მეცნიერებმა ბაქტერია ისე შეცვალეს, რომ მან სიმსივნის შიგნიდან შეჭმა შეძლოს
ფოტო: Getty / Futurism
ბაქტერიები საშიშ ინფექციებთან ასოცირდებიან, მაგრამ ზოგი მათგანი ჩვენთვის სასარგებლოცაა. გენეტიკური მოდიფიკაციის ტექნოლოგიამ მათი სათანადოდ გამოყენების შანსები კიდევ უფრო გაზარდა. მაგალითად, კანადის ოუტერლუს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ერთ-ერთი მიკროორგანიზმი ისე შეცვალეს, რომ მან სიმსივნე პირდაპირ შიგნიდან გაანადგუროს.
ეს ბაქტერია Clostridium sporogenes-ია, რომელიც ნიადაგშია გავრცელებული და გასაზრდელად ჟანგბადს არ საჭიროებს, მეტიც — უჟანგბადო გარემო ურჩევნია. მყარ სიმსივნეებში ჟანგბადი არაა და ის მკვდარი უჯრედებითაა სავსე, რის გამოც ამ მიკრობების გასამრავლებლად ხელსაყრელი ადგილია.
მათი სპორები კიბოს ქსოვილებში აღწევს, შიგნით კი ისეთი გარემო ხვდებათ, რომელიც ნუტრიენტებით მდიდარია. სწორედ ამ საკვები ნივთიერებების შეთვისებისას იზრდებიან მიკროორგანიზმები. შესაბამისად, მათ შეუძლიათ, რომ სიმსივნე შიგნიდან შეჭამონ, პირდაპირი მნიშვნელობით.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ასე ტოქსიკური ქიმიო, რადიაციული და იმუნოთერაპიების ალტერნატივას შექმნიან. იმედის მომცემია ისიც, რომ ბაქტერია კიბოს წინააღმდეგ იმუნურ სისტემასაც მომართავს. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რადგან მყარი სიმსივნეები ხშირად მკურნალობის მიმართ რეზისტენტულია, მაგრამ ამ ბარიერების გადალახვა მიკრობების მეშვეობით შესაძლებელია.
მაგალითად, 2024 წლის კვლევებმაც აჩვენა, რომ მოდიფიცირებული ნაწლავის ჩხირი (E. coli) თაგვებში კიბოს ზომის შესამცირებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ. იგივე პერსპექტივაა გენეტიკურად შეცვლილ ბაქტერია სალმონელას შემთხვევაშიც. ამის მიუხედავად, C. sporogenes-ზე ექპერიმენტების ჩატარებისას ერთი პრობლემა წარმოიშვა: როცა მიკრობები სიმსივნის კიდემდე აღწევდნენ, მათ უცბად მოჭარბებული ჟანგბადი ხოცავდა.
ამის თავიდან ასაცილებლად მეცნიერებმა მიკრობები გენეტიკურად ისე შეცვალეს, რომ ჟანგბადის გარკვეულ დოზები გადაეტანათ და გადარჩენილიყვნენ. საამისოდ მათში არსებული "ჟანგბადრეზისტენტული" გენი მხოლოდ მაშინ უნდა გააქტიურებულიყო, როცა სიმსივნეში უკვე საგრძნობლად გამრავლდებოდნენ. ასე მავნე ქსოვილების სრულად განადგურების მეტი შანსია.
გუნდმა ბაქტერიის მიერ მწვანედ მანათობელი ცილის წარმოქმნა უზრუნველყო იმის ნიშნად, რომ მან საქმეს თავი გაართვა. მეცნიერები ამბობენ, რომ ელექტრული წრედის მსგავსი რამ შექმნეს, თუმცა სადენების ნაცვლად, დნმ გამოიყენეს. სწორად "აწყობისას" იმგვარი სისტემა ყალიბდება, რომლის მუშაობაც პროგნოზირებადია.
ავტორები იმედოვნებენ, რომ გენმოდიფიცირების შედეგებს ერთ კონკრეტულ ბაქტერიაში გამოიყენებენ, სანამ უკვე კლინიკურ ცდებზე გადავლენ. მათი ნაშრომი გამოცემაში ACS Synthetic Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები