ოლენა შევჩენკო — აუცილებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Queer.ge-ზე. On.ge მასალას ავრცელებს პარტნიორობის ფარგლებში.
24 თებერვალს რუსეთის მხრიდან ჩვენს ქალაქებზე მასიური თავდასხმის გამო, დილის 5 საათზე გამეღვიძა. უკრაინაში ჯერ კიდევ არავის შეუძლია იმის დაჯერება, რაც ახლა ხდება. მივიღე ათობით შეტყობინება და ზარი ადამიანებისგან სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც მეკითხებოდნენ, რა ექნათ, მაგრამ ამაზე პასუხი არ მქონდა. რამდენიმე საათი დაგვჭირდა სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან ინფორმაციის შესაგროვებლად იქ მცხოვრები ლგბტქი თემის წევრების შესახებ.
ჩვენ 11 ფილიალი გვაქვს რეგიონში, მათ შორის, აღმოსავლეთ უკრაინაში — კრამატორსკში, ზაპოროჟიესა და დნიპროში. დავიწყეთ იმ პირთა სახელების შეგროვება, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გადასახლებულიყვნენ.
რატომ არის ასე საშიში ლგბტქი ადამიანებისთვის შესაძლო ოკუპაციის ქვეშ ყოფნა? რუსეთი თავისი "ტრადიციული ღირებულებებით" მოდის და ნადირობს ჩვენზე. ჩვენ "საშიშროებას" წარმოვადგენთ მათი ბოროტი იმპერიისთვის. გავიგე, რომ მათ აქვთ აქტივისტების სიები, რომელთა დევნასაც აპირებენ და, დარწმუნებული ვარ, ამ სიებში ლგბტქი აქტივისტებიც არიან.
მსგავსი ვითარება უკვე იყო 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიკავა. ბევრი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. ბევრი მათგანი ლგბტქი თემის წევრი იყო. მათზე ნადირობდნენ — ზოგიერთი მოკლეს, ზოგი გაუჩინარდა.
2014 წელს კიევში იძულებით გადაადგილებული ლგბტქი ადამიანების თავშესაფარი გავხსენით. ამჯერად, წასასვლელი არსად გვაქვს და სამშობლოს ოკუპანტებისგან დაცვა გვსურს. მოცემული მდგომარეობა საკმაოდ რთულია. არავინ იცის, რა იქნება შემდეგ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რისი შესაძლებლობაც გვაქვს — უზრუნველვყოფთ ადამიანების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, გახსნილია ცხელი ხაზი კონსულტაციებისთვის და ვთხოვთ საერთაშორისო საზოგადოებებს, როგორმე დაგვეხმარონ. სამწუხაროდ, ეს ინსტრუმენტები მსოფლიოში აღარ მუშაობს და გვიწევს, ამ სულელურ ომს ჩვენ თვითონ ვებრძოლოთ.
ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არ არის ომი მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაში. ეს უზარმაზარი საერთაშორისო კრიზისია და შესაძლო ომის დასაწყისი მთელს ევროპაში. რუსეთის პრეზიდენტმა ნათლად აჩვენა, რომ მას აღარ აინტერესებს საერთაშორისო ვალდებულებები, წესები და სანქციები. ის არ აპირებს გაჩერებას.
ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან საინტერესო დროში, რომელშიც ეს ამბავი ვითარდება. ეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მსოფლიოს გეოპოლიტიკური ისტორიაცაა. არსებული საერთაშორისო ორგანიზაციები და მშვიდობის შენარჩუნების მექანიზმები წარმოსახვითი აღმოჩნდა. როდესაც ვამბობ წარმოსახვითს, არ ვგულისხმობ, რომ ისინი არ არსებობს, უბრალოდ, არაეფექტურია. ჩვენ ახალი მექანიზმები უნდა შევქმნათ, უკრაინამ სხვებს თავისი ძალა უნდა აჩვენოს.
ხუმრობები "ღრმა შეშფოთებაზე" აღარ არის სასაცილო. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის მაქსიმუმი, რისი მოცემაც წარმოსახვით დემოკრატიულ სამყაროს შეუძლია. ბოლო დღეებში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები თითქმის ყოველ წუთს მწერდნენ და მეკითხებოდნენ, გვქონდა თუ არა კრიზისის გეგმა, ან როდის ვაპირებდით მის შემუშავებას. რა გეგმამ შეიძლება იმუშაოს სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემთხვევაში? (ჩვენ არ გვყავს მათნაირი თვითმფრინავები, რომ ხალხი უსაფრთხო ადგილას წავიყვანოთ). ჩვენი აქტივისტები ლგბტქი თემიდან რჩებიან ადგილზე, აგრძელებენ მუშაობას და ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფების მხარდაჭერას. სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცი, როდემდე შევძლებთ წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ აუცილებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ.
იზრუნეთ საკუთარ თავსა და ახლობლებზე. ყველაფერი კარგად იქნება!
კომენტარები