გასულ კვირას გადაღებული სატელიტური გამოსახულებები ასახავს, რა ზარალი გამოიწვია ირანის დაწყებითი სკოლის დაბომბვამ. თავდასხმას მინიმუმ 175 ადამიანი ემსხვერპლა, საიდანაც უმეტესობა სკოლის მოსწავლე გოგო იყო. დრონმა გადაიღო, როგორ თხრიან საფლავებს თავდასხმის მსხვერპლთათვის.

ცნობილია, რომ საჰაერო თავდასხმა ახლომდებარე სამხედრო კომპლექსისკენ მიმართული შეტევის ნაწილი იყო.

გარდა ეთიკისა, ტრაგედიამ ტექნოლოგიური კუთხითაც არაერთი კითხვა გააჩინა. უკვე გავიგეთ, რომ აშშ-ის არმია ირანზე თავდასხმების დროს სამიზნეების შესარჩევად Anthropic-ის ხელოვნურ ინტელექტს (AI), Claude-ს, იყენებს. აღსანიშნავია, რომ Futurism-ის კითხვის საპასუხოდ პენტაგონმა არც უარყო და არც დაადასტურა, მიუძღოდა თუ არა რაიმე წვლილი AI-ს სკოლის დაბომბვაში.

ასევე იხილეთ: ომი "მანქანური სისწრაფით": როგორ გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი ირანზე თავდასხმისას

თავდაპირველად ბრალს არც აშშ აღიარებდა და არც ისრაელი. დონალდ ტრამპი იმის მტკიცებასაც კი ცდილობდა, რომ ირანმა თავისივე ქვეყნის ბავშვები თავადვე ამოხოცა ცივსისხლიანად.

ახლა უკვე The New York Times-ის ცნობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ სკოლაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტა ნამდვილად აშშ-ის მხრიდან ტომაჰავკის სარაკეტო დარტყმის შედეგი იყო. წინასწარი დასკვნების მიხედვით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ოფიცრებმა "თავდასხმის სამიზნე კოორდინატები მოძველებული მონაცემების საფუძველზე შეადგინეს, რომლებიც თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოსგან მიიღეს". გამოცემას ეს საკითხში ჩახედულმა წყაროებმა განუცხადეს.

NYT-ის უწყებით, სამხედრო უწყება იძიებს, მიუძღვის თუ არა წვლილი "სკოლისათვის შეცდომით დამიზნებაში ხელოვნური ინტელექტის რაიმე მოდელს, მონაცემთა დამუშავების პროგრამას ან სხვა ტექნიკურ სადაზვერვო საშუალებას". არმიის მიერ გამოყენებული Claude, როგორც უკვე ცნობილია, Maven-ის ჭკვიან სისტემასთან ერთად მუშაობს, რათა სამხედრო დაზვერვის ოფიცრებისთვის საინტერესო ობიექტები განსაზღვროს.

რა შედეგებიც არ უნდა აჩვენოს გამოძიებამ, ოფიციალურმა პირებმა NYT-ს განუცხადეს, რომ სკოლის დაბომბვა საბოლოოდ მაინც "ადამიანური შეცდომა" იყო — იმის მიუხედავად, თუ როგორ შეირჩა სამიზნე თავდაპირველად.

თავად NYT-მა ძველი სატელიტური გამოსახულებები შეისწავლა, რომლებიც 2013 წლით თარიღდება. გამოცემის ანალიზის მიხედვით, ცენტრალური სარდლობა, სავარაუდოდ, მოძველებული ინფორმაციით მუშაობდა. სატელიტურ გამოსახულებებში ჩანს, რომ 2013-2016 წლებში სკოლა ღობით გამოეყო ახლომდებარე სამხედრო ბაზას.

საგულისხმოა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ Anthropic-ის AI ჩატბოტს "მიწოდების ჯაჭვის რისკის" სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა და AI ინდუსტრიაში ამან დიდი მღელვარებაც გამოიწვია. ამის მიუხედავად, არმია თავდასხმითი ოპერაციების დროს Claude-ის გამოყენებას კვლავ განაგრძობს. მათ 6-თვიანი ვადა მიეცათ Claude-ის ჩასანაცვლებლად.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.