ჩრდილოეთ კორეის კრიზისი - დეტალები მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

2017 წელი ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ქვეყანამ თებერვლის შემდეგ, ტექნოლოგიის დასახვეწად, 14 ტესტის ფარგლებში, 21 რაკეტა გამოსცადა. 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, ჩრდილოეთ კორეამ პირველად გამოსცადა თავისი პირველი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა (ICBM), რომელიც მისივე მტკიცებით, დედამიწის ყველა წერტილამდე შეუძლია მიღწევა. 29 აგვისტოს, პირველად, ჩრდილოეთ კორეის რაკეტამ იაპონიის თავზე წარმატებით გადაიფრინა, სავარაუდოდ, დაახლოებით 550 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია, 2 700 კილომეტრი დაფარა და წყნარ ოკეანეში ჩაეშვა.

კორეის ნახევარკუნძულიდან მომდინარე საფრთხე ნელ-ნელა უფრო და უფრო რეალური ხდება. მსოფლიოს ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნის მიერ ბალისტიკური რაკეტების გახშირებული გამოცდები ამერიკული და საერთაშორისო პრესის მთავარ გვერდებზე სულ უფრო ხშირად ხვდება. ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს ატყობინებს, რომ შეიარაღებული და სახიფათოა.

როდესაც ობამას ადმინისტრაციამ თეთრი სახლის გასაღები დონალდ ტრამპის გუნდს გადააბარა, პრეზიდენტმა თავის შემცვლელს უთხრა, რომ ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე იქნებოდა. ეჭვგარეშეა, რომ ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის სიტუაცია ძალიან დაიძაბა, ორივე მხარე ღიად ემუქრება ერთმანეთს.

როგორ გაიყო კორეა ორად?

1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონური ოკუპაცია კორეაში დასრულდა, თუმცა ტერიტორია ამჯერად საბჭოთა კავშირმა და აშშ-მა გაინაწილეს. ნახევარკუნძულის 38-ე პარალელის ჩრდილოეთ ნაწილი საბჭოთა ჯარმა დაიკავა, სამხრეთი კი - აშშ-მა. 1948 წელს საბჭოთა ჯარებმა ხელისუფლება კიმ ირ სენს გადააბარეს. ამავე წელს სამხრეთ კორეიდან გავიდა აშშ-ის ჯარიც.

1950 წელს, სამხრეთ კორეის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას, ჩრდილოეთისგან თავდასხმა მოჰყვა. კორეის სისხლიანი ომი იყო პირველი, რომელშიც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ჩაერთო. სამხრეთ კორეაში 16 სხვადასხვა ქვეყნიდან გაიგზავნა ჯარი, 41 ქვეყნიდან კი სამხედრო აღჭურვილობა, ან დახმარება. სამხრეთ კორეის დასახმარებლად ჩავიდა ამერიკის შეერთებულმა შტატების სამხედროების 90 პროცენტი. გამარჯვებამდე ძალიან ცოტა იყო დარჩენილი, როდესაც ჩრდილოეთ კორეული რეჟიმის დასახმარებლად, მოულოდნელად კონფლიქტში ჩინელი სამხედროები ჩაერთვნენ, რომელთაც აღჭურვილობით საბჭოთა კავშირი ამარაგებდა. სამწლიანი ომისა და ზავის დადებაზე ორწლიანი მოლაპარაკებების მიუხედავად, მხარეები ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ ტექნიკურად კორეის ომი არასდროს დასრულებულა, თუმცა შეიქმნა დე ფაქტო საზღვარი, რომელსაც ე.წ. დემილიტარიზებული ზონა (DMZ) დაერქვა.

რა მდგომარეობაა ჩრდილოეთ კორეაში ახლა?

ჩრდილოეთ კორეა საკუთარ თავს სოციალისტურ სახელმწიფოდ მოიაზრებს, თუმცა კრიტიკოსების შეფასებით ქვეყანაში ტოტალიტარული დიქტატურაა. საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ადამიანის უფლებების კუთხით ჩრდილოეთ კორეას თანამედროვე მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო იდეოლოგია "ჩუჩხე" სერვისების უმეტესობის, ჯანდაცვის, განათლების, საკვების პროდუქციის სახელმწიფო საკუთრებაში ყოფნას ითვალისწინებს. 1994 წლიდან 1998 წლამდე ქვეყანაში შიმშილობის პერიოდის შედეგად 240-დან 420 ათას ადამიანმდე დაიღუპა. საკვების ნაკლებობის პრობლემას ჩრდილოეთ კორეა დღემდე ებრძვის.

ყველა ადგილობრივი მედია კონტროლდება სახელმწიფოს მიერ, უცხოური კი აკრძალულია და ასევე მკაცრად კონტროლდება. აკვირდებიან ინტერნეტსა და საერთაშორისო სატელეფონო ზარებს. მკაცრად ისჯებიან ის მოქალაქეები, რომელთაც მობილურ ტელეფონებში, მეხსიერების ბარათებსა ან USB-ები უცხოური ახალი ამბები ან ფილმები აღმოაჩნდებათ. ხელისუფლება სისტემატურად აიძულებს ხალხს მუშაობას, რათა აკონტროლოს ისინი და როგორღაც გააძლიეროს ეკონომიკა. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ჩრდილოკორეელების უმრავლესობა იძულებულია, შეასრულოს არაანაზღაურებადი სამუშაო. გაეროს მონაცემებით, 80-დან 120 ათასამდე ადამიანი დაკავებულია პოლიტიკური ნიშნით.

პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიური თავისუფლებების შეზღუდვის გამო Human Rights Watch ჩრდილოკორეელებს ყველაზე რეპრესირებულ ხალხად მოიხსენიებს.

ჩრდილოეთ კორეაში 25 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, სამხრეთ კორეაში კი - თითქმის ორჯერ მეტი.

როგორ გახდა ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ქვეყანა?

მსოფლიოში ცხრა ბირთვული ქვეყანა არსებობს: გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, რუსეთი, ისრაელი, პაკისტანი, ინდოეთი, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩრდილოეთ კორეა.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / Vox

კიმის რეჟიმმა ატომური ტექნოლოგია პირველად 1950-იან წლებში, საბჭოთა კავშირისგან მიიღო. 1985 წელს ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე საერთაშორისო შეთანხმებას შეუერთდა, რომელიც ქვეყნებს ატომური იარაღის წარმოებას უკრძალავს, თუმცა ერთი წლის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ იონბიონში ბირთვული საწარმო ამუშავდა. 2003-ში კი ქვეყანა აღნიშნულ შეთანხმებას საერთოდ გამოეთიშა.

46-წლიანი მმართველობის შემდეგ, კიმ ირ სენი 1994 წელს გარდაიცვალა, ძალაუფლება კი დაუყოვნებლივ მისმა შვილმა, კიმ ჩენ ირმა გადაიბარა. მან პირველად ჩაატარა ბირთვული ტესტი 2006 წელს.

კიმების დინასტია მიიჩნევს, რომ მათი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთადერთი გარანტია ბირთვული იარაღია. ისინი აკვირდებოდნენ, როგორ შეიჭრა აშშ ერაყში, რადგან ფიქრობდა, რომ სადამ ჰუსეინს შესაძლოა ატომური ბომბი ჰქონდა. ჩრდილოეთ კორეა აკვირდებოდა ლიბიის დიქტატორის, მუამარ კადაფის მოლაპარაკებებს აშშ-სთან, რის შედეგადაც მან ბირთვული პროგრამა შეწყვიტა. კიმების დინასტიას მათი ბედის გაზიარება არ სურს.

ამასთან, პენტაგონი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეას ატომური ბომბის ბალისტიკურ რაკეტაზე მიმაგრების პრობლემა აქვს. მათ არსენალში უკვე არსებული რაკეტები პატარაა, რაც იმას ნიშნავს, რომ უზარმაზარი ატომური ბომბის გადაზიდვა არ შეუძლიათ. ამას კი მომდევნო საკითხამდე მივყავართ.

რატომ სურს ჩრდილოეთ კორეას ICBM-ის შექმნა?

თუ ჩრდილოეთ კორეა იგრძნობს, რომ მის სუვერენიტეტს, ან ეროვნულ ინტერესებს საფრთხე ემუქრება, შესაძლოა, პასუხად აბირთვული იარაღი გამოიყენოს. ამის გასაკეთებლად ქვეყანას ორი რამ სჭირდება: ქმედითი ატომური ბომბი და მისი მიზნამდე მისატანი გზა.

ჩრდილოეთ კორეას უკვე აქვს ახლო და საშუალო მოქმედების ძალიან ეფექტიანი რაკეტები, რაც საფრთხეს უქმნის მის მთავარ მტრებს, სამხრეთ კორეას და იაპონიას, ასევე, 62 ათასი ამერიკელ სამხედროს, რომლებიც ამ ქვეყნებში მდებარე სამხედრო ბაზებზე გადიან წვრთნებს.

საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა (ICBM) ის იარაღია, რომელიც აშშ-ისა და რუსეთის არსენალში ათასობით მოიპოვება და რომელსაც 15 ათასი კილომეტრის მოშორებით მდებარე მიზნის განადგურება შეუძლია. ICBM-ის შექმნა ძალიან რთულია, სწორედ ამიტომ საკუთარ რაკეტაზე ჩრდილოეთ კორეა დიდი ხანია მუშაობს.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / Vox

33 წლის კიმ ჩენ ინი ქვეყნის სათავეში, მამის გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით 6 წლის წინ მოვიდა და მას შემდეგ იმაზე მეტი სარაკეტო ტესტირებები ჩაატარა, ვიდრე მისმა მამამ და ბაბუამ ერთად. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ კიმ ჩენ ინი კონფლიქტისკენ პირველ ნაბიჯს არ გადადგამს. მათი აზრით, კიმს მისი რეჟიმის შენარჩუნება სურს და ომის შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეა მას აუცილებლად წააგებს. შესაბამისად, რაკეტების ტესტირებით კიმი მსოფლიოს და პირველ რიგში აშშ-ს ატყობინებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია.

რამდენად ძლიერია ჩრდილოეთ კორეა?

ბირთვული იარაღის მიღმა, ჩრდილოეთ კორეას დიდი რაოდენობით სტანდარტული იარაღი და მსოფლიოში უდიდესი საარტილერიო ძალა ჰყავს. ამასთან, ჩრდილოეთ კორეას, ბევრად მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, ვიდრე სამხრეთ კორეას (1,19 მილიონი 665 ათასის წინააღმდეგ).

კიმი, ასევე, ამტკიცებს, რომ წყალბადის ბომბი აქვს, რაც ბევრად ძლიერი ბირთვული იარაღია, ვიდრე ჩვეულებრივი ატომური ბომბი, რომლის არსებობაშიც დარწმუნებულები ვართ. სავარაუდოდ, მას გაუმჯობესებული ატომური ბომბი აქვს, რომელიც წყალბადის რადიოაქტიულ ფორმას იყენებს. თუ კიმს მართლა აქვს წყალბადის იარაღი, ჩრდილოეთ კორეის მტრებს იმაზე დიდი პრობლემა აქვთ, ვიდრე ჰგონიათ.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო ვარაუდობს, რომ მის ჩრდილოელ მეზობელს 2 500-დან 5 ათასამდე მეტრული ტონა ქიმიური იარაღიც აქვს, მათ შორის, Sarin და VX ნერვული აგენტები. (Sarin სავარაუდოდ ის ქიმიური იარაღია, რომელიც სირიაში გამოიყენეს და რომელსაც 72 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.)

რამდენად მოსალოდნელია ჩრ. კორეა - აშშ-ს ომი?

ათწლეულების განმავლობაში აშშ ცდილობდა, ბირთვული იარაღი აგრესიული რეჟიმებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილიყო, თუმცა სხვადასხვა პრეზიდენტების სხვადასხვა ტაქტიკამ არ გაამართლა და ჩრდილოეთ კორეაც ბირთვული იარაღის დამუშავებას განაგრძობდა. პრეზიდენტმა კლინტონმა მოლაპარაკებები სცადა, პრეზიდენტმა ბუშმა მოლაპარაკებები მუქარით ჩაანაცვლა, პრეზიდენტი ობამა კი "სტრატეგიულ მოთმინების" ტაქტიკას იყენებდა.

ანალიტიკოსი ვიქტორ ჩა ამბობს, რომ ობამას ადმინისტრაციის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკამ და დიალოგისთვის მზაობამ გაჭრა ირანსა და კუბასთან მიმართებით, თუმცა ჩრდილოეთ კორეა დიალოგით დაინტერესებული არ არის.

დაძაბულობის მიუხედავად, დამკვირვებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ომის დაწყების შესაძლებლობა დაბალია.

ჟან ლის, AP-ის ფხენიანის ბიუროს ყოფილი უფროსის აზრით, რეგიონში არავის, მათ შორის არც ჩრდილოეთ კორეას სურს ომი. მისი თქმით, კიმ ჩენ ინს სჭირდება, რომ აშშ-მ ბირთვულ სახელმწიფოდ აღიაროს.

