ახალი კვლევის მიხედვით, მერკურიზე წყლის ყინულის დიდი ნაწილი ამ ნაერთით მდიდარ ასტეროიდთან ან კომეტასთან შეჯახების შედეგად მოხვდა. კატასტროფის შემდეგ წყლის ორთქლი პლანეტის მთელ ზედაპირზე სწრაფად უნდა გავრცელებულიყო და, საბოლოოდ, პოლარულ კრატერებში გაყინულიყო. ეს პროცესი, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი მერკურული დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაც დაახლოებით 176 დედამიწურ დღეს უდრის.

მერკური მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტაა, ამიტომ იქ წყლის არსებობა შეიძლება ბევრისთვის გასაკვირი იყოს. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დედამიწიდან ჩატარებულმა დაკვირვებებმა პლანეტის პოლუსებთან წყლის ყინულის კვალი გამოავლინა. მოგვიანებით ეს NASA-ს ზონდმა MESSENGER-მაც დაადასტურა. ყინული ღრმა კრატერებშია მოქცეული, რომლებშიც მზის სხივები პრაქტიკულად არასდროს აღწევს.

მეცნიერებისთვის მთავარი კითხვა ის იყო, თუ როგორ მოხვდა იქ წყალი. ერთ-ერთი წამყვანი ჰიპოთეზის მიხედვით, ის მერკურიზე შედარებით გვიანდელი შეჯახების შედეგად აღმოჩნდა. მკვლევრები ყურადღებას ჰოკუსაის კრატერზე ამახვილებენ — დაახლოებით 97-კილომეტრიან სტრუქტურაზე, რომელიც პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარეობს. ის შეჯახებისას გატყორცნილი მატერიის გრძელი კვალითაა ცნობილი.

მერკურის ჩრდილოეთ პოლუსის ჩრდილობანი კრატერები.

ფოტო: NASA/UCLA

მეცნიერებმა კომპიუტერული სიმულაციები შექმნეს და სცადეს, აღედგინათ სცენარი, რომელშიც მერკურის დაახლოებით 17-კილომეტრიანი ობიექტი წამში 30 კილომეტრამდე სიჩქარით შეეჯახა. სიმულაციამ აჩვენა, რომ ასეთი შეჯახება პლანეტის გარშემო დროებით, მაგრამ ძალიან მკვრივ ატმოსფეროს წარმოქმნიდა, რომელიც წყლის ორთქლით იქნებოდა მდიდარი. კვლევის მიხედვით, ორთქლი პლანეტის მთელ ზედაპირზე დაახლოებით ერთ საათში გავრცელდებოდა.

მეცნიერების თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი სწორედ დროებითმა ატმოსფერომ შეასრულა, რადგან ის წყლის მოლეკულებს მზის ძლიერი ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავდა. შედეგად, წყლის დიდმა ნაწილმა მუდმივად ჩრდილში მოქცეულ პოლარულ კრატერებში ჩააღწია.

კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ ეს სცენარი კიდევ ერთ საინტერესო დეტალსაც ხსნის — თუ რატომაა მერკურის პოლარული ყინული შედარებით "სუფთა". მათი შეფასებით, პლანეტაზე წყალი ნელ-ნელა რომ დაგროვებულიყო, მასში სხვა მინარევებიც უფრო მეტი იქნებოდა.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ დამატებით ინფორმაციას მისია BepiColombo მოგვაწვდის. ეს ევროპა-იაპონიის ერთობლივი პროექტია და MESSENGER-ის შემდეგ მერკურის ორბიტაზე გაგზავნილი მხოლოდ მეორე მისიაა. აპარატმა იქამდე მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა მიაღწიოს, შემდეგ კი მისი ორი ზონდი განცალკევდება და პლანეტას სხვადასხვა არეალიდან დააკვირდება.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Journal of Geophysical Research: Planets გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.