შოტლანდიაში ცოტა ხნის წინ კრემაციის ალტერნატიული ფორმა დაუშვეს, რომლის დროსაც ცეცხლის ნაცვლად წყალი გამოიყენება.

ამ პრაქტიკას სხვაგვარად აკვამაცია, ბიოკრემაცია, რეზომაცია ან უალო კრემაცია ეწოდება. ამ შემთხვევაში ადამიანის ან სხვა ცხოველის ნეშტს ტუტე ჰიდროლიზით აქრობენ. ამ დროს გაცხელებული ტუტე ხსნარი გამოიყენება, პროცესის ბოლოს კი მხოლოდ ჩონჩხი რჩება. ეს მეთოდი კრემაციის ეკომეგობრულ ალტერნატივად არის მიჩნეული.

აკვამაციის დროს გვამს ჰერმეტულ ჭურჭელში ათავსებენ, რომელშიც წყლისა და თუთქის (კალიუმის ჰიდროქსიდის) ნარევი ასხია. ჭურჭელს 90-150°C-ამდე აცხელებენ. კონტეინერში წნევას ზრდიან, ამიტომ ხსნარი დუღილს არ იწყებს. ნაცვლად ამისა, ეს ნარევი მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში ორგანულ ნივთიერებებს შლის.

გაზით კრემაციის მსგავსად, გვამი მთლიანად არც აკვამაციის დროს იშლება: მაინც რჩება ჩონჩხი, რომელსაც მკვდრის ახლობლები ქილაში ინახავენ ან კონკრეტულ ადგილას მიმოაბნევენ. აღსანიშნავია, რომ გაზით კრემაციის შემთხვევაში ფერფლი ნაცრისფერია, აკვამაციისას კი — თეთრი. გარდა ამისა, წყლით კრემაციის შემთხვევაში მეტი ფერფლი რჩება.

კიდევ ერთი განსხვავება ისაა, რომ აკვამაციამდე პეისმეიკერის (კარდიოსტიმულატორის) ამოღება საჭირო არაა. ამ ყველაფერთან ერთად, აკვამაციის შემთხვევაში სტომატოლოგიური პროცედურების შედეგად დატოვებულ ვერცხლისწყალს გადაამუშავებენ.

ტრადიციული კრემაციის დროს დიდი რაოდენობის ენერგია იხარჯება. ამ პროცესის შედეგად ყოველწლიურად მილიონობით ტონა ნახშირორჟანგი გამოიყოფა, მათ შორის PM10 და PM2.5 პოლუტანტებიც. ორივე ნივთიერებას უამრავი ზიანი მოაქვს. მაგალითად, PM10 დეპრესიასთან და სუიციდთანაა დაკავშირებული, PM2.5 კი — გულისა და ფილტვების პრობლემებთან და ქრონიკულ დაავადებებთან.

აკვამაცია ტრადიციული კრემაციისთვის საჭირო ენერგიის დაახლოებით 1/7-ს მოითხოვს. რაც მთავარია, ამ დროს მავნე ნივთიერებები ნაკლებად გამოიყოფა. შესაძლოა, ამან ნახშირბადის კვალი 75%-ით შეამციროს, მორჩენილი სითხე კი ორგანული ნაერთების სტერილური ნაზავი იქნება: მაგალითად, მარილები და ამინომჟავები, რომლებიც შეგვიძლია სასუქად გამოვიყენოთ ან წყლითსავალ გზებში გარემოს დაბინძურების გარეშე ჩავუშვათ.

ამდენი დადებითი მხარის მიუხედავად, აკვამაცია ფართოდ ხელმისაწვდომი არაა, თუმცა ეკოცნობიერების ამაღლებასთან ერთად ეს შეიძლება შეიცვალოს. რამდენიმე ქვეყანაში ეს პრაქტიკა უკვე დაშვებულია, გაერთიანებულ სამეფოში კი ამ მხრივ შოტლანდია გახდა პირველი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.