ცნობილია, რომ კოსმოსში მოგზაურობა ადამიანის ორგანიზმზე ცუდად ზემოქმედებს. ხოლო ახალი კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ ასტრონავტების თავის ქალაში ტვინი დეფორმირდება და ზემოთ და უკან ინაცვლებს.

ეს ცვლილებები უფრო შესამჩნევად იმ პირებში ვლინდება, რომლებიც კოსმოსში უფრო დიდხანს იყვნენ. ეს განსაკუთრებით რელევანტური ხდება იმის ფონზე, რომ NASA უფრო ხანგრძლივ კოსმოსურ მისიებს გეგმავს და კოსმოსში ასტრონავტების გარდა ტურისტებიც იწყებენ მოგზაურობას.

დედამიწაზე გრავიტაცია სითხეებს ორგანიზმში მუდმივად აკავებს, ტვინს კი "თავის ადგილზე" აჩერებს. კოსმოსში ეს ძალა არ გვხვდება, ამიტომ სითხეები თავისკენ მიიწევს, რაც ასტრონავტებს სახეს უშუპებს. ჩვეულებრივი გრავიტაციის პირობებში ტვინი, თავზურგტვინის სითხე და მათ გარშემო არსებული ქსოვილები სტაბილურადაა დაბალანსებული; მიკროგრავიტაციის შემთხვევაში კი ეს ბალანსი ირღვევა.

კოსმოსში ტვინს მიზიდულობის ძალა ქვევით არ ექაჩება, ამიტომ იგი თავის ქალაში მოძრაობას იწყებს. ადრე ჩატარებულმა კვლევებმა უკვე აჩვენა, რომ კოსმოსში მოგზაურობის შემდეგ ტვინი მაღლა ადის.

ასევე იხილეთ: კოსმოსში მოგზაურობა ჩვენს ტვინს ცვლის, თუმცა ახალი კვლევის მიხედვით, ცვლილება მუდმივი არ არის

ახალი ნაშრომის ავტორებმა 26 ასტრონავტის ტვინის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის შედეგები გააანალიზეს, რომლებიც კოსმოსში სხვადასხვა ხანგრძლივობით იყვნენ: რამდენიმე კვირიდან 1 წლამდე. მეცნიერებმა ასტრონავტებს სკანირება როგორც გაფრენამდე, ასევე გაფრენის შემდეგ ჩაუტარეს.

მკვლევრებმა ტვინი 100-ზე მეტ რეგიონად "დაყვეს" და დააკვირდნენ, თუ რამდენად გადაადგილდა თითოეული მათგანი. ამ მიდგომამ მეცნიერებს საშუალება მისცა ის კანონზომიერებები დაენახათ, რომლებიც ტვინის ერთ მთლიანობად აღქმის შემთხვევაში გამორჩებოდათ.

როგორც აღვნიშნეთ, ფრენის შემდეგ ტვინი ზემოთ და უკან მიიწევდა. რაც უფრო დიდ დროს ატარებენ ასტრონავტები კოსმოსში, მით უფრო მკვეთრად ვლინდება ეს თავისებურება. ტვინის ცალკეული რეგიონების შესწავლის შემდეგ კიდევ უფრო საინტერესო დეტალები გამოიკვეთა.

იმ ასტრონავტების შემთხვევაში, რომლებმაც კოსმოსში 1 წელზე მეტი გაატარეს, ტვინის ზედა ნაწილთან არსებული ზოგიერთი უბანი ზემოთ 2 მილიმეტრზე მეტით აიწია, სხვა უბნები კი თითქმის არ გადაადგილებულა. 2 მილიმეტრი შეიძლება უმნიშვნელოდ ჟღერს, მაგრამ როცა თავის ქალაში ტვინის მდებარეობაზე ვსაუბრობთ, ეს უზარმაზარი სხვაობაა.

ყველაზე დიდი ცვლილება იმ უბნებში დაფიქსირდა, რომლებიც მოძრაობასა და გრძნობაზეა პასუხისმგებელი. ტვინის ორივე მხარეს განლაგებული სტრუქტურები შუა ნაწილისგან დაიძრა, ე.ი. თითოეულ ნახევარსფეროსთან შედარებით საპირისპირო მიმართულებით. ადრე ჩატარებულ კვლევებში ეს გამორჩათ, რადგან საშუალოს გამოთვლის დროს საპირისპირო მიმართულებით მიმდინარე ძვრებმა ერთმანეთი გააბათილა.

საინტერესოა, რომ დედამიწაზე დაბრუნებიდან დაახლოებით 6 თვეში აღნიშნული დეფორმაციების დიდი ნაწილი გამოსწორდა.

NASA-ს Artemis-ის პროგრამით კოსმოსის კვლევაში ახალი ეპოქა დაიწყება. ტვინში მიმდინარე ცვლილებების უკეთ გაგება მეცნიერებს აუცილებლად დაეხმარება იმაში, რომ გრძელვადიანი რისკები სათანადოდ შეაფასონ და შესაბამისი ზომები მიიღონ.

მკვლევრების აზრით, ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ კოსმოსში მოგზაურობაზე ყველამ უარი უნდა თქვას. ნაშრომში აღწერილი ცვლილებები დროსთან ერთად გამოსწორებადია. გარდა ამისა, ასტრონავტებს შემაწუხებელი სიმპტომები არ ჰქონიათ, მაგალითად, თავის ტკივილი ან გონების დაბინდვა.

ნაშრომი გამოცემაში PNAS გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.