Meta-ს, Facebook-ის შემქმნელ კომპანიას, შეიძლება სოცმედიაში ჩვენი ანგარიშების უკვდავყოფა სურდეს.

გასული დეკემბრის ბოლოს კომპანიამ პატენტი აიღო, რომლის ფარგლებშიც აღწერილია, როგორ შეეძლება დიდ ენობრივ მოდელს (LLM-ს) სოცქსელში ადამიანის აქტივობის სიმულირება — მაგალითად, ნამდვილი ადამიანების მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე რეაგირება.

"მომხმარებლის სიმულირებისთვის შეიძლება ენობრივი მოდელი იქნას გამოყენებული, როცა მომხმარებელი სოციალურ ქსელში არ არის, რადგან, მაგალითად, დიდი ხნით შესვენება გადაწყვიტა ან მკვდარია", — წერია პატენტში.

ენდრიუ ბოსვორტი, Meta-ს მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი, პატენტის მთავარი ავტორია. განაცხადი პირველად 2023 წელს გააკეთეს.

"არ ვგეგმავთ ამ მიმართულებით რაიმე ნაბიჯის გადადგმას", — Business Insider-თან საუბრისას განაცხადა Meta-ს წარმომადგენელმა.

პატენტში Meta განმარტავს, რატომ შეიძლება სჭირდებოდეთ ადამიანებს მსგავსი რამ. მაგალითად, თუ ონლაინ აღარ ვპოსტავთ — რადგან შესვენება გადავწყვიტეთ ან... დავიხოცეთ — ჩვენს მიმდევრებზე ეს უარყოფითად იმოქმედებს. მოვენატრებით.

"ადამიანი თუ მკვდარია და სოციალურ პლატფორმას ვეღარასდროს დაუბრუნდება, მომხმარებლებზე ამას გაცილებით მძიმე და ხანგრძლივი გავლენა აქვს", — წერია დოკუმენტში.

მათთვის ამ დანაკლისის შესავსებად Meta სოცქსელში ჩვენი აქტივობის კლონირებას შეეცდებოდა; მოდელს პირადად ჩვენთვის დამახასიათებელ მონაცემებზე გაწვრთნიდა — მაგალითად, ჩვენს კომენტარებზე, "ლაიქებსა" თუ "კონტენტზე" — იმის გასაგებად, როგორ მოვიქცეოდით (ან ვიქცეოდით, სანამ ცოცხლები ვიყავით).

კლონს სხვა ადამიანების შიგთავსზე შეეძლებოდა რეაგირება, მაგალითად მათი მოწონება ან კომენტარების დაწერა; შეეძლებოდა პირად შეტყობინებებზე პასუხიც. ეს ფუნქცია განსაკუთრებით გამოსადეგი იქნებოდა ინფლუენსერებისთვის ან კრეატორებისთვის, რომლებიც შემოსავალს Meta-ს პლატფორმებზე აქტიურობით იღებენ, თუმცა შესვენება გადაწყვიტეს.

Meta-ს პატენტში ისეთ ტექნოლოგიაზეც არის საუბარი, რომელიც LLM-ს მომხმარებლებთან აუდიო- ან ვიდეოზარების სიმულირების საშუალებას მისცემდა.

Meta-ს წარმომადგენლის განმარტებით, პატენტის მიღება ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია აღნიშნული ტექნოლოგიის განვითარებას ან დანერგვას შეეცდება. პატენტებს ხშირად კონცეფციის გასაჯაროებისა და ფლობის მიზნით არეგისტრირებენ.

ამის მიუხედავად, ბუნებრივია, ბევრი კითხვა ჩნდება. "ციფრული დეტოქსის" პროცესში მყოფი ადამიანის სიმულირება ერთია, თუმცა ეთიკური თვალსაზრისით საკითხავია, რამდენად გამართლებულია მკვდრის იმიტაცია.

ედინა ჰარბინია, ბირმინგემის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის პროფესორი, საკითხს ეჭვისთვალით უყურებს.

"არა მხოლოდ კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ უამრავ მნიშვნელოვან სოციალურ, ეთიკურ და ღრმად ფილოსოფიურ საკითხზე აქვს გავლენა", — Business Insider-ს განუცხადა ჰარბინიამ, რომელიც ციფრულ უფლებებსა და სიკვდილის შემდგომი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე მუშაობს.

სამგლოვიარო ტექნოლოგიების ბიზნესი

Meta ციფრული მემკვიდრეობის მართვაზე წლებია ფიქრობს.

დაახლოებით 10 წლის წინ Facebook-ს ფუნქცია დაემატა, რომელიც ე. წ. მემკვიდრე საკონტაქტო პირის ("legacy contact") არჩევის საშუალებას გვაძლევს. შერჩეული ადამიანი შეძლებს ჩვენი სიკვდილის შემთხვევაში ჩვენი ანგარიშის მართვას. 2023 წელს, როცა კომპანიისთვის მეტავერსი ჯერაც პრიორიტეტული იყო, მარკ ცუკერბერგმა ლექს ფრიდმანის პოდკასტში ისაუბრა და მკვდრების ვირტუალური ავატარების თემაც განიხილა.

"თუკი ვინმემ საყვარელი ადამიანი დაკარგა და გლოვობს, გარკვეული გზით შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს მათთან ინტერაქციის ან ცალკეული მოგონებების გაცოცხლების შესაძლებლობა", — განაცხადა ცუკერბერგმა.

ამ კატეგორიის ტექნოლოგიებს სხვადასხვა სახელით მოვიხსენიებთ, სამგლოვიარო ტექი იქნება ეს, სიკვდილის ბოტები თუ მოჩვენება ბოტები. მათი მიზანია, მომხმარებლებს დანაკარგთან გამკლავებაში დაეხმარონ; ამისათვის მკვდრების სამუდამოდ უკვდავყოფილი ციფრული ვერსიები იქმნება.

ამ მიზნით არაერთი სტარტაპი შექმნილა, ბევრი მათგანი კი გლოვასთან დამფუძნებლების პირადი შემხებლობის შედეგია. Replika, AI ჩატბოტების სტარტაპი, ევგენია კუიდამ მეგობრის სიკვდილის შემდეგ დააარსა, 2015 წელს. ჯასტინ ჰარისონმა You, Only Virtual (YOV) მას შემდეგ დააფუძნა 2020 წელს, რაც დედამისს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

"ტექნოლოგიურ სამყაროში ამაზე კარგა ხანია ფიქრობს ყველა, როგორც კი გენერაციული AI-ს მიმართულებით მნიშვნელოვანი გარღვევები დაიწყო", — თქვა ჰარისონმა.

2021 წელს Microsoft-მა AI ჩატბოტი დააპატენტა, რომელიც აწ უკვე მკვდარი ადამიანის სიმულირებას შეძლებდა (ისევე, როგორც გამოგონილი პერსონაჟების ან ცნობილი ადამიანების).

ჰარბინიას აზრით, Meta-ს ახალი პატენტი იმის მანიშნებელია, რომ სამგლოვიარო ტექნოლოგიები უფრო მეინსტრიმული ხდება. ჰარისონს მაინცდამაინც არ უკვირს, რომ სფეროში უფრო მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებიც ჩნდებიან; მისი აზრით, ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანები ამ იდეას ნელ-ნელა უშინაურდებიან.

"ისღა დაგვრჩენია, გავაუმჯობესოთ, რასაც ადამიანებს ვთავაზობთ", — თქვა ჰარისონმა და დაამატა, მგლოვიარეთათვის რესურსი ისედაც საშინლად მწირიაო.

"ვფიქრობ მორალურად ვალდებულნი ვართ, რომ, თუკი გვაქვს პოტენციალი, ამ ადამიანებისთვის საჭიროზე მეტი გავაკეთოთ".

ცხადია, სიკვდილი, გლოვა და AI მარტივი თემები არაა. ამ სამის გადაკვეთით უამრავი ფილოსოფიური კამათი გაჩაღდება ეთიკის, ციფრული უფლებებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მხრივ. სასადილო მაგიდასთან არ მოვიწყენთ.

"აცადეთ მკვდრებს სიკვდილი"

Meta-ს მგლოვიარეთა დახმარების მიღმა შეიძლება სხვა მოტივიც ჰქონდეს, რათა პატენტში აღწერილი ტექნოლოგია დანერგოს. ეს განსაკუთრებით პასიური ანგარიშების შემთხვევაში.

"მეტი ჩართულობაა, მეტი კონტენტია, მეტი მონაცემია — მეტი მონაცემია ამჟამინდელი და სამომავლო AI-სთვის", — თქვა ჰარბინიამ — "ვხედავ, რა მოტივი შეიძლება ჰქონდეს ბიზნესს. უბრალოდ მაინტერესებს, როგორ, როდის და თუ დანერგავენ ამ ინოვაციას".

იმის მიხედვით, თუ რა სახის პროდუქტს შექმნიან (თუ საერთოდ შექმნიან), სხვადასხვა კითხვა გაჩნდება. მაგალითად, "კლონირება" Meta-ს ყველა აპლიკაციაზე გავრცელდება? WhatsApp-ში ჩვენი აქტივობის ნიუანსებს როგორ გაარჩევს ინსტაგრამზე მოქმედი ჩვენი "პერსონისგან"?

ჯოზეფ დეივისი, ვირჯინიის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორი, შეშფოთებას გამოთქვამს; აფიქრებს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს გლოვის განცდაზე Meta-ს ბოტის მსგავსმა ინსტრუმენტებმა.

"გლოვის ერთ-ერთი ფუნქცია რეალურ დანაკარგთან თვალის გასწორებაა", — თქვა დეივისმა და დასძინა: "აცადეთ მკვდრებს სიკვდილი".

"იდეა მათი უკან დაბრუნებაა, თუმცა რეალურად ეს არ კეთდება, როცა სინამდვილეში ასე ჩანს. დაბნეულობას სწორედ ეს ქმნის".

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.