პირადი წერილები - რას წერდა ნოე ჟორდანია 1934 წლის 26 მაისს და როგორ აფასებდა ის მოვლენებს
საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე, On.ge-მ არაერთი მნიშვნელოვანი სტატია შემოგთავაზათ. ბევრი საუბარი არ სჭირდება იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი თარიღია 26 მაისი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ უკვე მოგიყევით ყველაფერი პირველი რესპუბლიკის შესახებ და გაგიზიარეთ 1918 წლის 26 მაისს გადაღებული უნიკალური ფოტომასალა, რომელიც On.ge-მ ეროვნული არქივიდან მოიპოვა.
ეროვნული საბჭოს ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი ნოე ჟორდანია იყო, რომელიც აკაკი ჩხენკელის მიერ 23 მაისს გამოგზავნილი წერილის საფუძველზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების სამზადისს ჩაუდგა სათავეში. 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, დღეს კი 100 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. საბჭოთა კავშირის ანექსიამ პირველ რესპუბლიკას სამი წლიანი არსებობაც არ აცადა, პირველი რესპუბლიკის მთავრობა კი ემიგრაციაში გადაიხვეწა. ემიგრაციაში ყოფნისას, ნოე ჟორდანია წერილების წერას მოყვა. მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წერილი 1934 წლის 26 მაისს დაიწერა, რომელსაც ნოე ჟორდანიამ უბრალოდ "26 მაისი" დაარქვა.
ამ წერილში იგრძნობა, თუ რაოდენ დიდ სინანულს განიცდის ნოე ჟორდანია ანექსიის გამო, თუმცა იგი არ კარგავს ქართველი ხალხის იმედს და სჯერა, რომ დამოუკიდებლობა აუცილებლად აღდგება. აღსანიშნავია ისიც, რომ ნოე ჟორდანიას პატრიოტული მეტამორფოზა სწორედ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან იწყება.
1934 წლის 26 მაისი,
ნოე ჟორდანია
"ეს მეცამეტეჯერ ვდღესასწაულობთ 26 მაისს საზღვარგარეთ.
ეს მეცამეტე წელია ქართველი ერი ამ თავის აღდგომის დღეს ვერ დღესასწაულობს, მას შესაფერად ვერ ეგებება და უფლებააყრილი, ტყვეთქმნილი, მას მხოლოდ თავის გულში ატარებს. ამ დღეს აქ და იქ, გადმოხვეწილი ქართველი და სამშობლოში მყოფნი ფიქრობენ ერთნაირად, უცემთ გული ერთხმიანათ, შედუღებულნი ერთი იდეალით. ეს იდეალი იყო, არის და იქნება ერის ტყვეობისაგან განთავისუფლება, წართმეული თავისუფლების დაბრუნება.
ამ დროში გამარჯვების თავდებია ერთი პირობა- ქართველი ხალხის მტკიცე ნებისყოფა, მისი მორალური ძალა, დაუშრეტელი ენერგია, თავის თავის ერთგულება და მტერმოყვარის გარჩევა. ყველა ეს თვისება ქართველობის სამკაულია, მას ის თან ახლავს მუდამ, ამით მოდის ის ისტორიის ეკლიან გზაზე და გამოცურა არაერთი და ორი აბობოქრებული ტალღები. რამდენი ძველი ხალხი ჩაიხრჩო ამ ტალღებში, რამდენი მისი თანამგზავრნი დაეცნენ შუა გზაზე; ფეხზე, თავის მიწა-წყალზე დარჩა ჩვენი პატარა ერი და ძველებურად, იმედიანათ გაყურებს მომავალს.
ერი მორალური პიროვნებაა, მას აქვს თავისი ეთიკა, თავისი დისციპლინა, თავისი კალაპოტი, რომლისგან ამოვარდნა მას ღუპავს. ის იძულებულია ამოვარდნილ ისტორიულ გრიგალს პირდაპირ დახვდეს, გული მიუშვიროს და შეებრძოლოს. მას არ შეუძლია დამალვა, გაქცევა, გადახვეწა. ამ ნიადაგზე მაგრად მდგომი, ის აძლევს სავალ კალაპოტს, სამუშაო ხაზს მოწინავე მებრძოლთ, მედროშეთ და წინამძღვართ. მისი მეთაურია მხოლოდ ის, ვინც ამ კალაპოტში რჩება, მისი დროშაა მხოლოდ ის, რომელიც მის ტანჯვა-ვაებას აღბეჭდავს. ხალხი თავის თავს ვერ გადაუხვევს, ეს მისი ბუნებაა. კერძო პირი კი მოკლებულია ამ სტიქიას, მისი გზაკვალი განუსაზღვრელია, უსწორმასწოროა. მისი გადახვევა-გადმოხვევა, ბუდიდან ამოვარდნა კერძო ინტერესის საზოგადოზე მაღლა დაყენება ჩვეულებრივი მოვლენაა. რაც უბედურება თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას წარსულში და დღეს სწორედ ამ მიზეზით აიხსნება. მუდამ ხალხს მოსწყდებოდა მთელი წყება წყალწაღებული ადამიანებისა და მათ მოევლინებოდა ბატონად და მტანჯველად უცხო ძალასთან დაკავშირებით. ესენი მირბოდნენ წინეთ ჯერ სპარსეთში, შემდეგ რუსეთში თავიანთი ეგოისტური ინტერესების გასამარჯვებლად ქართველი ერის ხარჯზე, ასე მირბიან მოსკოვის კარზე დღესაც ამ დაბეჩავებული ერის ნაძირალები.
და ასე სწუწნიან ხალხს მისი შინაური და გარეშე მტერი შეერთებული ძალებით. რით უძლებს ამ სვავებს ერი? მხოლოდ ერთი თვისებით- მორალური ძლიერებით, ერთად დგომით, საერთო შინაური ფრონტით, მაგარი სულით და გაუტეხელი ნებისყოფით. მტერი მას არ შეუყვარდება. მტერმა ეს კარგათ იცის და ცდილობს მას შემოუაროს მისი მორალის გატეხით, მის მებრძოლთა შორის შუღლის გაჩაღებით, ფრონტში ფრონტის შექმნით და ხალხისთვის ამ გზით ზურგიდან მახვილის ჩაცემით. გაყავი და იბატონე, გზა ძველი, გაცვეთილი, მაგრამ მუდამ ახლათ ამუშავებული. ამ ხაფანგს მუდამ გასავალი აქვს დაბნეულთა და მერყევ ელემენტთა შორის.
პოლიტიკა ბრძოლაა; ამ ბრძოლას ესაჭიროება შესაფერი აპარატი, ურყევი ორგანიზაციები; დაცვა ამ აპარატების გარეშე მტრისგან ადვილია თუ მას ზურგი მაგარი აქვს, თუ შინაური მტრისგან დაცულია. გაყოფილ ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან. ვისაც ეს ასე არ ესმის მებრძოლი არ არის, პოლიტიკაში შემთხვევით შემოხიზნულია. მარტო ღმერთო, ღმერთოს ძახილით სამოთხეში ვერავინ შევა. 26 მაისს ესაჭიროება შესაფერი საქმე, გზა მისკენ მიმავალი. ის ითხოვს ბრძოლის მეთაურთა ისეთივე მორალურ ძალას და ერთობას, როგორიც არის თვით ხალხში. დაადევით ყური დედამიწას და გაიგონებთ საქართველოს მიწის გამოძახილს, გაიგონებთ ქართველი ერის სულისთქმას, მაჯისცემას და მიაგნებთ ნამდვილ გზას. საქართველოს აქვს პოლიტიკური ხერხემალი, ის მტერმა ვერ გატეხა და ვერც გასტეხს. ამ ხერხემლის რგოლებია იქ, სამშობლოში, სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები და მასთან დაკავშირებული სხვა ანტისაბჭოთა პარტიები, აქ ნაციონალური მთავრობა და მის ირგვლივ დაწყობილი პარტიული ორგანოები. ამათი არსებობა დამოკიდებულია ქართველ ხალხზე, პასუხს აგებენ მის წინაშე და არავითარ გარეშე ძალას არ ძალუძს მათი გაუქმება და გზიდან გადაგდება.
ნაციონალურმა მთავრობამ მიიღო მანდატი დამფუძნებელ კრებისგან, მას შეყურებს ტანჯული ერი და ის დარჩება თავის პოსტზე ბოლომდე, გამარჯვებამდე. 26 მაისი მისი დროშაა; ის მისი უმაღლესი გამომხატველი და დამცველია და მას ვერ დასწევ, ძირს ვერ დაუშვებს ვერავითარი საგარეო მომენტების წინაშე. საქართველოს ოფიციალური დელეგაცია იქნება თუ არა საფრანგეთში –ეს არ ვიცით, ვიცით მხოლოდ რომ ნაციონალური მთავრობა იქნება, მისი გამაუქმებელი ძალა უცხოეთში არ არის; მისი გაუქმება შეუძლია მხოლოდ მის შემქმნელს, მის დედას- ქართველ ერს.
საქართველოს მის ორი ათასი წლის ისტორიის მანძილზე დღეს პირველათ ყავს თავისი საკუთარი პოლიტიკური წარმომადგენლობა ევროპაში, პირველათ ყავს აქ პოლიტიკური ემიგრაცია. ყველა წინანდელი ემიგრაცია არ გაშორებია სპარსეთს, ოსმალეთს და რუსეთს. ევროპის ფართე წრეებმა პირველად ახლა გაიგო ჩვენი ერის სულისკვეთება, მისი წარსული, აწმყო და მომავალი ლტოლვილება. თუ წინეთ ის გადაბმული იყო დასავლეთთან კულტურულად, ახლა ის გადაება პოლიტიკურად, ადამიანების საშუალებით. ეს დიდი მისია, ეს დიდი როლი, რაიცა წილათ ხვდა გადმოხვეწილ ქართველობას, უნდა იქნას შესრულებული ღირსეულათ, მოვალეობის შეგნებით და ერთგულებით. დაქსაქსულობა, დანაწილება, ერთიმეორის წინააღმდეგ დარაზმვა მიოტევებელი დანაშაულობაა ერის და ისტორიის წინაშე. საქართველოს პირველ პოლიტიკურ ემიგრაციამ უნდა აჩვენეოს მაგალითი და იყოს ღირსეული წარმომადგენელი მებრძოლი ერის გაუტეხლობის, სულის სიმაგრის, ერთობის და მთლიანობის.
26 მაისი ჩვენი გამაერთიანებელია, ჩვენი მთლიანობის სიმბოლოა, ჩვენი საერთო დროშაა. დღეს საქართველოს სინამდვილეში არ არსებობს შინაგანი განხეთქილების არც ერთი მომენტი, არც პოლიტიკური, არც სოციალური, არც კულტურული და საზოგადოებრივი. ჩვენ ყველა ვიბრძვით არსებობის ძირეულ, უდაო და მიუცილებელ საფუძვლისათვის. ჩვენ გვინდა ვიყოთ ჩვენი თავის ბატონი და პატრონი, როგორც ერი, როგორც ხალხი, როგორც პიროვნება. ყველა ეს უფლება წართმეული გვაქვს და ეს საერთო უბედურება აერთებს ყველას, განურჩევლათ რწმენისა, პროგრამული სხვადასხვაობისა და სოციალური მდგომარეობისა.
ჩვენ და ისინი, საქართველო და მისი მტარვალები, შუაში უფსკრულია, ხიდები წაღებული. 26 მაისი ჩვენი ხარტია, მათი სახრჩობელაა…"
კომენტარები