მიიჩნევა, რომ ჭიის ხვრელი სივრცე-დროში მოკლე გასასვლელია. პორტსმუთის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევრების ახალი ნაშრომის თანახმად, ეს ასე არ არის. მათი აზრით, ჭიის ხვრელი, იგივე აინშტაინ-როზენის ხიდი, ერთგვარი "სარკეა", რომელიც დროის ორ საპირისპირო მიმართულებას ერთმანეთთან აკავშირებს.

ხიდის მსგავსი გასასვლელი თეორიულად ალბერტ აინშტაინმა და ნათან როზენმა 1935 წელს აღწერეს. ახალი კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ფარდობითობის ზოგადი თეორიის (ფზთ) მიხედვით, მატერია ამგვარ ხიდში ვერ გაივლის, რადგან ამ შემთხვევაში იგი სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად დაიშლებოდა.

გუნდმა 1935 წლის განტოლებებს თანამედროვე კვანტური ინტერპრეტაცია მოარგო. მათი აზრით, ჭიის ხვრელი სივრცე-დროის 2 სიმეტრიულ ვერსიას შორის კავშირს წარმოადგენს. ამ მოდელის თანახმად, ერთ ვერსიაში დრო წინ (მომავლისკენ) მიედინება, მეორეში კი — უკან, წარსულისკენ.

ეს "სარკის" ჩარჩო შავი ხვრელის ინფორმაციის პარადოქსსაც ეხება, რომელიც ერთგვარ "უთანახმოებაშია" კვანტურ მექანიკასა და ფზთ-ს შორის. კვანტური მექანიკის თანახმად, ინფორმაციის განადგურება შეუძლებელია; ფზთ-ის მიხედვით კი შავ ხვრელში მოხვედრილი ინფორმაცია სამუდამოდაა დაკარგული. ახალი თეორიის მიხედვით, ინფორმაცია ინახება, რადგან იგი ხიდის იმ სექციაში გადადის, რომელიც დროის მხრივ შებრუნებულია.

მკვლევრებმა კოსმოსური ფონური გამოსხივებიდან მიღებული მონაცემები შეისწავლეს. ეს ადრეული სამყაროდან შემორჩენილი რადიაციაა, რომელშიც კოსმოლოგები 20 წლის განმავლობაში მცირე ასიმეტრიას ამჩნევდნენ — სარკულად რომ შევატრიალოთ, მისი კანონზომიერება მცირედით შეიცვლება.

სტანდარტულ კოსმოლოგიურ მოდელებში ეს ასიმეტრია დაბალი ალბათობის მქონე სტატისტიკურ ანომალიადაა ინტერპრეტირებული. ხოლო ახალი კვლევის მიხედვით ეს კანონზომიერებები იმ სამყაროსთანაა თავსებადი, რომელიც სარკულ კვანტურ კომპონენტებსაც მოიცავს.

ახალი თეორიის ერთ-ერთი შესაძლო ინტერპრეტაციის მიხედვით დიდი აფეთქება დროის აბსოლუტური დასაწყისი არ ყოფილა. ეს შეიძლება "კვანტური დაბრუნება" ყოფილიყო — მომენტი, როცა წინა სამყარომ სიმკვრივის კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია და თავიდან დაიწყო გაფართოება, რამაც ჩვენი ამჟამინდელი სამყარო წარმოშვა. უფრო მეტიც, კვლევის მიხედვით, ჩვენი სამყარო შეიძლება "სხვა კოსმოსში ჩამოყალიბებული შავი ხვრელის შიდა ნაწილი" იყოს.

თავისთავად, ნაშრომის ავტორებს აინშტაინის თეორიების ან კვანტური მექანიკის ჩანაცვლების ამბიცია არ აქვთ. კვლევის მიზანი ის უფროა, რომ ეს ორი ერთ ჩარჩოდ გააერთიანოს, რომელიც მიზიდულობას მიკროსკოპულ მასშტაბებზე აღწერს.

შესაბამისად, ამ თეორიის მიხედვით, ჭიის ხვრელების ვარსკვლავთშორისი მოგზაურობისთვის გამოყენება შეუძლებელია. მეორე მხრივ, ნაშრომი მათემატიკურ ჩარჩოს გვთავაზობს, რომელიც დროისა და გრავიტაციის ურთიერთქმედების ფუნდამენტურ დონეზე გაგებაში შეიძლება დაგვეხმაროს.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ბნელ მატერიაზე განხორციელებული სამომავლო დაკვირვებებმა შეიძლება მათ ნაშრომში წარმოდგენილი მტკიცებულებები გაამყაროს. კვლევა გამოცემაში Classical and Quantum Gravity გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.