ოფიციალურად დადასტურდა, რომ ასტეროიდი 2024 YR4 მთვარეს არ შეეჯახება
ფოტო: Mark Garlick
NASA-მ საბოლოოდ გამორიცხა, რომ 2032 წელს მთვარეს ასტეროიდი შეიძლება შეეჯახოს. ახალი მონაცემებით, ის დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრს მხოლოდ ახლოს ჩაუვლის, უსაფრთხო მანძილზე.
ასტეროიდმა, სახელად 2024 YR4, ყურადღება გასულ წელს მიიპყრო, თუმცა თავდაპირველად ჩვენს პლანეტასთან შეჯახების რისკზე საუბრობდნენ. შემდეგ ეს შანსი შემცირდა, მაგრამ პოტენციურ "სამიზნედ" უკვე მთვარე განიხილებოდა.
აქამდე ჩატარებული ანალიზის მიხედვით, შეჯახების რისკი 4.3%-ით იყო განსაზღვრული. ახლა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის დაკვირვებებმა ცხადყო, რომ მთვარეს 2024 YR4-თან შეჯახება არ ემუქრება. 18-26 თებერვალს მოპოვებული მონაცემების თანახმად, ასტეროიდი ჩვენს მეზობელ ციურ სხეულს 21 200 კილომეტრ დისტანციაზე ჩაუვლის. ეს 2032 წლის 22 დეკემბერსაა მოსალოდნელი.
როგორც სახელიდან მიხვდებოდით, ეს ასტეროიდი 2024 წლის მიწურულს აღმოაჩინეს. ის ასტრონომიული სისტემით ATLAS დააფიქსირეს. 2025 წლის პირველ ნახევარში დაკვირვებები ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყო, ამიტომ დედამიწასთან შეჯახების ძალიან მცირე რისკი "გამოავლინეს". მალევე ეს სცენარი სრულად გამოირიცხა.
მთვარესთან დაკავშირებულ რისკებზე შედარებით დიდხანს საუბრობდნენ; 2025 წლის გაზაფხულზე 2024 YR4-ს თვალს ისე კარგად ვეღარ ვადევნებდით, რაც მისი ტრაექტორიით იყო განპირობებული. მოგვიანებით ობიექტის სიგნალი ვების ტელესკოპის ახლო ინფრაწითელმა კამერამ დააფიქსირა.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალაღმოჩენილი ასტეროიდების ორბიტების შესახებ არსებული მწირი ინფორმაციის გამო შეჯახების რისკები ვლინდება ხოლმე. ამის მიუხედავად, რაც უფრო მეტს ვიგებთ, დიდწილად მით უფრო მცირდება ეს მაჩვენებელიც. მაგალითად, ასეთი რამ მოხდა ასტეროიდ აპოფიზის შემთხვევაშიც. 2029 წელს (ან 2036-ში) დედამიწასთან მისი შეჯახების შანსი იყო, მაგრამ შემდეგ დარწმუნდნენ, რომ ასეთი რამ არ გვემუქრება.
რაც შეეხება 2024 YR4-ს, მისი დიამეტრი დაახლოებით 60 მეტრია. მსგავსი ზომის ობიექტთან შეჯახებას მთვარეზე 1.9-კილომეტრიანი კრატერის წარმოქმნა შეეძლო, შედეგად გამოყოფილი მატერია კი ციური სხეულის გარშემო ორბიტაზე დარჩებოდა. არაა გამორიცხული, ის დედამიწიდანაც კი დაგვენახა, ხოლო ზოგ ფრაგმენტს ჩვენამდეც მოეღწია და მეტეორული წვიმა გამოეწვია.

კომენტარები