რა პრობლემები შეუქმნა პანდემიამ აბიტურიენტებს და რას ფიქრობენ ისინი მომავალ გამოცდებზე
დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისათვის მომზადება გაურთულა. იმის გამო, რომ ონლაინსწავლების აუცილებლობა მოულოდნელად დადგა, აბიტურიენტებისა და პედაგოგების ნაწილმა ვერ შეძლო ამისთვის ფეხი აეწყო. ზოგს ინტერნეტიზაციის, ზოგს შესაბამისი ტექნიკის არქონისა და არფლობის, ზოგს კი ფინანსური პრობლემები შეექმნა.
აბიტურიენტები
ასეთ აბიტურიენტებს შორისაა თიკა ჯაფარიძე, რომელიც ამბროლაურში ცხოვრობს. ის On.ge-ს უყვება, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისას ტექნიკური პრობლემების შექმნის გამო, მოუწია მეორე სემესტრის სასწავლო მასალა თვითონ, დამოუკიდებლად გაევლო.
"ვიტყვი პირდაპირ, რომ მარტო მე არა, ჩემს თანატოლებსაც დიდი პრობლემები შეექმნათ. მასწავლებელთან ვეღარ დავდიოდით, ინტერნეტიც არ იყო ყველასთვის მისაწვდომი — ხან მასწავლებელს უჭედავდა, ხან ჩვენ. მოკლედ, გვიწევდა, რომ ჩვენ თვითონ სახლში გვემეცადინა მასწავლებლის გარეშე, უმეტესად ასე იყო", — ამბობს ის On.ge-სთან.
თიკას აზრით, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, წელს საგნებში ბარიერი უნდა დაეწიათ. მისი თქმით, უკეთესი იქნებოდა, თუ ეროვნული გამოცდების თარიღი გადაიწევდა და აბიტურიენტებს მასწავლებლებთან სასიარულოდ ცოტა მეტი დრო დარჩენოდათ.
"წინა წელს ყველას გვახსოვს, რომ ქართულ ენაში ზღვარი დაწიეს, რა თქმა უნდა, ახლაც უნდა დაწიონ. იმიტომ, რომ სრულფასოვნად ვერ მივიღეთ ცოდნა. მეორე სემესტრის მასალა ფაქტობრივად ვერ გავიარეთ, რაც ჩვენ თვითონ ვისწავლეთ, ის შეგვრჩა, მეტი არაფერი. ვფიქრობ, რომ ცოტა უნდა გადაეწიათ გამოცდები. ეს შეზღუდვები რომ მოიხსნა, მერე დავიწყეთ მასწავლებლებთან სიარული. კიდევ ერთი თვე მაინც რომ მოვმზადებულიყავით, შეიძლება უკეთ ჩაგვებარებინა და მაღალი ქულები მიგვეღო", — ამბობს თიკა.
კიდევ ერთი გარემოება, რაც თიკას გამოცდის ჩაბარებაში ხელისშემშლელი შეიძლება აღმოჩნდეს, პირბადეა. როგორც ის ამბობს, ნიღბის ტარება უჭირს და მასთან ერთად გამოცდის დაწერა რთულად ესახება.
"პირბადეც და ბავშვების ასე გამოკეტვა და ამოხუთვა, ძალიან დიდ პრობლემას შექმნის გამოცდებზე. ვამბობდი, რომ საკუთარ თავს ვერ ვენდობი-მეთქი. პირბადით მაღაზიაში 2 წუთით ვერ ვჩერდები და როგორ ფიქრობენ, რომ გამოცდაზე ბავშვი ესეს, ანალიზს და რედაქტირებას დაწერს სრულფასოვნად, არ ვიცი. საშინელება იქნება და რა ქულებს დავდებთ, ნამდვილად არ ვიცი", — ამბობს ის.
დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ პრობლემები შეუქმნა თამთა ზაკალიშვილსაც, რომელიც რუსთავში ცხოვრობს. იმის გამო, რომ მის მასწავლებელს ონლაინრესურსების გამოყენება არ შეეძლო, თამთას შუა სემესტრში ახალი რეპეტიტორის მოძებნა მოუწია.
მისი აზრით, სახელმწიფოს აბიტურიენტები არ გახსენებია და მიდგომები არ შეუცვლია, მიუხედავად იმისა, რომ წელს განსხვავებული რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ.
