია კიდევ სამი დაკავებულის შესახებ, მათ შორის ორს ენმ-ის აქტივისტებზე ძალადობა ედება ბრალად, ხოლო ერთს დეპუტატების თამარ ხულორდავასა და სოფიო ქაცარავას მანქანის დაზიანება.