ვინ იყო სინამდვილეში ჯეფრი ეპსტინი? — მძიმე დანაშაულები და ელიტური წრეები
ჯეფრი ეპსტინის საქმე თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ სკანდალად იქცა. ფინანსისტი, რომელმაც სიცოცხლე 2019 წელს ციხის საკანში დაასრულა, ათწლეულების განმავლობაში არასრულწლოვანებით ვაჭრობისა და სექსუალური ძალადობის ფართო ქსელს მართავდა. BBC-ის მასალებზე დაყრდნობით მომზადებული სტატია ეპსტინის ცხოვრებისა და მისი დანაშაულებრივი საქმიანობის ქრონოლოგიას მიმოიხილავს.
რას გვიყვება გამოქვეყნებული დოკუმენტები ეპსტინის საქმეზე
"მე სექსუალურად მოძალადე კი არა, უბრალოდ დამნაშავე ვარ", — უთხრა ჯეფრი ეპსტინმა New York Post-ს 2011 წელს, — "ეს იგივეა, მკვლელი და ფუნთუშის ქურდი ერთმანეთს შეადარო."
2019 წლის 10 აგვისტოს, სექს-ტრეფიკინგში ბრალდებული ეპსტინი ნიუ-იორკის ციხის საკანში გარდაიცვალა. ჯეფრი იმ პერიოდში სასამართლო პროცესს ელოდებოდა, გირაოთი გათავისუფლებაზე კი უარი ჰქონდა ნათქვამი.
ეს ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც ათ წელზე მეტი იყო გასული მას შემდეგ, რაც ეპსტინი არასრულწლოვანის პროსტიტუციაში ჩაბმისთვის პირველად გაასამართლეს და სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩამდენი პირის იარლიყი მიაკერეს. გარდაცვალებამდე კი მას არასრულწლოვანი გოგოებისგან შემდგარი "ფართო ქსელის" მართვა ედებოდა ბრალად, თუმცა თავად ეპსტინი ბრალს არ აღიარებდა.
2025 წლის ნოემბერში აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ ხმათა უმრავლესობით "ეპსტინის ფაილების გამჭვირვალობის აქტი" დაამტკიცა. მალევე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლითაც იუსტიციის დეპარტამენტს დაევალა, 19 დეკემბრამდე ეპსტინის საქმის ყველა საგამოძიებო მასალა გაესაჯაროებინა.
დათქმულ ვადებში დოკუმენტების მხოლოდ ნაწილი გამოქვეყნდა, დანარჩენი მასალები კი მომდევნო კვირების განმავლობაში ეტაპობრივად გასაჯაროვდა.
ჯერჯერობით გაურკვეველია, ამით დასრულდა თუ არა ეს ხმაურიანი სკანდალი. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ტოდ ბლანშის თქმით, 30 იანვარს დოკუმენტების მორიგი პაკეტის გამოქვეყნებით "მასალების იდენტიფიცირებისა და გადახედვის რთული პროცესი დასრულდა".
თუმცა უფლებადამცველები და ოპოზიციონერი დემოკრატების ნაწილი მიიჩნევს, რომ უწყებამ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ზედმეტად ბევრი დოკუმენტი დამალა.
ამ დროისთვის გასაჯაროებულმა მასალებმა გარდაცვლილი ფინანსისტის ცხოვრებისა და მისი გავლენიანი გარემოცვის შესახებ კიდევ უფრო მეტი დეტალი გამოააშკარავა.
"შესანიშნავი ბიჭი"
ნიუ-იორკში დაბადებული და გაზრდილი ეპსტინი 70-იანი წლების შუა ხანებში კერძო სკოლაში, სახელად დალტონის სკოლა, მათემატიკასა და ფიზიკას ასწავლიდა. მართალია, უნივერსიტეტში თავადაც ამ საგნებს სწავლობდა, თუმცა სწავლა არასდროს დაუსრულებია.
ამბობენ, რომ ერთ-ერთი მოსწავლის მამა ახალგაზრდა მასწავლებლით იმდენად მოიხიბლა, რომ მას უოლ-სტრიტის საინვესტიციო ბანკის, Bear Stearns-ის, უფროს პარტნიორთან გაუწია რეკომენდაცია.
ოთხ წელიწადში ის უკვე ბანკის პარტნიორი გახდა, 1982 წლისთვის კი საკუთარი ფირმა — J. Epstein & Co — დააფუძნა.
კომპანია მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივებს მართავდა და მალევე წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია. ეპსტინმა ფულის ხარჯვა დაიწყო: იყიდა ვილა ფლორიდაში, რანჩო ნიუ-მექსიკოში და ნიუ-იორკში მდებარე სახლი, რომელიც ქალაქში ყველაზე დიდ კერძო საკუთრებად ითვლებოდა. პარალელურად, ის ცნობილ ადამიანებთან, ხელოვანებთან და პოლიტიკოსებთან მეგობრობდა.
"ჯეფს 15 წელია ვიცნობ. შესანიშნავი ბიჭია", — ეუბნებოდა დონალდ ტრამპი New York Magazine-ს 2002 წელს, — "მასთან დროის გატარება ძალიან მხიარული პროცესია. ამბობენ, ლამაზი ქალები ისევე უყვარს, როგორც მე, და მათი უმეტესობა საკმაოდ ახალგაზრდაა. ეჭვგარეშეა, რომ ჯეფრის სოციალური ცხოვრება სიამოვნებას ანიჭებს".
მოგვიანებით, პრეზიდენტმა თქვა, რომ მათ შორის ურთიერთობა 2000-იანი წლების დასაწყისში, ეპსტინის პირველ დაპატიმრებამდე დიდი ხნით ადრე, დაიძაბა და შეწყდა. ტრამპი ეპსტინთან დაკავშირებულ ნებისმიერ კანონდარღვევას მუდმივად ემიჯნებოდა.
თეთრი სახლის განცხადებით, ეპსტინი ტრამპმა თავისი კლუბიდან "ათწლეულების წინ გააგდო, რადგან ის ქალ თანამშრომლებს მოსვენებას არ აძლევდა". თავად პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ ეპსტინმა ტრამპის მარ-ა-ლაგოს კლუბის სპა-ცენტრიდან ახალგაზრდა გოგონები "მოიტაცა". "როგორც კი ეს გააკეთა, ჩვენი ურთიერთობაც მაშინვე დასრულდა", — განაცხადა ტრამპმა.
ჯეფრი ეპსტინი (მარცხნივ) და დონალდ ტრამპი ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში. 1997 წელი
ფოტო: Getty Images
ტრამპის გარდა, ეპსტინი კიდევ არაერთ გავლენიან ფიგურასთან მეგობრობდა, თუმცა ეს ავტომატურად ამ ადამიანების მხრიდან რაიმე დანაშაულზე არ მიუთითებს.
2002 წელს ეპსტინმა ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მსახიობები — კევინ სპეისი და კრის ტაკერი — აფრიკაში საკუთარი თვითმფრინავით წაიყვანა. 2003 წელს, მაშინდელ კინოპროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინთან ერთად კი, ეპსტინმა New York Magazine-ის ყიდვაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. იმავე წელს მან ჰარვარდის უნივერსიტეტს 30 მილიონი დოლარი შესწირა.
ეპსტინის მეგობრების სიაში იყო ბრიტანელი პოლიტიკოსი პიტერ მანდელსონიც. მოგვიანებით მანდელსონმა თქვა, რომ ამ მეგობრობას ნანობდა, რადგან სწორედ ამის გამო 2025 წელს აშშ-ში ელჩის პოსტი დაკარგა, მოგვიანებით კი ლეიბორისტული პარტიაც დატოვა.
მიუხედავად გავლენიანი მეგობრებისა, ეპსტინი მაინც ცდილობდა, ჩრდილში დარჩენილიყო — ის ხალხმრავალ წვეულებებსა და რესტორნებში საჯაროდ გამოჩენას მუდმივად გაურბოდა.
მას ურთიერთობა ჰქონდა ისეთ ქალებთან, როგორებიცაა მის შვედეთი — ევა ანდერსონ დუბინი და გილეინ მაქსველი (გამომცემელ რობერტ მაქსველის ქალიშვილი), თუმცა ოფიციალურად არასდროს დაქორწინებულა.
Tiffany & Co-ს ყოფილმა დირექტორმა, როზა მონკტონმა, Vanity Fair-თან ინტერვიუში ეპსტინს "ამოუცნობი" და "კლასიკური აისბერგი" უწოდა.
"გგონია, რომ იცნობ, მაგრამ როგორც კი ხახვის ფურცელივით ერთ ფენას მოაცლი, ქვეშ კიდევ უფრო უცნაურ რაღაცას პოულობ. ის სულაც არ არის ისეთი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს", — ამბობდა მონკტონი.
განაჩენი და საეჭვო გარიგება პროკურატურასთან
2005 წელს, 14 წლის გოგოს მშობლებმა ფლორიდის პოლიციას შეატყობინეს, რომ ეპსტინმა მათ შვილზე პალმ-ბიჩის სახლში იძალადა. ჩხრეკისას პოლიციამ მთელ სახლში გოგოების ფოტოები აღმოაჩინა.
გამოცემა Miami Herald წერდა, რომ ეპსტინი არასრულწლოვანებზე წლების განმავლობაში ძალადობდა.
