აშშ-ის სამხედროებმა ირანის წინააღმდეგ ახალი საბრძოლო დრონი გამოიყენეს. ახალ დრონს LUCAS (FLM‑136) ეწოდება და ის არიზონაში, კომპანია SpektreWorks-მა შეიმუშავა. LUCAS-ს დიდი მანძილის დაფარვა შეუძლია და მისი დაფიქსირება რთულია.

ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ თანამედროვე ომში მხოლოდ ძვირადღირებული თვითმფრინავები და ფრთოსანი რაკეტები საკმარისი აღარ არის.

დრონები ირანის თავდაცვის სისტემების წინააღმდეგ

ფოტო: U.S. Central Command

ოპერაცია Epic Fury (ეპიკური რისხვა) ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების, ბალისტიკური რაკეტებისა და სამეთაურო-საკონტროლო სტრუქტურის დასუსტების მიზნით დაიწყო.

ამ პროცესში ახალი დრონები ფუნქციონირებს როგორც "ცის დარაჯი". დრონს შეუძლია დროში შეზღუდული ოპერაციების განხორციელება და სამიზნეებისთვის თვალყურის დევნება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მობილური რაკეტების გამშვები სისტემებისა და გადაადგილებადი საჰაერო თავდაცვის სისტემების დასაზიანებლად.

ზღვაზე გამოცდა

ახალი დრონების გამოცდა კონფლიქტამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. ისინი არაბეთის ყურეში სამხედრო გემიდან გაშვებისას გამოცადეს.

დრონს აშშ-ის საზღვაო ძალების ცენტრალური სარდლობის 59-ე სამუშაო ჯგუფი მართავდა. ამ დემონსტრაციამ დაადასტურა, რომ დრონს საზღვაო პლატფორმებიდან ოპერირება სპეციალური ასაფრენი ბილიკების გარეშეც შეეძლო.

დრონი სიგრძეში დაახლოებით 3 მეტრია, ხოლო ფრთების სიგანე 2.5 მეტრს აღწევს. რაც შეეხება წონას, დრონი 32 კილოგრამს იწონის. LUCAS-ს დამატებით 50 კილოგრამის გადატანა შეუძლია.

6-საათიანია გამძლეობა

მწარმოებლის მონაცემებით, LUCAS აღჭურვილია 215 კუბური სანტიმეტრის კარბიურატორიანი ძრავით და ჰაერში დაახლოებით ექვს საათამდე შეუძლია დარჩენა. მისი საშუალო სიჩქარე დაახლოებით 100 კმ/სთ-ია, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 185 კმ/სთ. მეტიც, დროს დაახლოებით 3 კილომეტრის სიმაღლეზე ფრენა შეუძლია. ეს ისეთი სიმაღლეა, რომელსაც ბევრი საჰაერო თავდაცვის სისტემა ვერ სწვდება. ყველაფერი ეს დრონს სწრაფად და შეუმჩნევლად გადაადგილების საშუალებას აძლევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დრონს 650 კილომეტრის დაფარვა (დაშვების გარეშე) შეუძლია. ცნობილია ასევე, რომ შეტევის ბოლო ფაზაში, დრონი ცვლის ფრენის რეჟიმს, რათა მაქსიმალურად აჩქარდეს და მიზანი უფრო დაზიანდეს.

აშშ-ის ახალი დრონის ღირებულება 35 000 დოლარია, რაც მას მასობრივად გამოყენებისთვის კარგ ინსტრუმენტად აქცევს. ბევრი მას ირანულ შაჰიდ დრონებს ადარებს და შეიძლება ითქვას, რომ მსგავსება ნამდვილად არსებობს. მეორე მხრივ, ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ აშშ-ის დრონი ირანული საბრძოლო დრონების გაუმჯობესებული ვერსიაა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.