დისტანციური გაკვეთილები და მასწავლებლები — რა ისწავლეს და რა ასწავლეს
სკოლის მასწავლებლები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებსაც კორონავირუსის გამო ახალ რეალობაზე გადაწყობა მოუწიათ. მიუხედავად მცირე დროისა და სხვადასხვა სახის სირთულისა, შეძლეს, რომ წელი აკადემიურად არ გამოცხადებულიყო. დისტანციური სწავლების სამთვიან პერიოდში მოსწავლეებთან ერთად მრავალ გამოწვევას გაუმკლავდნენ და ახლა On.ge-ს იმ გამოცდილებაზე უყვებიან, რაც ამ პერიოდში დააგროვეს. იმის გამო, რომ აქამდე ქვეყანაში მსგავსი პრაქტიკა არ არსებობდა, თავდაპირველად შიში, წუხილი, ნერვიულობა და სტრესი ძალიან მაღალი იყო, როგორც სისტემაში, ასევე, უშუალოდ მასწავლებლებშიც.
სანათა ოჩიაური წალკის სოფელ საბეჭისის მრავალეთნიკურ სკოლაში ასწავლის. ის გვიყვება, რომ მეზობელ სოფელში, საიდანაც აზერბაიჯანელი მოსწავლეები დადიან, ინტერნეტი კარგად არ იჭერს. იმის გამო, რომ ამ სოფელში მოსახლეობას არც ქართული ტელეარხები აქვს, ონლაინსწავლებასთან ერთად, ბავშვები ტელეგაკვეთილების გარეშეც დარჩნენ.
როგორც აღმოჩნდა, რეგიონებში ინტერნეტიზაციის პრობლემა მწვავედ დგას. აქ მასწავლებლებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ შესაბამისი ტექნიკისა და ინტერნეტის არ მქონე მოსწავლეებისთვის ცოდნის გადაცემაა, რომლებიც დისტანციურ სწავლებაში ვერ ერთვებიან.
"ასეთი სულ 8 ბავშვია, მაგრამ ყველანაირი დისტანციური სწავლების მიღმა დარჩნენ. ტელეფონით ვუკავშირდებით, ვაძლევთ მინიშნებებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. თვითონ ბავშვებმა იციან, მაგრამ ოჯახმა ხომ არ იცის ქართული, არ აქვთ ქართული არხები და სოფელშიც არაა ქართული პრიორიტეტი. TEAMS ჩავრთეთ, გავაგებინეთ ბავშვებს, აპლიკაცია ჩამოვატვირთვინეთ, მაგრამ ინტერნეტი არ აქვთ. ერთი ბავშვი გორაზე ადის და ისე გვერთვება, მაგრამ წვიმიან ამინდში ყოველთვის ვერ ახერხებს. დანარჩენები ასეც ვერ ახერხებენ, იმიტომ, რომ საერთოდ არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა, ტელეფონით ვუკავშირდებით ხოლმე", — ამბობს სანათა.
ის იმ შემთხვევებსაც იხსენებს, როცა ერთ ოჯახში რამდენიმე მოსწავლე ერთი ტელეფონით სარგებლობდა და შედეგად, ისიც გაუფუჭდათ. ასევე, ჰყავდა მოსწავლეები, რომლებსაც ინტერნეტპაკეტი გაუთავდათ და ამის გამო სასწავლო პროცესში ვეღარ ჩაერთნენ.
თუმცა, სანათა ხაზს უსვამს, რომ ბავშვები ტექნიკურ პრობლემებს მიზეზად არ იყენებდნენ და მის გამოსწორებას თვითონვე ცდილობდნენ.
"პედაგოგებს არ შეგვქმნია პრობლემა და სწრაფად ჩავერთეთ, მაგრამ ბავშვებში იყო ტექნიკური ხარვეზები: ზოგს ტელეფონი გაუფუჭდა, იმიტომ, რომ ოჯახში რამდენიმე ბავშვი სარგებლობდა ამ ტელეფონით და გადაიწვა. ჰქონდათ ფინანსური პრობლემებიც, მაგალითად, ინტერნეტი გაუთავდათ და იმ თვეს ბავშვი ვეღარ შემოვიდა, მაგრამ ამას სისტემატური სახე არ ჰქონია. ბავშვები რაღაცნაირად ახერხებენ, რომ ტექნიკურ პრობლემებს გაუმკლავდნენ. თან ეს არის კარგი, თვითონ აქვთ მოტივაცია, რომ გამოასწორონ", — ამბობს სანათა.
მიუხედავად შექმნილი პრობლემებისა, სანათა დისტანციური სწავლების დადებით მხარეებზეც მიუთითებს. მისი თქმით, ამ პროცესმა ხელი შეუწყო იმას, რომ ბავშვები მხოლოდ კარგი ნიშნისთვის აღარ სწავლობენ.
"მშობელიც უკეთ ხედავს ბავშვის შესაძლებლობებს, აქტიურადაა პროცესში ჩართული და ეხმარება. ელექტრონული სერვისების გამოყენების თვალსაზრისით, ძალიან კარგია დისტანციური სწავლება, ბავშვებისთვის ახლობელია ეს ტექნიკური მხარე და აუცილებლად გამოვიყენებ", — ამბობს ის.
გარდა იმისა, რომ სკოლაში ასწავლის, სანათა პროგრამის ასწავლე საქართველოსთვის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიულ საკითხში კონსულტირებას ადგილობრივ მასწავლებლებსაც უწევდა. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ აკადემიურ წელი არ გამოცხადდა, თუმცა მასწავლებლებმა შემდეგ სასწავლო წელს პარალელურად ეს საკითხებიც აუცილებლად უნდა გაიარონ და იმ წლის პროგრამას შეუთავსონ.
"მართალია, ამ გამოწვევას დღევანდელმა სკოლებმა იოლად აუღეს ალღო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დისტანციური სწავლება სრულად შეძლებს პედაგოგის საკლასო ოთახში ყოფნის ჩანაცვლებას. ასევე მოსწავლეებისთვის აუცილებელია სოციალიზაცია, გაკვეთილებზე წყვილებსა და ჯგუფებში მუშაობა", — ამბობს სანათა.
ონლაინსწავლების პროცესში ყველაზე დიდ სირთულედ ინტერნეტიზაციის პრობლემას ასახელებს სალომე ბანძელაძეც, რომელიც ლეჩხუმის სოფელ ლუხვანოს სკოლაში ასწავლის. ამბობს, რომ ბავშვები დღემდე მობილური ინტერნეტ პაკეტს ყიდულობენ, რათა სწავლის პროცესში ჩაერთვონ.
"ჩვენი უმთავრესი პრობლემა ინტერნეტიზაცია აღმოჩნდა. ვფიქრობ, რომ არა მარტო ჩვენთვის, მაღალმთიანი სოფლების უმრავლესობისთვისაც ეს უცხო არ იქნება. უინტერნეტობა იყო ყველაზე ცუდი და დღემდე ჩვენ მობილური ინტერნეტის პაკეტებით ვსარგებლობთ.
მეორე პრობლემა იყო ის, რომ ბავშვებს კომპიუტერი არ ჰქონდათ, მაგრამ მოგვიანებით ჩვენი რეგიონის რწმუნებულმა საჩუქრად გადასცა და ეს მოგვარდა. მაგრამ ინტერნეტის პრობლემა მაინც უმთავრესი იყო", — ამბობს სალომე.
გამოწვევა იყო უკვე შედგენილი სასწავლო ცხრილის დისტანციურ სწავლებაზე მორგებაც.
