ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმით, მოსწავლეებს შორის სკოლაში არსებულმა დამოკიდებულებებმა, ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა და ინტერნეტბულინგი, რომელიც აქამდეც პრობლემა იყო, კიდევ უფრო ინტენსიური გახადა.

მაია ცირამუა

ფოტო: რეალური სივრცე

"ბავშვები დროის ძირითადად ნაწილს ვირტუალურ სივრცეში ატარებენ და ეს კომუნიკაცია შეიძლება დამხმარეა, რომ სასკოლო სივრცეში ურთიერთობის დეფიციტი შეივსონ, თუმცა რამდენადაც მე ვაკვირდები, გაიზარდა კიბერბულინგის მაჩვენებლები, ჯგუფების შიგნით დაპირისპირებები. სხვადასხვა ტიპის ფორმამაც იჩინა თავი ე.წ. საკლასო ოთახებში, მაგალითად ზუმის ოთახში, როდესაც ვიღაცას აგდებენ იქედან და ა.შ. ანუ იმ პრობლემებმა თუ ურთიერთობებმა, დამოკიდებულებებმა ერთმანეთის მიმართ, რაც იყო საკლასო ოთახში, ახლა გადაინაცვლა ვირტუალურ სივრცეში", — ამბობს ფსიქოლოგი.

იმ პრობლემებმა თუ ურთიერთობებმა, დამოკიდებულებებმა ერთმანეთის მიმართ, რაც იყო საკლასო ოთახში, ახლა გადაინაცვლა ვირტუალურ სივრცეში

მაია ცირამუა

დისტანციური სწავლების პროცესში გამოვლენილ კიბერბულინგის ფორმებზე საუბრობს ფსიქოლოგი თეონა ნუცუბიძეც. მისი თქმით, იყო დისტანციურ რეჟიმში გადაღებული ფოტო და ვიდეომასალის გავრცელების შემთხვევებიც, თუმცა ძირითადად სამეგობროს საერთო ჩატებში გზავნიდნენ.

"ხდება კონკრეტულ ბავშვზე ზეწოლა, თან კარგად ვიცით, რომ ბულინგისგან განსხვავებით, კიბერბულინგის აღკვეთა ასე უცებ არ ხდება — ხდება დისტანციურად და ინტერნეტი ბავშვებს აძლევს იმის საშუალებას, რომ ჯერ ვერ ვიპოვოთ ვინ არის ამის გამავრცელებელი და შემდგომ, ვიდრე მოვინდომებთ ამ გავრცელების აღკვეთას, ძალიან დიდ აუდიტორიას უკვე ნანახი აქვს", — ამბობს ნუცუბიძე.

ინტერნეტი ბავშვებს აძლევს იმის საშუალებას, რომ ჯერ ვერ ვიპოვოთ ვინ არის ამის გამავრცელებელი და შემდგომ, ვიდრე მოვინდომებთ ამ გავრცელების აღკვეთას, ძალიან დიდ აუდიტორიას უკვე ნანახი აქვს

თეონა ნუცუბიძე

მისი ინფორმაციით, სხვადასხვა ასაკის ბავშვები კიბერბულინგის ობიექტები სხვადასხვა ნიშნით ხდებოდნენ. მაგალითად, მცირეწლოვან ბავშვებში ბულინგი გარემოში არსებული ფიზიკური ნიშნების კუთხით ხდებოდა: ვის როგორი ოთახი აქვს, ვის როგორი კედელი აქვს, ვის როგორი ნივთი აქვს და ა.შ. შუა ასაკის ბავშვებში კი აქცენტი უკვე მეტყველებასა და გადმოცემის უნარზე გადადიოდა.

როგორც სპეციალისტი ამბობს, მოზარდებს ბულინგისთვის თვალშისაცემი კონკრეტული ნიშნები არ სჭირდებათ — მათ აქვთ გარკვეული საერთო ინტერესები და საერთო ინტერესების არმქონე კონკრეტულ მოზარდს ჯგუფიდან უმეტესად რიყავენ.

"როგორც წესი, კიბერბულინგის მსხვერპლი მოზარდებში უფრო მეტად იყო ის ბავშვი, რომელსაც მანამდეც ჩაგრავდნენ. გამოიკვეთა, რომ საერთო ინტერესებში ჩართული მოზარდები იყვნენ ბულერები იმ მოსწავლისა, რომელსაც არ ჰქონდა იგივე ინტერესი მანამდეც, ვიდრე სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდოდნენ", — ამბობს ის.

ფსიქოლოგი აღნიშნავს, შესაძლოა, ბავშვებმა ფოტოების გავრცელებას, ერთმანეთზე სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელებას კიბერბულინგი ვერც დაარქვან.

"მაგრამ, რა თქმა უნდა, სახეზე იყო გარიყულობა და მიზანმიმართული ერთგვარი ზეწოლა და ერთმანეთის თვალში კონკრეტული ბავშვების დამცირება და დაჩაგვრა, რაც შეგვიძლია განვიხილოთ როგორც კიბერბულინგი", — ამბობს ის.

ფსიქოლოგები საუბრობენ ამ პროცესში მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლის დირექციის მნიშვნელობაზე.

თეონა ნუცუბიძე

ფოტო: ფორტუნა

თეონა ნუცუბიძეს მიაჩნია, რომ სკოლის დირექციასა და მასწავლებლებს შეეძლოთ კიბერბულინგზე დისტანციური სწავლების დასაწყისშივე ემუშავათ.

"პირობითად, როცა შემოვიდოდნენ მოსწავლეები, ჩართვისას პირველი ფრაზა ყოფილიყო არა ის, ვინ რა მოვამზადეთ, არამედ წესების გაცნობა — როგორ ვიქცევით მაშინ, როცა შემოვდივართ დისტანციური სწავლების დროს. თუნდაც კიბერგბულინგის საფრთხეების გაჟღერება და გაფრთხილება, რომ ყველას დასწრება აღრიცხულია", — ამბობს ფსიქოლოგი.

პრევენცია

თეონა ნუცუბიძე მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა, კიბერ ბულინგის პრევენციაში მშობლები ჩართულიყვნენ.

"ჩვენ შეგვეძლო ამის პრევენციაზე მუშაობა, თუ ბავშვებს წესებს გავაცნობდით და ამაში, რა თქმა უნდა, მშობლების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ მშობლების ჩართულობა ამცირებს ასეთ შემთხვევებს, მათ შორის ბავშვებში იმ სურვილის გამომუშავებას, რომ ვიღაცას დასცინოს და ვერბალურად და ემოციურად იძალადოს,"— ამბობს ფსიქოლოგი.

მისი აზრით, კარგი იქნებოდა მასწავლებლებს ამ თემაზე საგაკვეთილო პროცესის მიღმაც ესაუბრათ და ბავშვებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, რა საფრთხეებს შეიცასვ კიბერ ბულინგი.

როგორც სკოლის ფარგლებში ვცდილობდით, რომ გარდა საგნების სწავლების და ბავშვის აკადემიური უნარების გამომუშავებისა, გვეზრუნა მათ პიროვნების ფორმირებაზე, მათი ემოციური მდგრადობის გამომუშავებაზე, პასუხისმგებლობის გამომუშავებაზე

თეონა ნუცუბიძე

"როგორც სკოლის ფარგლებში ვცდილობდით, რომ გარდა საგნების სწავლების და ბავშვის აკადემიური უნარების გამომუშავებისა, გვეზრუნა მათ პიროვნების ფორმირებაზე, მათი ემოციური მდგრადობის გამომუშავებაზე, პასუხისმგებლობის გამომუშავებაზე... აქაც შეგვეძლო, რომ დისტანციურად ამაზე ზრუნვა გაგვეგრძელებინა. ანუ პანდემიაა და მოხდა ისე, რომ დისტანციურ სწავლების რეჟიმზე გადავედით. მაშინ ჩვენ უნდა დაგვრჩეს ბავშვები ყოველგვარი ჯანსაღი ჩვევის გარეშე?", — ამბობს ის.

სპეციალისტი კიბერბულინგის ზიანის შემცირების პროცესში მასწავლებლების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ მათ ბულინგის შემთხვევაში დაზარალებული ბავშვის გაძლიერებაზე, მათი პიროვნული ფაქტორის წინ წამოწევასა და თვითშეფასებაზე უნდა იმუშავონ.

"დაზარალებულმა, ისევე როგორც დანარჩენმა აუდიტორიამ, უნდა დაინახოს, რომ კარგი ქცევა არის ჩართვა და მიუღებელი ქცევაა ჩართულ ბავშვთან მიმართებაში განხორციელებული ზეწოლა. ბავშვმა ჩვენი მხარდაჭერა ყველანაირად უნდა იგრძნოს, რომ კიბერბულინგში თვითონ არ არის დამნაშავე და ეს იმიტომ არ ხდება, რომ თვითონ არის ცუდი, არამედ თავად კიბერბულინგია ცუდი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის მაქსიმალურად იყოს დაცული", — ამბობს ნუცუბიძე.

ბავშვმა ჩვენი მხარდაჭერა ყველანაირად უნდა იგრძნოს, რომ კიბერბულინგში თვითონ არ არის დამნაშავე და ეს იმიტომ არ ხდება, რომ თვითონ არის ცუდი, არამედ თავად კიბერბულინგია ცუდი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის მაქსიმალურად იყოს დაცული

თეონა ნუცუბიძე

ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ თუ ეს არ გაკეთდა, დაზარალებული ბავშვები გაუცხოვდებიან და საგაკვეთილო პროცესში ჩართვისგან თავის შეიკავებენ, რადგან მათზე ზეწოლა და დაცინვა არ განმეორდეს.

სპეციალისტები ბულინგის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ სოციალურ პრობლემებს და უთანასწორო მდგომარეობას, რომელიც განსაკუთრებით მაშინ გამოჩნდა, როცა ბავშვების ნაწილი დისტანციური სწავლების მიღმა კომპიუტერისა თუ ინტერნეტის უქონლობის გამო აღმოჩნდა.

"არა მხოლოდ განათლების მიღების კუთხით არის ეს გამოწვევა, არამედ ბულინგის პრევენციის კუთხითაც. ამიტომ, აქაც დიდი სიფრთხილეა საჭირო და გარკვეული პრევენციული ღონისძიებების მომზადება, რომ ახალი, სხვა ტიპის ბულინგის პრობლემებმა არ იჩინოს თავი. ძალიან ბევრია სამუშაო, განსაკუთრებით, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის, ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის, ბავშვთა სიღარიბისაგან დაცვის მიმართულებით. ეს არ არის მარტო განათლების სისტემის ამოცანა, ბევრი უწყების ერთობლივი მუშაობის შედეგად გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით", — ამბობს ცირამუა.

რეკომენდაცია

თეონა ნუცუბიძეც ფიქრობს, რომ სკოლაში მისვლის შემდეგ, კარგი იქნება, დირექციამ ამ ბავშვებისთვის დამატებით, ინდივიდუალური გაკვეთილები უზრუნველყოს, რათა შეძლონ იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რომელიც მათ აქვს.

"სახელმწიფოც და დირექციაც მეტად უნდა ორიენტირდნენ და უზრუნველყონ ამ ბავშვების აღრიცხვა, რომლებსაც პრობლემა ჰქონდათ და მათთვის სხვა საშუალების გამონახვა, მანამდე, ვიდრე სკოლაში მივლენ. სკოლაში უკვე საჭიროა ინდივიდუალური მიდგომით, დამატებითი გაკვეთილებით და რესურსებით მათი არსებული მდგომარეობის გამოსწორებაზე ზრუნვა", — ამბობს ის.

მისივე თქმით, ასეთი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც მშობლის, ისე მასწავლებლის მხარდაჭერა, რათა მსგავსი მოსწავლეების ჩამორჩენილობა არა მათ "უუნარობად", არამედ სიტუაციის მიზეზით გამოწვეულ პრობლემად წარმოჩინდეს.

ფსიქოლოგის განმარტებით, თუ ბავშვს იმ პროგრამას დააძალებენ, რომლის წინა საფეხურები გამოტოვებული აქვს, ამით პედაგოგი ერთგვარად ბულინგს შეუწყობს ხელს.

"მაგრამ თუ ის გამოუცხადებს მხარდაჭერას და ჯგუფის დანარჩენ წევრებს მისცემს მაგალითს, რომ ბავშვის ბრალი არ არის; თუ ამას წარმოაჩენს, როგორც სიტუაციის მიზეზით გამოწვეულ პრობლემას და არა ბავშვის "უუნარობას" და ბავშვს მხარდაჭერას აგრძნობინებს, მაშინ შეიძლება სავარაუდო ბულინგი მინიმუმამდე დავიყვანოთ", — ამბობს ის.

ფსიქოლოგი მასწავლებლებს ურჩევს, რომ სკოლაში დაბრუნების შემდეგ მათი საგაკვეთილო პროცესი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადონ, რადგან ბავშვები მეტად დაინტერესდნენ სასწავლო პროცესში ჩართვით და არა ბულინგით ან ძალადობით.

"მასწავლებელს შეუძლია გადაანაწილოს როლები და ჩართოს ის ბავშვიც, რომელიც ონლაინ გაკვეთილებში არ მონაწილეობდა, რათა არავინ იგრძნოს, რომ კონკრეტული ბავშვი უფუნქციოა და ამ აქტივობაში ჩართვის უნარი არ შესწევს. პირიქით, მას უნდა მიანიჭოს ისეთი როლი, რომლის გამკლავებაც მისი კომპეტენციის ფარგლებში შეუძლია აქ და ამჟამად. ამის დაბალანსება მასწავლებელს თავად შეუძლია, თუ ბავშვის შესაძლებლობას გაითვალისწინებს და ეცოდინება, რომ პანდემიის პერიოდში ვიღაცებმა ვერ დაძლიეს კომპეტენციები, რომელიც კონკრეტული აქტივობების მაღალ დონეზე შესასრულებლად იქნებოდა საჭირო", — ამბობს ის.

თუმცა, საბოლოოდ სპეციალისტი დასძენს, რომ ეს ყველაფერი მაინც პროფესიონალიზმზე, მასწავლებლების გათვლასა და მათ ინდივიდუალურ მიდგომებზე იქნება დამოკიდებული.

სტატია მომზადდა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.