"რაღაც შეღავათი უნდა გაგვიწიონ, ნამდვილად ვიმსახურებთ ამას. იმიტომ, რომ მსგავსი მდგომარეობა არ შექმნილა არასდროს და მარტივი ნამდვილად არ იყო. რომ გადაეწიათ თარიღი და დრო მოეცათ... მაგრამ ჩვეadნთვის არაფერი არ შეცვლილა და რაღაც პერიოდი საერთოდ არავის არ ვუხსენებივართ", — ამბობს თამთა.
თუმცა, მიუხედავად გამოცდებისთვის მომზადების პროცესში შექმნილი სირთულეებისა, თამთასთვის ყველაზე დიდი პრობლემა მაინც პირბადით გამოცდის დაწერაა.
"პირბადით საათობით ყოფნა ცოტა სიგიჟე მგონია, მე ისედაც არ შემიძლია ჩაფუთნულს სიარული და შუა ზაფხულში უკონდიციონეროდ მართლა შეიძლება გული წამივიდეს. ჩემთვის ამაზე დიდი პრობლემა ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს. წინა წლებისგან განსხვავებით, ჩვენ განსაკუთრებული სტრესული ფონით გვიწევს ამ მნიშვნელოვანი ეტაპის გავლა", — ამბობს თამთა.
გარდა იმისა, რომ გამოცდებისათვის დისტანციურ მომზადებაში აბიტურიენტები ტექნიკურ პრობლემებს აწყდებოდნენ, პანდემიის გამო შექმნილ ეკონომიკურ კრიზისში, ზოგიერთი რეპეტიტორთან მეცადინეობას სწორედ ფინანსური რესურსების არქონის გამო წყვეტდა.
ერთ-ერთი ასეთი აბიტურიენტი, ვისზეც კრიზისმა იმოქმედა, ნინო ოთიაშვიალია. გარდა ფინანსური სირთულეებისა, ნინოსთვის მეცადინეობას ისიც აძნელებდა, რომ ოჯახში 3 მოსწავლეა და ონლაინგაკვეთილებზე ყველას ერთდროულად დასწრება რთული იყო. მისთვის დისტანციური სწავლებაც და სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული ტელესკოლაც გამოუსადეგარი აღმოჩნდა.
"სახლში 3 ადამიანი ვართ, ყველას ერთდროულად გვიტარდებოდა ონლაინ გაკვეთილები და დასწრებას სამივე ფიზიკურად ვერ ვახერხებდით. ჩემი დედმამიშვილებიც სწავლობენ, მეც და რთული იყო. ვერ ვიტყვი, რომ ონლაინ სწავლებამ ის შედეგი გამოიღო, რასაც ამბობენ. ჩემით ვემზადები და ვცდილობ, რომ ჩემით ჩავაბარო გამოცდები.
თან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორია, თუნდაც ის, რომ ინტერნეტი გამუდმებით ჭედავდა, პროგრამა გაიუმართავი იყო, ვერ დავრეგისტრირდი და ა.შ. ანუ სკოლიდან განათლება ვერ მივიღე. ვერც ეს ტელესკოლა დამეხმარა, იმიტომ, რომ მეორე სემესტრისთვის სულ სხვა საკითხებს ასწავლიდნენ და მე სულ სხვა საკითხები მქონდა უსწავლელი. ჯამში, სრულად გამოუსადეგარია ის სისტემა, რაც მთავრობამ შემოიღო, მე არ მერგება ეს ყველაფერი", — ამბობს ნინო.
მასწავლებლები
მასწავლებელი ფიქრია ცხვედიანი იმ აბიტურიენტებზეც საუბრობს, რომელთათვისაც ონლაინ მეცადინეობა საკმარისი არ არის.
"ნამდვილად იყო ხელისშემშლელი პირობა აბიტურიენტებისთვის. მომზადების ხარისხი არ არის ისეთი, როგორიც, ვთქვათ, სხვა შემთხვევაში იქნებოდა, წინა წელთან შედარებით. ზოგადად აბიტურიენტების კატეგორიას გააჩნია. არის კატეგორია, რომელსაც სჭირდება გამუდმებით გვერდით ჰყავდეს პედაგოგი და ამ შემთხვევაში საკმაოდ დაზარალდნენ ასეთი აბიტურიენტები", — ამბობს ის.
მასწავლებელი აღნიშნავს, რომ მას და მის აბიტურიენტებს მნიშვნელოვანი პრობლემა არ შექმნიათ, თუმცა არსებული ვითარება გასათვალისწინებელია და ტესტების ფორმატის ცვლილებაზე დაფიქრების საფუძველს იძლეოდა.
