12 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ "ოცნების" განათლების სამინისტროს დაანონსებული "ერთი ქალაქი — ერთი ფაკულტეტი" პრინციპით, სახელმწიფო უნივერსიტეტებს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება შეეზღუდებათ. ამ ცვლილებით, განსაკუთრებული დარტყმა მიადგება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ უმაღლეს სასწავლებელს, რომელსაც, გეგმის მიხედვით, მხოლოდ "პედაგოგიკის პროგრამები და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები" უნდა დარჩეს. შედეგად, ილიაუნიში პროგრამებისა და კვლევითი მიმართულებების აბსოლუტური უმრავლესობა უქმდება. ამასთან, მომავალ სასწავლო წელს ბაკალავრიატზე მისაღები ადგილების რაოდენობა 4 200-დან 300-მდე შემცირდება — სტუდენტების კვოტა ყველაზე მეტად, მთელი 92%-ით, სწორედ ილიაუნის შეეკვეცა. ამდენად, უფრო ზუსტი შეფასება იქნება, თუ ვიტყვით, რომ თვითონ ილიაუნიც, ფაქტობრივად, უქმდება — ამასვე აღნიშნავს სასწავლებლის რექტორის მოადგილე სწავლების დარგში, გიორგი გვალია. განათლების სფეროს წარმომადგენლები პირდაპირ მიუთითებენ გადაწყვეტილების ანტიკონსტიტუციურობაზე და უნივერსიტეტების ინსტიტუციური ავტონომიის ფეხქვეშ გათელვაზე, იმის მიუხედავად, რომ ეს პროცესი დიდი ხანია, დაწყებულია...

აქამდე თუ ზოგი მოზომილი ფრაზით აღნიშნავდა ხოლმე, საქართველოში უმაღლესი განათლების ბედი გაურკვეველიაო, ახლა შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ უნივერსიტეტების უმრავლესობის ბედი გადაწყვეტილია — "ოცნების" განათლების მინისტრის ციტირებულ გაურკვეველ ანალიზზე დაყრდნობით.

რას ეფუძნება უმაღლესი განათლების რეფორმა დეფორმა

"ოცნების" განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, უნივერსიტეტებისთვის მისაღები სტუდენტების კვოტები "შრომის ბაზრის ანალიზის" შედეგად განისაზღვრა. მისი თქმით, "კვლევა" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჩაატარა და შედეგები "სულ რამდენიმე დღის წინ დაზუსტდა". მიქანაძე ხაზს უსვამს, რომ ანალიზის პროცესში კერძო სექტორი იყო ჩართული და მეტიც, თურმე ბიზნესსფეროს წარმომადგენლებს "რეფორმისთვის" მხარიც დაუჭერიათ. თუმცა, "ოცნების" მინისტრმა არ იცის, კონკრეტულად ვინ იღებდა მონაწილეობას შრომის ბაზრის "კვლევაში" და მისი ანგარიში არათუ არ გასაჯაროებულა, განათლების ექსპერტებსაც კი არ უნახავთ.

"როცა გვეგონა, რომ ფსკერს მივაღწიეთ, ქვემოდან დააკაკუნეს", — ამბობს ილიაუნის ყოფილი რექტორი გიგა ზედანია და იმ "კვლევის" წარმოდგენას ითხოვს, "სადაც წერია, რამდენი ფილოსოფოსი, მენეჯერი, ინჟინერი და ბიოლოგი სჭირდება ქვეყანას".

"რეფორმის" მოტივების აბსურდულობაზე მიუთითა ქართული ოცნების პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ილიაუნის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ, 14 თებერვალს გამართულ სატელევიზიო დებატებშიც, რომელიც პროპაგანდისტული იმედის ეთერში გაიმართა. კობახიძემ პირობა დადო, რომ ახლო მომავალში "კვლევის" პრეზენტაცია გაიმართება, თუმცა, დისკუსიაში, სადაც საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენლები მას კონკრეტული კითხვებით დახვდნენ, პასუხი, მეტწილად, "არგუმენტების ნაკლებობაზე" ხაზგასმა იყო.

თქვენ სჯით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. ეს არის სადამსჯელო აქცია.

განათლების ექსპერტი ლიკა ღლონტი ირაკლი კობახიძეს

"თქვენ რომ ახლა შრომის ბაზრის 'კვლევა' ჩაატარეთ, იმან გაჩვენათ, რომ ქვეყანაში 5 კომუნიკაციისა და მეტყველების პედაგოგი და 20 ასტროლინგვისტი გჭირდებათ?", — იკითხა დობორჯგინიძემ, — "მაშინ, როდესაც თქვენ დაუკვეთეთ კვლევა საერთაშორისო ორგანიზაციებს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებზე, რომლებსაც ბევრი პრობლემა აქვთ და ენა-მეტყველების თერაპევტი სჭირდებათ, თქვენს ანგარიშში წერია, რომ 1 500 სპეციალისტია საჭირო. სულ 65-ია, იმიტომ, რომ ერთადერთი პროგრამა ამზადებს ამ სპეციალისტებს. თქვენ 5 ადგილი გამოყავით ენა-მეტყველების და 20 — ასტროლინგვისტიკის პროგრამაზე. გვაინტერესებს, რომელმა ბაზრის კვლევამ გითხრათ, რომ 20 ასტროლინგვისტი გჭირდებათ და 5 ენა-მეტყველების სპეციალისტი?".

თუმცა, თუკი "კვლევის" არგუმენტის მიღმა გავიხედავთ, "რეფორმას" პოლიტიკურ კონტექსტში ჩავსვამთ და განათლების სფეროში ბოლო წლებში მიმდინარე მოვლენებს თვალს გადავავლებთ, ყველაფერი უფრო ცხადი გახდება.

უნივერსიტეტების ავტონომიის შელახვა არახალი პრაქტიკაა

ცხადია, ილიაუნი ერთადერთი უნივერსიტეტი არაა, რომელსაც ქართული ოცნების დამანგრეველი რეფორმები შეეხება. სხვა თუ არაფერი, რამდენიმე კვირის წინ სრულიად მოულოდნელად დააანონსეს თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება, მალევე კი გადაწყვეტილება შეცვალეს — თითქოს, იმ ანალიზის შედეგი შეცვლილიყოს, რომლის საფუძველზეც ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმება განეზრახათ.

საინტერესოა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, რომელმაც ცვლილებაზე მის გასაჯაროებამდე ერთი დღით ადრე შეიტყო, გადაწყვეტილებას მაინც ეთანხმებოდა და მეტიც, "ოცნების" ნოუ-ჰაუდ ქცეულ წინა ხელისუფლებასთან შედარებას იშველიებდა. სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ კი, რაც უნდა ირონიული იყოს, უნივერსიტეტების გაერთიანება ავტონომიის შეზღუდვად შეაფასა, მაგრამ უმაღლესი განათლების "რეფორმა" ერთხმად მოიწონა. სასწავლებლის ხელმძღვანელობის პოზიცია სულ არ იქნება გასაკვირი, თუ გაგახსენებთ, რომ დავით გურგენიძე ჯერ კიდევ 2024 წელს ამბობდა, რომ "ოცნების" მიღებული რუსული კანონი "რუსული არ არის", ტექნიკური უნივერსიტეტი კი იმ 38 (მოგვიანებით 36) უმაღლეს სასწავლებელს შორის იყო, რომლებიც მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე, "პოლიტიკური პროცესების" აკადემიური სივრცისგან გამიჯვნას მოითხოვდნენ. ამ განცხადებაზე ხელმომწერებს შორის არიან ასევე თსუ, სამედიცინო უნივერსიტეტი, კონსერვატორია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბათუმის, თელავის, სოხუმის, სამცხე-ჯავახეთისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტები. ამ უნივერსიტეტების დიდ ნაწილს ასევე მკვეთრად შეუმცირდა სასწავლო პროგრამები, მაგრამ "რეფორმას" ხელმძღვანელობისგან პროტესტი არსად მოჰყოლია. გიკვირთ? მე არა. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიორგი სოსიაშვილი რომ "ოცნების" დეპუტატი და რუსული კანონის ერთ-ერთი მიმღებია, ეს შეიძლება იცოდეთ, მაგრამ ის თუ გახსოვთ, როგორ ილახებოდა უმაღლესი სასწავლებლების ავტონომია ბოლო წლებში?

2023 წელს, როცა ქართულმა ოცნებამ პირველად და უშედეგოდ სცადა რუსული კანონის მიღება, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაშინდელმა რექტორმა ნანა შარიქაძემ ღიად გამოხატა პროტესტი. მართალია, მასშტაბური აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე "ოცნებამ" კანონპროექტი უკან გაიწვია, მაგრამ განაგრძო იმის მტკიცება, რომ სტუდენტები, რომლებიც საპროტესტო დემონსტრანტების დიდ ნაწილს შეადგენდნენ, მოტყუებულები და შეცდომაში შეყვანილები იყვნენ. სწორედ აქ დაინახა მმართველმა ძალამ უნივერსიტეტების გაკონტროლების საჭიროება და სულ რამდენიმე თვეში კულტურის მაშინდელმა მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან დააანონსა კონსერვატორიაში გასატარებელი "რეფორმა", რომელსაც "ხელმძღვანელობაში თვალშისაცემი ხარვეზი" უნდა გამოესწორებინა. წულუკიანის გამოსვლიდან რამდენიმე დღეში, მინისტრის ბრძანებით, კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს დადგენილება გაბათილდა და რექტორის არჩევნები გაუქმდა. ამდენად, ალბათ არაა გასაკვირი, რომ რამდენიმე თვეში კონსერვატორია აკადემიური სივრცის "პოლიტიკური პროცესებისგან" გამიჯვნის სადარაჯოზე მოგვევლინა...

კონსერვატორიამდე ხელმძღვანელობის პარტიული ნიშნით ცვლილების საჭიროება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დადგა, სადაც სტუდენტური პროტესტი წლებია, არსებობს. 2022 წელს, სწორედ სტუდენტური პროტესტის ფონზე, თსუ-ის რექტორის ერთკანდიდატიან არჩევნებში თბილისის საკრებულოს წევრმა ქართული ოცნებიდან, ჯაბა სამუშიამ, გაიმარჯვა. სამუშიას რექტორად არჩევიდან რამდენიმე თვეში, რუსული კანონის ჩაგდების შემდეგ, უნივერსიტეტის სტუდქალაქში პოლიცია შევიდა, რაც სტუდენტურმა მოძრაობამ "რეპრესიებისა" და "დაშინების" მორიგ ტალღად შეაფასა. საპოლიციო ძალებს უნივერსიტეტმა თავისი სასწავლო კორპუსები და ეზოს ტერიტორია დაუთმო 2024 წლის ნოემბრის აქციების პერიოდშიც: იქ მყოფი დემონსტრანტები სწორედ სასწავლებლის მხრიდან წამოსულმა ძალოვანებმა დაშალეს. ამან პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა — სტუდენტების მოთხოვნა უკვე თსუ-ის რექტორისა და ადმინისტრაციის გადადგომა გახდა.

და მაინც ჩნდება კითხვა, რატომაა ილიაუნი "რეფორმის" მთავარი სამიზნე?

ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პასუხი მარტივი შეიძლება იყოს — შეხედეთ იმ 38 უნივერსიტეტის ჩამონათვალს, რომლებმაც "პოლიტიკური პროცესებისა" და აკადემიური სივრცის გამიჯვნა მოითხოვეს. მაშინ, როცა სხვა უნივერსიტეტები მთავრობის მაამებელ ამ განცხადებას აკეთებდნენ, ილიაუნი ცდილობდა, მასობრივი გაფიცვის გამო შეფერხებულ სასწავლო პროცესს სტუდენტებისთვის პრობლემა არ შეექმნა; ამ მიზნით გახანგრძლივდა საგამოცდო პერიოდი და სადისერტაციო ნაშრომების ჩაბარების ვადა. გაფიცულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმაც. ილიაუნის რექტორი კი რეპრესიული კანონების ღიად კრიტიკას მანამდეც არ ერიდებოდა.

ილიაუნიში ყოველთვის ესმოდათ, რომ აკადემიური სივრცე "პოლიტიკური პროცესებისგან" ვერანაირად გაიმიჯნება, რადგან ერთი მეორეზე ახდენს გავლენას და პირიქით. სწორედ ამიტომ, სასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი მისია ყოველთვის იყო, სტუდენტებისთვის კრიტიკული აზროვნება და მოვლენების ანალიზი ესწავლებინა; სხვა თუ არაფერი, ყველა პირველკურსელისთვის სავალდებულო საგანია "შესავალი თანამედროვე აზროვნებაში" — ისტორიის ყველაზე დიდი მოაზროვნეების გარდამტეხი ტექსტები, რომლებიც სტუდენტებს ასწავლის, ნებისმიერი სამსჯელო საკითხის მრავალწახნაგოვანი ფორმა დაინახონ და მას სხვადასხვა რაკურსით შეხედონ. გავრცელებული დეზინფორმაციული ნარატივი, თითქოს, ილიაუნიში პარტიული პოლიტიკაა, ცხადია, წმინდა წყლის სიცრუეა, მაგრამ თუკი რამე მასწავლა ამ უნივერსიტეტმა, პირველ ყოვლისა, პოლიტიკის უფრო ფართო გაგებით აღქმა; პლუტარქეს სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, თუ როგორ თავისთავად ცვლის გარემომცველ რეალობას ჩვენი პიროვნული გარდატეხა.

არადა, სწორედ ეს აშინებს მათ, ვინც ძალაუფლებას ფლობს. ამიტომ, ილიაუნი წლების განმავლობაში იყო ამოღებული პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული ნარატივების სამიზნეში. მახსოვს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სკოლის ბოლო წელს ილიაუნიში ჩაბარება გადავწყვიტე და ეს ამბავი დედაჩემმა ახლობელს გაუზიარა, იქიდან ძველისძველი ეპითეტი შეაგებეს, მაგ "სექტანტების ბუდეში" შვილს როგორ უშვებო.

"სექტანტების ბუდე", "ნაცების სამჭედლო" და კიდევ მრავალი სხვა მადისკრედიტირებელი სიტყვათშეთანხმება დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა ილიაუნის მისამართით. მსგავს ტერმინებს ახლაც შეხვდებით, თუკი დაანონსებულ "რეფორმაზე" სოციალური მედიის პროპაგანდისტული გვერდების კომენტარებში შეიხედავთ. წესით, ისიც ადვილად მისახვედრია, რომ ეს ყველაფერი ორკესტრირებული კამპანიაა.

სხვა რეპუტაციული დარტყმები ილიაუნის დისკრედიტაციისთვის

2026 წლის მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგს თუ ჩახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ილიაუნი ერთადერთი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც 1500-ეულში შედის. ამ რეიტინგში ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგს სასწავლებელი წლებია, ინარჩუნებს.

2024 წლის ზაფხულში ქართველი და უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ავტორიზაციის ჯგუფმა ილიაუნის ყველა კომპონენტში უმაღლესი შეფასება დაუწერა. თუმცა, ამ შედეგის მიუხედავად, ავტორიზაციის საბჭომ "დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები" და უნივერსიტეტს პირობითი ავტორიზაცია მიენიჭა ერთი წლის თავზე მონიტორინგის დათქმით. ცნობისთვის, საბჭოს ხელმძღვანელი, პრემიერის ბრძანებით, კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელიაა, რომელმაც რუსული კანონის საპროტესტო აქციების დროს არა მხოლოდ მხარი დაუჭირა რექტორთა საბჭოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას, არამედ სამსახურიდან გაუშვა ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილიც, რომელიც ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დევნად აფასებდა. საბოლოოდ, ილიაუნის რამდენიმეთვიან ბრძოლას სააპელაციო საბჭოში შედეგი მოჰყვა და 2025 წელს უნივერსიტეტმა სრული ავტორიზაცია მიიღო. თუმცა, ბოლო წლებში ეს არ ყოფილა სასწავლებლისთვის მიყენებული ერთადერთი რეპუტაციული დარტყმა.

2023 წელს სამთავრობო ნარატივის გამტარმა რუსთავი 2-მა მოამზადა სიუჟეტი, სადაც ილიაუნის რექტორს, ნინო დობორჯგინიძეს, სასწავლებლის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში, ნეპოტიზმსა და ნასამართლობაში ადანაშაულებდნენ. საპასუხოდ, ნინო დობორჯგინიძეს მოუწია, საჯაროდ მოეყოლა წლების წინ მომხდარ პირად ტრაგედიაზე, როცა ავტოავარიას მისი დისშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ეს წინასწარი მოსამზადებელი ფაზა იყო ჩემი ფსიქოლოგიური განადგურებისთვის და უნივერსიტეტის, როგორც გამორჩეული ევროპული სივრცის, დაზიანებისთვის", — წერდა დობორჯგინიძე, რომლის სიტყვებიც ახლანდელი გადმოსახედიდან წინასწარმეტყველური ჩანს.

ილიაუნი, როგორც არათუ გამორჩეული ევროპული სივრცე, არამედ, ფაქტობრივად, უკანასკნელი ბასტიონი აკადემიური თავისუფლებისა, დღეს უკვე გაცხადებული განადგურების საფრთხის წინაშე დგას. თუმცა, ის დამანგრეველი შედეგები, რომლებიც ამ პროცესს განხორციელების შემთხვევაში მოჰყვება, ცხადია, ბევრად მასშტაბური იქნება.