"ეს არ ყოფილა უბრალო მითქმა-მოთქმა, როცა ერთი მხარის სიტყვა მეორისას უპირისპირდება", — განუცხადა გამოცემასს პალმ-ბიჩის პოლიციის უფროსმა, მაიკლ რაიტერმა, — "აქ იყო 50-მდე გოგო ერთი კაცის წინააღმდეგ — და ყველა მათგანი, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე ისტორიას ჰყვებოდა".
"მას გოგოების მიმართ ინტერესი არასდროს დაუმალავს", — იხსენებდა კოლუმნისტი მაიკლ ვოლფი 2007 წელს, როცა ეპსტინის საქმე სასამართლოში განიხილებოდა.
"ერთხელ, როცა სიტუაცია დამძიმდა, მითხრა: "რა ვქნა, პატარა გოგოები მომწონს". მე ვუპასუხე: "იქნებ სჯობდეს თქვა, რომ ახალგაზრდა ქალები მოგწონს-მეთქი".
მიუხედავად ამისა, 2008 წელს პროკურატურამ ფინანსისტთან საეჭვო გარიგება გააფორმა.
ჯეფრი ეპსტინმა თავი აარიდა ფედერალურ ბრალდებას, რაც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებდა. ამის ნაცვლად, მას მხოლოდ 18 თვე მიუსაჯეს, საიდანაც დღეში 12 საათს საკუთარ ოფისში ატარებდა — მას კვირაში 6 დღე ოფისში სიარულისა და მუშაობის უფლება მისცეს. საბოლოოდ, მან ციხე 13 თვეში, პირობითი მსჯავრით დატოვა.
ფოტო: ABC News
Miami Herald-ის ინფორმაციით, ფედერალურმა პროკურორმა, ალექსანდრე აკოსტამ, ეპსტინთან საიდუმლო გარიგება დადო. ამით მან არა მხოლოდ დანაშაულის მასშტაბები მიჩქმალა, არამედ წერტილი დაუსვა გამოძიებას იმის შესახებ, იყვნენ თუ არა საქმეში სხვა მსხვერპლები ან გავლენიანი პირები ჩართულნი. გაზეთმა ამას "საუკუნის გარიგება" უწოდა.
ამ სკანდალის გამო აკოსტა 2019 წელს გადადგა, თუმცა თავის მართლებას მაინც ცდილობდა — ამბობდა, რომ ეპსტინი ციხეში მხოლოდ ამ გარიგების წყალობით აღმოჩნდა.
2008 წლიდან ეპსტინი სექსუალური ხასიათის დამნაშავეთა რეესტრში მესამე, ყველაზე მძიმე კატეგორიაში ირიცხებოდა. ეს სამუდამო სტატუსი ნიშნავდა, რომ მას განმეორებითი დანაშაულის ჩადენის მაღალი რისკი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ნასამართლობის შემდეგ მან მთელი თავისი ქონება და უძრავი აქტივები შეინარჩუნა.
2019 წლის ნოემბერში, BBC-სთან ინტერვიუში პრინცმა ენდრიუმ, რომელიც ეპსტინს 1999 წლიდან იცნობდა, განაცხადა, რომ 2010 წელს ნიუ-იორკში მასთან მეგობრობის გასაწყვეტად ჩავიდა. მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ფინანსისტის სახლში დარჩა და აღნიშნა, რომ ამ საქციელით "სამეფო ოჯახს იმედები გაუცრუა".
თუმცა, წლების შემდეგ გამოქვეყნებული მეილებით გაირკვა, რომ პრინცი ეპსტინთან იმაზე დიდხანს კონტაქტობდა, ვიდრე აღიარებდა. საბოლოოდ, ამ ხმაურიანი ამბების გამო, 2025 წელს ენდრიუს სამეფო ტიტულები ჩამოართვეს.
ვირჯინია ჯუფრე, რომელიც ეპსტინის საქმის ერთ-ერთი მთავარი მომჩივანია, ამტკიცებდა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში, როცა ის 17 წლის იყო, პრინცთან სექსუალური კავშირი დააძალეს. ენდრიუ მასთან ინტიმურ კავშირს კატეგორიულად უარყოფდა და ამბობდა, რომ არც ის ფოტო ახსოვდა, სადაც ისინი ლონდონში ერთად არიან გადაღებულნი. თუმცა, 2022 წელს მან ჯუფრეს მილიონობით დოლარი გადაუხადა, რათა სასამართლო დავა შეეწყვიტა, რომელშიც ქალი პრინცს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა.
2019 წლის 6 ივლისს, პარიზიდან დაბრუნებული ეპსტინი ნიუ-იორკში დააკავეს. პროკურატურა იმ მდიდრული ვილის კონფისკაციას ითხოვდა, სადაც, მათი ვარაუდით, ეპსტინმა არაერთი დანაშაული ჩაიდინა. ეპსტინი კი ბრალს არ აღიარებდა.
სასამართლომ ეპსტინი გირაოს გარეშე დატოვა, ამიტომ ის ნიუ-იორკის წინასწარი დაკავების იზოლატორში (Metropolitan Correctional Center) გადაიყვანეს. ივლისში ჯეფრი მცირე ხნით საავადმყოფოში მოხვდა — მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ყელის არეში დაზიანებები ჰქონდა, თუმცა ამაზე ოფიციალური კომენტარი არც ციხის ადმინისტრაციას და არც მის ადვოკატებს არ გაუკეთებიათ.
31 ივლისს, სასამართლოში ბოლო გამოჩენისას, ნათელი გახდა, რომ ეპსტინს საკანში მინიმუმ ერთი წლის გატარება მოუწევდა, რადგან პროცესი 2020 წლის ზაფხულამდე არ განახლდებოდა. პროკურატურა საქმის გაჭიანურების წინააღმდეგი იყო და აცხადებდა, რომ პროცესის დროულად დასრულება საზოგადოებრივი ინტერესის საგანი იყო. თუმცა, ეპსტინი საკუთარ განაჩენს ვერ მოესწრო.
მაქსველის პროცესი
ეპსტინის სიკვდილის შემდეგ, ყურადღების ცენტრში მისი ყოფილი მეგობარი ქალი, გილეინ მაქსველი მოექცა.
ჯეფრი ეპსტინი და გილეინ მაქსველი საერთო წვეულებაზე.
ფოტო: Getty Images
ის 2020 წლის ივლისში ნიუ-ჰემფშირის შტატში, საკუთარ იზოლირებულ ვილაში, დააკავეს. მაქსველს ბრალად ეპსტინის დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობა ედებოდა — გამოძიების ვერსიით, ის ეპსტინს არასრულწლოვანების შერჩევასა და მათ წინასწარ ფსიქოლოგიურ მომზადებაში ეხმარებოდა.
2021 წლის დეკემბერში, ნიუ-იორკის სასამართლომ ის წარდგენილი ექვსი ბრალდებიდან ხუთში დამნაშავედ ცნო. მათ შორის იყო ყველაზე მძიმე მუხლი — არასრულწლოვანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი). მაქსველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 60 წლის ქალმა, შესაძლოა, დარჩენილი ცხოვრება გისოსებს მიღმა გაატაროს.
ამბობენ, რომ სწორედ მაქსველმა, რომელიც ოქსფორდის კურსდამთავრებული იყო, საკუთარი კავშირები გამოიყენა და ეპსტინს თავისი არაერთი მდიდარი და გავლენიანი მეგობარი გააცნო, როგორებიც ბილ კლინტონი და პრინცი ენდრიუ არიან.
მათი საერთო ნაცნობების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მაქსველისა და ეპსტინის რომანტიკული ურთიერთობა მხოლოდ რამდენიმე წელს გაგრძელდა, მჭიდრო თანამშრომლობა ამის შემდეგაც დიდხანს არ შეუწყვეტიათ.
სასამართლო მასალების მიხედვით, პალმ-ბიჩის ვილის ყოფილი თანამშრომლები მაქსველს სახლის მმართველად მოიხსენიებენ, რადგან სწორედ ის აკონტროლებდა პერსონალს, განაგებდა ფინანსებს და ერთგვარი "სოციალური კოორდინატორის" როლსაც კი ასრულებდა.
თუმცა, ჯერ კიდევ 2003 წელს, Vanity Fair-თან ინტერვიუში ეპსტინი ამბობდა, რომ მაქსველი მისი დაქირავებული თანამშრომელი კი არა, არამედ "საუკეთესო მეგობარი" იყო.
სასამართლო პროცესზე პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მაქსველი გოგოებს სპეციალურად არჩევდა და მათ ნდობას ბოროტად იყენებდა, რათა შემდეგ ისინი ეპსტინის მსხვერპლნი გამხდარიყვნენ. დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ ეპსტინის სიკვდილის შემდეგ, მაქსველს უბრალოდ განტევების ვაცად იყენებდნენ და ჯეფრის დანაშაულებზე პასუხისგებას მას სთხოვდნენ.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ მაქსველმა სინანული გამოთქვა. "ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა ჯეფრი ეპსტინის გაცნობაა", — თქვა მან.
"თუმცა დღევანდელი დღე ეპსტინს არ ეხება. დღეს ჩემი განაჩენის დროა. ვწუხვარ იმ ტკივილის გამო, რაც გამოიარეთ. იმედი მაქვს, ჩემი სასჯელი და პატიმრობა ამ ამბავს თქვენთვის საბოლოოდ დაასრულებს".
მაქსველის ადვოკატებმა განაჩენი გაასაჩივრეს და ამტკიცებდნენ, რომ მისი გასამართლება და დასჯა უსამართლო იყო. თუმცა, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
კომენტარები