საგამოცდო ტესტის გამარტივებაზე საუბრობს მასწავლებელი ფიქრია ხაჩიძეც. მისი აზრით, კარგი იქნებოდა, თუ ტესტში ის პროგრამა, რისი გავლაც აბიტურიენტებს დისტანციურად მოუხდათ, რთულად არ იქნებოდა წარმოდგენილი და გრანტების მოსაპოვებელი ზღვარიც დაიწეოდა.
"ეს პანდემია ხომ მარტის თვეში დაიწყო, აი, მარტის თვის შემდეგ პროგრამულად რა საკითხები და ნაწარმოებებიც უნდა გაევლოთ, ის ნაწილი შეიძლება იყოს ან გამარტივებული, ან საერთოდ ამოღებული. მაგრამ არა მთლიანად, რა თქმა უნდა. მეთორმეტე კლასელები ისედაც მაისში ამთავრებენ, ანუ მხოლოდ 2 თვეა და ამ თვეების გათვალისწინება შეიძლება, თუმცა, მე როგორც ვიცი, მსგავსი რამ არ არის, არც ზღვარი არის დაწეული და არც პროგრამულად ნაწარმოებების ამოღება არ მომხდარა", — ამბობს ფიქრია.
წლევანდელი აბიტურიენტებისთვის შეღავათის გაწევაზე მიუთითებს მასწავლებელი ლელა ხათრიძეც. მისი თქმით, საგნებში ბარიერმა შეიძლება იმის მიხედვით დაიწიოს, თუ რა შედეგს აჩვენებენ აბიტურიენტები.
რაც შეეხება ტესტის ფორმატს, მისი განმარტებით, რეპეტიტორებს თავიანთი სასწავლო პროგრამა აქვთ და სემესტრების მიხედვით საგამოცდო ტესტის გამარტივება გონივრული არ იქნებოდა.
"იყო მოსაზრება, რომ თითქოს პროგრამის პირველი ნაწილი უნდა შესულიყო და მეორე ნაწილი რაღაცნაირად უნდა ამოღებულიყო. მე პირადად, ქართულის მაგალითზე გეტყვით, რომ ქართულში ვერაფერს ამოვიღებდით. ვერც ისე ვერ გავმიჯნავდით, რომ რომელიმე პირველი ან მეორე სემესტრის იყო. იმიტომ, რომ განსაკუთრებით რეპეტიტორები პროგრამას თავისთვის ქმნიან, მაგალითად, ზოგი იწყებს ჰაგიოგრაფიიდან, ზოგი პირიქით. მე მაგალითად, პირველ და მეორე სემესტრის პროგრამას ასე ვერ დავყოფდი, იმიტომ, რომ როგორც მაძლევდნენ აბიტურიენტები საშუალებას, ხან რომელ ნაწილს გავდიოდი და ხან რომელს. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს პროგრამა რაღაცნაირად უნდა გადანაწილებულიყო და რომელი სემესტრის მასალა გათიშულიყო", — ამბობს ის.
მისი აზრით, პირბადით გამოცდის წერაც რთულია და ამიტომ, აბიტურიენტებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ შეწუხების შემთხვევაში რაღაც დროით მოიხსნან.
"როდესაც გამოცდებზე რეგისტრირდებიან, იქ სპეციალურ პირობებს უთითებენ. ახლა ესენი რადგანაც დარეგისტრირებულები იყვნენ, იქ არანაირი პირობა არ იყო შექმნილი. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს შეაწუხებს, მე ვფიქრობ, რომ მაინც დაშვებული უნდა იყოს, რომ რაღაც დროით მაინც არ ეკეთოს. იმიტომ, რომ ასე დახურულ სივრცეში ნამდვილად რთულია, როგორი პირბადეც არ უნდა გეკეთოს, სუნთქვა ჭირს. ეს ფაქტი აბიტურიენტს დათრგუნავს", — ამბობს ლელა.
რა შეიძლებოდა ყოფილიყო სხვაგვარად
განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე On.ge-სთან ამბობს, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, აბიტურიენტებისთვის, როგორც ჩარიცხვის, ისე დაფინანსების მექანიზმების შეთავაზება შეიძლებოდა. თუმცა, მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამაზე არ უმსჯელია და ამ მიმართულებებით არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა.
ტაბატაძე მიუთითებს, რომ სამინისტროს მიზანი არსებული სისტემის შენარჩუნება გახდა და არა ის, როგორი პასუხი შეიძლებოდა ჰქონოდა სახელმწიფოს პანდემიით გამოწვეული კრიზისისას. განათლების სპეციალისტს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება აბიტურიენტებისა და მოსწავლეების ინტერესებიდან არ ამოდიოდა.
როგორც სპეციალისტი ამბობს, არსებულ ვითარებაში გამოცდის ჩატარება აბსოლუტურად "არაადეკვატური" გადაწყვეტილებაა და კიდევ უარესი ამაში დამატებითი რესურსების მობილიზება და თანხის დახარჯვაა. ტაბატაძის აზრით, ეს აბიტურიენტების უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს და რეალურად, არა მათი ინტელექტუალურად მომზადებულობის, არამედ უფრო ამტანობის ხარისხის შემოწმებაა.
"რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არანორმალურია და ეს გამომდინარეობს არასწორად დასახული მიზნიდან. მიზანი იყო, რომ ეროვნული გამოცდები ჩატარებულიყო და არა ის, რომ შეგვექმნა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა აბიტურიენტების უმაღლესებში გადანაწილებას; შეგვექმნა სისტემა, რომელიც პანდემიის გამო შექმნილ უთანასწორობის აღმოფხვრას; შეგვექმნა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა თუნდაც პანდემიის გამო დაზარელებული ოჯახების შვილების დახმარებას უკვე სწავლის პერიოდში", — ამბობს ის.
სპეციალისტის აზრით, არსებული ვითარება, გრძელვადიან პერსპექტივაში, მოძველებული მისაღები გამოცდების გადახედვისა და შეცვლის საშუალებას იძლეოდა. მოკლევადიან პერსპექტივაში კი, მისი განმარტებით, შესაძლებელი იყო გამოცდების სექტემბრისთვის გადატანა, და 4 გამოცდის ნაცვლად ერთის — უნარების გამოცდის ჩატარება, რომლის საფუძველზეც მოხდებოდა როგორც აბიტურიენტების ჩარიცხვა, ასევე, გრანტების გადანაწილება.
ტაბატაძე აღნიშნავს, რომ რადგან ერთი გამოცდის მონაცემების დამუშავებას ბევრად ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე 4 გამოცდისას, სექტემბერში ჩატარებული გამოცდის პირობებშიც კი, სწავლის გაგრძელება და აბიტურიენტების გადანაწილება ოქტომბერში შესაძლებელი იქნებოდა.
"უნარების გამოცდა ამ ეტაპზე არ არის სავალდებულო. წელს არის პირველი შემთხვევა, როცა სავალდებულო გამოცდის ნუსხიდან ის იყო ამოღებული. არადა, ეს იძლეოდა შესაძლებლობას, რომ აბიტურიენტები ჩამდგარიყვნენ თანაბარ პირობებში. იმიტომ, რომ ამ საგანში აბიტურიენტების უმრავლესობა არ ემზადებოდა, ანუ შევამოწმებდით მათ უნარიანობას და არა მომზადებულობის ხარისხს სხვადასხვა საგანში", — ამბობს ის.
სპეციალისტის აზრით, კიდევ ერთი ალტერნატივა, რაზეც სამინისტროს შეიძლებოდა ეფიქრა, ესაა ყველას ჩარიცხვა და დაფინანსების და პროგრამის არჩევის შესაძლებლობა პირველი სემესტრის შემდგომ, შეფასებებიდან გამომდინარე.
"ხშირ შემთხვევაში, გამოცდები და კონკურსი ტარდება იქ, სადაც კონკურსი არ არის. რეალურად აბიტურიენტთა რაოდენობა უნივერსიტეტებში არსებულ ადგილებზე ნაკლებია. ყველა გამოცდის შემდგომ, უმაღლეს სასწავლებლებში 10-11 ათასი ადგილი რჩება ხოლმე. ჩვენ ადამიანებს ვაჯიბრებთ იმ ადგილებზე, სადაც კონკურენცია არ არის და ვატარებთ ოთხ გამოცდას", — ამბობს ის.
პანდემიის დროს განათლებაში არსებულ პრობლემებზე On.ge-მ სამინისტროსთან დაკავშირება არაერთხელ სცადა. მინისტრთან კითხვის დასმის საშუალება არ მოგვეცა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგის დროს, კი სადაც ეროვნული გამოცდების ტექნიკურ დეტალებზე იყო საუბარი, გვითხრეს, რომ ტესტების შინაარსის ცვილელება, საგნების ბარიერის დაწევა და დაფინანსების მოცულობის გაზრდა არ იგეგმება. უცნობია, რა ალტერნატივები განიხილა სამინისტრომ, საერთოდ იყო თუ არა განხილვის თემა ეროვნული გამოცდების სისტემის ცვლილება და არსებული ვითარებიდან გამომდინარე რესურსების დაზოგვა.
სტატია მომზადდა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები