მეცნიერებმა ნაწლავის მიკროფლორასა და რეპროდუქციულ უნარებს შორის უჩვეულო კავშირი აღმოაჩინეს.

ახალი კვლევის ფარგლებში მოულოდნელი რამ მოხდა: ახალგაზრდა თაგვებში საკვერცხეების მდგომარეობა და ნაყოფიერება გაუმჯობესდა, როცა შედარებით ხანდაზმული მდედრი თაგვებისგან მათ ფეკალური ტრანსპლანტაცია ჩაუტარეს.

კვლევას ბიოლოგი ბერენის ბენაიუნი უძღვებოდა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, ლეონარდ დეივისის გერონტოლოგიის სკოლიდან. მიგნებები გუნდისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თავიდან ფიქრობდნენ, რომ უფროსი თაგვების მიკრობიომი ახალგაზრდა თაგვების საკვერცხეებს ნაადრევად დააბერებდა. კვლევა სწორედ ამის შესამოწმებლად ჩაატარეს, თუმცა სრულიად საპირისპირო მოვლენა დააფიქსირეს.

შედარებით დიდი ასაკის დონორი თაგვები ე. წ. ესტროპაუზის (ადამიანთა მენოპაუზის მსგავსი მდგომარეობა) ფაზაში იყვნენ და ოვულაცია სრულად ჰქონდათ შეწყვეტილი. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა თაგვებმა ფეკალური ტრანსპლანტატები მიიღეს, მათ საკვერცხეთა უჯრედებში, როგორც ჩანს, გენეტიკური მარკერები გაახალგაზრდავდა. ამ ცხოველებში გამრავლების უნარი გაუმჯობესდა.

ბენაიუნის აზრით, ეს შეიძლება კომპენსატორული მექანიზმის შედეგი იყოს. თაგვებში საკვერცხეებთან ნაწლავური მიკრობების კონკრეტული ჯგუფი — ესტრობოლომი — შედის კომუნიკაციაში. თაგვის დაბერებასთან ერთად კომუნიკაციის მექანიზმი, როგორც ჩანს, იშლება. ტრანსპლანტატების მიმღები თაგვები, შესაძლოა, ამ მიკრობულ ქვეჯგუფში სიგნალებს აძლიერებდნენ, რათა მექანიზმის რღვევის პროცესი დააკომპენსირონ. შეიძლება ეს აუმჯობესებდეს მათ რეპროდუქციულ ჯანმრთელობას.

ცნობილია, რომ მიკრობიომი — ბაქტერიების, ვირუსებისა და სხვა მიკროორგანიზმების ერთობლიობა სხეულსა და მას შიგნით — ჯანმრთელობის უამრავ ასპექტზე ზემოქმედებს, მათ შორის რეპროდუქციაზეც. ფეკალური ტრანსპლანტაციის მიზანია, "ცუდი" ბაქტერიები დონორის ფეკალიებიდან მიღებული "ჯანსაღი" მიკრობებით ჩაანაცვლოს.

პროცედურას ამჟამად ადამიანებში სხვადასხვა მდგომარეობის სამკურნალოდ იყენებენ, მათ შორის ბაქტერიული ინფექციების დროს. მეორე მხრივ, კუჭ-ნაწლავის, მეტაბოლური და ნეირობიოლოგიური დარღვევებისთვის გამოსაყენებლად კვლევები ჯერ საწყის ეტაპზეა.

ბენაიუნის აზრით, მიგნებები საკვერცხის ფუნქციის პლასტიკურობაზე მიანიშნებს. მეორე მხრივ, იგი ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ თაგვებზე გაკეთებულ დასკვნებს ადამიანებზე პირდაპირ ვერ განვაზოგადებთ. მეცნიერებს ჯერ იმის გამოკვლევა დასჭირდებათ, ადამიანის ნაწლავის მიკრობიომშიც თუ გვხვდება კონკრეტული ორგანიზმები, რომლებიც საკვერცხეებთან ურთიერთქმედებს.

ასეთი ბაქტერიების იდენტიფიცირების შემთხვევაში, ბენაიუნის თქმით, შეიძლება საკვერცხეების მხარდამჭერი პრობიოტიკების შექმნა მოხერხდეს. ეს პოტენციურად ახალ გზებს მოგვცემს, რომ საკვერცხეების ფუნქციაზე ვიქონიოთ გავლენა.

ნაშრომი 2026 წლის 3 მარტს გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Aging.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.