ქართველ ქალთა ისტორიის კვალდაკვალ - ფემინისტების მსვლელობა თბილისში
ქალთა ისტორიიის გასაცოცხლებლად და საჯარო სივრცეში მათი ისტორიისთვის ადგილის გამოყოფის მოთხოვნით 8 მარტს, თბილისში ფემინისტური მსვლელობა გაიმართა.
ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა თბილისში 5 ადგილი შეარჩია. ეს ადგილები ქალთა ისტორიის მნიშვნელოვან მომენტებს უკავშირდება. აქციის მონაწილეებს ამ ადგილებზე 5 ფემინისტ ქალზე და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში მათ მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯებზე უამბეს. ქალთა ისტორიები თამთა მელაშვილმა და ლელა გაფრინდაშვილმა მოამზადეს.
ადგილი #1 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კავკასიელ ქალთა საზოგადოების წევრზე ნინო ტყეშელაშვილზე ისაუბრეს. ტყეშელაშვილი ქართულ სუფრაჟიმზმში განსაკუთრებული აქტიურობით გამორჩეოდა. აკაკი წერეთელმა მას "საქართველოს პირველი სუფრაჟისტკა" უწოდა. ტყეშელაშვილი ჯერ კიდევ ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში სწავლისას ჩაერთო სამოქალაქო აქტვიზმში და განსაკუთრებით 1917-18 წლებში გააქტიურდა, როცა ჯერ რევოლუციამ და მერე საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამ ქართველ ფემინისტებს უკეთესი მომავლის, თანასწორობისა და სამართლიანობის იმედი გაუღვიძა.
ერთხელ გიმნაზიაში რაიონულ არჩევნებზე გამოსვლისას მან გენდერულ კვოტებზე ისაუბრა:
"მე მჭერმეტყველი არა ვარ, საზოგადოებაში ლაპარაკს ვერიდები, მაგრამ თქვენ იმისთანა უსამართლობა ჩაიდინეთ, რომ ქვასაც ენას ამოადგმევინებთ, ქალი არა თუ შვილს ზრდის, ოჯახს უვლის, საზოგადოებასაც ემსახურება... ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამთ ქალის დაუხმარებლათ. თქვენ ოც კაცში ერთი ქალი აგირჩევიათ. ესაა თქვენი სამართალი?"
ადგილი # 2 - ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი
ფემინისტ მწერალსა და განმანათლებელს ეკატერინე გაბაშვილს დიდხანს იცნობდნენ, როგორც საბაშვო მწერალს. გაბაშვილი იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი, ქალთა პროფესიული სკოლის დამაარსებელი და ფემინისტური ინიციატივების ხელშემწყობი.
ერთ-ერთ წერილში ის წერდა: "ქალის შრომა ჯერ კიდევ დიდხანს იქნება პატივაყრილი და "მწერლის კაბინეტი" ვინ იცის როდის ეღირსება დედაკაცს, თუ ის შენსავით მარტო ხელი არ არის და ჩემსავით შვილიშვილებით არის დატვირთული..."
ადგილი #3 - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
საქართველოში ფემინისტური აქტივიზმი თავიდანავე მრავალფეროვანი იყო. ის არ იყო მიმართული მხოლოდ განათლების უფლებებისა და პოლიტიკური მონაწილეობისკენ, ფემინისტები ასევე ბევრს მსჯელობდნენ ქალთა ჯამრთელობისა და სექსუალობის საკითხებზე. ქალთა სექსუალობაზე მსჯელობა მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდეც გაგრძელდა. სექსულობაზე წერდა სოციალისტი ფემინისტი ბაბილინა ხოსიტაშვილი.
"ქალის პასიური როლი სქესობრივ აქტის შესრულების პროცესში, არ არის მისი ბუნებრივი დანიშნულება, არამედ გამოწვეულია იგი ერთი მხრივ (მამაკაცის მხრივ) ძალადობა-დამორჩილებით, ანუ ურცხვობით; მეორე მხრივ, (ქალის მხრივ) დათმობით-ნამუსიანობით ანუ მორცხვობით. აქედან წარმოშობილი მსჯავრი, რომ ქალის მხრივ აქტივობა ავხორცობაა. თუ აქტივობა სქესობრივ კავშირის პროცესში ავხორცობად არ იცნობა ერთი მხრივ, მაშინ [ის] ორივე მხარეზე უნდა ვრცელდებოდეს, როგორც მორალური უფლება და არც ერთ მხარეს არ აძლევდეს დამორჩილების უპირატესობას.
ფიზიოლოგიურ კვლევით ცნობილია, რომ ქალის პასიურად დარჩენა, აღნიშნულ მომენტში, იწვევს (ქალის მხრივ) ვნებათააშლილობის დაუსრულებლობას, რადგან კმაყოფის მიღწევა მხოლოდ აქტივობით შეიძლება."
ადგილი # 4 - თბილისის პარლამენტი შენობა
კატო მიქელაძე გაზეთ ხმა ქართველი ქალისას დამფუძნებელია. მან ქუთაისის ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბიც დააარსა, რომლის მიზანიც ქალებისათვის პოლიტიკაში მოსასვლელად გზის გახსნა იყო. ამ პროგრამის მიხედვით ქალისა და კაცის "სწორუფლიანობა" ახალი სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველი უნდა გამხდარიყო.
ნაწყვეტი კ. მიქელაძის სიტყვიდან, რომლის წარმოთქმის უფლება მას არ მისცა აკ.ჩხენკელმა ეროვნულ ყრილობაზე 20 ნოემბერს ქ.თბილისში :
"ისტორიამ არ იცის უფრო სამარცხვინო მოვლენა, როგორიც არის თავისი უცნაური შედეგით მონობა დედაკაცისა. უდიდესი უბედურება ერისა და კაცობრიობისა არის დავიწყება და უყურადღებობა დედრობითი სქესის ბუნებრივი და მოქალაქური უფლებისა...
ძველმა რევოლიუციებმა თუ რომ დაამსხვრიეს დესპოტიური ფეოდალური წეს-წყობილება და დედაკაცის კარჩაკეტილ ცხოვრებას კარი გაუღეს, სამაგიეროდ, ქალთა უფლებრივი მდგომარეობა მათ ვერაფრით ვერ შესცვალეს, რომლის გამო ფხიზელი ნაწილი დედრობითი სქესისა თავის მწარე ხვედრზე ჩაფიქრებული, დღეს ოდნავ კულტურულ ქვეყანაში ბრძოლას აცხადებს."
ადგილი # 5 - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მონუმენტი სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მონუმენტთან ლელა გაფრინდაშვილმა ნინო ყიფიანის წერილიდან ამონარიდი წაიკითხა:
"აბა, მითხარით ერთი სად არის ქალი საზოგადო შრომაში გვერდში მდგარი მამა-კაცთან? გადაავლეთ თვალი ჩვენს კულტურულ დაწესებულებათ. რიცხვით საკმარისად ბევრია და ყოველ მათგანში საქმის მმართველად ზოგან 7 და 12 კაცში ჭაჭანება არ არის ქალებისა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ზოგს გამგეობასთან დროებით დაარსებულ კომისიებს ნივთიერი მხრის საზრუნავდა...
არა, ბატონებო, ის რაც იყო ქართველი ქალი ჩვენს წარსულშის, მათ წამქეზებელ იმ დროის მამა-კაცებთან ერთად ისტორიად დარჩა, რადგან მომავლისთვის მას თქვენ არ მისცემთ ფართო გზას მასში ეროვნული შეგნების განმტკიცებისა და მოქმედებისათვის."
კომენტარები