პროფესორი ანდრეი ლანკოვი მიიჩნევს, რომ კონფლიქტის ძალიან მცირე შესაძლებლობა არსებობს, თუმცა კიმი დიპლომატიითაც არ არის დაინტერესებული. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეა მხოლოდ მაშინ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, როცა რამდენიმე წელიწადში, აშშ-ის ქალაქ ჩიგაკოს განადგურების შესაძლებლობას შეიმუშავებს.

ჯიუნგსონგი, კორეის მკვლევარი და ლექტორი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეის პრობლემა სამხედრო გზით ვერ გადაწყდება. კიმის სურვილია, რომ ლეგიტიმაცია მიიღოს და მსოფლიომ ბირთვული სახელმწიფოდ აღიაროს.

რა როლი აქვს ჩინეთს ჩრდილოეთ კორეის საკითხის გადაჭრაში?

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შექმნილი კრიზისის გადაჭრაში ჩინეთს უდიდესი წვლილი მიუძღვის. ჩინეთი წლებია ცდილობს სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობები შეინარჩუნოს ჩრდილოეთ კორეასთან. გაეროს მონაცემებით, ფხენიანის ექსპორტის 85 პროცენტი პეკინზე მოდის, რაც ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამასთან, ვაშინგტონში დაფუძნებული ორგანიზაციის C4ADS-ის კვლევის თანახმად, 2013 წლიდან 2016 წლამდე, ჩრდილოეთი კორეასთან მხოლოდ 5 233 ჩინური კომპანია ვაჭრობდა. სამხრეთ კორეაში საქონლის ექსპორტირებით კი 2016 წელს, ჩინეთში, 67 163 კომპანია იყო დაკავებული.

პრობლემა ისაა, რომ ჩინეთი ყველაზე მეტად კორეის ნახევარკუნძულის დესტაბილიზაციაზე ღელავს. ჩინეთის მიერ სანქციების დაწესებამ, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის კოლაფსი გამოიწვიოს, რის გამოც ჩინეთს მილიონობით ლტოლვილთან გამკლავება მოუწევს. გარდა ამისა, კორეა სავარაუდოდ გაერთიანდება, 1 400 კილომეტრიან საზღვარზე პროამერიკული, ბირთვული სახელმწიფოს ყოლა, სადაც ათიათასობით ამერიკელი სამხედრო მსახურობს, ჩინეთის ინტერესებში არ შედის.

მიუხედავად ამისა, აგვისტოში ჩინეთმა განაცხადა, რომ მზადაა გაეროს სანქციები განახორციელოს და დაბლოკოს ქვანახშირის, მინერალებისა და ზღვის პროდუქტების იმპორტი ჩრდილოეთ კორეიდან.

რა ხდება სამხრეთ კორეაში?

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სამხრეთ კორეამ წარმოუდგენელ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია და მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ქვეყანა გახდა. 1960-იან წლებში, მისი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე აფრიკისა და აზიის უღარიბესი ქვეყნების ნიშნულს უტოლდებოდა.

დღეს, სამხრეთ კორეა მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების სიაში მეშვიდე ადგილს იკავებს. სამხრეთ კორეა ტაივანთან, სინგაპურთან და ჰონგ-კონგთან ერთად აზიის ვეფხვების სახელითაა ცნობილი. მას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს დადებული მსოფლიო ეკონომიკის 75 პროცენტთან და დიდი ოცეული ქვეყნებიდან ერთადერთია, რომელიც თავისუფლად ვაჭრობს ჩინეთთან, აშშ-სთან და ევროკავშირთან. 1988 წლის შემდეგ, სამხრეთ კორეის კონსტიტუცია ლიბერალური დემოკრატიის გარანტორია ხელისუფლების მაღალი გამჭვირვალობითა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მაღალი სტანდარტით. დედაქალაქი სეული მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მეგაპოლისი და მეშვიდე ყველაზე მდგრადი ქალაქია. სამხრეთ კორეა სამშობლოა ისეთი ტექნოლოგიური გიგანტებისთვის, როგორიცაა Samsung, LG, Hyundai-Kia. 2005 წელს ის გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც სრულიად გადავიდა მაღალ სიჩქარიან ინტერნეტზე, დღეს კი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ინტერნეტი აქვს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ზარქუა: "ლუსულ" ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო — ნათესავისაა
  2. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს
  3. ფილარმონიის მიმდებარედ საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ
  4. ილია II: ცესკომ დაადასტურა ქართული ოცნების გამარჯვება, გულითადად ვულოცავთ ამ წარმატებას
  5. ჯოზეფ ბორელი განმარტავს, რა იქნება საქართველოში "ტექნიკური მისიის" ამოცანა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