ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონის მატება ჩვენი სისხლის ქიმიას ცვლის — კვლევა
ფოტო: Bloomberg Creative/Getty Images
ახალი კვლევის თანახმად, დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO2) მოჭარბება ჩვენს სისხლზეც აისახება. მეცნიერებმა დაახლოებით 20 წლის განმავლობაში აშშ-ის მოსახლეობაში შეგროვებული ჯანმრთელობის მონაცემები გააანალიზეს და დაადგინეს, რომ სისხლის ქიმია ამ სათბურის აირის დონის მატების პარალელურად იცვლება.
მეცნიერები ამბობენ, რომ ჯერჯერობით ეს საფრთხეს არ გვიქმნის. ამის მიუხედავად, თუ ამჟამინდელი ტენდენცია გაგრძელდება, 2076 წლისთვის ჩვენს ორგანიზმში ბიკარბონატის საშუალო შემცველობა უკვე ჯანსაღი საზღვრების ზედა ნიშნულს მიუახლოვდება. ასევე, საუკუნის მიწურულისთვის კალციუმისა და ფოსფორის დონის საგრძნობლად კლებაცაა მოსალოდნელი.
ცნობილია, რომ ჰომო საპიენსის (ჩვენი სახეობა) არსებობის სულ მცირე 150 000 წლის განმავლობაში ნახშირორჟანგის დონე სტაბილურად მილიონში 280-300 ნაწილს (ppm) შეადგენდა. 2000-იან წლებში ეს მაჩვენებელი 369 ppm-ამდე გაიზარდა, დღეს კი უკვე 420 ppm-ია.
ადამიანის სისხლში CO2 ბიკარბონატად გარდაიქმნება და ნორმალური კონცენტრაციით ჯანსაღი მჟავიანობის შენარჩუნებაშიც გვეხმარება. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ მისი ნიშნულით ატმოსფერულ ნახშირორჟანგზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რის შესამოწმებლადაც 1999-2020 წლებში 7000 ამერიკელის შესახებ შეგროვებული მონაცემები შეისწავლეს. მათ ანალიზებს ყოველ 2 წელში უკეთებდნენ.
მკვლევართა ვარაუდი გამართლდა: აღმოჩნდა, რომ სისხლში ბიკარბონატის საშუალო კონცენტრაცია ლიტრში 23.8 მილიეკვივალენტიდან 25.3-ამდე გაიზარდა (ყოველწლიურად 0.34%-ით იმატებდა). ეს იმავე პერიოდში ატმოსფერული ნახშირორჟანგის დონის ზრდას ემთხვევა.
მეორე მხრივ, კალციუმისა და ფოსფორის შემცველობა 2%-ითა და 7%-ით შემცირდა. შესაძლოა, ეს სისხლში ნახშირორჟანგის შერევას უკავშირდებოდეს, რა დროსაც ორგანიზმის მჟავიანობის ბალანსი იცვლება. მჟავიანობის დასარეგულირებლად თირკმელებს ბიკარბონატის შენახვა უწევს, ძვლები კი ამავე პროცესისას მინერალებს კარგავს.
მეცნიერები ამბობენ, რომ ამჟამად ჩვენი სხეული CO2-ის გაზრდილ დონესთან ადაპტაციას ახერხებს, მაგრამ როდემდე გაგრძელდება ასე, უცნობია. მათი ნაშრომი გამოცემაში Air Quality, Atmosphere & Health გამოქვეყნდა.

კომენტარები