"დისტანციურ სწავლებას რაღაცნაირად უნდა მოვრგებოდით, ამიტომ დროც სხვანაირად უნდა გადაგვენაწილებინა, ცხრილიც სხვანაირად უნდა შეგვედგინა. გარკვეული დროის შემდეგ მოვახერხეთ და როგორღაც ფორმაში ჩავდექით. ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მასწავლებლისთვის, პირველი საფიქრალი ის იყო, რომ როგორმე უნდა მომეხერხებინა, ეს საკმაოდ ვრცელი მასალა, რომელიც კვირაში ხუთ საათზე მქონდა მორგებული, სამ საათში ჩამეტია და ბავშვებისათვის მიმეწოდებინა მაქსიმალურად ამომწურავად არცთუ ისე სახარბიელო პირობებში. მე ამ დროის განმავლობაში ვისწავლე, როგორ უნდა გამოვიყენო დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად, ისე, რომ ბავშვის ყველა კითხვას პასუხი გავცე", — ამბობს სალომე.
მისი აზრით, გასაკვირი არაა, რომ ონლაინსწავლების პროგრამა თავიდან გამართული არ იყო. თუმცა მიაჩნია, რომ ბავშვები ცოდნის გარეშე არ უნდა დარჩენილიყვნენ და დისტანციური სწავლების იდეა მაინც კარგი იყო. სალომე ამ მეთოდის გამოყენებას ჩვეულებრივ სასწავლო პროცესშიც გეგმავს.
"მაგალითად, მე ვფიქრობ, რომ როცა დავუბრუნდებით ჩვეულებრივ რეჟიმს და აღმოჩნდება რაღაც გაუგებარი მოსწავლისთვის ან დასჭირდებათ რაღაც მომენტში დახმარება, უკვე გამომუშავებული აქვთ, რომ შეუძლიათ დამირეკონ და ერთად ვიმუშავოთ. ან დავუშვათ, ავადმყოფობის ან რაღაც მიზეზის გამო ბავშვი სკოლაში ვერ მოვა, მე მზად ვიქნები, რომ დისტანციურად ვიმუშავო იმ ბავშვთან", — ამბობს სალომე.
თბილისის 133-ე სკოლის მასწავლებელს, ნინო ბაკურაძეს რამდენიმე მცირე შეფერხების გარდა, ონლაინსწავლების პროცესში პრობლემები არ ჰქონია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში სწავლის შეწყვეტის შემდეგ ბავშვები რეგიონებში წავიდნენ, დისტანციურ სწავლებაში უმრავლესობა მაინც ჩართული იყო.
"მაინც ძალიან ბევრი ახერხებდა ჩართვას სოფლებიდან. იყო მაგალითად, რომ მიკროფონში ხმა არ ისმოდა, მაგრამ ბავშვები თვითონვე ცდილობდნენ ამ ყველაფრის გამოსწორებას და შეიძლება თავიდანვე ყველა მაშინვე არ ჩაერთო, მაგრამ თანდათან, ნელ-ნელა, თითქმის ყველა შემოგვიერთდა. თუმცა, მე ჩემი სკოლის მაგალითზე ვამბობ, თორემ, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ იყო შემთხვევები, როცა ბავშვები ვერ ახერხებდნენ ჩართვას. ეს პრობლემები თავისთავად იქნებოდა, თუმცა გამოსწორებადი და არა ისეთი, რომ სასწავლო პროცესი ჩავარდა", — ამბობს ნინო.
როგორც ნინო აღნიშნავს, როგორი გამართული პროგრამაც არ უნდა იყოს ან გასაოცარი ტექნიკური აღჭურვილობა, ეს ბავშვთან ცოცხალ ურთიერთობას და კლასში წარმართულ საგაკვეთილო პროცესს ვერ შეცვლის. თუმცა, ფიქრობს, რომ ონლაინსწავლება გამოწვევა იყო და ეს გამოცდილება უნდა მიეღოთ. აპირებს, ამ პროცესში მიღებული გამოცდილება გაკვეთილების ჩვეულებრივ რეჟიმში დაბრუნების შემდეგაც გამოიყენოს.
"რაც მოსანატრებელი იყო, ეს იყო ჯგუფური სწავლებები, რომელსაც ვერ ვახერხებდით ონლაინრეჟიმში. ჩვეულებრივ სასწავლო პროცესში თუ დამჭირდება ბავშვისთვის დამატებით რაღაცის მიწოდება, ამ გამოცდილებას გამოვიყენებ და დავუშვათ, დავნიშნავ ერთ დღეს, მაგალითად, შაბათს და დამატებით ონლაინრეჟიმში, შეხვედრის გარეშე ჩავატარებ. ან ბავშვს, რომელიც არის ავად, ონლაინრეჟიმში დავუკავშირდები. მასწავლებელიც და მოსწავლეც უკვე გარკვეულ გამოცდილებამიღებულია", — ამბობს ნინო.
მას ონლაინსწავლებამ სისტემის ძლიერი და სუსტი მხარეები დაანახა.
"ის მაინც დავინახეთ, რა პრობლემებია, სად გვჭირდება გაძლიერება ან რა არის ჩვენი ძლიერი მხარეები. ძალიან კარგი იყო პირველ რიგში მოსწავლეებისთვის, უწყვეტი სწავლის პროცესი ჰქონდათ და არა უმიზნო დღეები", — ამბობს ნინო.
სკოლის საგაკვეთილო პროცესიდან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ემოციურად რთული იყო თბილისის მე-18 სკოლის მასწავლებლის, ლელა ბეგლარაშვილისთვის. მისთვის სკოლაში მუშაობის პირველი წელია და სხვა ბევრ სიახლეს დისტანციური სწავლების გამოცდილებაც დაემატა. საგაკვეთილო პროცესი სკოლაში სულ სხვა ემოციებს აძლევს, თუმცა ფიქრობს, რომ ასე თუ ისე მასწავლებლებმაც და მოსწავლეებმაც გამოწვევას თავი გაართვეს.
"მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე ცუდი და არასასურველი იქნებოდა, ამ სასწავლო წლის აკადემიურად გამოცხადება. ბევრი კურიოზიც იყო, ბევრი კარგიც მოხდა. რა თქმა უნდა, ნელ-ნელა უფრო გაუმჯობესდება.
ალბათ, უფრო გამოიკვეთა, ვის როგორი დამოკიდებულება გვქონდა. არიან მასწავლებლები, რომლებმაც ვერ გაართვეს თავი TEAMS-ში მუშაობას, რაღაც პრობლემებიც წამოვიდა. ყოველ შემთხვევაში, თვითონ TEAMS-იც დაიხვეწა, როგორც პროგრამა, ბევრი სიახლის საშუალება მოგვეცა თვითონ საგაკვეთილო პროცესზე.
ჩვეულებრივი სტილით ტარდებოდა გაკვეთილი, TEAMS-ში აისახებოდა ვინ შემოდიოდა, ვინ იყო აქტიური, ვინ არ იყო. თუნდაც საგაკვეთილო პროცესზე, საშინაო დავალებების დაბრუნების მომენტში, შეძლებისდაგვარად ყველაფერი კონტროლდებოდა", — ამბობს ლელა.
ლელა აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებას ბავშვები საკმაოდ დადებითად და გაგებით მოეკიდნენ. მისი თქმით, ონლაინსწავლების პერიოდში ისეთი მოსწავლეებიც გამოიკვეთნენ, რომლებიც საგაკვეთილო პროცესში უფრო ნაკლებად იყვნენ ჩართულები.
ამბობს, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოსწავლემ მასწავლებელთან დაკონტაქტება ვერ შეძლო. თუმცა, ვინც TEAMS-ის პლატფორმაზე შესვლას ვერ ახერხებდა, მათ ინფორმაციას Facebook Messenger-ის საშუალებით აწვდიდნენ.
"ხშირი კონტაქტი ჰქონდათ ასეთ ბავშვებს, აგზავნიდნენ კითხვებს და ჩვენ პასუხებს ვუბრუნებდით. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ის ბავშვები, ვინც გამუდმებით აქტიურები იყვნენ კლასში, ისევ ისეთი აქტიურები იყვნენ ამ ონლაინსწავლებისას და ისიც შემიძლია ვთქვა, რომ მყავს ისეთი მოსწავლე, რომელიც ბევრად უფრო აქტიური იყო ონლაინსწავლებისას. ჩემდა გასაკვირად, ამ პერიოდში ისეთი ბავშვებიც გამოიკვეთნენ, რომლებიც უფრო ნაკლებად იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში", — ამბობს ლელა.
ონლაინსწავლების კიდევ ერთი დადებით მხარე, რასაც ლელა ხაზს უსვამს, ისაა, რომ "მოსწავლეებმა სკოლაში სიარული დააფასეს".
სერვანტესის სახელობის კერძო გიმნაზია აია-ჯესს-ის მასწავლებელი, მზეო შველიძე ამბობს, რომ დისტანციური სწავლება სერიოზული გამოწვევაა განათლების სფეროში მომუშავე ყველა სპეციალისტისთვის, მიუხედავად მასწავლებლების გამოცდილებისა თუ კვალიფიკაციისა. მისი თქმით, სრულიად ახალი უნარ-ჩვევები შეძენა თანაბრად დასჭირდათ იმისთვის, რომ რიგი წინააღმდეგობები დაეძლიათ და ამ პროცესში პროფესიული თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
"ჩემმა სკოლამ წარმატებით გაართვა თავი ყველა გამოწვევას, რომელიც დისტანცირებით იყო გამოწვეული. ამ დრომდე ტარდება ტრენინგები, სადაც მასწავლებლები ელექტრონული რესურსების შექმნას სწავლობენ, ითვისებენ ახალ აპლიკაციებს და უწყვეტ რეჟიმში აზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა თუ განწყობებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში სწორედ ესაა — გავიაზროთ, რომ თანამშრომლობას, კეთილგანწყობილ ურთიერთობას და გუნდურობის პრინციპით მუშაობას შეუძლია ნებისმიერი პრობლემა დაგვაძლევინოს, თანაც წარმატებით. იმედია, როცა ეს ამბები ჩაივლის და დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, არ დაგვავიწყდება, როგორ შევძელით პროფესიული გაერთიანება და გავხდით გაცილებით უფრო თანამშრომლური, ვიდრე როდესმე", — ამბობს მზეო.
მისივე თქმით, იმავე რეჟიმში მუშაობა შვებულების დროსაც წარმატებით შეუძლია გააგრძელოს.
"სამწუხაროდ, ჯერ არ ვიცით სექტემბრიდან შევძლებთ თუ არა არადისტანციურ მუშაობას, მაგრამ შეიძლება თავისუფლად იმის თქმა, რომ პროფესიულად მზად ვართ იგივე რეჟიმშიც სრულფასოვნად ვიმუშაოთ და შვებულების ის დრო, რომელსაც ძალების მოსაკრებად ვიყენებდით ხოლმე, დავუთმოთ განვითარებას, რადგან ეს საჭირო და აუცილებელია როგორც ჩვენთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დღეს უფრო მეტად ვჭირდებით", — ამბობს მზეო.
დისტანციური სწავლების პროცესში მასწავლებლებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას უსვამს ხაზს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანიც. მისი თქმით, ამ პერიოდში მასწავლებლის მხრიდან პრაქტიკული რჩევები ძალიან დიდი რაოდენობით გაზიარდა და ეს დასაფასებელია.
"უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად მასწავლებლებმა, რომლებიც წლების მანძილზე პროფესიულ განვითარებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები, საკმაოდ მალე, ის ცოდნა, რაც მიღებული ჰქონდათ, გაააქტიურეს და შეძლეს ადაპტაცია ამ სიტუაციასთან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი არ ჩაიკეტნენ საკუთარ თავთან, საკლასო ოთახთან და დაიწყეს გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება. თუ გადავხედავთ ამ სამთვიან გამოცდილებას, ეს ნაბიჯიც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სხვა მასწავლებლები, რომლებიც უფრო თავდაჯერებულად ვერ გრძნობდნენ თავს, უყურებდნენ თავიანთ კოლეგებს, რომლებიც საკუთარ შეცდომებზე, წარმატებაზე დაფუძნებულ გამოცდილებას უხვად აზიარებდნენ", — ამბობს რატიანი.
მისი განმარტებით, მასწავლებლებს მოსწავლეებთან ინტერაქცია გაუჭირდათ, იმიტომ, რომ საკლასო ოთახში, პირისპირ, ეს სხვაგვარად ხდება. ამიტომ ფიქრობს, რომ იმ მეთოდოლოგიაზე, რომელიც დისტანციური სწავლებისათვის არის ეფექტური და გამართლებული, მასწავლებლებს მეტი ინფორმაცია სჭირდებათ.
"ინტერაქტიული მეთოდების შესახებ წლებია სწავლობდნენ, პრაქტიკაშიც გადმოჰქონდათ, მოსინჯული ჰქონდათ, იცოდნენ რა მუშაობს კარგად და რა — ნაკლებად. მაგრამ ონლაინფორმატში სწავლებით, როცა ტექნიკურად ჯერ ისე თავდაჯერებული არა ხარ მასწავლებელი, ცოტა არ იყოს, რთული იყო ამის შეტანა. გაუჭირდათ ჯგუფში მოსწავლეების მუშაობების დაგეგმვა და სხვა იმ საჭირო სოციალური უნარების განვითარება, რაც საკლასო ოთახის განუყოფელი ნაწილია", — ამბობს ის.
მისივე თქმით, გამოჩნდა, რომ სისტემა ელექტრონულ რესურსებზე უფრო მეტად უნდა გადაეწყოს, რადგან ამის საჭიროება გაჩნდა. მანანა რატიანს მიაჩნია, რომ უგუნურება იქნება იმ გამოცდილებაზე უარის თქმა, რაც ამ 3 თვეში მასწავლებლებმაც დააგროვეს და რასაც მოსწავლეები მიეჩვივნენ იმ მრავალფეროვანი რესურსებით, რომლის საშუალებასაც ინტერნეტი და დისტანციური სწავლება იძლევა.
სპეციალისტის აზრით, სასწავლო პროცესი ტექნოლოგიური მიმართულებით და რესურსების მრავალფეროვნებით აუცილებლად უნდა გამდიდრდეს. ფიქრობს, რომ სახელმძღვანელოზე დაფუძნებული სწავლება ისედაც მოძველებული ფორმატი იყო და არ შეიძლება, მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესში უმეტეს დროს სახელმძღვანელოზე დაფუძნებით ასწავლიდეს. მისი თქმით, ეს წარსულს უნდა ჩაბარდეს.
"კარგი გამოცდილება მიიღეს ჩვენმა მასწავლებლებმა, როგორ უნდა მოიძიონ, როგორ უნდა შექმნან თითოეული გაკვეთილისათვის რესურსი, როგორ უნდა გახადონ გაკვეთილი უფრო მეტად სახალისო, მეტად საინტერესო მოსწავლისთვის და როგორ უნდა აღძრან მოტივაცია ბავშვებში. მე მგონია, ეს ყველაფერი საკლასო ოთახში ძალიან მალე გადმოინაცვლებს.
თუ საკლასო ოთახი საკმარისად არ არის უზრუნველყოფილი პროექტორით, კომპიუტერით, ელექტრონული ჟურნალით, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ისეთი დავალებების მიცემა, რომელიც მოსწავლეს საშუალებას მისცემს, რომ თვითონ გახდეს ინფორმაციის მომძიებელი, მკვლევარი, დამმუშავებელი. 21-ე საუკუნის უნარებია ინფორმაციის მართვა, კვლევაზე დაფუძნებული სწავლება და ეს ყველაფერი უნდა დარჩეს საკლასო ოთახში", — ამბობს რატიანი.
ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგებს მოიტანს ონლაინ გაკვეთილები მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის. თუმცა იმაზე ყველა თანხმდება, რომ ეს იყო ახალი, რთული, მაგრამ საინტერესო გამოცდილება, რომელიც სტანდარტული გაკვეთილების განახლების შემთხვევაშიც შეიძლება დარჩეს მათ დღის წესრიგში.
სტატია მომზადდა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები