როგორ უნდა გააგრძელონ სექტემბრიდან სწავლა დისტანციური განათლების მიღმა დარჩენილმა მოსწავლეებმა
კორონავირუსის პანდემიის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ მოსწავლეების ნაწილი განათლების გარეშე დატოვა. მათ, ვისაც ონლაინსწავლებაში ჩართვისთვის საჭირო ინტერნეტი ან ტექნიკა არ ჰქონდათ, მეორე სემესტრის სასწავლო მასალის ნაწილი ვერ გაირეს. რამდენი ასეთი მოსწავლეა ქვეყნის მასშტაბით, ამ დრომდე უცნობია. განათლების სამინისტროს ჯერ ოფიციალური მონაცემები არ აქვს.
არც ის ვიცით, რას აპირებს სამინისტრო ამ ბავშვებთან დაკავშირებით. უწყებამ On.ge-ს კითხვები ამჯერადაც უპასუხოდ დატოვა — არ ვიცით, როგორ შეძლებენ ის მოსწავლეები სექტემბრიდან ახალი სასწავლო მასალის დაძლევას იმ ფონზე, როცა გასული წლის პროგრამის ნაწილი ვერ გაირეს.
განათლების სპეციალისტი, თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში ასეთი ბავშვების შესახებ ზუსტი ინფორმაცია უნდა შეგროვდეს.
"დღეს ძალიან ბუნდოვანია, რამდენი ბავშვია განათლების მიღმა დარჩენილი, როგორია სისტემის დიაგნოსტირება. ამ საკითხთან დაკავშირებითაც არაერთგვაროვანი ინფორმაციები გვაქვს, რადგან მონაცემები გარკვეულწილად ცენტრალიზებულად გროვდება და ჩვენ არ ვიცით კონკრეტულ სკოლებში რა სახის პრობლემებია. ცხადია, ბავშვები დარჩნენ განათლების მიღმა, რაც ნიშნავს, რომ სხვა ბავშვებსა და განათლების მიღმა დარჩენილ ბავშვებს შორის, აკადემიურ მიღწევებში იქნება ძალიან დიდი განსხვავება", — აღნიშნავს ის.
მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რა სახის ინტერვენციებს დაგეგმავს სახელმწიფო და როგორი სახით განახორციელებს. სპეციალისტი ფიქრობს, რომ თუ სახელმწიფო კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს და ყველა სკოლას საერთო რესურსს შესთავაზებს, არ იმუშავებს. ამის მიზეზად სკოლებში არსებულ განსხვავებულ მდგომარეობას ასახელებს.
როგორც მოსიაშვილი აღნიშნავს, სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობა სხვადასხვა საფეხურსა და სხვადასხვა სკოლაში განსხვავებულია და ინტერვენციები სკოლის დონეზე უნდა დაიგეგმოს. მისი თქმით, ამისთვის სკოლას როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური რესურსი უნდა გააჩნდეს.
"დღეს საგანმანათლებლო სისტემა და ინსტიტუციები, სკოლები ყველაფერს აკეთებენ ისე, როგორი რეგულაციებიც მოდის ცენტრიდან. ცენტრი მათ არა მხოლოდ რეგულაციებს, არამედ გამზადებულ საგანმანათლებლო რესურსებს უგზავნის, რომელიც რამდენად საჭიროა და რამდენად შეესაბამება სკოლის საჭიროებას, არავინ იცის. აი, ამაში იხარჯება ჩვენი ბიუჯეტი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ თვითონ შეაფასოს პრობლემა და რისკი, დაითვალოს რამდენი ბავშვი დარჩა სასწავლო პროცესის მიღმა და ამის მიხედვით შეიმუშავოს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება", — ამბობს ის.
მისი აზრით, თვითონ სკოლამ უნდა დაითვალოს და განსაზღვროს, რამდენი დრო სჭირდება იმისთვის, რომ დისტანციური სწავლების მიღმა დარჩენილ ბავშვებს გამოტოვებული პროგრამა გაატაროს.
მისი თქმით, მოსწავლეების აკადემიური მიღწევები განსხვავდება, იმიტომ, რომ განსხვავებულ სკოლებში სწავლობენ — ქალაქის სკოლებში უმრავლესობას აქვს ტექნოლოგიები, უწყვეტი ინტერნეტი და ა.შ. მათი მიღწევები უფრო მაღალია, ვიდრე იმ სკოლებში, სადაც ბავშვებს ეს ნივთები არ აქვთ.
სპეციალისტის აზრით, ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს უფლება, თავად თქვას, რა სჭირდება.
"სექტემბრიდან თითოეულმა სკოლამ უნდა დათვალოს, რამდენ ბავშვს არ აქვს ეს პირობები. თუ სწავლა შეწყდა, სკოლაში ხომ არის კომპიუტერული ლაბორატორია, თუ მაგალითად, 20 ბავშვი ჰყავთ ასეთი, შესაძლებელია სკოლებმა რაღაც განრიგი შეიმუშავონ, როდესაც ეს ბავშვები უსაფრთხოების პირობების დაცვით, ვთქვათ, 3-3, 4-4 მოვლენ სკოლაში და სასკოლო აღჭურვილობას გამოიყენებენ.
მთავარია, რომ თუ სექტემბრიდან კიდევ გაძლიერდა ეს რისკები, მორიგი ტელესკოლის აპლოდისმენტებით არ დაიღალოს საზოგადოება, რომელიც საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა გამოვიდა და არავითარ გავლენას არ ახდენს იმ ბავშვებზე, რომლებიც სწავლების მიღმა დარჩნენ", — ამბობს ის.
იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც დისტანციური სწავლების გამო პრობლემები შეექმნათ, დამატებითი მეცადინეობის რამდენიმე გეგმას განიხილავს სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის დირექტორი, ნინო წიფიანი. თუმცა ჯერ საბოლოო გეგმაზე ვერ საუბრობს, რადგან გადაწყვეტილი არ არის, ახალი სასწავლო წელი რა ფორმით აღდგება.
"პირველ სექტემბერს, როგორც კი მასწავლებლები მოვლენ, გვაქვს სხვადასხვა გეგმა. თუ კონტაქტური სწავლება იქნება და ბავშვები ჩვეულებრივად სკოლაში ივლიან, მაშინ ყველა მასწავლებელი მზად არის იმისთვის, რომ ის ბავშვები, რომლებსაც სჭირდებათ დამატებითი მეცადინეობა, დღეში დამატებით 20 წუთი მაინც ამეცადინონ. გვაქვს კიდევ სხვა გეგმა — მასწავლებელი მივიდეს ოჯახში და თუნდაც კვირაში ერთი დღე რომ იყოს, ესეც საკმარისი იქნება", — ამბობს ის.
დირექტორს მესამე გეგმაც აქვს, თუმცა ამისთვის სოფელში ინტერნეტის ხარისხის გამოსწორებაა საჭირო.
"თუ ინტერნეტი გამოსწორდა და იქნება საშუალება, ონლაინსწავლებითაც რომ დამატებით ჩავუტაროთ [გაკვეთილი] ბავშვებს კონკრეტულად იმ საგნებში, სადაც ჩამორჩენა აქვთ", — ამბობს ის.
ნინო წიფიანი იმ სავარაუდო დროსაც ასახელებს, რამდენ ხანშიც მოსწავლეებისთვის წინა წლის მასალის ნაწილის გავლაა შესაძლებელი.
"ეს დამოკიდებულია იმაზე, სწავლების როგორი ფორმა იქნება იმ დროისთვის. თუ იქნება კონტაქტური, ამას ჩვენ ერთ თვეში დავძლევთ, თუ ონლაინ იქნება, დაახლოებით სამი თვე მაინც დასჭირდება", — ამბობს ის.
სავარაუდოდ, მოსწავლეებისათვის დამატებითი მეცადინეობა მასწავლებლებლების ენთუზიაზე იქნება დამოკიდებული. ოფიციალურად მათთვის დამატებითი შრომის ანაზღაურებაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა. თავად სკოლებს კი იმის რესურსი არ აქვთ, რომ პედაგოგებს დამატებითი საათები აუნაზღაურონ.
"მასწავლებლებმა ეს მოხალისეობრივად უნდა გააკეთონ, რა თქმა უნდა, დაძალებით არა. ჩვენ უკვე ვიმსჯელეთ, განვიხილეთ და ამისთვის მზად არის ყველა მასწავლებელი", — ამბობს ნინო წიფიანი.
სანამ სკოლები საკუთარი რესურსებითა და მასწავლებელთა კეთილი ნებით ცდილობენ, რომ დისტანციური სწავლების შედეგადად გამოწვეულ პრობლემებს გაუმკლავდნენ, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სექტემბრის გეგმებზე საჯაროდ საუბარი ჯერ ნაადრევია.
სტატია მომზადდა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები