ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით Apple-ის შემდეგმა დიდმა ნაბიჯმა ოფიციალურ გამოცხადებამდე გაჟონა. Bloomberg-მა გამოაქვეყნა სურათები და დეტალები, რომლებიც გვიჩვენებს, როგორი იქნება განახლებული Siri iPhone-ზე. ამ ინფორმაციამ კომპანიის შიდა წყაროებიდან გაჟონა.

სიახლეები ოფიციალურად გამოცხადდება ივნისის WWDC-ზე — Apple-ის Worldwide Developers Conference-ზე, რომელიც ყოველწლიური კონფერენციაა და განკუთვნილია დეველოპერებისთვის. სწორედ აქ აცხადებს Apple ყველა მთავარ სიახლეს: ოპერაციული სისტემების განახლებებს, ახალ ფუნქციებსა და პროგრამული უზრუნველყოფის მომავალ მიმართულებებს. ამ წლის კონფერენცია 8 ივნისს გაიხსნება.

გასული წლის WWDC, მაშინ კომპანიამ AI სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეები ვერ წარადგინა.

ფოტო: დევიდ პოლ მორისი/Bloomberg

Bloomberg-ის მიერ შექმნილი ილუსტრაციები გვიჩვენებს Siri-ის განახლებულ ინტერფეისს, ჩატბოტ-სტილის ახალ აპლიკაციასა და iOS 27-ის სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელთა გამოცხადებასაც კომპანია კონფერენციაზე გეგმავს. სურათები ეფუძნება Bloomberg-ის მიერ ნანახ ინფორმაციასა და კომპანიის გეგმებზე ინფორმირებულ ადამიანებს, რომლებმაც ანონიმურობა ითხოვეს, ვინაიდან პროგრამული უზრუნველყოფა ჯერ საჯარო არ არის.

Apple-ის პრესსამსახურმა კომენტარი არ გააკეთა. აღსანიშნავია, რომ კომპანია ხშირად შიდა გამოყენებისთვის რამდენიმე დიზაინს ამოწმებს, ამიტომ ივნისში საჯაროდ წარდგენილი საბოლოო ვერსია შეიძლება განსხვავდებოდეს.

იგეგმება, რომ ახალი Siri-ს განახლებული ანიმაცია Dynamic Island-იდან გამოჩნდეს (მარცხნივ), ხოლო Search or Ask ინტერფეისი ეკრანის ზედა ნაწილიდან გადაფურცვლით გაიხსნას. Apple ასევე ტესტავს იდეას, რომლის მიხედვითაც მომხმარებლებს AI სერვისების არჩევის საშუალება მიეცემათ.

ფოტო: Bloomberg

Siri-ს გამოყენება ორი გზით იქნება შესაძლებელი. პირველი — ძველი, ნაცნობი მეთოდი: ღილაკზე დაჭერა ან "Siri"-ს წარმოთქმა, რის შემდეგაც ასისტენტი ეკრანის ზედა ნაწილში, Dynamic Island-ში გამოჩნდება — ეს არის iPhone-ის შავი, აბის ფორმის არე, სადაც ამჟამად შეტყობინებები და ცოცხალი განახლებები ჩანს. მეორე გზა სრულიად ახალია: ეკრანზე ქვევით გადაფურცვლა გახსნის საძიებო პანელს, საიდანაც შესაძლებელი იქნება ძიება, შეტყობინებების გაგზავნა, კალენდარში ჩანაწერების დამატება, ამინდის შემოწმება და სხვა — ყველაფერი ერთ ადგილას.

ამ ყველაფრის უკან Google-ის Gemini AI იმუშავებს. ეს არჩევანი შემთხვევითი არ არის: საკუთარი მძლავრი AI მოდელის შექმნა უზარმაზარ ინვესტიციებს მოითხოვს, და Apple-მა გადაწყვიტა, ისევე როგორც საძიებო სისტემის შემთხვევაში, სადაც Google-ს მიანდო ყველაფერი, აქაც გარე პარტნიორს დაეყრდნოს. ამასთან, კომპანია საკუთარ, მოწყობილობაზე მომუშავე AI მოდელებსაც ავითარებს, რომლებიც ღრუბლოვანი სერვერების ნაცვლად პირდაპირ iPhone-ზე გაეშვება. ეს Apple-ს საშუალებას აძლევს კონფიდენციალურობის თავისი ტრადიციული უპირატესობა შეინარჩუნოს.

დაგეგმილ ინტერფეისში საუბრის ნახვა შესაძლებელი იქნება ქვევით გადაფურცვლით — Siri-ს შედეგიდან ან პირდაპირ Siri-ს აპლიკაციიდან. სიახლეები და ტელეფონზე არსებული მონაცემები გამოჩნდება (მარცხნივ), ზოგად თემებზე კი მდიდარი ვიზუალური სურათები (მარჯვნივ).

ფოტო: Bloomberg / Getty Images

ასევე პირველად Apple-ის ისტორიაში, გაჩნდება დამოუკიდებელი Siri აპლიკაცია, რომელიც ChatGPT-ს, Claude-ს, Gemini-სა და სხვა AI ჩატბოტებს გაუწევს კონკურენციას. აპლიკაცია მომხმარებელს წარსული საუბრების ისტორიას შეუნახავს, საშუალებას მისცემს დოკუმენტები და ფოტოები ატვირთოს და ჩვეულ ჩატბოტ-სტილში ისაუბროს — ზუსტად ისე, როგორც ეს კონკურენტ პლატფორმებზეა შესაძლებელი.

Apple პირველად წარადგენს დამოუკიდებელ Siri აპლიკაციას, რომელიც საუბრების სიას (მარცხნივ) და ChatGPT-ის მსგავს ჩატბოტს მოიცავს.

ფოტო: — ილუსტრაცია: Bloomberg

AI ბაზარზე Apple-ისთვის ახალი მოთამაშის წოდება ჯერ სიმართლისგან შორსაა, მაგრამ ამ დარგში მის ნამდვილ ძალას რიცხვები ყველაზე კარგად აჩვენებს. ChatGPT, რომელიც AI ჩატბოტების სინონიმად იქცა, კვირაში 900 მილიონ აქტიურ მომხმარებელს ითვლის, Apple-ის მოწყობილობები კი მსოფლიოში 2,5 მილიარდ ადამიანს უჭირავს ხელში.

ეს იმას ნიშნავს, რომ Apple-ს უკვე ჰყავს პოტენციური მომხმარებლების უზარმაზარი აუდიტორია და ამ აუდიტორიის დიდ ნაწილს AI ინსტრუმენტები ჯერ კიდევ არ გამოუყენებია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.