აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც თავის გალაქტიკაზე ადრე წარმოიქმნა
ფოტო: ESA/Hubble, N. Bartmann)
ასტრონომებმა ადრეულ სამყაროში არსებული ზემასიური შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც ასტროფიზიკის წესებს არღვევს. ობიექტის მასა 50 მილიონ მზისას უდრის და იგი თავის გალაქტიკაზე ადრე უნდა ჩამოყალიბებულიყო. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს მიგნება შავი ხვრელების წარმოშობის თეორიებს ეწინააღმდეგება.
შესწავლილი ობიექტი QS01-ის სახელითაა ცნობილი და ე.წ. Little Red Dot-ის "ტიპს" მიეკუთვნება — ძალიან შორეულ, პატარა და მოწითალო სპექტრის გალაქტიკებს, რომლებიც ადრეულ კოსმოსში არსებობდა. მას ისეთად ვხედავთ, როგორიც დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 700 მილიონი წლის შემდეგ იყო.
აქამდე ასტროფიზიკოსები ფიქრობდნენ, რომ ზემასიური შავი ხვრელები შედარებით მცირე შავი ხვრელების თანდათანობითი ზრდის შედეგად ყალიბდებოდა. სცენარი დაახლოებით ასეთია: სიცოცხლის ბოლოს ვარსკვლავი კოლაფსს განიცდის და შავ ხვრელად იქცევა, შემდეგ კი მიმდებარე მატერიას იზიდავს და სხვა მსგავს ობიექტებთან ერთიანდება. ერთმანეთს ერწყმის გალაქტიკებიც, საბოლოოდ კი უზარმაზარი სისტემები და მილიარდობით მზის მასის მქონე შავი ხვრელები წარმოიქმნება. ამის მიუხედავად, გაუგებარია, როგორ ახერხებდა ზოგი ზემასიური შავი ხვრელი სამყაროს არსებობის ადრეულ ეტაპზევე ასეთი ზომის მიღწევას.
QS01-ის სისტემა შედარებით პატარაა (დიამეტრი მხოლოდ 1300 სინათლის წელს აღწევს), თუმცა მასზე დაკვირვება გრავიტაციული ლინზირების ეფექტის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. მის წინ მდებარე გალაქტიკათა გროვა Abell 2744 დრო-სივრცეს ამრუდებს და ამ შორეულ ობიექტს დიდად აჩენს, თანაც QS01-ის გამოსახულება გასამებულია.
ადრეული დაკვირვებები მიუთითებდა, რომ იქ დაახლოებით 40 მილიონი მზის მასის მქონე შავი ხვრელი იყო. მეცნიერები ამ შედეგში ბოლომდე დარწმუნებულნი მაინც არ იყვნენ, რადგან სამყაროს ასეთ ადრეულ პერიოდში ამხელა ობიექტების არსებობას ნაკლებად ელოდნენ.
ახალ კვლევაში სპეციალისტებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ახლო ინფრაწითელი ინსტრუმენტი გამოიყენეს, რათა მიმდებარე აირებზე შავი ხვრელის გრავიტაციული გავლენა პირდაპირ განესაზღვრათ. ანალიზმა აჩვენა, რომ მას რეალურად 50 მილიონი მზის მასა აქვს.
მკვლევრებმა კიდევ ერთი უცნაური რამ აღმოაჩინეს: ამ შავ ხვრელზე გალაქტიკის საერთო მასის ძალიან დიდი ნაწილი მოდის. ეს საინტერესოა, რადგან, ჩვეულებრივ, ზემასიური შავი ხვრელები მასპინძელ სისტემებთან შედარებით ნაკლებად მასიურია ხოლმე.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადრეულ სამყაროში ზოგი შავი ხვრელი გაცილებით სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე აქამდე ეგონათ. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ზოგ შემთხვევაში ჯერ შავი ხვრელი ჩამოყალიბდა და მის გარშემო გალაქტიკის ფორმირება მხოლოდ შემდეგ დაიწყო.
ორი ახალი ნაშრომი გამოცემებში Nature და Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.

კომენტარები