ირაკლი კუპრაძე

ირაკლი კუპრაძე

29 May. 2026, 14:58

გორში მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ანტიქართული "ოცნება" ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე. მივმართავ ქართველ მშობლებს, საქართველოს მოქალაქეებს, რომ კრიმინალური პოლიცია, ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში, სამშენებლო მოედნებზე, უსწორდებიან პერიოდულად თქვენს შვილებს, ძალადობენ და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან. ის იშვიათი შემთხვევა, როცა მსხვერპლს გაუმართლა და ამ სამშენებლო მოედანთან, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, იძალადეს, რეალურად აწამეს, მიმდებარე კორპუსში ცხოვრობდა ჟურნალისტი, რომელმაც შეძლო ამ კადრების გადაღება.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თქვენი შვილები, ჩვენი საქართველოს მოქალაქეები არიან დაუცველნი ანტიქართული "ოცნების" ძალოვანი უწყებების წინაშე. გორში მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ანტიქართული "ოცნება" ვერ იაზრებს იმას, რომ ის სისტემური ძალადობა, რომელსაც ის ქმნის ძალიან მძიმედ დაუბრუნდება, მძიმე სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობებით.

ანტიქართული "ოცნება" აგრძელებს ძალადობას მსხვერპლზე, აგრძელებს პროპაგანდის წარმოებას მსხვერპლზე, აგრძელებს ოჯახის წევრების დაშინებას, რაც გამოხატულია პირველ კომენტარში და შემდეგ გაკეთებულ საჯარო კომენტარებსა და გამოსვლებში.

ჩვენ ვხედავთ მსხვერპლის დისკრიმინაციის მცდელობას, პარალელურად წაყენებულ ბრალს, როდესაც ადამიანს აწამებს სამშენებლო მოედანზე 10-ზე მეტი პოლიციელი, მაგრამ პარალელურად უყენებენ ბრალს ისევ და ისევ მსხვერპლს, რაც სრულიად გაუგებარი სამართლებრივი ნონსენსია, ეს არ არის სამართლებრივი სახელმწიფო, ეს არის ტირანია, სადაც ავტოკრატი და ავტორიტარი ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე.

დღეს მთავარი კითხვა არის, ვინ მფარველობს დამნაშავეებს?! რატომ ცდილობს ხელისუფლება პასუხისმგებლობის გადატანას რამდენიმე ძალოვანზე მაშინ, როცა 10-ზე მეტი პოლიციელი ძალადობდა ორ მოქალაქეზე?! რატომ არ ისმის კითხვა მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის შესახებ, ვინც უყურებდა დანაშაულს და არაფერი მოიმოქმედა დანაშაულის აღსაკვეთად. რატომ არ განიხილება საქმის კვალიფიკაციის შეცვლა უფრო მძიმე მუხლებით, მათ შორის ჯგუფური ძალადობისა და წამების მუხლებით.

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც ქმედება, ასევე უმოქმედობაც არის დანაშაული. იქ მყოფმა ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა, რომლებიც უყურებდნენ საქართველოს მოქალაქეების წამებას და არაფერი გააკეთეს ამ დანაშაულის აღსაკვეთად , ისინი არიან პასუხისმგებლები უმოქმედობით ჩადენილ დანაშაულზე!

ჩვენ მოვითხოვთ, პროკურატურამ საზოგადოებას დაუყოვნებლივ აცნობოს მიმდინარეობს თუ არა საქმის გადაკვალიფიცირება, ყველა პოლიციელის ქმედებას მიეცეს ინდივიდუალური სამართლებრივი შეფასება, დადგეს როგორც უშუალო დამნაშავეების, შემსრულებლების, ასევე მათი ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა საკითხი, რადგან ცხადია, რომ ეს არ არის ინდივიდუალური გადაცდომა, ეს არის სისტემური პოლიტიკა, რასაც ივანიშვილი და ანტიქართული "ოცნება" აწარმოებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. შეწყდეს მსხვერპლის წინააღმდეგ წარმოებული ბინძური პროპაგანდისტული კამპანია, შეწყდეს ძალადობა და ზეწოლა ოჯახის წევრებზე, რომელთა შეცვლილი კომენტარებიც და განცხადებებიც ცხადად ადასტურებს ამ ზეწოლას ანტიქართული "ოცნების" მხრიდან.

ირაკლი კობახიძე და მისი სანქცირებულ შსს მინისტრი ვერ გაექცევიან პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. უნდა ითქვას ასევე უმძიმესი განცხადება იყო დეპუტატ წულუკიანის მხრიდან, რომელმაც ღიად განაცხადა და ყველამ ზუსტად ასე გავიგეთ რასაც გულისხმობდა ქალბატონი წულუკიანი, რომ ჩაიდინეთ დანაშაული ისე, რომ ამის შესახებ ვერავინ ვერაფერი გაიგოს, დევნეთ, აწამეთ საქართველოს მოქალაქეები ისე, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგოს. წულუკიანი არ წუხს ამ ამბავზე, რაც კადრებში ნახა საქართველოს მოქალაქეებმა, წუხს იმის შესახებ, რომ თურმე ვინმეს სალაპარაკო მიეცა ამის გამო.

მივმართავ ქალბატონ წულუკიანს და ანტიქართულ "ოცნებას", თუ გგონიათ, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი, ქუჩაში გვდევნონ, გვაწამონ, დაგვიჭირონ და აქეთ წაგვიყენონ ბრალი უბრალოდ იმისთვის, რომ სალაპარაკო მოგვეცეს, არის სიბეცე და ტყუილი ანტიქართული "ოცნების" მხრიდან!

ანტიქართული "ოცნება" იქცა სისტემური ძალადობის პოლიტიკურ პარტიად, რომელიც არ ემსახურება ქართველ ხალხს! ქართველ ხალხს მოემსახურება ახალი ეროვნული ხელისუფლება, რომელიც შექმნის სამართლებრივ და სამართლიან სახელმწიფოს.

ყველას უნდა გვახსოვდეს, საქართველოს მოქალაქეებს, მშობლებს, რომ თქვენი შვილები არიან დაუცველები ანტიქართულო "ოცნების" ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ, თქვენს შვილებს სცემენ და აწამებენ მიყრუებულ ადგილებში, სამშენებლო მოედნებზე, შემოღობილ სანაგვეებზე მაგრამ მათ შეიძლება არ უმართლებთ და არ აღმოჩნდნენ ადგილზე სადღაც მიმდებარე კორპუსში ჟურნალისტები, რომლებიც შეძლებენ ამ კადრების გადაღებას და გამოქვეყნებას.

დღეს საქართველო და ქართველი ახალგაზრდები არიან საფრთხეში ანტიქართული ძალადობრივი რეჟიმის პირობებში. ჩვენ მიზანია, ანტიქართული "ოცნება" ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და შევქმნათ სამართლიანი და სამართლებრივი სახელმწიფო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  2. თუ პირის შემოსავალი 1 250 ლარია, ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს დაკარგავს — ცვლილება კანონში
  3. მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს
  4. "გახდა აგრესიული და განახორციელა თავდასხმა პოლიციელზე — ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა" — ალექსანდრე დარახველიძე გორის ინციდენტზე
  5. "მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია" — ირაკლი კობახიძე გორში მომხდარ ინციდენტზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