მაკაოში, ჩინეთის ნახევარკუნძულზე, უჩვეულო ინციდენტი მოხდა: პოლიციამ ტერიტორიიდან გააძევა რობოტი, რომელმაც 70 წლის ქალი დააფრთხო. შეშინებული ქალი ცოტა ხნის შემდეგ საავადმყოფოშიც გადაიყვანეს, თუმცა, როგორც ირკვევა, იგი არ დაშავებულა. ინფორმაციას ამის შესახებ მედიასაშუალებები Macau Post და South China Morning Post ავრცელებს.

TDM-თან პოლიციის განცხადებით, ინციდენტი პატანეში, საცხოვრებელ კომპლექსთან ახლოს, მოხდა 5 მარტს, დაახლოებით ღამის 9 საათზე. ქალი მიდიოდა და ტელეფონში იყურებოდა, როცა უკან უცებ ჰუმანოიდი რობოტი — Unitree G1 მოდელი — შენიშნა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ეჩხუბება იგი რობოტს.

"გულს მიხეთქავ!", — ყვირის ქალი — "მეტი საქმე არა გაქვს, რას დაბორიალობ? გიჟი ხომ არა ხარ?"

ქალის აღშფოთების პარალელურად გარკვეულ მომენტში რობოტმა ორივე ხელი ასწია — ვერ ვიტყვით, წყრომის ნიშნად თუ ქალისთვის მოსაბოდიშებლად. შემდეგ ორი პოლიციელი მოვიდა; რობოტს მხარზე ხელი დაადეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

რობოტი ადგილობრივ საგანმანათლებლო ცენტრს ეკუთვნის. მას სარეკლამო აქტივობებისთვის იყენებდნენ. 50 წლის კაცი, რომელიც მას მართავდა, გააფრთხილეს, რომ საჯარო სივრცეებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

ცენტრის წარმომადგენელმა TDM-თან განმარტა, რომ რობოტი ქალს უკან მიჰყვებოდა, თუმცა, როცა იგი ტელეფონის შესამოწმებლად გაჩერდა, გვერდი ვეღარ აუარა. ამის გამო რობოტი იძულებული გახდა, ადამიანს უკნიდან დალოდებოდა. ქალის ყურადღება იმან მიიპყრო, რომ რობოტს ასე გვიან შუქი ენთო.

ქალმა პოლიციას უთხრა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. ამის გამო იგი საავადმყოფოში წაიყვანეს, საიდანაც შემდეგ გამოწერეს. თქვა, რომ ჩივილს არ აპირებდა. პოლიციამ დაადასტურა, რომ რობოტი ქალს არ შეხებია და ფიზიკურად არავინ დაშავებულა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.