არამიწიერ ცივილიზაციასთან კომუნიკაციას შეიძლება "კოსმოსური ამინდი" უშლიდეს ხელს — კვლევა
ფოტო: Joe Marfia, courtesy of the SETI Institute
SETI-ს ინსტიტუტის მკვლევრები არამიწიერი ცივილიზაციის მიერ გამოგზავნილ სიგნალებს ეძებენ, მაგრამ უშედეგოდ. ახალ კვლევაში მათ განიხილეს, რა შეიძლება უშლიდეს ხელს ამგვარი კომუნიკაციის დამყარებას და პოტენციურ დამაბრკოლებელ ფაქტორად "კოსმოსური ამინდი" მიიჩნიეს.
მეცნიერთა აზრით, შესაძლოა, ეს ტექნოლოგიურად განვითარებული უცხოპლანეტელების რადიოსიგნალებს ისეთ ნაკლებად შესამჩნევ ტალღებად გარდაქმნიდეს, რომელთაც ყურადღებას არ ვაქცევთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან SETI-ს გუნდი სიგნალების ვიწრო დიაპაზონზეა კონცენტრირებული.
"კოსმოსურ ამინდში" ისეთი ბუნებრივი ასტროფიზიკური მოვლენები მოიაზრება, როგორიც ვარსკვლავური ქარი, ენერგიული პლაზმის ნაკადები და მნათობთა ამოფრქვევისას გამოყოფილი დამუხტული ნაწილაკებია. თითოეულ მათგანს ასეთი ვიწრო დიაპაზონის რადიოსიგნალების შეფერხება შეუძლია, თანაც რამდენიმე სხვადასხვა სიხშირის ტალღების შემთხვევაში.
შესაბამისად, თუ მსგავსი "შეტყობინება" იმავე სისტემაში ფერხდება, საიდანაც მოდის, შეიძლება ჩვენც გამოგვეპაროს. ამ ჰიპოთეზის დასატესტად მკვლევრებმა შეისწავლეს, როგორ ზემოქმედებდა თავად მზის სისტემის ასტროფიზიკური გარემო ძველ კოსმოსურ ზონდებზე (Pioneer, Helios 1/2, Viking, Mariner). მაგალითად, Mariner IV და Pioneer 6-ის მიერ მზისგან დაახლოებით 6.26 მილიონი კილომეტრი დისტანციიდან გამოგზავნილი სიგნალები დაბრკოლებას ნამდვილად აწყდებოდა. საუბარია დაახლოებით 2.3 გიგაჰერც ტალღებზე (სიხშირის S დიაპაზონი), რომლებიც Pioneer 6-ის შემთხვევაში მზის შტორმების დროს უფრო მეტად ფერხდებოდა.
კოსმოსში შედარებით გვიან გაშვებული Helios 1/2 ზონდების მონაცემების ანალიზმა იგივე შედეგი აჩვენა. დადგინდა, რომ რაც უფრო ახლოს იყო მზესთან აპარატები, მით უფრო შესამჩნევად ეშლებოდა ხელი მათ რადიოსიგნალებს. Viking-ის მისიების გამოკვლევით ისიც დაასკვნეს, რომ მზისგან დაახლოებით 2 მილიონ კილომეტრ დისტანციაზე ეს ეფექტი მკვეთრად სუსტდება. მანძილის ზრდის პარალელურად ამგვარი ტენდენცია გრძელდება და თანდათანობით კლებაზე დაახლოებით 6.95-მილიონკილომეტრიანი დაშორებიდან გადადის.
ამ ეფექტს "სპექტრულ გაფართოებას" უწოდებენ. მისი მიხედვით შეგვიძლია გამოვითვალოთ, როგორ ცვლილებას უნდა ველოდოთ კონკრეტული ვარსკვლავის მიმდებარე რეგიონიდან პოტენციურად გამოგზავნილი სიგნალის შემთხვევაში. ისიც გასათვალისწინებელია, ამ დროს მზის მაღალი აქტიურობის ფაზაა თუ — პირიქით, რადგან სიგნალებზე გავლენა ამასაც აქვს.
ნაშრომი გამოცემაში Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები