ძლივს ნაშოვნი სამსახური დავკარგე, სწავლის საფასურს ვერ ვიხდი — პანდემია სტუდენტების წინააღმდეგ
კორონავირუსის პანდემიამ კვალი დატოვა არა მხოლოდ ეკონომიკაზე, არამედ განათლების სფეროზეც. მიუხედავად იმისა, რომ სკოლები და უნივერსიტეტები სწავლების დისტანციურ მოდელზე გადავიდნენ და ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საკმაოდ წარმატებულადაც, ერთ-ერთ პრობლემად სტუდენტების სწავლის საფასური რჩება.
სალომე კვარაცხელია 29 წლისაა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს, სადაც წელიწადში 7 500 ლარის გადახდა უწევს. ტურისტულ სეზონზე გიდად მუშაობდა და სწავლის საფასურს ასე იხდიდა. ახლა აკადემიური წლის აღება მოუწია.
სალომემ სტუდენტის სტატუსი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე შეიჩერა, რადგან მიხვდა, რომ მუშაობას ვერ შეძლებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერც სწავლის საფასურს გადაიხდიდა:
"ჩვენ მოდულური სწავლება გვაქვს და სწავლის საფასურის გადანაწილება სამ მოდულზე შეგიძლია. თვითონ მოდულს ქვიზამდე რამდენიმე ხნით ადრე იხდი. რადგანაც სწავლა დაწყებული იყო, პირველი მოდული გადახდილი მქონდა. რეალურად, როცა სტუდენტის სტატუსს იჩერებ, უნივერსიტეტი არაა ვალდებული მოდულის თანხა დაგიბრუნოს. რექტორს მივწერე და ავუხსენი სიტუაცია, მხოლოდ მისი კეთილი ნებით დამიბრუნეს თანხა".
კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო სწავლის საფასურის გადახდა გაუჭირდა 20 წლის იოანე ქობულაშვილსაც. იგი ილიაუნიში მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლობს.
იოანე მრავალშვილიანი ოჯახიდანაა, სამი ძმა ჰყავს. ერთი ასევე სტუდენტია, თუმცა დასაქმებული და სწავლის საფასურს თვითონ იხდის.
"კორონავირუსის პერიოდში ძლივს ნაშოვნი სამსახური დავკარგე. უნივერსიტეტის დავალებებსაც ვეღარ ვაგზავნიდი, კომპიუტერს მოუვიდა რაღაც. შესაკეთებლადაც ვერ მივიტანე, რადგან არაფერი მუშაობდა, სავარაუდოდ, ყველა საგანი შემეტენა. იმისთვის, რომ სწავლის, კომუნალურებისა და სხვა მრავალი წვრილმანის გადახდა შეგვძლებოდა, მე და მამაჩემმა ბანკიდან ფული გამოვიტანეთ და ვაჭრობა გადავწყვიტეთ. ამ ბოლო ორ დღეში 500 ლარი, ნერვები, ჯანმრთელობა და ნორმალური ძილი ვიზარალე", — ამბობს იოანე.
სწავლის საფასურის გადავადებასთან დაკავშირებით არც თვითონ მიუმართავს და არც უნივერსიტეტს შეუტყობინებია რამე:
"ლექტორებს ვუთხარი, რომ დავალებებს ვერ ვაგზავნიდი. როგორც ჩანს, დიდად არ აინტერესებთ. არგუსზე (ილიაუნის შიდა საკომუნიკაციო სისტემა) მივიწერე, ინტერნეტი არ მქონდა ერთი თვე და ვერ ვახერხებ შემოსავლას-მეთქი და მიპასუხეს, თუ ვერ ესწრებით [ლექციებს], სამწუხაროდ, ქულა არ გექნებათო".
რას აკეთებენ უნივერსიტეტები
სწავლის საფასურის გადახდის საკითხზე On.ge რამდენიმე მსხვილ უნივერსიტეტს ესაუბრა.
ილიაუნიში, სადაც 15 ათასამდე აქტიური სტუდენტია, სწავლის საფასურის გადავადება 1 600 სტუდენტმა ითხოვა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქეთი ლაკირბაია აღნიშნავს, რომ პანდემიის საწყის ეტაპზე გარკვეული დავალიანების მქონე სტუდენტებს სწავლის გაგრძელებისა და საგნების არჩევის საშუალება მიეცათ. ამის შემდეგ უნივერსიტეტმა სპეციალური ბლანკი შექმნა, რომლითაც სტუდენტები ფინანსურ შეღავათს მოითხოვდნენ.
"სათითაოდ გავიარეთ ყველა ქეისი. საკმაოდ რთული იყო, რადგან ბევრია და თან ყველას სხვადასხვა პრობლემა აქვს. სათითაო ქეისების გავლით, ყველას თავისი გადაწყვეტა მოვუძებნეთ. ძალიან ეფექტურიც აღმოჩნდა ეს, რადგან მათზე მორგებული გადაწყვეტილება შევთავაზეთ, ზოგს ნაწილის გადახდის საშუალება მივეცით, ზოგს გრაფიკები შევუცვალეთ", — ამბობს ქეთი ლაკირბაია.
მისივე თქმით, უნივერსიტეტში საფასურის გადახდის ათნაწილიანი სისტემა მოქმედებს, კორონავირუსის გამო კი სიტუაციაზე განსხვავებულად მორგება მოუწიათ.
სტუდენტზე მორგებულ სისტემაზე საუბრობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. როგორც თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განმარტეს, მიმართვის შემთხვევაში სტუდენტს შეუძლია საფასურის გადახდის გრაფიკი ინდივიდუალურად შეათანხმოს. მათივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში 5 განაცხადი მიიღეს და ყველა მათგანი დაკმაყოფილებულია.
"უნივერსიტეტის ბიუჯეტში 600 000 ლარია გამოყოფილი სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფარვის მიზნით. აღნიშნული დაფინანსებით ისარგებლებენ შესაბამისი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები", — ამატებენ უნივერსიტეტში.
საფასურის გარდა, პირველი მაისიდან პირველ ივლისამდე შეღავათი შეეხო სტუდენტურ საცხოვრებლებსაც:
"სოციალურად დაუცველი (70 ათასამდე სარეიტინგო ქულით) და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტი, ასევე სტუდენტი, რომელმაც COVID 19-ის გამო დაკარგა სამსახური ან/და არის უხელფასო შვებულებაში და მთავრობისგან იღებს შესაბამის დახმარებას ამ პერიოდის განმავლობაში გათავისუფლდებიან გადასახადისგან. ხოლო ოჯახიდან 2 ან მეტი სტუდენტის, ან სოციალურად დაუცველი სტუდენტის შემთხვევაში (70 ათასზე მეტი სარეიტინგო ქულით) — ისინი ისარგებლებენ 50 %-იანი შეღავათით. ყველა დანარჩენი სტუდენტზე გათვალისწინებულია 30% -იანი შეღავათი".
თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში განაცხადეს, რომ სტატუსი არც ერთ სტუდენტს არ შეჩერებია:
"ფაქტობრივად, პრობლემური ქეისები არ გვაქვს".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ სწავლის საფასურის გადავადებასთან დაკავშირებით 125 განცხადება მიიღეს და ყველა მათგანი დააკმაყოფილეს.
"ამ დროისთვის 500 სტუდენტს აქვს სემესტრის საფასური გადაუხდელი, თუმცა მათ ჩვეულებრივად დაწერეს შუალედური გამოცდები და არანაირი შეზღუდვა არ ყოფილა, ონლაინლექციებსაც ჩვეულებრივად ესწრებიან. ფინალურებზეც, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ, რომ არ ჰქონდეთ ტექნიკური შეზღუდვა", — ამბობს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, სალომე სუხიშვილი.
მისივე თქმით, სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი სისტემა აქვთ, თუმცა პანდემიის გამო გადანაწილებაზე მოთხოვნების რაოდენობა გაიზარდა.
23 000 აქტიური სტუდენტი ჰყავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კარლო კოპალიანი აცხადებს, რომ პანდემიის გამო რთული ვითარება შეიქმნა.
კოპალიანის განმარტებით, უნივერსიტეტმა სტუდენტებს მათზე მორგებული ახალი სისტემა შესთავაზა — სტუდენტები, რომლებიც ონლაინლექციებში ჩართვა ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებენ, სასწავლო კურსებს აღადგენენ და შეფასებასაც მიიღებენ. რაც შეეხება სწავლის საფასურს, მისი თქმით, პანდემიის პირობებში გადაუხდელობის გამო არც ერთ სტუდენტს სტატუსი არ შეუჩერდება და საფასური გადანაწილდება.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ პანდემიამ დაღი დაასვა ყველა უნივერსიტეტს, და გამონაკლისი არც ტექნიკური უნივერსიტეტია.
"სწავლის საფასურის დაფარვა სტუდენტების გარკვეულ, არცთუ მცირე ნაწილს, ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო გაუჭირდა, ბევრმა სტუდენტმა დაკარგა სამუშაო, ასევე, სამუშაო დაკარგეს მათი ოჯახის წევრებმა. მაგრამ, მეორე მხრივ, უნივერსიტეტსაც შეექმნა რთული მდგომარეობა, იმის გამო, რომ სტუდენტი ვერ ფარავს ან დროულად ვერ ფარავს სწავლის საფასურს. უნივერსიტეტს არ გააჩნია სხვა შემოსავალი, მის ბიუჯეტში მობილიზდება სწავლის საფასური, რომელსაც სტუდენტები ფარავენ", — აცხადებს კოპალიანი.
მისივე თქმით, უნივერსიტეტი მთლიანად ელექტრონულ სწავლებაზე გადავიდა და კვირაში 4 500-ზე მეტი ონლაინლექცია ტარდება, ჩანაწერები კი სპეციალურ პლატფორმაზე იტვირთება. როგორც კოპალიანი აღნიშნავს, საუნივერსიტეტო პლატფორმის გაძლიერებისთვისა და ტექნიკური მხარდაჭერისთვის სოლიდური რესურსების დახარჯვა მოუწიათ.
განვლილი გზის პრეზენტაცია თუ ქმედითი გეგმა
განათლების სამინისტრომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ანტიკრიზისული გეგმა 15 მაისს წარადგინა, სადაც მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა გადადგმულ ნაბიჯებსა და ონლაინსწავლების შეფასების ახალ სისტემაზე ისაუბრა. სწორედ მაშინ მინისტრისგან საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ უმაღლესი სასწავლებლების მიმართ უწყებამ რეკომენდაცია გასცა, სწავლის საფასური გადაენაწილებინათ ან გადაევადებინათ.
განათლების საკითხების სპეციალისტის, სიმონ ჯანაშიას აზრით, სამინისტროს გეგმა უფრო "მიღწევების პიარაქციას" ჰგავდა და არ ჩანდა, რა ზარალი მიიღო სისტემამ და რა რესურსებს დახარჯავს სახელმწიფო.
როგორც ჯანაშია აღნიშნავს, ზოგ შემთხვევაში, მათ შორის უმაღლესი განათლების საკითხებში, პოლიტიკის ინსტრუმენტები არ ჩანდა და მხოლოდ რეკომენდაციები ახსენეს.
"რეკომენდაციის გაცემა არ არის პოლიტიკის ინსტრუმენტი. აქ ჩანს, რომ სახელმწიფოს უმაღლეს განათლებაში პოლიტიკა არ აქვს", — ამბობს ის.
სიმონ ჯანაშიას აზრით, სახელმწიფოს შეეძლო სტუდენტებს სხვადასხვანაირად დახმარებოდა, მათ შორის პროგრამების სუბსიდირებით, რათა უმაღლეს სასწავლებლებს საფასურის გადავადება შესძლებოდათ. იგი აღნიშნავს, რომ თანხის გადაუხდელობით არამხოლოდ სტუდენტები, არამედ უნივერსიტეტებიც ზარალდებიან:
"სამწუხაროდ, საქართველოში უნივერსიტეტების დაფინანსების დიდი ნაწილის წყარო არის სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასური, რაც იმას ნიშნავს, რომ ზიანი ადგება არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ მთლიანად სისტემას, რადგან შეიძლება უნივერსიტეტებს მოუწიოთ დროებით პროფესორების გაშვება, შეჩერება გარკვეული პროგრამების და სხვა".
სწავლის საფასურის გარდა, ჯანაშია ხედავს ონლაინსწავლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემასაც. მისი თქმით, სახელმწიფოს შეეძლო იმ სტუდენტების დახმარება, რომლებსაც ინტერნეტთან ან ტექნიკასთან წვდომა არ აქვთ:
"თუნდაც ბიუროკრატიის კომპიუტერების გადაცემით, რომელსაც თვითონ ამჟამად არ იყენებს ან ინტერნეტის სუბსიდირებით და სხვა".
მას მიაჩნია, რომ საგანგებო ვითარებაში სახელმწიფო ისე არ იქცევა, როგორც უნდა იქცეოდეს და პრობლემების აღმოსაფხვრელად არც რესურსების მობილიზებაზე ზრუნავს:
"ეს რესურსები არ გულისხმობს უნივერსიტეტის რექტორებს მაინც და მაინც. ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაციები, არის სათემო ორგანიზაციები, არის მუნიციპალიტეტები, არის ბიზნესები. სამინისტროსგან მე არ გამიგია, რომ სადმე პარტნიორობისთვის, ვინმესთვის მიემართა საჯაროდ, თორემ დახურულ კარს მიღმა შეიძლება რაღაც მოლაპარაკებები აქვს კომერციულ ორგანიზაციებთანაც".
განათლების სამინისტროს გეგმას აკრიტიკებენ ოპოზიციაშიც. პარლამენტში ევროპული საქართველოს დეპუტატსა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სერგო რატიანს მიაჩნია, რომ ეს უფრო განვლილი გზის პრეზენტაცია იყო. რატიანი მიუთითებს იმაზე, რომ გეგმის წარდგენისას სამომავლო ღონისძიებებზე ნაკლებად ისაუბრეს.
რაც შეეხება სწავლის საფასურის გადახდას, სერგო რატიანის თქმით, რადგან კრიზისი მარტში დაიწყო, იმ პერიოდისთვის თანხის დიდი ნაწილი ბევრ სტუდენტს უკვე გადახდილი ჰქონდა, ამიტომ პრობლემა ნაკლებსაგრძნობია. ის მიუთითებს იმაზეც, რომ უნივერსიტეტებში საფასურის გადავადების პრაქტიკაც არსებობს.
თუმცა, დეპუტატი აღნიშნავს, რომ პრობლემა სექტემბერში უფრო თვალსაჩინო გახდება, როცა ახალი სემესტრის საფასურის გადახდა იქნება საჭირო.
"ახალი სემესტრი რომ დაიწყება და იმ დროისთვის ეკონომიურად მძიმე მდგომარეობაში ხარ, იმ მომენტისთვის შეიძლება ეს იყოს გამოწვევა. მთავრობა უნდა ფიქრობდეს ამაზე. მთავრობა უნდა ფიქრობდეს ამის ვაუჩერიზაციაზე", — ამბობს რატიანი.
ერთ-ერთ გამოწვევად დეპუტატი ინტერნეტთან ხელმისაწვდომობასაც ასახელებს — სწავლის საფასურის გადახდის მიუხედავად, შესაძლოა სტუდენტი ონლაინლექციებს ვერ დაესწროს.
"უბრალოდ ერთ-ერთი გამოსავალია, რომ შეგენახება ეს ფული და შემდეგ სემესტრში გაივლი [საგნებს]", — აღნიშნავს დეპუტატი.
უმაღლეს სასწავლებლების საფასურთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს განათლების კომიტეტის თავმჯდომარესა და ქართული ოცნების დეპუტატს, გენადი მარგველაშვილს. მას მიაჩნია, რომ სახელმწიფო კერძო სტრუქტურებში ვერ ჩაერეოდა.
ამავე დროს, დეპუტატის თქმით, სისტემის წინაშე მდგარი ძირითადი ამოცანები — განათლების უწყვეტობა და ხარისხის მიწოდება — რელევანტურად და სწორადაა ამოხსნილი.
"სახელმწიფო ვერ ჩაერევა კერძო მიმართულებით, ერთადერთი არის სწორი შეთავაზება, სწორი კონსოლიდაციისკენ და სოლიდარობისკენ მოწოდება, უმაღლესი სასწავლებლები იქნება თუ კერძო სკოლები, რომლებიც არ უნდა იყენებდნენ ამ მდგომარეობას", — აღნიშნავს დეპუტატი.
რაც შეეხება სამომავლოდ სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის შემსუბუქების გეგმას თუ ვაუჩერულ სისტემას, გენადი მარგველაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის სახელმწიფო ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ეხმარება:
"ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი რომელიც იქნება, იმის გვერდში უნდა დავდგეთ, რადგან ჩემი აზრით, დახმარება შეიძლება ბევრიც გამოყო, ხანგრძლივადაც გამოყო, მაგრამ დროულად უნდა გამოყო. დროული დახმარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი".
დეპუტატი მოსაზრებით, მთავრობა და განათლების სამინისტრო სტუდენტების საკითხს კვლავ დაუბრუნდება და განათლების კომიტეტიც გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს.
"დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ სტუდენტურ პრობლემას განათლების სამინისტრო და მთავრობა ადეკვატურ და შეიძლება ვაუჩერულ სისტემაზე უკეთეს ამოხსნაც მოუძებნოს. უბრალოდ ის არის, რომ იქამდე უნდა მივიდეთ. ეს საკითხი განახლდება, დარწმუნებული ვარ", — ამბობს დეპუტატი.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა რექტორებთან ბოლო სამუშაო შეხვედრა 19 მაისს გამართა. რექტორთა საბჭოზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი სწორედ სწავლის საფასური იყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მინისტრმა მადლობა გაუხადა რექტორებს და იმედი გამოთქვა, რომ სტუდენტების მიმართ საშეღავათო პოლიტიკა ახალი მიმართვის შემთხვევაშიც გაგრძელდება.
სტატია მომზადდა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები