დღეს 17 მაისია ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. საქართველოში პარალელურად ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. ლგბტ თემის აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებს, ყოველწლიურად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით უწევთ აქციის გამართვა დაპირისპირებული ჯგუფებისგან, მათ შორის, ნეონაცისტური და ფაშისტური ორგანიზაციებისგან აგრესიის არიდების მიზნით.

დღეს თანასწორობის მოძრაობის მიერ დაგეგმილი ანტიჰომოფობიური აქცია "გავიაზროთ 17 მაისი" მთავრობის ადმინისტრაციასთან უნდა გამართულიყო. ორგანიზაციის განცხადებით, ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით და მოსალოდნელი საფრთხის გამო აქცია ჩაიშალა.

ლგბტ აქტივისტებმა გადაწყვიტეს პარტიზანული აქცია-პერფომანსები ჩაეტარებინათ და თბილისში, 6 სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ, სადაც მიმართვები წაიკითხეს და უწყებებს მოთხოვნები წაუყენეს. თითოეულ ადგილზე აქციის მონაწილეებმა, ლგბტ დროშის ფერების შესაბამისი ფერადი ბოლი გაუშვეს.

ადამიანები ზეიმობენ ძალადობას ქუჩაში, ჩვენ პარტიზანული გზებით გვიწევს ბრძოლა - აქცია-პერფომანსი ვაკის პარკთან

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

პერფომანსი ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავით დაიწყო, სადაც რამდენიმე დღის წინ, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღნიშნეს. აქტივისტებმა საზოგადოებას ფაშიზმის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდეს:

"ეს არ არის საფრთხე, რომელიც ჩვენ გვემუქრება მხოლოდ და მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, რომ გავერთიანდეთ იმ საფრთხის წინაშე, რასაც ფაშიზმი და რასაც სიძულვილის ქადაგება ჰქვია. ჩვენ შემთხვევით არ შეგვირჩევია ეს ადგილი, საღამოს მასშტაბური აქციის პარალელურად ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვგეგმავდით სხვადასხვა აქტივობებს, თუმცა ამ წუთას და ამ დღეს არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, ამას სრულიად სხვა დატვირთვა მიეცა."

პოლიცია ჰომოფობია - საპროტესტო აქცია შსს-სთან

ფოტო: ფიქრია ჯღარკავა

აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლეს. მათ მოუწოდეს სამინისტროს გაატაროს ეფექტიანი პოლიტიკა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე. აქტივისტების თქმით, პოლიციელები თავად ახალისებენ ჰომოფობიას:

"ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული ხშირად პოლიციის ეფექტიანი რეაგირებისა და გამოძიების გარეშე რჩება, საპოლიციო სისტემის პირისპირ აღმოჩენილი ლესბოსელი გეი ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები კი, ჰომოფობიური პოლიტიკისა და საპოლიციო კულტურის გამო, განმეორებად ვიქტიმიზაციას განიცდიან. მსგავს დანაშაულებში იკვეთება ხოლმე პოლიციის მხრიდან ბრალის დაზარალებულებზე გადატანისა და მსხვერპლების დაკავების ტენდენცია. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში პოლიცია თავად მიმართავს ძალადობას ლგბტ თემის წევრების მიმართ და თავის ჰომო/ბი/ტრანსფობიურ დამოკიდებულებას ყველაზე სასტიკი ფორმებით ავლენს.

არსებული არაეფექტიანი, დისკრიმინაციული და რეპრესიული საპოლიციო პოლიტიკა აძლიერებს საზოგადოებაში არსებულ ჰომო/ბი/ტრანსფობიურ წინასწარ განწყობებს, ქმნის დაუსჯელობის გარემოს და პოლიტიკური და სოციალური სივრციდან დისკრიმინირებული ჯგუფების გარიყვას განაპირობებს."

სამინისტრომ ინტერსექს და ტრანსგენდერ ადამიანებზე უნდა იზრუნოს - აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

ლგბტ აქტივისტებმა მოითხოვეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავოს ტრანსგენდერ და ინტერსექს ადამიანებზე ზრუნვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლინიკური გაიდლაინები და პროტოკოლები. მათი თქმით, უნდა დაინერგოს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ინტერსექსი ადამიანების დაცვას სარისკო ქირურგიული ოპერაციებისაგან და ტრანსგენდერი ადამიანებისათვის ხელმისაწვდომს გახდის სქესის კვლავმინიჭების სამედიცინო პროცედურების ჩატარებას.

"სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება ჩვენი ყველაზე ფუნდამენტური უფლებაა! საქართველოში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ ხარისხიან სამედიცინო პროცედურებზე. სრულიად დაურეგულირებელია სქესის კვლავმინიჭების საკითხი, რადგან არ არსებობს კლინიკური გაიდლაინი და პროტოკოლი.

შედეგად, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანები გადიან პროცედურებს, რომელიც წამებად მიიჩნევა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, პროცედურებს, რომელიც შეუქცევად ფიზიკურ და ფსიქიკურ შედეგებს იქვევს, მაგრამ ჩვენთან ეს საკითხი სრულიად დაურეგულირებელი."

შეიმუშავეთ გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმი - აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

იუსტიციის სამინისტროსთან ლგბტ აქტივისტებმა მოითხოვეს გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმის შექმნა:

"საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანები ვერ აღწევენ ყველაზე მნიშვნელოვან აღიარებას. ვერ ახერხებენ სქესის ცვლილებას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, რადგან კანონით არ არის დარეგულირებული გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმი.

დღევანდელი მდგომარეობით, სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებისათვის, ადამიანები იძულებულები ხდებიან ჩაიტარონ არასასურველი, სამედიცინოდ გაუმართლებელი, ძვირადღირებული და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცლელი პროცედურები.

შედეგად ტრანსგენდერი ადამიანები დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებიან ყოველ დღე, ყოველ ადგილას სადაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას სთხოვენ. ეს ნიშნავს, რომ ტრანსგენდერი ადამიანები უთანასწორო პირობებში იმყოფებიან დასაქმების, სერვისის მიღების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისას."

როგორი სკოლა გვინდა? - აქცია განათლების სამინისტროსთან

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

"სკოლაში უნდა იყოს უსაფრთხო გარემო ყველასთვის, სადაც ნებისმიერი შესაძლებლობის, იდენტობის, გარეგნობის, მრწამსის ბავშვი თავს დაცულად იგრძნობს" ,- განაცხადეს აქტივისტებმა განათლების სამინისტროსთან.

"ჩვენ გვინდა, რომ სკოლა არ იყოს მხოლოდ აკადემიური უნარების სასწავლი დაწესებულება, არამედ გაამყაროს ჰუმანური ღირებულებები, ხელი შეუწყოს ბავშვების განვითარებას.

ბავშვობაში გადატანილი ჰომპოფობიური ბულინგით გამოწვეული ტრავმები მთელი სიცოცხლის მანძილზე მიყვება ადამიანს, ხოლო ამ დროს შეძენილი სიძულვილი განაპირობებს ახალგაზრდებში ჰომოფობიური აგრესიის მომატებას."

ადამიანის უფლებათა კომიტეტი მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს უნდა იცავდეს

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ხუთი სხვადასხვა ლოკაციის შემდეგ, ლგბტ აქტივისტებმა ფინალური აქცია 112-ის შენობასთან გამართეს.

აქციის წევრებმა მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, რომ უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილ გადაცდომებზე ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლი. მათ ასევე მოუწოდეს პარლამენტს გადააყენონ სოფო კილაძე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან.

"საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტი უზრუნველყოფს მათი უფლებების დაცვას.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საქმიანობის ამოსავალ წერტილს უნდა წარმოადგენდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და მჭიდრო თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან", - განაცხადეს აქტივისტებმა.

აქციის დასასრულს, აქტივისტებმა ჰომოფობიის, ტრანსფობიის, ფაშიზმის და ძალადობის დასაგმობად თბილისის ცაზე ლგბტ დროშის ფერები გაუშვეს.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge