24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო თავდასხმა განახორციელა. მას შემდეგ, რამდენიმე დღეა, მთელი საქართველო (რასაკვირველია, მსოფლიოსთან ერთად) თვალს ვადევნებთ რუსეთ-უკრაინის ომს და ამ ინფორმაციულ ქაოსში გზას ხშირად გვიკვლევს, სამხედრო ჟურნალისტის, უჩა აბაშიძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ყოველდღიური მიმოხილვა. გასული დღეების შეჯამების მიზნით, დღეს უჩას მივაკითხე და ორი საათის განმავლობაში ვეცადე გამერკვია პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც ამასობაში დამიგროვდა და ალბათ თქვენც გაქვთ.

ნაწილი I — რა სტრატეგიით იბრძვის რუსეთი?

პირველ რიგში, მიმოვიხილოთ რუსეთის სტრატეგია: როგორ იბრძვის და რა ზიანს აყენებს მოწინააღმდეგეს?

რუსეთმა ომი თავიდან ერთი შეხედვით, თითქოს სტანდარტულად, სწორად და მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით დაიწყო. პირველ ორ საათში ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა უკრაინის სტრატეგიული ობიექტები, გაანადგურა წლობით ნაგროვები ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები და ჯამში თითქმის 50%-ით შეამცირა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ამის მერე, მოლოდინი გვქონდა, რომ დიდი ძალებით შეუტევდა მნიშვნელოვან ქალაქებს, მაგალითად ხარკოვსა და მარიუპოლს. ზოგადად კონფლიქტის დასაწყისში სხვადასხვა სამხედრო ექსპერტებსა და მილიტარისტებს წარმოდგენა გვქონდა, რომ რუსეთი აპირებდა რეგიონული ცენტრების, ხარკოვის და მარიუპოლის აღებას, ყირიმიდან სახმელეთო გზის გაჭრას და დონეცკის და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების “სახალხო რესპუბლიკებად” გამოცხადებას. შეიძლებოდა უკრაინაც გაეყო შუაზე და დაერქმია მისთვის “აღმოსავლეთ უკრაინა”, რომელსაც მერე მიიერთებდა და მოახერხებდა საბჭოთა კავშირის აღდგენის იმიტაციას და ისტორიაში პუტინი შევიდოდა როგორც “დიდი სტალინი”... თუმცა ქალაქებზე მოსალოდნელი მასშტაბური შეტევის ნაცვლად, რუსულმა არმიამ მხოლოდ აქა-იქ მცირე თავდასხმებით აუარა გვერდი დიდ ქალაქებს და გაუგებარი მილიტარისტული გადაწყვეტილებები მიიღო, რამაც თავიდან ძალიან დაგვაბნია, მაგრამ მალევე გამოჩნდა, რომ ყველა ეს ჯარი კიევისკენ მიემართება და აქ უკვე ცხადი გახდა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის გადატრიალების გეგმა ჰქონდა და არა მხოლოდ აქამდე ოკუპირებული ტერიტორიების და რეგიონების გაფორმების. ამის მიხვედრისთანავე დავიწყეთ ფიქრი, კი მაგრამ, როგორ შეიძლება ამ ჯარით მოახერხოს “კიევის აღება?” ეს ხომ შეუძლებელია. მთელი უკრაინის გავლით ერთად და სწრაფადაც რომ მისულიყო ყველა საბრძოლო შენაერთი, დატენილი ტყვია-წამლით, საკვებით და ყველანაირი მარაგით, მაინც შეუძლებელი იქნებოდა.

ფოტო: Aris Messinis/Agence

რატომ?

იმიტომ, რომ ომის მოსაგებად საჭიროა გქონდეს გადამწყვეტი უპირატესობა, მითუმეტეს თუ თავდამსხმელი შენ ხარ. ომში მონაწილეობა არ არის მთავარი, ომში მოსაგებად მიდიხარ. ეს ნიშნავს, რომ იმდენი და ისეთი ძალით უნდა შეუტიო, რომ დარწმუნებული უნდა იყო, რომ გაიმარჯვებ და დამარცხების შანსი არ არის, “უსამართლოდ” დიდი ჯარი უნდა გყავდეს და მოწინააღმდეგემაც უნდა იცოდეს, რომ დამარცხდება. ამას ჰქვია გადამწყვეტი უპირატესობის ქონა. რუსეთს კი ეს არ აქვს, მილიონიანი ჯარიც რომ მიეყენებინა უკრაინის ასაღებად, და თითო ქალაქისთვის 200-200 ათასი ჯარისკაცი ჰყოლოდა, მაინც ვერ მოახერხებდა არათუ კიევის, არამედ ხარკოვის აღებას, რომელიც თბილისისხელაა. ისტორიის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა რაოდენობა ითვლებოდა ხოლმე გადამწყვეტ უპირატესობად, ასევე გააჩნია რა შეიარაღება გაქვს და როგორი ტექნიკა. თუ მხოლოდ ქვეითი ჯარი გყავს, ოცჯერ მეტი მაინც უნდა იყო, თუ ტანკებიც გყავს, შეიძლება შვიდჯერ მეტი იყო და ასე შემდეგ. მაგალითად, ამერიკას უკეთესი ტექნოლოგიური შეიარაღებაც აქვს და მაინც ყოველთვის დიდი რაოდენობის ჯარით მიდის თავდასხმაზე. წინასწარ უნდა გამორიცხო წაგების შანსი, ეს არის მთავარი. თუ მთავარსარდალი ამას არ აკეთებს, ეს უბრალოდ ხალხის შეკვლაა და დანაშაულია.

აბა რატომ გაეშურნენ კიევისკენ თუ მისი აღების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს?

ზუსტად ეს არის პუტინის ტაქტიკა. ჩვენც ვიფიქრეთ, რა იყო ის ერთადერთი გზა, რითიც შეიძლება კიევი დაამარცხო - ეს არის მისი შეშინება. მილიტარისტები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ერთმანეთში ვურთიერთობთ და ინფორმაციას ვცვლით, ვპროგნოზირებთ, რომ კიევის დაცემის შანსი არ არსებობს. დღეს დაცვაში ძალიან დიდ უპირატესობას გაძლევს ქალაქი, რომ წარმოვიდგინოთ, ადრე რა ფუნქციასაც ციხესიმაგრე ასრულებდა, იმავეს ახლა ასრულებს ერთი კორპუსი: ბეტონია, გამძლეა, სროლისთვის სიმაღლეს გაძლევს, უამრავი სათოფური აქვს.. მოკლედ ქალაქი არის ასეთი ციხესიმაგრეების ერთგვარი ჯუნგლები, სადაც მძიმე ტექნიკას ვერ შეიყვან - მაშინვე ააფეთქებენ და დაწვავენ. სანამ უკრაინელებს შეიარაღება და სულისკვეთება არ გაუთავდებათ, იქამდე კიევი არ დაეცემა. მისი დამარცხების ერთადერთი გზა არის, რომ ხალხი ჩავარდეს პანიკაში და მთავრობას მოსთხოვოს დანებება, სწორედ ეს არის “გასაძლები” სინამდვილეში. და ამას ურტყამს პუტინიც. მისი სურვილია, რომ, ვთქვათ, იქ ზელენსკის აუჯანყდეს ვინმე, დაუპირისპირდეს ან შეაშინოს, გარემოცვამ მოატყუოს ან დანებება აიძულოს. სხვა შემთხვევაში, ფიზიკურად შეუძლებელია. პუტინს ალბათ დაგეგმვის პროცესშივე ვერ უთხრეს სიმართლე და მერე ეს ერთადერთი გზა აირჩიეს, რომლითაც უკრაინის დამარცხების რაღაც თეორიული შანსი მაინც იყო.

თუმცა ჯერჯერობით ზელენსკის შიშის ნატამალი არ ეტყობა, როგორ აპირებს რუსეთი ხალხზე ზემოქმედებას?

რუსეთმა შექმნა ახალი ტაქტიკა - ეს არის ე.წ. ფეიკ ომი, ყალბი ომი. პროპაგანდით, ყალბი სიუჟეტებით, ინტერნეტის გამოყენებით ცდილობს შექმნას ისეთი სურათი, თითქოს “რუსები უკვე ყველგან არიან” და “რუსები უკვე დედაქალაქს მიუახლოვდნენ”. რას ნიშნავს ეს ჩვეულებრივი მოქალაქისთვის? მაგალითად, ჩვენ ადრინდელი ომები ასე გვაქვს ნასწავლიც და წაკითხულიც, რომ არსებობს ფრონტის ხაზი. ფრონტის ხაზს იქით მტერია, ხაზს აქეთ ჩვენ ვართ და სულ ეს არის. ასე აღქმა ადამიანის ტვინისთვისაც უფრო მარტივია. ახლაც ბევრ ექსპერტს ეშლება და უკრაინის რუკაზეც ავლებენ ასეთ ხაზებს, და მერე თან უწევთ ახსნა, რომ კი აქ არის ხაზი გავლებული, მაგრამ იქ ხარკოვში ისევ იბრძვიან და ალყაც კი არაა, და აქეთ მარიუპოლი არ აუღიათ და ასე შემდეგ. ჩვეულებრივი ადამიანისთვის ეს საკმაოდ დამაბნეველია და ამით სარგებლობს რუსეთიც. როცა ისმის “რუსები კიევს მიუახლოვდნენ” - ნებისმიერი ადამიანი ფიქრობს, რომ “დანარჩენი უკრაინა უკვე დაეცა”, სინამდვილეში კი რუსებმა თითქმის ყველაფერს გვერდი აუარეს და არანაირი ტერიტორია ან მნიშვნელოვანი ქალაქი არ დაუკავებიათ. ეს არც შეუძლიათ და ეს არც კრემლს სჭირდება. კრემლს სჭირდება პანიკა, ყალბი მოქმედებები, რომლის საფუძველზეც მერე შექმნის ყალბ ამბებს და

როცა ტელევიზორიდან გესმის, რომ “კიევი ალყაშია” და ფიქრობ, რომ დანარჩენი უკრაინა დაეცა, შეიძლება კიეველ ნათესავს დაურეკო და ჰკითხო - რა ხდება მანდ? ისიც დაგიდასტურებს, რომ კი, კიევთან არიან და მიდის ბრძოლები. ერთი შეხედვით თითქოს სიმართლეა, მაგრამ თან აბსოლუტურად ყალბი რეალობაა.

უჩა აბაშიძე, სამხედრო ჟურნალისტი

გაავრცელებს. კი, მართლაც, კიევიდან ოც კილომეტრში დგანან რუსები და როცა ტელევიზორიდან გესმის, რომ “კიევი ალყაშია” და ფიქრობ, რომ დანარჩენი უკრაინა დაეცა, შეიძლება კიეველ ნათესავს დაურეკო და ჰკითხო - რა ხდება მანდ? ისიც დაგიდასტურებს, რომ კი, კიევთან არიან და მიდის ბრძოლები. ერთი შეხედვით თითქოს სიმართლეა, მაგრამ თან აბსოლუტურად ყალბი რეალობაა, რომელშიც ჯარი გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებს, ფაქტობრივად ტყუილად იხოცება და სამხედრო თვალსაზრისით ბევრს ვერაფერს ცვლის, სამაგიეროდ ამ ყალბი რეალობის შესაქმნელად გამოდგება. რუსულ ფორუმებზე უკვე შესვლაც აღარ შეიძლება, იმდენად პარალელური და არარსებული რეალობაა. მაგალითად ომის დაწყებიდან სამ დღეში ნული გარდაცვლილი ჰყავდათ ოფიციალურად, ეს ხომ შეუძლებელია? თან ყველამ ყველაფერი თითქოს ძალიან კარგად იცის.. მოკლედ რომ ვთქვა - ამ ომში რუსები ფართოდ დახუჭული თვალებით იბრძვიან.

დივერსანტებსაც ამ მიზნით იყენებს? მათი მოქმედებები ხშირად გახდა პანიკის საფუძველი.

კი, ესეც მათი ახალი ტაქტიკაა, ჩვენთან ომში ეს არ გამოუყენებიათ. ნელნელა გამოაშკარავდა, რომ გარდა ჩვეულებრივი რუსეთუმეებისა, რომლებიც ისედაც მრავლად არიან უკრაინაში, ასევე აგენტები ჰყავთ შეშვებული, რომლებმაც ორი-სამი თვის წინ იქირავეს ბინები და სხედან და ბრძანებას ელოდებიან. ეს ბრძანება სხვადასხვა შეიძლება იყოს: დასაბომბი ადგილების მონიშვნა, უეცარი ცეცხლის გახსნა ქუჩაში და ამით პანიკის დათესვა. ჩვეულებრივი ადამიანისთვის, ერთი ავტომატის ჯერის მოსმენაც პანიკის საფუძველია. მე შეიძლება ვიდეოში ვუსმენდე და ვხვდებოდე, რომ ეს სინამდვილეში ერთი ავტომატის ხმაა და დიდი არაფერი, თუმცა დღეში შვიდჯერ თუ გაისმა ეს თითო ჯერი ავტომატის ხმა, მოქალაქეებისთვის, და ხანდახან ჟურნალისტებიც შედიან ხოლმე შეცდომაში, ეს არის “კიევში მთელი დღეა სროლა ისმის”, რაც თავისთავად სხვანაირად ითარგმნება ხოლმე ადამიანის ტვინისთვის, და მერე ხდება გარჩევის საგანი, რომ თურმე კიევში მთელი დღე ისვრიან და აბა ეს რა ხდება და ასე შემდეგ.. სინამდვილეში, ამ დავალების შესასრულებლად ფაქტობრივად პირდაპირ სიკვდილზე მიდიან ხოლმე დივერსანტები, მათთვის მთავარია ეს ხმაური ატეხონ რამდენიმე წუთით და დავალება შეასრულონ, მერე იქვე ბარდებიან კიდეც და არ გარბიან. ეს ნიშნავს, რომ დავალება აქვთ ხმაურის და დაძაბულობის შექმნის, სწორედ იმისთვის, რომ ხალხი დაიღალოს და ბრძოლის სულისკვეთება ჩაუქრეთ, რაც ადრე თუ გვიან თავისთავად გამოიწვევდა კიევის დაცემას.

ფოტო: Ukraine/AFP/Getty Images

რუსული შეიარაღება და ჯარი რომ მიმოვიხილოთ - ვინ იბრძვის ახლა უკრაინაში? გავრცელებულ კადრებში ხშირად ჩანს, ერთი მხრივ უხარისხო მძიმე ტექნიკა, რომელიც ქუჩაშია მიტოვებული და მეორე მხრივ ტყვედ ჩავარდნილი ახალგაზრდა 19-20 წლის მეომრები. როგორია რეალური სურათი?

საერთოდ, რუსეთს აქვს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული მიდგომა, რომ მთავარია ტანკი იყოს ბევრი, და ხარისხს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რადგან ტანკის ძირითადი დანიშნულება არის ის, რომ მოწინააღმდეგის ტანკს პირველმა დაასწროს სროლა. დიდი მნიშვნელობა არ აქვს ძვირადღირებული დასავლური ტანკი იქნება ბრძოლაში, რომელიც 0.2%-ით უფრო სიცოცხლისუნარიანია, თუ რუსული იაფიანი ტანკი. რუსეთი ზოგადად მთელი ეს პერიოდია თავისი შეგნებით ემზადება “მსოფლიო ომისთვის”, სადაც, ვთქვათ, დასაწყისში ძვირიანი დასავლური ტექნიკა მოიპოვებს უპირატესობას, მაგრამ თანდათან დაიკარგება, გაფუჭდება და ასე შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში კი რუსეთი ფიქრობს, რომ მოიგებს თავისი ბევრი ტექნიკით, რომლის აწყობაც და გარემონტებაც უფრო იაფი უჯდება და მარტივად შეუძლია. ერთი ერთზე ბრძოლისას რუსეთი ყოველთვის დამარცხდება დასავლურ შეიარაღებასთან, თუმცა მისი აზრით სიმრავლე უზრუნველყოფს გამარჯვებას. ამაში შეიძლება იყოს სიმართლის მარცვალი, თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევის პირას უკვე გაღატაკებულმა რუსეთმა, ამ დრომდე ვერ მოახერხა ნორმალური შეიარაღების წარმოება. თითზე ჩამოსათვლელი ტექნიკა აქვს, რაც უბრალოდ სირცხვილია ამხელა ამბიციების მქონე ქვეყნისთვის. ამ წლების განმავლობაში რუსეთისგან ბევრჯერ მოვისმინეთ, რომ მას ჰყავს მზარდი საკონტრაქტო ჯარი, რომელიც მისი რეგულარული ჯარის უკვე დაახლოებით 70%-ს შეადგენს. რაც, რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით, საკმაოდ ბევრია, საკონტრაქტო ჯარი ნიშნავს მეტ გამოცდილებას, მეტ კომპეტენციას, მომზადებას და უფრო მაღალ ხარისხს და სულისკვეთებას. ომის დაწყებამდე რუსეთმა თავისი ყველა საზღვრიდან, მათ შორის ჩინეთიდან, მოხსნა მისი შეიარაღების საუკეთესო ტექნიკა და გაგზავნა უკრაინისკენ. რაც აქვს, აბსოლუტურად ყველაფერი, მაგალითად 192 ცალი T-90 ჰყავს და 192-ვე გაუშვა უკრაინაში. ასევე აღინიშნა, რომ ეს საუკეთესო ტექნიკას, რა თქმა უნდა ჩააბარეს თავის საუკეთესო მებრძოლებს და ომში წასული ადამიანების 90%-ს საკონტრაქტო ჯარით დაკომპლექტდა. თუმცა, რეალობა ასეთია - რუსეთი ყველა ობიექტური კრიტერიუმით ცუდი ქვეყანაა, რაც შეუძლებელია მის ჯარზე არ აისახოს. საკონტრაქტოები, აღმოჩნდნენ, რომ არიან რეგულარულ ჯარ-მოხდილი და პირველ კონტრაქტზე მყოფი 20-21 წლის ახალგაზრდები. რომლებსაც კი, შეეძლოთ რა თქმა უნდა, რომ ორი წლის წვრთნის განმავლობაში მიეღოთ ყველა საჭირო ცოდნა, მაგრამ რადგან რუსეთი ცუდი ქვეყანაა, კორუმპირებული და კრიმინალური, ეს ჯარიც ცუდად არის გაწვრთნილი და მომზადებული. ასევეა ტექნიკაც, ახლოდან აღმოჩნდა რომ ზოგი გადაღებილია, ზოგში პროგრამა არ მუშაობს, ზოგს რაღაც მნიშვნელოვანი დეტალი აკლია და ასე შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ შორიდან უფრო “შთამბეჭდავი” იყო ეს ყველაფერი, ვიდრე უშუალოდ ბრძოლისას.

ნაწილი II — როგორ იცავს თავს უკრაინა?

ფოტო: AP photo by Emilio Morenatti

ვისაუბროთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე - სად და რა წვრთნები გაიარეს აქამდე? როგორი მომზადებით შეხვდნენ ომს?

საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, უკრაინელებს, ჩვენგან განსხვავებით სამხედრო დისციპლინა შემორჩათ. მართალია, ყველანაირი ტექნიკა მალევე გაუფუჭდათ, ან გაყიდეს, ან დაულპათ, თუმცა რაღაც სწორი განწყობები მაინც დარჩათ. 2014 წლის შემდეგ (როცა რუსეთი პირველად დაესხა თავს) უკრაინა თითქოს გამოფხიზლდა და დასავლეთის დახმარებით აქტიურად დაიწყო მომზადება. ძირითადად იმავე პროგრამებით, რომლითაც საქართველო. წვრთნიდნენ ამერიკელები, კანადელები, და ასე შემდეგ. თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უკრაინელები ემზადებოდნენ საკუთარი ტერიტორიების დასაბრუნებლად და არა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომისთვის. უკრაინელები ფიქრობდნენ, რომ მოუწევდათ ომი დონეცკის და ლუჰანსკის დასაბრუნებლად, სადაც ერთ მხარეს იქნებოდა უკრაინის მთელი ჯარი, მეორე მხარეს კი სეპარატისტები და მაქსიმუმ რუსების “მწვანე კაცუნები”. დაახლოებით ისე, როგორც ჩვენ ვიცოდით ოდესმე, რომ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ. სწორედ ამ განწყობაზე “დაიჭირა” პუტინმა უკრაინა.

სად მიმდინარეობს ძირითადი ბრძოლა? ჰაერში? მიწაზე?

ომი, როგორც აღვნიშნეთ დასაწყისში, ბალისტიკური რაკეტებით დაიწყო და რუსებმა მოახერხეს პირველ ორ საათში უკრაინის თავდაცვისუნარიანობის განახევრება. ეს მოხდა ერთი მხრივ იმიტომ, რომ გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, უკრაინისთვის არავის მიუცია ომისთვის მომზადების დრო. არ ყოფილა ასე, რომ აი პუტინმა გამოაცხადა ომი და მერე უკრაინას ჰქონდა რაღაც დრო, “მოდიან, და მოვემზადოთ”. ასე ადრინდელ ომებში შეიძლება ხდებოდა, მაგრამ დღეს აღარ. დღეს ერთდროულად დაიწყო, როგორც რამდენიმე დღით ადრე ჩაწერილი პუტინის მიმართვა, ისე რაკეტების წვიმა უკრაინის სტრატეგიული ობიექტების მისამართით. მეორე მხრივ, უკრაინამ არ გამოაცხადა საომარი მდგომარეობა ცოტა ადრე, იმიტომ რომ საომარ მდგომარეობაში ეკონომიკა გენგრევა, და თან ზუსტად და გადაწყვეტილად არავინ, და მათ შორის არც უკრაინის მთავრობამ არ იცოდა დაიწყებდა თუ არა რუსეთი მასთან სრულმასშტაბიან ომს. პირველი შეტევის მერე, რუსეთი გადავიდა საჰაერო ბრძოლაზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ უკრაინას აქვს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების საკმაო მარაგი, რითიც დიდი ხიფათი შეუქმნა თავდამსხმელს. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი ავიაციით ომს ვერ აწარმოებს. მაგალითად, ამერიკა როცა აწარმოებს ომს ავიაციით, ეს ნიშნავს, რომ ჰაერში გამუდმებით მორიგეობენ საბრძოლო ხომალდები და ნებისმიერ წამს, როცა ქვევით დახმარება გჭირდება, თვითმფრინავი უკვე შენს თავზეა და გეხმარება. ამას რუსეთმა ვერ მიაღწია. რუსულ ავიაციას დღეს მაქსიმუმ ბაზაზე შეუძლია მიიღოს მონიშნული ობიექტი, გადაწყვიტოს ღირს თუ არა აფრენა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიტანოს იერიში. მუდმივად ჰაერში ყოფნა და ქვეითების დახმარება არ შეუძლიათ. ამას გარდა, ავიაცია საკმაოდ ძვირია და თუ ცას ბოლომდე ვერ აკონტროლებ, რისკი არ გიღირს. თვითმფრინავი ტანკი არ არის და მისთვის ტყვიის მოხვედრა გაცილებით მძიმე შედეგებს იწვევს, შეიძლება გადარჩე და ცოცხალი დაბრუნდე, მაგრამ რამდენიმე მილიონიანი ხომალდი გადასაგდები იყოს. ამიტომ, მიზანი უნდა ამართლებდეს ამ ფასს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაფრენა არც ისე სასურველია.

რა წვლილი შეაქვთ თავდაცვაში უკრაინის მოქალაქეებს - ვიცი, რომ იარაღი დაურიგეს ყველას, ვისაც ბრძოლა შეუძლია, ამ რაოდენობამ მხოლოდ კიევში 20,000-ს გადააჭარბა. რამდენად შეუძლია ჩვეულებრივ ადამიანს ჩაერთოს ამ ბრძოლაში, ვისაც იარაღი არასდროს აუღია აქამდე ხელში, რამდენად რეალურია ის სასარგებლო იყოს ომში? ხომ არსებობს მოსაზრება, რომ ჯობია “იქით დასაცავი” არ გახდეს.

პირველ რიგში, ადამიანის ტვინი ასეა მოწყობილი, რომ რა მოძრაობასაც არ უნდა უყურებდეს, იმახსოვრებს, იქნება ეს ჭიქის ხელში აღება, თუ დედის მიერ მანქანის მართვა, სხეული ამას იმახსოვრებს. იარაღსაც იგივე ეხება, ჩვენ ბავშვობიდან ვინტერესდებით თამაშებით, ფილმებით, წიგნებით, თითქოს მთელი ცხოვრება გაუცნობიერებლად ვემზადებით “ომისთვის”. შენ თუ მომიყვან ადამიანს, რომელსაც არასდროს სჭერია იარაღი ხელში, მე მას 47 წამში ვასწავლი როგორ შეცვალოს მჭიდი, გადატენოს და ისროლოს. მერე უკვე ტაქტიკურ ნაწილში, რა თქმა უნდა, დასჭირდება ზედამხედველობა, სად იმოძრაოს, სად ჩასაფრდეს და ასე შემდეგ, რაც უკვე ლოჯისტიკურად ძალიან რთულია, და რისკებიც ახლავს. ამ შემთხვევაში, 2-3 ადამიანის ე.წ. “მეგობრული ცეცხლით” დაჭრის საფრთხეა ის ფასი, რასაც უკრაინა კიევის ფანჯრებში გადანაწილებული 25,000 ავტომატისთვის იხდის. როცა რუსეთს ებრძვი, ასეთი რისკი გამართლებულია. ქვეყანაში, რომლის თავდაცვაც დგას საკუთარი ხიდების აფეთქებაზე, უკვე ცხადია რა დონეზეა ყველას ჩართვა საჭირო.

ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ომის დროს მოსახლეობის განწყობა და მხარდაჭერა, მაგალითად, ჩვენი სოციუმისგან განსხვავებით, სადაც მსხვერპლის დადანაშაულება მომხდარში, ზოგადად ფართოდ არის გავრცელებული, იქნება ეს მოკლე კაბით სეირნობა თუ ომი, უკრაინაში ასე არ არის. უკრაინელი კარგად იაზრებს, რომ ის ბომბი, რომელიც მოხვდა მის კორპუსს, რუსეთმა ისროლა. ზელენსკიმ მუდმივად უნდა აწონოს ხოლმე, რა ხდება, ბრძოლა წაგებისკენ ხომ არ მიდის, სულისკვეთება როგორია, დანებება ხომ არაა საჭირო და ასე შემდეგ, არავის უნდა, რომ პირობითად “ხალხის მკვლელი” პრეზიდენტი იყოს. ამის გააზრება აუცილებელია ჩვენს კონტექსტშიც. იქ, სადაც პოლიტიკოსები იღებენ გადაწყვეტილებას, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენზეც ბევრი რამეა დამოკიდებული.

სმარტფონების ეპოქაში, როგორ ხერხდება, რომ უკრაინის ჯარების გადაადგილებაზე ძალიან მცირე ინფორმაცია ვრცელდება?

პირველ რიგში, უკრაინამ ომის დაწყებისთანავე გამოაქვეყნა ბრძანება, რომ არავინ გადაუღოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს - ეს ღალატად ჩაითვლება. ამას გარდა, ჯარიც ხშირად დამალულია და ღიად არ დგას არც ქალაქში და არც ტყეში. ასევე შეგნებული მოქალაქეების დამსახურებაც არის, ზოგი არ იღებს, ზოგი არ ავრცელებს. ზოგადად ინფორმაციის გავრცელება უდიდესი პასუხისმგებლობაა, ერთი უწყინარი ვიდეოც გაზიარების შემდეგ ბუმერანგივით ბზრიალებს და არ იცი სად ამოყოფს თავს ბოლოს. უკრაინაშიც არიან “მოღალატეები”, რომლებიც იღებენ ტექნიკის ადგილმდებარეობას და რუკაზე მონიშნულს უგზავნიან პირდაპირ რუსებს ტელეგრამზე, რომ აი აქ არიან და დაბომბეთ.. რა თქმა უნდა, ასეთებიც ხდება, ეს ჩვეულებრივი ღალატია. რუსებს მაგალითად, თავიდან თვითონვე აწყობდათ, რომ თავისი ტექნიკა ჩვეულებრივ ხალხს გადაეღო და გაევრცელებინა, ამის უფლებას ყველას აძლევდნენ. წარმოიდგინეთ - ცხოვრობთ უკრაინის რომელიმე ჩვეულებრივ ქალაქში და უცბად ხედავთ უახლეს რუსულ ტანკებს, გიკვირთ, ვიდეოს იღებთ და უგზავნით მეგობარს, “ნახე! აქ უკვე შემოვიდნენ!” და სწორედ ეს უბრალო ხალხის გავრცელებული ხმა ქმნის რუსეთის უძლეველობის მითს და პანიკის საფუძველს. თუმცა ყველა მსგავსი ვიდეო უკრაინელებმა სათავისოდ გამოიყენეს და ახლა უკვე რუსებიც უფრთხიან გადაღებას. ზოგადად, ეს ეპოქა, ალბათ 50 წლის წინ, დაზვერვის ყველაზე არარეალისტურ ოცნებებშიც კი ვერ მოხვდებოდა, იმდენად ასწრაფებულია ინფორმაციის გაცვლის დრო, რამდენიმე წუთში შეგიძლია გაიგო ყველაფერი. უკრაინელები ახლა ძირითადად მაინც ქალაქებში, თავის ციხესიმაგრეებში არიან გამაგრებულები, თუმცა შესაძლოა რამდენიმე ქალაქიდან გამოვიდნენ და ხელი შეუშალონ კიევისკენ მიმავალ რუსებს, რომ შეამცირონ დედაქალაქზე მოსალოდნელი თავდასხმის სიმძიმე.

დასავლეთს რა წვლილი შეაქვს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში?

არსებობს ასეთი ოცნებისმაგვარი კითხვა, როდის ჩაერთვება ნატო ამ ომში? პასუხია - არ ჩაერთვება. ეს მცდარი მოლოდინია და ჯობია, რომ მსგავსი მოლოდინი არ გვქონდეს. პირიქით, თავის ყველა განცხადებაში, მაგალითად ბაიდენი, რაც არ უნდა მტკივნეული მოსასმენი იყოს, ხაზგასმით ამბობს, რომ ნატოს ჯარები და ამერიკელი ჯარისკაცები არ იბრძოლებენ უკრაინაში. ეს სწორი მესიჯია, როგორც ბოლო მოვლენები გვაჩვენებს, პუტინიც საბაბს ეძებს მაგალითად ბირთვულ ღილაკზე თითის დასაჭერად და დასავლეთი მას ამ საბაბს არ მისცემს. რაც შეეხება სხვა სახის დახმარებას - უკრაინას არასდროს ექნება რესურსების პრობლემა, და შეუძლია შეიარაღებაზე საერთოდ არ იდარდოს, მაგალითად ჩვენგან განსხვავებით, როცა 2008 წელს თვლით გვქონდა შეიარაღება და ვიცოდით, რამდენი რა უნდა გვესროლა, უკრაინას დასავლეთი ამარაგებს და ამის პრობლემა არ აქვს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. სანქციების გარდა, დასავლეთი ასევე ცდილობს წნეხის მოხდენას მაგალითად ბელარუსზე, ესეც დახმარების ერთერთი ხერხია, მაკრონი ლუკაშენკას ევაჭრება, რაღაც შეიძლება აპატიოს რაღაცის სანაცვლოდ და ასე შემდეგ. არც ესაა უმნიშვნელო. კიდევ, აქა-იქ დაქირავებული მებრძოლები, მათ შორის ამერიკელებიც, არიან უკრაინაში, რა თქმა უნდა ეს თითო-ოროლა მებრძოლია და სერიოზულ ძალად ვერ ჩაითვლება, მაგრამ სულისკვეთებაზე საკმაოდ დადებითად მოქმედებს.

ნაწილი III — პროგნოზი

ფოტო: REUTERS/Oleksandr Klymenko

ხშირად მოგვიწოდებ ხოლმე შენს მკითხველებს, რომ ყალბი ილუზიების შექმნას მოვერიდოთ, ეს ომი მალე არ დასრულდება. რეალურად, როგორ გამოიყურება უახლოესი მომავალი უკრაინაში?

ჯობია ემზადო უარესისთვის და მერე გაგიხარდეს უკეთესი შედეგი. ასეთი მიდგომა მაქვს და რეალისტურად რომ შევხედოთ, კარგი სცენარი იქნება თუ ერთი კვირაც გაძლეს უკრაინელებმა. ამ ვადაში რუსებს არამხოლოდ მოძრაობის თავი, არამედ ყველანაირი რესურსი გამოეცლებათ. მოუწევთ ჩაბარება და უკან დაბრუნება. რა თქმა უნდა, შეიძლება, პუტინი ისევ გადასაგდები დარჩეს, მაგრამ უკრაინელების და რუსების დიდი ძმური შერიგება მოხდება და უკრაინა დაუბრუნდება თავის საზღვრებს სეპარატისტულ რეგიონებამდე. შეიძლება მეტიც დავუშვათ, თუმცა რეალისტურად უფრო ასე ჩანს, რუსებს უკვე უთავდებათ რესურსები, ლოჯისტიკაზე და მომარაგებაზე საერთოდ არ უზრუნიათ. არადა ომს იგებს ლოჯისტიკა და არა მაგალითად უფრო ძვირიანი ტექნიკა. მოკლედ, ეს ერთი კვირაც გასაძლებია. ნელ-ნელა ქალაქებში ჰუმანიტარული პრობლემებიც დაიწყება, მედიკამენტების საჭიროება იქნება, მაგრამ როცა ჯერ კიდევ ომი მიმდინარეობს, ჰუმანიტარული მისიები ვერ იმუშავებენ, ჯერ ცეცხლი უნდა შეწყდეს. ამიტომ აუცილებელია, რომ უკრაინის ქალაქებმა როგორმე თავისი რესურსებით გაძლონ. რუსებს კი უდავოდ ძალიან ურთულდებათ ცხოვრება ყოველდღიურად.

რაც შეეხება ცუდ სცენარს, ცუდი იქნება თუ, ვთქვათ, უკრაინა შუაზე გაიხლიჩა, ცეცხლი შეწყდა, მაგრამ დნიპროს გასწვრივ გაივლო ფრონტის ხაზი, მარიუპოლი და ხარკოვი ალყაში ჩარჩა და ადრე თუ გვიან დანებდა. მერე უკრაინას მოუწევს ძალების აღდგენა და ამ ქალაქების დაბრუნება, რაც ურთულესი იქნება. ამ ყველაფერში შეიძლება თვეები და წლები

რუსეთის მოგების შემთხვევაში, რაც საკმაოდ წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც დავუშვათ, ჩვენ ავტომატურად დავკარგავთ სახელმწიფოებრიობას კიდევ ერთხელ და გავხდებით იმიტირებული საბჭოთა კავშირის ნაწილი.

გავიდეს. ცუდი იქნება ასევე თუ უკრაინას მოუწევს ნეიტრალიტეტი, დემილიტარიზაციის გარეშეც კი. შეიძლება ეს ფურცელზე გამარჯვებად იყოს ასახული, მაგრამ რეალურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. დანგრეული ქალაქებით და ეკონომიკით, წლები დასჭირდება აღდგენას და ჰუმანიტარული პრობლემებიც იქნება.

არსებობს კიდევ ერთი, საუკეთესო ვერსია - როცა მოსკოვში პუტინის რეჟიმს ებრძვიან რუსები. ეს ამ ეტაპზე არარეალისტურია, მაგრამ შეგვიძლია ვიოცნებოთ. პუტინი ვა-ბანკზე წავიდა და დიდხანს ვერ დამალავს უკრაინაში რეალური მსხვერპლის რაოდენობას, რომლის გამოც შეიძლება ტრიბუნალზეც გაასამართლონ. მას ამის, რასაკვირველია, ეშინია და თუ ნამდვილად აწვდიან ინფორმაციას სწორად, უკვე იცის, რომ 100%-ით დამარცხდა და ვერ მიაღწია თავის მიზანს. სწორედ ამიტომ ახსენებს ბირთვულ იარაღს, შეშლილივით იქცევა. ჩვენ არ ვიცით როგორ მუშაობს ეს ატომური ბომბი და ასე მარტივია თუ არა მისი ამოქმედება, მაგრამ შეგვიძლია ვიოცნებოთ, რომ უშუალოდ ღილაკზე თითის დაჭერამდე, თავისი გარემოცვიდან ვინმე ახლობელს უფრო შეეშინდება სიკვდილის და მისი მისამართით გაისვრის.

ფოტო: ელენე ზაქაშვილი / On.ge

რუსეთის მოგების შემთხვევაში, რაც საკმაოდ წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც დავუშვათ, ჩვენ ავტომატურად დავკარგავთ სახელმწიფოებრიობას კიდევ ერთხელ და გავხდებით იმიტირებული საბჭოთა კავშირის ნაწილი. აქ ბრძოლა არ იგეგმება, ალიევის, ღარიბაშვილის განცხადებებიც ამას მოწმობს. ისინი კრემლს ენდობიან, ამ ომშიც რუსეთის სჯერათ და მათი გადმოსახედიდან უსაფრთხო არჩევანს აკეთებენ. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინამ მოიგო, ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას პრორუსულ მთავრობასთან ერთად.